თამარ აბაკელია

(1905-1953)

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი თამარ აბაკელია 1905 წელს ხონში დაიბადა. ბავშვობის რამდენიმე წელი ოდესაში გაატარა, იზრდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.  იმერეთისა და გურიის ლანდშაფტებმა განსაკუთრებული გავლენა იქონია მხატვარზე, რაც მოგვიანებით არაერთხელ აისახა მის შემოქმედებაში. სპეციალური უმაღლესი სამხატვრო განათლების მიღების შემდეგ თამარ აბაკელია თბილისში ცხოვრობდა. იგი დღიურს წერდა 1919 წლიდან 1953 წლამდე - გარდაცვალებამდე. მიუხედვად დღიურის ინტიმურობისა, მხატვარმა იქ იმდენად დეტალურად ასახა საკუთრი შემოქმედება, რომ აბაკელიას საბჭოთა ბიოგრაფებმაც კი ვერ აუარეს მას გვერდი და არაერთხელ გამოიყენეს წყაროდ თავიანთ მონოგრაფიებში.

თამარ აბაკელიამ ბავშვობიდან დაიწყო ხატვა. “ვხატავდი ყველაფერს, რაც კი გარს მეხვია, დედას, დეიდებს, ნაძვის ხეს”- წერდა ის თავის დღიურში. მისი ნიჭით აღფრთოვანებული გარშემომყოფები თამარს ხშირად აქებდნენ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მის მოტივაციას  მხატავრობა პროფესიად  ექცია. თამარი დღიურში წერდა, რომ აკადემიაში შესვლამდე ნამდვილ შემოქმედებით ცხოვრებას ვერ გრძნობდა, საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა აწუხებდა და ამის გამო ხშირად ატირებულა. ქუთაისში ქალთა მეორე გიმნაზიაში სწავლის პერიოდში თამარი  სასკოლო ხელნაწერ ლიტერატურულ ჟურნალს აფორმებდა. ბავშვობაშივე დაინტერესდა ძერწვით. როგორც დღიურში წერს,  ერთ-ერთი ექსკურსიიდან სახლში მთელი კალათა თიხა წამოიღო იმისთვის, რომ სახლში ეძერწა.

1923 წ. თამარ აბაკელიამ ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სტუდენტობისას შენიშნეს, რომ მისი ნახატები “ვაჟკაცური სისადავით“ გამოირჩეოდა. ცნობილმა მოქანდაკემ  იაკობ ნიკოლაძემ თამარს ფორმის შეგრძნების განსაკუთრებული უნარი შენიშნა და თავის სახელოსნოში წაიყვანა. ქანდაკება თამარისთვის პრიორიტეტული გახდა. „რამდენ ძალას ვგრძნობ ჩემში. პირობები რომ მქონდეს, მას ჩემს უმთავრეს საქმეს, ქანდაკებას შევალევდი” -ასეთი ჩანაწერი გააკეთა თამარმა საკუთარ დღიურში 1925 წელს.

თამარ აბაკელია ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში იღებდა მოანწილეობას სხვადასხვა გამოფენებში. მას მალე მიაქციეს ყურადღება. 1927 წ. ქართველ მხატვართა ნაწარმოებების გამოფენაზე აბაკელიას ნახატებმა მოსე თოიძის ყურადღება მიიპყრო. მისით აღფრთოვანდა კოტე მარჯანიშვილიც, როდესაც თამარმა რეჟისორს ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილის“ ესკიზები გააცნო.

1929 წელს თამარ აბაკელიამ  თბილისის სამხატვრო აკადემია დაასრულა. ამ პერიოდიდან მცირე ფორმებიდან შედარებით მონუმენტური ფორმების ძიებაზე გადავიდა. 30-იანი წლებიდან ინტენსიურად ჩაერთო სათეატრო საქმიანობაში. თეატრი მისი ბავშობის დროინდელი გატაცება იყო. მალევე შექმნა ესკიზები “კარმენის” საოპერო დადგმისთვის.

1930-იანი წლების დასაწყისში თამარ აბაკელიამ თავისი ცხოვრება პოეტსა და დრამატურგს კარლო კალაძეს დაუკავშირა. ახლადდაქორწინებულებმა შუა აზიაში იმოგზაურეს. ეს მოგზაურობა განსაკუთრებული იყო, რადგან მხატვრის შემოქმედებაში განსხვავებული თემატიკა შემოიტანა. თამარის შუააზიურ ჩანხატებს შორის განსაკუთრებით ცნობილია “ბამბის მკრეფავი თურქმენი ქალი”, “მოსაუბრე ყაზახი ქალები” ‘შუააზიელი გოგონა”,“ნარინჯის კრეფა.” ქალის სახე, რომელიც მან “ნარინჯის კრეფაში” შექმნა, მოგვიანებით  არაერთხელ გაიმეორა, მათ შორის ქანდაკებებში. მიხედავად, საბჭოთა იდეოლგიური წნეხისა, კოლმეურნე და მშრომელი ქალების გამოსახვისას, თამარ აბაკელია მაინც ახერხებდა კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური შტრიხების გამოსახვას. ხელოვნებთმცოდნეების აზრით აბაკელიას შუააზიური ნახატები მნიშვნელოვანია სხეულის მონუმენტურად გამოხატვის თვალსაზრისით. თუმცა, შუააზიურ ჩანახატებში აბაკელიას ხშირად სდებდნენ ბრალს იმ დროინდელი საბჭოთა ხელოვნებისთვის უცხო, ეგზოტიკით გატაცებაში. ეგზოტიზმის ბრალდებას მას აკდემიაში სწავლის პერიოდშიც უყენებდნენ, როდესაც იგი აქტიურად ხატავდა შიშველ ფიგურებს. მსგავსი ექსპერიმენტები მოგვიანებით, 1933-1934 წლებშიც გაიმეორა, მაგრამ მალევე უარყო. იმ დროისთვის უკვე ძალიან ძლიერი იყო იდეოლოგიური წნეხი საბჭოთა ხელოვანებზე, რაც მათ თავისუფალი გამოხატვისა თუ ინდივიდუალური თითდამკვიდრების საშუალებების ძიების სურვილსაც კი ართმევდა. როცა საქმე საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლის გარდაჩენას ეხებოდა, არაა გასაკვირი, რომ ბევრმა ხელოვანმა უარი თქვა შემოქმდებით ექსპერიმენტებზე, სახელმწიფო იდეოლოგიურ სამსახურში ჩადგა და მეინსტრიმულ საბჭოთა ხელოვნებასთან ზიარება არჩია.

თამარ აბაკელიამ ძალები ილისტრაციაშიც სცადა და საკმაოდ წარმტებითაც. 30-იანი წლებიდან მოყოლებული მან არაერთი ნაწარმოები დაასურათა, მათ შორის “ვეფხისტყაოსანიც.” მიიჩნევა, რომ მის მიერ დასურათებულ “ვეფხიტსყაოსანში” განსაკუთრებით საყურადღებო მისი გმირი ქალების გამოსახულებებია. არაერთხელ გაუკეთა ილუსტრირება ვაჟა-ფშაველს ნაწარმოებებს, მათ შორის რუსულ გამოცემასაც. გააფრომა იმ დროს დროს პოპულარული რომანი, კონსტანტინე ლორთქიფანიძის  “კოლხეთის ცისკარი”, ასევე ცნობილი რუსი პოეტის ნიკოლოზ ტიხონოვის ლექსების კრებული. ძალები მოსინჯა კინემტოგრაფიაშიც. 1935 წელს თამარ აბაკელია კინოსურათ “არსენაზე” სამუშაოდ მიიწვიეს. მოგვიანებით მან იმუშავა “დავით გურამიშვილზეც”. ესკიზები შექმნა ასევე კინოფილმ “გიორგი სააკაძისთვისაც.”

თამარ აბაკელია, მისი თანამედორვე ხელოვანთა  მსგავსად, ვინც რეპრესიებს გადაურჩა, ვერ გაექცა თავსმოხვეულ იდეოლოგიურ მარწუხებს. ამიტომ, 30-იანი წლებიდან მის შემოქმედებაში სოციალიზმის მშენებლობამაც ჰპოვა ასახვა. მშენებლობა და მშენებელები აბაკელიამ ქანდაკებებით უკვდავყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფიგურათა სოციალური შინაარსი ნაციონალური ფორმით იყო გახამოტული, რომელსაც ამართლებდა და ახალისებდა სტალინური რეჟიმი.

1936-37 წლები თამარ აბაკელიას შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად მიიჩნევენ.  ამ დროს შექმნა ჰორელიეფები, რომელიც მან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფიალიალის (ახლანდელი იმელის შენობა) ფრონტონის ფრიზისათვის შეასრულა. საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეების აზრით ამ ნაშრომით თამარ აბაკელიამ ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების პარალელურად მხატვრის შემოქმდებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. მისი განსაკუთრებული შთაგონების წყარო პარტიზანული ბრძოლა გახდა. ომის პერიოდში შექმნილი ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკებაა “შურისძიება” . “შურისძიება” აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახით გამოხატა. იგი განსხვავდებოდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გავრცელებული საბჭოთა ქალის პროპაგანდისტული იმიჯისგან, რომელიც პასიურია, მსხვერპლია და ის მამაკაცმა, სამშობლომ უნდა დაიცვას. აბაკელიას “შურისმაძიებელ” ქალი თავად იყო სუბიექტი,  გააჩნდა აგენტობა, ის თავად უწევდა წინააღმდეგობას მტერს.

მიუხედავდ მძიმე სენისა, თამარ აბაკელია დაუღალავად მუშაობდა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. დღიურში წერდა, რომ ამ დროს მისი ყველანაირი “ოჯახური ვალდებულება” უკან იწევდა. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე დღე გადაბმულად მუშაობდა ქანდაკებაზე.

თამარ აბაკელია 1953 წელს გარდაიცვალა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ოთარ ფირალიშვილი, 1956. “თამარ აბაკელია, მონოგრაფია”, „სახელგამი“, 1956 წელი.

2. გერონტი ქიქოძე „თამარ აბაკელია, ფერწერა , ქანდაკება, გრაფიკა”. წინასიტყვაობა.  “თბილისი-ფედერაცია” 1941 წელი