ხანდაზმულებზე ზრუნვა

ხანდაზმულებზე ზრუნვა საქართველოში

მზრუნველთა პერსპექტივა

საქართველოს მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილი ყოველწლიურად იზრდება, 2022 წლისთვის კი 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების წილი მოსახლეობის 15.5%- ს შეადგენდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2022). სამაგიდო კვლევისა და საველე სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი ჩარჩო და ხანდაზმულთა მხარდამჭერი მექანიზმების მასშტაბები ვერ უზრუნველყოფს ხანდაზმულთა კეთილდღეობას. შესაბამისად, ზრუნვის გამცემ პირებს სისტემაში არსებული ხარვეზების კომპენსირება და არსებული დეფიციტების შევსება მეტი პასუხისმგებლობის აღების გზით უწევთ. აქ გასათვალისწინებელია, რომ ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილი ქალებზე მოდის და ამ გამოწვევებს მკვეთრად გამოხატული გენდერული განზომილება აქვს (UN Women, 2020). ქალ მზრუნველებს უწევთ შრომა საკუთარი დროის, ფიზიკური, ემოციური თუ ეკონომიკური რესურსები ამოწურვამდე. მსგავსი ტიპის შრომას აქვს ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა დაბალი ანაზღაურება, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი, სოციალური ცხოვრებისა და დასვენების დროის არარსებობა. ზრუნვის სისტემის გამართვაზე მუშაობისას ამ ტიპის შრომის გენდერული ასპექტების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია როგორც ზრუნვის გამცემთა, ისე ზრუნვის მიმღებთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ხანდაზმულებზე ზრუნვა ფემინისტური საკითხია და დაკავშირებულია შრომის გენდერულ განაწილებასა და საზოგადოებაში არსებულ ძალაუფლებრივ დინამიკასთან, რაც ამ ტიპის შრომის გაუფასურებას იწვევს.

საქართველოში ხანდაზმულებზე ზრუნვასთან დაკავშირებული კვლევები ფარავს ხანდაზმული მოსახლეობის შესახებ საკითხებს, როგორიცაა ხანდაზმულთა წვდომა ჯანდაცვასა და სოციალური უსაფრთხოების სერვისებზე (სუმბაძე, 2020), ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა (საქართველოს სახალხო დამცველი, 2020; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, 2019), კოვიდ-19-ის გავლენა ხანდაზმულ მოსახლეობაზე (UNFPA, 2020), ხანდაზმული ადამიანების მარტოობა და სოციალური იზოლაცია (კაჭკაჭიშვილი & პაპიაშვილი, 2021). წინამდებარე კვლევა კი, ზემოხსენებული მონაცემების გათვალისწინებით, ცდილობს ზრუნვის სისტემაში არსებული პრობლემების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვას და ეყრდნობა უშუალოდ ზრუნვის გამცემი პირების გამოცდილებებს. შესაბამისად, კვლევის მიზანია ხანდაზმულებზე ზრუნვასთან დაკავშირებული გამოწვევების და მათი გენდერული დინამიკის შესწავლა, ძირითადი ფოკუსით ზრუნვის გამცემთა პერსპექტივაზე. კვლევის ამოცანაა ხანდაზმულებზე ზრუნვის მრავალფეროვანი გამოცდილებების შესწავლა როგორც კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული, ისე არაფორმალურ ზრუნვაში ჩართული ადამიანების გამოცდილების საფუძველზე. უფრო კონკრეტულად – ხანდაზმულებზე ზრუნვასთან დაკავშირებული მთავარი ფსიქოსოციალური, ეკონომიკური, ინფასტრუქტურული გამოწვევების იდენტიფიცირება და ანალიზი. ამასთან, კვლევა ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულებზე ზრუნვის სფეროში ზრუნვის გამცემ და მიმღებ პირებს შორის არსებული დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე მზრუნველთა პერსპექტივიდან.

Product details
Date of Publication
2023
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
32
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

შესავალი 2
ძირითადი მიგნებები 3
1. თეორიული ჩარჩო 5
1.1. ფემინისტური პოლიტიკური ეკონომიკა 5
1.2. ზრუნვის ეთიკა 6
1.3. ემოციური შრომა 7
1.4. ინტერსექციურობა 8
2. კვლევის მეთოდოლოგია 10
3. კონტექსტის მიმოხილვა: ხანდაზმულებზე ზრუნვის სისტემა 13
3.1. სამართლებრივი ჩარჩო 13
3.2. სახელმწიფო პანსიონატები 14
3.3. სათემო ორგანიზაციები 14
3.4. შინმოვლის სერვისი 16
3.5. კერძო დაწესებულებები 17
3.6. არაფორმალური ზრუნვის შრომა 18
3.7. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა 19
4. ხანდაზმულებზე მზრუნველთა წინაშე არსებული გამოწვევები 20
4.1. მზრუნველთა სამუშაო პირობები 20
4.2. ემოციური შრომა 22
4.3. ხანდაზმულებზე ზრუნვის შრომის გენდერული ასპექტები 25
5. ხანდაზმულთა მდგომარეობა მზრუნველთა გადმოსახედიდან 26
რეკომენდაციები 28
გამოყენებული წყაროები 29