კლიმაქსი - ქალების ცვალებადი სტატუსი სხვადასხვა კულტურაში

Godula Kosak portrait

კლიმაქსის (მენოპაუზა) თემით ჩემი დაინტერესება ოჯახის ისტორიას, კერძოდ კი, ბაბუაჩემს უკავშირდება. ბაბუაჩემი გიორგი მაღრაძე პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი იყო. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, 84 პაციენტზე დაკვირვების საფუძველზე, გიორგი იკვლევდა მენოპაუზას, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა მის სადისერტაციო ნაშრომს. დისერტაციისთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომი „კლიმაქსი“ მაშინდელმა მედიცინის სამეცნიერო საბჭომ არ მიიღო. ცენზურის მიუხედავად, მან „კლიმაქსის“ ეგზემპლარები სამეგობრო წრეში გაავრცელა. ბროშურის გამოცემიდან ორი წლის შემდეგ, 1968 წლის 23 მარტის ღამეს, ბაბუაჩემს უშიშროების წარმომადგენლები აკითხავენ, როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, ეძებენ „კლიმაქსის“ დედანს და სვამენ კითხვებს ნაშრომის შესახებ. გიორგი სახლიდან მიჰყავთ და ორი დღის შემდეგ მდინარეში დამხრჩვალს პოულობენ, რაც ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობად ფასდება.

ბროშურა ათწლეულების განმავლობაში სახლიდან გამქრალი იყო, დიდი ხნის ძიების შემდეგ ვიპოვე ერთ-ერთ სოფელში, სადაც ბაბუაჩემს ნათესავები ჰყავდა. ბროშურის შინაარსი ეხება მენოპაუზის პერიოდში სქესობრივი აქტის და მისგან მიღებული სიამოვნების დადებით გავლენებს ქალის ჯანმრთელობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი ან არ აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი პარტნიორი, ის ქალისთვის დასაშვებად და აუცილებლადაც კი მიიჩნევს, მენოპაუზის პერიოდში იზრუნოს საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

60-იანი წლების საბჭოთა საქართველოს სამეცნიერო წრეებში ამგვარი დისკუსია ქალთა სექსუალობის საკითხზე საკმაოდ პრობლემური იქნებოდა, პატრიარქალურ ნორმებთან ბროშურის შინაარსის ცხადი ანტაგონიზმიდან გამომდინარე.

ბაბუაჩემის გინეკოლოგიურმა ჩანაწერებმა და კლიმაქსის თემის არაორდინარულმა გააზრებამ თემის უფრო ფართო ჭრილში დანახვის მოტივაციაც გამიჩინა. ინტერვიუ პროფესორ ჰაბილ გოდულა კოზაკთან სწორედ ამ კვლევის პროცესში ჩემს შემეცნებას უკავშირდება. გოდულა კოზაკი საუბრობს მენოპაუზის სოციალურ და გეოგრაფიულ განზომილებებზე, ადარებს ტრადიციულ და მოდერნულ კულტურებს, რომლებშიც მენოპაუზისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულებები განსხვავებულად ვლინდება.

გოდულამ ეთნოგრაფიული კვლევის ფარგლებში ასევე იმოგზაურა საქართველოშიც, გაეცნო მაღალმთიანი რეგიონების კულტურებს, მათ ტრადიციებს და ჩვენი კავშირის მიზეზი ესეც გახდა.

Menopause – The Changing Status of Women in Different Cultures - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube