(1888 -1934)
დესპინე გელოვანი დაიბადა 1888 წლის 16 დეკემბერს, ლეჩხუმის მაზრის სოფელ ლაჯანში, საშუალო შეძლების მქონე თავადის ოჯახში, სადაც მწერალი ქალის მშობლები ახლად გადმოსახლებულები იყვნენ სვანეთიდან. ფეოდალურ წრეებში ღრმად ფეხმოკიდებულმა ტრადიციამ პატარა დესპინე ოჯახში ჩაკეტა და აიძულა მხოლოდ შინაური განათლებით დაკმაყოფილებულიყო. მის სწავლა-აღზრდას შინაური მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. 18 წლის დესპინე უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებული, დამოუკიდებლად მოქმედი და თავისუფლად მოაზროვნე იყო. მან გადაწყვიტა გაზეთ "ივერიის" კორესპონდანტობა.
მან პატარ-პატარა კორესპონდენციით წერა დაიწყო. ის ამხელდა ლეჩხუმ -სვანეთის მაზრაში მეფის ბიუროკრატი-ჩინოვნიკების თავგასულობას და ბოროტმოქმედებას, როს გამოც არაერთხელ გააფრთხილეს. არავინ იცის, როგორ ახერხებდა თავისი მამხილებელი წერილების ბეჭდვას, მის წერილებს კი სად არ შეხვდებოდით“ივერიაში“, „ ცნობის ფურცელში“, „ თემსა” და „ სახალხო ფურცელში“. იგი თვითონვე მოგვითხრობს თავის ავტობიოგრაფიულ წერილში: "იმ დროს იმდენად ჩამორჩენილი იყო ლეჩხუმ-სვანეთის მხარე, რაც უნდა უსამართლობა და თავგასულობა ჩაედინათ მეფის ადგილობრივ მოხელეებს თუ ზოგ თვითნება ფეოდალს - პრესამდე ვერ აღწევდა. ისე კი ასეთ მიყრუებულ კუთხეში მრავალი ამაღელვებელი ძალმომრეობა ხდებოდა, რასაც მთელი ჩემი შეგნება და აზროვნება ეწინააღმდეგებოდა და სულიერად ვიტანჯებოდი. სწორედ ასეთმა განცდებმა მაიძულეს გამაბედინა გაზეთის თანამშრომლობა... და კიდევ დავიწყე ამ ბნელი ძალების წინააღმდეგ ულმობელი წერილების წერა". მისი მამხილებელი წერილები იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიის", "ცნობის ფურცლის", "შრომის", "ისრის" და სხვათა ფურცლებზე.
ბევრი მტერი გაუჩნდა ახლაგზარდა ქალს, თვით მამაც კი განუდგა. მას სამარცხვინოდ მიაჩნდა თავისი გასათხოვარი ქალიშვილის „ვაჟკაცური“ საქმიანობა. რაც მეტი წინაღმდეგობა ხვდებოდა მამისგან, მით უფრო აძლიერებდა დესპინე თავის მუშაობას.
ამ პერიოდში მან გამოიცვალა ფსევდონიმი და გააძლიერა მტრის მხილება, რასაც მოჰყვა მისი ჩაბმა არალეგალურ მუშაობაში, 1902 წელს. 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის, მაზრის უფროსის დაბეზღებით, გადაწყვეტილი იყო მწერალი ქალის მშობლების სახლ-კარი გადაეწვათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია მათი ოჯახის ნათესავი, ქალსუ დადეშქელიანი და გელოვანების სახლ-კარი გადარჩა,
რევოლუციის შემდეგ, მშრომელი მასების გათვითცნობიერების მიზნით, დესპინე გელოვანი ხლხში გავიდა და თეატრალური მოღვაწეობა დაწყო. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, დესპინე ჩაება კულტურულ საქმიანობაში. მისი ინიციატივით, 1901 წელს, ნახა ლეჩხუმმა პირველად სცენა და სპექტაკლი. დესპინე სოფელებში - ცაგერში, ლაილაშასა და ლაჯანურში დგამდა რევოლუციური ხასიათის სპექტაკლებს, აღვივებდა ხალხში ბრძოლის სურვილსა და მომავლის რწმენას. დადგმებით შემოსული თანხა ეგზავნებოდა ქუთაისის ციხის პოლიტიკურ პატიმრებს გვირაბის გასაყვანად. აქედან გამოქცეულ რევოლუციონერებს თავშესაფარს აძლევდა და მატერიალურ დახმარებასაც დესპინე უწევდა.
საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა ოჯახში, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას სოფლის გოგო-ბიჭებს. "თუ ვინმე ძველი თაობიდან წერა-კითხვის მცოდნენი ვართ, დესპინემ შეგვასწავლაო," ამბობდნენ ორბელისა და ლაჯანის მცხოვრებლები. დიდი წვლილი აქვს გაღებული დესპინეს ამ კუთხეში მეაბრეშუმეობის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იძახდა: ”ხატები გაგვირისხდება და ვენახებს დაგვისეტყვავსო", თბილისიდან მივლენილმა ინსტრუქტორმა და დესპინეს მცდელობამ ხალხში დანერგა მეურნეობის ეს დარგი. 1920 წელს დესპინე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და შეუდგა სამრეწველო მოღვაწეობას. გარდა უამრავი კორესპონდენციისა, მის კალამს ეკუთვნის ეთნოგრაფიული წერილები, მხატვრული ესკიზები, ნოველები, მოთხრობები ("ქალი", "ვეღარ ეგუა სული ჩემი", "ისრაელის ასულმა გაიმარჯვა") და რომანები ("სამართალს სისხლით მოვძებნი'', ''შორეული ლანდები'').
დესპინე გელოვანი თვადადებული მამიდა იყო ძმისწულებსთვის. ის არა მარტო წერა-კითხვას ასწავლიდა, არამედ ხელმძღვანელობდა მათ საერთო განათლებას და ზნეობრივ აღზრდას. უმცროს ძმისწულს, ანდრო გელოვანს, ფართო განათლების და დახვეწილი კულტურის იურისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში თავისი პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობით. მან დიდი ამაგი დასდო მამიდის ხსოვნას. ის ფურცელ-ფურცელ აგროვებდა მწერალი ქალის ავტობიოგრაფიებს. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა. წლები დასჭირდა იმ მემკვიდრეობის მიკვლევას, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. ასევე ამ საქმეში დიდი წვილილი მიუძღვის სოლომონ ცაიშვილს, რომელმაც სურვილი გამთქვა ანდრო გელოვანს დახმარებოდა დესპინე გელოვანის ლიტერატრურული მემკვიდრეობის შეგროვებასა და გამოცემაში.
დესპინე გელოვანი 1934 წლის 6 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ნინო ჩიხლაძე, ” ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები” გამომცემლობა საქართველო. თბილისი 1990 წ.