მარიამ გარიყული

(1883-1960)

მარიამ თათეშვილი ( გარიყული) დაიბადა 1883 წლის 20 მარტს.  მწერლის მამა, ლუკა თათეშვილი დასავლეთ საქართვლოდან სოფელ გუბედან იყო, “უფასო მწერალი“ „შინნაზარდი“ კალმოსანი, ხალხური მოლექსე  დროგამოშვებით იბეჭდებოდა  „ივერიის“  ფურცლებზე „გუბელის”  ფსევდონიმით. ანბანი  მარიამს სოფელში მცხოვრებმა ინტელიგენტმა ილიკო ღოღობერიძემ ასწავლა. ამ დროს აქ სკოლა არ არსებობდა და უანგარო კეთილშობილი მოღვაწე თავისი ნება-სურვილით ასწავლიდა წერა-კითხვას ბავშვებს. მარიამზე დიდი გავლენა იქონია ასევე  დიდედამ და დეიდამ.

1892  წელს მარიამ გარიყული ქუთაისის ქალთა სასწავლებელში შეიყვანეს და აქ სწავლობა მანამ, სანამ მამა ოჯახითურთ სამახურეობრივი მდგომარეობის გამო თბილისში გადმოვიდა და ნაძალადევში დასახლდა. თბილისში გადმოსვლამ მარიამზე დიდი გავლენა იქონია.  ახლაგზარდა ქალი საფუძვლიანად ეუფლებოდა მშობლიურ და რუსულ ლიტერატურას, ჩაბმული იყო საზოგადოებრივ აქტივობაში. ესწრებოდა  ფარულ შეკრებებს. საზოგადოებაში საკუთარი თავის ძიებამ მარიამ გარიყული ქართულ თეატრში მიიყვანა.

პირველი სპექტაკლები, რომლებსაც ჯერ კიდევ ქუთაისში, მამასთან ერთად დაესწრო  იყო  დ. ერისთავის „ სამშობლო“ და ვ. გუნიას „ და-ძმა“. როცა გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ნახა, ისე მოიხიბლა სცენით, რომ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო.

თავისი მიზნების მიღწევაში მარიამს დაეხმარა 90-იან წლების ცნობილი მოღვაწე, საყმაწვილო ჟურნალ „ ნაკადულის“ რედაქტორი, მარიამ დემურია, რომელიც იმხანად თბილისში ე.წ. „ ავჭალის აუდიტორიას“ თაოსნობდა. მარიამ დემურია მოწონებით შეხვდა კარგი გარეგნობის ქალიშვილს და ჩარიცხა დასში, იმიტომაც, რომ ამ თეატრს ნალებად ჰყავდა ქალი შემსრულებლები. აქ მისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო.  მარიამი გაეცნო ქრთული თეატრის კორიფეებს: ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას, კოტე შათირიშვილის,  იროდიონ ევდოშვილს და სხვებს. ახალ სამყაროში მოხვედრამ მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. თავიდან მას მცირე როლებს ანდობდნენ. მისი დებიუტი შედგა პიესაში „ პარიზის ღარიბ-ღატაკნი“, სადაც  ყვავილების გამყიდველი გოგონას როლს ასრულებდა, მისი პარტნიორი  იყო ვასო აბაშიძე.

 იმ პერიოდში თბილისის თეატრში ახალგზარდა მსახიობების გამოცდა მოაწყო ვ. გუნიამ.  გამოცდაზე მისულ 18 ახალგზარდიდან  მარო მდივანსა და ალექსანდრე იმედაშვილს ერგოთ წარმატება, მარიამ გარიყული კი გამოცდის შემდეგ თეატრის ადმინისტრაციამ სტაჟიორად მიიღო და მას სპექტალკებზე დასაწრები მუდმივი ბილეთი მისცა.

1901 წელს მარიამ გარიყულს ქუთაისის თატრში იწვევენ, რომელსაც ამ დროს  დიდი მსახიობი და რეჟისორი ლ. მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. მარიამმა იქ 3 წელი დაჰყო და სხვადასხვა სპექტაკლებში ითამაშა. „ოტელოში“ - დეზდემონა,“ პატარა კახში“ - ტურფა, „და-ძმაში“ -მარინე, „არსენაში“- ნინო და სხვა. ის ამაყობდა რომ, „გაირა ქართული სცენის უპირველესი რაინდის, ლ. მესხიშვილის სკოლა“. ლადო მესხიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით და მისივე წაქეზებით გახალისებული ლიტერატურულ საქმიანობსაც ჰკიდებს ხელს. ილიას, აკაკის, ნინოშვილის ნაწარმოებების პიესებად გადაკეთებას ახდენს, წერს საკუთარ ესკიზებს, პატარ-პატარა მოთხრობებს. 1912 წელს „საქართველოს მოამბეში“ დაიბეჭა მ. გარიყულის მოთხრობა  „სარდაფში“.

1904  წელს მარიამ გარიყული ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყევს სახალხო თეატრის სცენაზე.

 მარიამ გარიყული სამწერლო დებიუტი ემთხვევა 1905 წელს რევოლუციის დღეებს. „ცნობის  ფურცელში“ ქვეყნდება მისი პირველი მოთხრობა „ცხოვრების მსხვერპლი“, მოთხრობამ იმთავითვე მიიქცია ლიტერეტურული წრებისა და მკითხველის ყურადღება. თითქმის იმავე დროს გამოდიან სარბიელზე მარიამ გარიყულის  თაობის გამოჩენილი მწერლები: მ. ჯავახიშვილი, ლ. ქიაჩელი, ნ. ლორთქიფანიძე და სხვები.

1907 წელს ცალკე წიგნად ისტამბება გარიყულის ცარიზმის მამხილებელი მოთხრობები „ჯაშუში“, „ცხოვრების მსხვერპლი“, „ჩვეულებრივი ამბიდან“, „ სოფლის მსუნაგები“ და სხვა. მარიამი თანდათან უფრო გაბედულად ასახავს სოციალური ჩაგვრის სურათებს.

 მარიამი დიდად ემადლიერებოდა შალვა დადიანს, რომელმაც ახალბედა მწერალს ურჩია ისეთ მტკივნეულ საკითხებში გათვითცნობიერებულიყო, რაც ქალთა ემანსიპაციას შეეხებოდა, რაც ქართული სინამდვილიდან მოდიოდა და ამ თემებზე ეწერა. იგი ყურადღებით იღებს დამრიგებლის რჩევებს და შემოქმედების უმეტეს ნაწილს უთმობს ქალთა დამოუკიდებლობისა და ინტელექტუალური ცხოვრების საკითხებს. მწერალს აწუხებს ქალთა ჩამორჩენილობა, პასიურობა  და როცა ისინი პირადი  ღირსების შელახვისას თვითმკვლელობაში პოულობენ გამოსავალს.  მარიამ გარიყული წერდა ეკატერინე გაბაშვილის, მას „დედის მსგავსს“ უწოდებს და შესჩივის იმ მძიმე საოჯახო პირობების თაობაზე, რომელშიც უხდებოდა იმ პერიოდში ცხოვრება და შემოქმედებითი მუშაობა.

ეკატერინე  გაბაშვილი საპასუხო წერილით მწერალ ქალს თბილი სიტყვებით ამხნევებს: „რაც უნდა ძვირფასი რამ დასწეროს კაცმა, ან დახატოს , თუნდაც გამოძერწოს, დამერწუნე შვილზე ძვირფასს და საიმედოს ვერაფერს შეჰქმნის. სამი შვილი გყავს და არა მეტი...  ქართლში ამას „ ნანატრ შვილებს“ ეტყვიან. განა მე უფრო მეტი არ გავაჩინე? განა მე არ მიშლიდნენ ხელს შვილები ლიტერატურულ მუშაობაში? მიშლიდნენ და ძალიანაც მიშლიდნენ. ჩემი ერთმოქმედებიანი სცენა „ფრთებდაგლეჯილი“  სწორედ ამ ნიდადგაზეა დაწერილი, მაგრამ რას ვიზამთ, ჩემო კარგო მარიამ! დედაკაცის ხვედრი ეს არის...  შენ იმერელი ქალი ხარ, უფრო ცხარე ტემპერამენტის, ვიდრე ჩვენ, ქართლელები და ამიტომ გეჩვენება ყველაფერი დიდ სიძნელედ. აწიე იმდენი, რასაც შენი ღონე ასწევს და ესეც ერთი აგური იქნება იმ შენობის ასაგებად, რემელსაც დღეს ჩვენ უფლებააყრილ ქვეყანას ესაჭიროება“.

 საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სათეატრო მოძრაობა  ფართოდ გაიშალა და გორის თეატრსაც გამოცოცხლება დაეტყო. ამ დროისთვის მარიამ გარიყული ოჯახითურთ გორში ცხოვრობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს  მუშათა ახლად ჩამოყალიბებული თეატრის მოწყობაში. აქ ის მონაწილეობს სპექტაკლებში: „ ქრისტინე“, „ მსხვერპლი“, „ მოლიპულ გზაზე“ და სხვა.

 მან პირველი თავისი მოთხრობა „ მსხვერპლი“ ნინოშვილის გავლენით დაწერა, ამის შემდეგ ზედიზედ ქვეყნდება მარიამის მოთხრობები მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში “ცნობის ფურცელი“ „დროება“ „კლდე“ „ ხალხის მეგობარი“ და სხვა. აქ დაბეჭლის მოთხრობებში გამოირჩევა „ ჩვეულებრივი ამბავი“, „ბორკილი“ , „ჩინოვნიკი“, „ სოფლის მსუნაგები,“ „ ღმერთად მოწამე“, „ ია“, „ზამბახი“, „ყვავილთა ქვეყანა“ და სხვა. 1930-იან წლებში დაწერილ ნაწარმობათაგან ყველაზე მნიშნველოვანია რომანი  „ ანარეკლი“.

ის მუდმივ ურთიერთობასა და მიმოწერაში იყო  თავის მეგობრებთან, მათ შორის იყვნენ: შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ნიკო ნაკაშიძე, გალაქტიონი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია აღლაძე, გოგლა ლეონიძე, იოსებ იმედაშვილი და ბევრი სხვა, თუ თითქმის ყველა მისი თანამედროვე.  მარიამმა მეორე მსოფლიო დიდი სიმწვავით განიცადა. სიცოცხლის ბოლომდე  გაჰყვა ომში დაღუპულ ვაჟზე და სხვათა შვილებზე გამოუთქმელი დარდი. ამ შინაგანი წვით შექმნა მან მოთხრობები: „დედა“,  „შემთხვევა“, „ დურგალი მიხელი“ და სხვა.

 მას ეკუთვნის ასევე მემუარული ნაწარმოები „ განვლილი  გზა“, რომელიც სავსეა გამოჩენილი მწერლების, პოეტების  თუ საზოგადო მოღვაწეების ლიტერატურული პორტრეტებით. გარიყული საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაშიც მუშაობდა. ჯერ კიდევ „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“ აქვეყნებდა  სხადასხვა ხასიათის საბავშვო მოთხროებებს, რომელიც შემდეგში ერთ წიგნად გამოიცა.

 მარიამ გარიყული გარდაიცვალა 1960  წლის 9 თებერვალს, 77 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის  საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.  ნინო ჩიხლაძე „ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები” გამომცემლობა საქართველო, თბილისი, 1990წ.

რჩეული ბიბლიოგრაფია:

„ სარდაფში“, „ ცხოვრების მსხვერპლი“,  „ჯაშუში“, „ჩვეულებრივი ამბიდან“, „ სოფლის მსუნაგები“, „მსხვერპლი“,  „ჩვეულებრივი ამბავი“, „ბორკილი“ , „ჩინოვნიკი“, „სოფლის მსუნაგები,“ „ღმერთად მოწამე“, „ ია“, „ზამბახი“, „ყვავილთა ქვეყანა“,

სერია - „უსინათლო ალექსა“, „დონა“,  „ნანიკო“, „ერთი ღამის ამბავი“, „ცოლ-ქმარი’“ „მეგობრები“, „ახალი განთიადი“.

“ დედა“, „შემთხვევა“,    „დურგალი მიხელი“,  „ჩვენი შაქარი“, „ ლაითურის მეურნეობა“, „ქუთაისის პირველი ქარხანა“,  „ბახვის მეურნეობა“,  „თელავის ძაფის არხანა“, „ძველი და ახალი ჭიათურა“, „ტყუბული“, „ვანელი კოლმეურნეები“, „რკინიგზის მთავარი დეპო“.

მემუარული ნაწარმოები - „განვლილი  გზა“.

რომანი -  „ანარეკლი“.