თინა გველესიანი

(1901-...)

 

„ძლივს გამოვტაცე ხუთი წუთი დღევანდელ უკუღმართად დაწყებულ დღეს“, – წერს ერთ-ერთ პირად წერილში მთარგმნელი და მწერალთა კავშირის წევრი თინა გველესიანი. ეს სიტყვები თოთხმეტი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მიერ სამჯერ დაპატიმრებული და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი რეპრესირებული წევრი ქალის ცხოვრების ერთგვარი სიმბოლოა.

Teaser Image Caption
ფოტოზე: შალვა აფხაიძე ქართველ სტუდენტთა შორის ლენინგრადში: I რიგი: მრევლიშვილი, ფატი (მუჩუტო) ხუნდაძე, გიორგი დევდარიანი, ნონა კახიანი, შალვა გეგენავა; II რიგი: თინა გველესიანი, სიმონ ყაუხჩიშვ

ტოტალიტარული რეჟიმის ინტერესსა და წნეხს მწერალთა კავშირის წევრების მიმართ დიდი მასშტაბები ჰქონდა, თუმცა სხვადასხვანაირი. პატრიარქალურ-ტოტალიტარული სისტემა ქალებს ნაკლებად მნიშვნელოვნად და საშიშად აღიქვამდა მათი მხრიდან ძალაუფლებრივი რესურსებისადმი ნაკლები წვდომის გამო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ „ლოგიკის“ მიღმა რჩებოდა, მათ შორის – თინა გველესიანი. ის მწერალთა კავშირის ერთ-ერთი წევრი ქალი იყო, რომელსაც დიდი ტერორის რეპრესიული პოლიტიკა უშუალოდ შეეხო. მართალია, მისი „დანაშაულების“ შესახებ დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ ცალსახაა, რომ ის სოციალურად აქტიური ქალების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც ტოტალიტარიზმისგან გაქცევა ან მის ნორმებზე დათანხმება კი არა, შეწინააღმდეგება სცადა.

არქივები თინა გველესიანის ცხოვრების ბევრი ეპიზოდის შესახებ დუმს, თუმცა, რამდენიმე პირადი წერილის, განცხადებისა და დოკუმენტის ანალიზის საფუძველზე, მისი წარსულში ხმაურიანი და აწმყოში უჩინარი ისტორია ფორმას იძენს.

განათლება და საქმიანობა

თინა გველესიანი 1901 წელს ქუთაისში დაიბადა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოსკოვის მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატის მმართველობითი შრომის ტექნიკის ინსტიტუტში მიიღო. თბილისში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ისწავლა. ინსტიტუტი 1926 წელს დაასრულა, 1927-1928 წლებში კი მოსკოვში სწავლობდა[1].

ცნობილია, რომ თინა გველესიანი ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე მუშაობდა[2]. ის წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნიდა ქართულიდან რუსულად და ფრანგულიდან ქართულად. დოკუმენტების მიხედვით, მან პირველად კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ ქართულიდან რუსულად 1934-1936 წლებში თარგმნა. ამავე წლებში ნათარგმნი აქვს დემნა შენგელაიას ნოველები. 1935-1936 წლებში ფრანგული ჟურნალ-გაზეთების მიხედვით ამზადებდა ბიბლიოგრაფიულ სტატიებს და აქვეყნებდა ქართულ ლიტერატურულ გაზეთებში, ხოლო 1947 წლიდან, მას შემდეგ, რაც იაროსლავლის ციხის პატიმრობიდან გათავისუფლდა, კვლავ გააგრძელა მთარგმნელობითი საქმიანობა. ამავე წლიდან ნათარგმნი აქვს სერგო კლდიაშვილის „ორიოდე ნოველა“, დავით კლდიაშვილის „თავგადასავლიდან“ ნაწყვეტი და დედაბრიშვილის „გაბზარული გულიდან“ რამდენიმე გვერდი[3]. მისი პირადი წერილებიდან ირკვევა, რომ რუსულიდან ქართულად ასევე თარგმნიდა და არედაქტირებდა შალვა სოსელიას, იგივე შალვა სოსლანის ნაწარმოებებს[4].

მწერალთა კავშირი და რეპრესიები

საქართველოს მწერალთა კავშირის არქივები არ ინახავს ინფორმაციას თინა გველესიანის შესახებ. მწერალთა კავშირის კანდიდატთა და წევრთა სიებში მისი გვარი არ იძებნება. ვერც ოქმებში იპოვით მის სახელს, ვერც მთარგმნელთა სექციაში. მიუხედავად ამისა, არქივში არის თინა გველესიანის მიერ მწერალთა კავშირის სახელზე დაწერილი ორი განცხადება. ერთი მათგანი 1936 წელს ეკუთვნის. განცხადების მიხედვით, თინა მწერალთა კავშირის წევრად აღდგენას ითხოვს. წერს, რომ 1934-1936 წლებში ირიცხებოდა კავშირის მთარგმნელთა სექციაში, თუმცა 1936 წელს დააპატიმრეს[5]. განცხადება ამავე წლის მაისშია დაწერილი. სავარაუდოდ, თინა დაპატიმრებული იყო 1936 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, დაპატიმრების მიზეზი უცნობია. ასევე უცნობია, რა ბედი ეწია მის განცხადებას. შესაძლოა, ვერც მოასწრეს მისი განხილვა, რადგან ამავე წლის სექტემბერში თინა კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად დიდი ხნით.

ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიხედვით, თოთხმეტი წლის განმავლობაში თინა გველესიანი სამჯერ დააპატიმრეს. პირველად 1922 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის თბილისის საგანგებო კომისიამ დააკავა. მაშინ სასჯელად ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს[6]. ადვილად სავარაუდოა, რომ ის 26 მაისის სტუდენტთა ანტიკომუნისტურ სადემონსტრაციო გამოსვლაში იღებდა მონაწილეობას. მეორედ 1936 წლის იანვარ-აპრილის მონაკვეთში დააკავეს, სასჯელის ზომა და დაპატიმრების მიზეზი უცნობია, თუმცა, ამავე წლის მაისში ის უკვე თავისუფალი და რეაბილიტირებული იყო[7]. თინა გველესიანის შემდგომი დაპატიმრება გაცილებით სერიოზული და ხანგრძლივი გამოდგა. დააკავეს 1936 წლის სექტემბერში. ბრალად ედებოდა ტროცკისტული საქმიანობა. 1937 წლის 29 ივნისამდე ის საქართველოს სსრ შინსახკომის სამმართველოს კომენდატურაში იმყოფებოდა. 29 ივნისს გაასამართლეს და 10 წლით იაროსლავლის საპატიმროში მიუსაჯეს სასჯელის მოხდა. ცნობილია, რომ იაროსლავლის იზოლატორში ძირითადად განხეთქილებისა და ამბოხის მოწყობის რესურსის მქონე პოლიტიკურად აქტიურ მსჯავრდებულებს ათავსებდნენ[8]. ამასთანავე, თინას პირადი ქონების კონფისკაცია და არჩევნებში მონაწილეობის უფლების 5 წლით შეჩერება მიესაჯა[9].

რეაბილიტაცია

სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ თინა გველესიანი რეაბილიტირებულია 1956 წლის 24 მარტს[10].

თინა გველესიანის რეაბილიტაციის შემდგომი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მისსავე განცხადებას თუ დავეყრდნობით, პატიმრობის შემდეგ, 1947 წლიდან კვლავ მთარგმნელობითი საქმიანობა გააგრძელა.

ოჯახი

თინა გველესიანის ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. მხოლოდ ერთგან, შალვა სოსელიასადმი მიწერილ წერილში ახსენებს „ბავშვების დარაჯობას“, დიდი ალბათობით, სხვისი ბავშვების. ის წერს: „იმის მაგიერ, რომ ვიმუშავო, ბავშვებს ვუდარაჯებ, ვწმენდ და სხ. მარტონი დარჩნენ, ისევე როგორც ტანია. იმათ უბედურებას ვეღარ ვუყურებ. არ ვიცი პირდაპირ რა ვქნა. ასეთ დავრბივარ, იქით დავრბივარ – ეგებ სადმე ბაგაში ან სხვაგან მოვაწყო. აბა ლევანის 200 მან. თვეში – მისი სრული გულგრილობა რას იზამს“[11]. უცნობია, მასთან რა ნათესაურ კავშირში იყვნენ ციტატაში დასახელებული პირები.

მეტი თინა გველესიანის შესახებ

თინა გველესიანის საქმიანობის ან მისი პერსონის შესახებ დაწერილი თითქმის არაფერია შემორჩენილი. თუმცა, ცხადია, რომ საბჭოთა რეჟიმი მასა და მის საქმიანობას საფრთხედ აღიქვამდა. ამის დასტურია, რომ თოთხმეტ წელიწადში თინა სხვადასხვა მიზეზით სამჯერ დააპატიმრეს.

გარდა იმისა, რომ თინა გველესიანი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა სისტემის მიმართ, რამდენიმე პირადი წერილიდან იკვეთება, რომ ის ასევე თამამად უპირისპირდება კაც კოლეგას იდეოლოგიურ ნიადაგზე. მის წერილებში შალვა სოსლანის მისამართით იგრძნობა კატეგორიული ტონი – უკრიტიკებს მას რუსეთში მოღვაწეობას, სამშობლოსგან დისტანცირებას და „სხვის სუფრაზე მწერლობაში“ ადანაშაულებს. „აბა რასა ჰგავს, ყმაწვილო, მოსკოვის ბიზნესმენობით ამაყობდე“, – წერს თინა. ცნობილია, რომ თინა გველესიანი სოსელიას რუსულ ტექსტებს ქართულად უთარგმნიდა, თუმცა, როგორც მათ მიმოწერაში ვკითხულობთ, მუდმივად აკრიტიკებდა ნაწარმოებების შინაარსობრივ მხარეს და ავტორს კონკრეტული ცვლილებების შეტანისკენ მოურიდებლად მოუწოდებდა. თინასა და შალვა სოსელიას მიმოწერა ის ერთადერთი და მცირე ხელჩასაჭიდია, სადაც კარგად ჩანს თინას ხასიათი და დამოკიდებულება საქმის მიმართ. „თქვენ ნება მომეცით, სრული სიმართლე გელაპარაკოთ. რომ არ მოგეცათ, მაინც ვილაპარაკებდი. ან ასე მელაპარაკა, ან სრულად შემეწყვიტა სიტყვა“, – მიმართავს შალვა სოსლანს.

რუსეთში „სხვის სუფრაზე“ მოღვაწე მწერლის, შალვა სოსელიას მიმართ თინას გამუდმებული მკაცრი კრიტიკა, შეიძლება ითქვას, რომ მისი ანტისაბჭოთა იდეოლოგიის ერთგვარი პროექციაა.

დღევანდელ დღემდე შემონახული ფრაგმენტული და მწირი ინფორმაცია მაინც იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ თინა გველესიანი რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურად აქტიური ქალი იყო. დანაწევრებულ ცნობებს შორის რთულად წასაკითხია, კონკრეტულად რას საქმიანობდა ის დაპატიმრებიდან დაპატიმრებამდე. თუმცა ერთი რამ ცხადია – მისი დევნისა და საზოგადოებისგან იზოლაციის ინტერესი და შესაძლებლობა საბჭოთა რეჟიმს არ გამოლევია. თინა არ არის პირველი და უკანასკნელი ქალი, რომლის ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ ისტორიამ თითქმის არაფერი შემოინახა. გარდაცვალების თარიღიც კი უცნობია, თუმცა მისი ცხოვრება ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი განსხვავებული და, მათ შორის, წინააღმდეგობის სტრატეგიებით ცხოვრობდნენ ქალები ტოტალიტარიზმის პირობებში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სტალინური სიები საქართველოდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.
  2. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერთა არქივი, #26930_12.
  3. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერთა არქივი, #26904-4.
  4. საქართველოს მწერალთა კავშირის არქივი, ფონდი #8, ტომი #2, ფურცელი 57.
  5. საქართველოს მწერალთა კავშირის არქივი, ფონდი #8, ტომი #2, ფურცელი 58.
  6. Conquest R., 2008, “The Great Terror – A reassessment”, p. 268, Oxford University Press.
 

[1] სტალინური სიები საქართველოდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.

[2] იქვე.

[3] საქართველოს მწერალთა კავშირის არქივი, ფონდი # 8, ტომი #2, ფურცელი 58.

[4] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერთა არქივი, #26930_12.

[5] საქართველოს მწერალთა კავშირის არქივი, ფონდი #8, ტომი #2, ფურცელი 57.

[6] სტალინური სიები საქართველოდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთკავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.

[7] საქართველოს მწერალთა კავშირის არქივი, ფონდი # 8, ტომი #2, ფურცელი 58.

[8] Conquest, R. (2008). “The Great Terror - A reassessment”, p. 268, Oxford University Press.

[9] სტალინური სიები საქართველოდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.

[10] სტალინური სიები საქართველოდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო, 2013.

[11] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ხელნაწერთა არქივი, #26930_12.