ელენე დარიანი-ბაქრაძე

(1897-1979)

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია  ქართული ლიტრატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის,  პაოლო იაშვილის შემოქმედებში არის  14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი,  ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.

ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც  სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედვად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.

დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა 1915 წელს ქუთაისში წაიკითხა. ლექსების ეროტიულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ, მსმენელთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისტიური თუ რეალურად არსებული ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. “ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე.” წერდა იმდროინდელი პრესა. პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახის ლექსები ქართველი ქალისთვის მიუღებელი იყო და მის “ბუნებასთან” წინააღმდეგობაში მოდიოდა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ არგუმენტს ხშირად თანამედროვეებიც იყენებენ, ისინი, ვინც ელენე დარიანის რეალურად არსებობას უარყოფს, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებაში ღრმად ფესვგამჯდარი პატრიარქალური ღირებულებებით აიხსნება.  

ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევრმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში.  ამჟამად არქივში მუშაობა კვლავ გრძელდება. მასზე ქალთა ფონდის მხარდაჭერით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“  ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად მუშაობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასდროს უსაბრია იმაზე  ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცრებას.  დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: ერთნი დაჟინებით ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში. ხშირად საუბრობენ ასევე პაოლო იაშვილის არაჩვეულებრივი გარდასახვის ნიჭზე და უარყოფენ იმ საკამათო მოსაზრებასაც თითქოს ელენე ბაქრაძის ლექსებს პაოლო იაშვილი უკეთებდა რედაქტირებას და მერე ისე აქვეყნებდა.

ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ მოსაზრება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლიტერატურთმცოდნემ გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ წამოაყენა. მან წიგნიც გამოსცა სახელწოდებით “ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე.” ჯავახიშვილმა არგუმენტად საარქივო მასალის უტყუარობა მოიშველია და მსგავსება პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ლექსებს შორის მათი ინდენტურობის დასამტკიცებლად არასაკმარის მიზეზად მიიჩნია. მისი აზრით ორივე პოეტი სიმბოლისტი იყო, ერთ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა, ერთი სტილით წერდა, რაც ხსნის მათი შემოქმდების მსგავსებას.

1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალიც გამოქვეყნდა. იმავე წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი “პირამიდებში.” ორდენი 12 მამაკაცს აერთიანებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშიღად მოიხსენებდნენ ხოლმე, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო. არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ცისფერყანწელებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან.

სტალინურმა რეპრესიებმა ცისფერყანწელთა უმრავლეოსობა იმსხვერპლა, მათ შორის შალვა ქართველიშვილი, ელენე ბაქრაძის მეუღლე. პაოლო იაშვილმა 1937 წელს  თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხანგრძლივი დუმილისა და ცისფერყანწელთა რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე 1959 წელს გამოიცა პაოლო იაშვილის პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლის ლექსებიც შევიდა იაშვილის ხელმოწერით. ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას უშედეგოდ სცადა საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა. ლოგიკურ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ისურვა ბაქრაძემ დარიანული ციკლის ავტორობა დაემტკიცებინა, ალბათ, იმდროინდელი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ვეძებოთ. საბჭოთა პერიოდი სრულიად არახესალყრელი იყო ელენე ბაქრაძის როგორც ეროტიული ლექსების ავტორის რეაბილიტაციის დასაწყებად. მას ტოტალიტარულ სახელმწიფოში უხდებოდა ცხოვრება, სადაც სექსუალობაზე კონტროლი და სექსუალობის რეპრესირება იდეოლოგიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.  ელენე  1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჟღერებული აზრი, რომ დარიანული ციკლის ავტორი შესაძლოა რეალური ქალი ყოფილიყო, არანაკლებად მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის, ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ლექსების გამოჩენა. ალბათ, უკვე დროა მითები დაიმსხვრეს და ქართულმა საზოგადოებამ რეალური ქალი აღიაროს და მიიღოს წარმოსახვითი ქალის ნაცვლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზურაბ ალხანიშვილი, “ცისფერი ლეგენდის გაგრძელება”, “ნეტგაზეთი”, 2011 წელი

2. მარი ოთარაშვილი, “ვინ იყო ელენე დარიანი: პაოლო იაშვილი, თუ მისი მეგობარი ელებე ბაქრაძე? “, “რეზონანსი”, 2010 წელი