პორტრეტი: ლეპა მლადენოვიჩი

Კითხვის დრო: 6 წუთი
Teaser Image Caption
Lepa Mlađenović

ლეპა მლადენოვიჩი სერბი აქტივისტი და ლექტორია, რომელსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ დაწესებული ანა კლაინის ჯილდო 2013 წელს გადაეცა. წარმოგიდგენთ ლეპას პორტრეტს, რომელიც ადრიანა ზაჰარიევიჩის მიერ არის დაწერილი.    

„მნიშვნელობა არ აქვს პირველ პირში დაწერ თუ მესამეში, ლეპა მლადენოვიჩის შესახებ მხოლობით რიცხვში წერა უბრალოდ რთულია. ანა კლაინის ჯილდოს მფლობელი ქალის დახასიათება იმ მრავალი ქალის ხმისგან უნდა შედგებოდეს, რომლებსაც ის მიმართავდა, მხარს უჭერდა, აქეზებდა, ხელს უწყობდა ხმა ამოეღოთ, ეხმარებოდა დაბრუნებოდნენ საკუთარ თავსა და ემოციებს; ლეპამ გაახმოვანა და სიტყვებად აქცია იმ მრავალი ქალის ემოცია, ვისაც საკუთარი თავისა და სხვა ქალების ნდობას ასწავლიდა. ლეპა მლადენოვიჩი არის პიროვნება, რომელმაც გულუხვად გადასცა ქალებს საკუთარი ხმა და ადამიანების რწმენა მთელი სერბეთისა და მსოფლიოს მასშტაბით.

ვინ არის ლეპა მლადენოვიჩი? ის არის ქალი, რომელიც „საოცარი ხერხებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლის ჩვენს შიდა სამყაროს“ (ანა პუნდეი). ის არის „მასწავლებელი და და გასაჭირში, სიყვარულსა და გამბედაობაში“ (დაგმარ შულცი); ის შთააგონებს ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით (ელანა დიკევომონი), ამსხვრევს ერებს შორის აღმართულ კედლებს (იგბალე როგოვა) და იძულებულებს გვხდის დავრჩეთ იდეალებისა და აქტივიზმის ერთგულები (ისაბელ მარკუსი). მისი სიტყვები „ცხოვრების მანტრად“ არის ქცეული (ზორიქა სპასოევიჩი), რადგანაც სწორედ ლეპამ ჩაუყარა საფუძველი „დობის აკადემიას[1], რომელსაც ერთ დღეს ყველანი დავამთავრებთ“ (რაუდა მორკოსი). „ვნებიანი როგორც მუშაობაში, ისე თამაშში;  ქალი, რომელიც აუცილებლად გარდაქმნიდა სამყაროს, ამის შესაძლებლობა თუ მიეცემოდა“ (ჯოან ნესტლე). ლეპა არის „მძვინვარე ქალი-მეომარი მშვიდობისთვის და სათუთად მებრძოლი ლესბოსელების თავისუფლებისთვის“ (სენდი ბატლერი). ლეპა არის „ჩემი „ვარდისფერი პანტერა“ (სლავიკა სოიანოვიჩი), ქალი, რომელიც მუდმივად იბრძოდა ძალადობის წინააღმდეგ და ზეიმობდა ქალების წინსვლას (კრის კორინი).

როდესაც ალყაში მოქცეული სარაევოსკენ მიმავალ გზაზე სერბთა რესპუბლიკის[2] სასაზღვრო პოლიციამ მუსულმან ქალს უხმო, ლეპა მლადენოვიჩი წამოდგა და თქვა: „მეც წამიყვანეთ. მეც მისნაირი ვარ“ (მილოშ უროშევიჩი). როდესაც ლეპას ფელიპა დე სუზას ჯილდო მიენიჭა, მან აღნიშნა: „მე არ ვეკუთვნი იმ ქვეყანას, სადაც დავიბადე; მე დაკარგული ლესბოსელების ქვეყნიდან ვარ, რომელიც არასდროს მქონია, მაგრამ რომელსაც ოდესმე მაინც შევქმნი“. 17 წლის შემდეგ ის ისევ იბრძვის ამ ქვეყნის დასაარსებლად (ჰაია შალომი), რადგანაც ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს, ჯერ კიდევ ვერ გაუმჯობესდა. ოთხმოცდაათიანი წლების შუაში, იმ დროს, როცა პირადად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო „მისნაირი ყოფილიყავი“, ლეპა მლადენოვიჩი, ბელ ჰუკსის მსგავსად, საკუთარ სახელს პატარა ასოებით წერდა[3]. როდესაც ყველაფერი რთულდება, როდესაც თითქოს ყველა მოქმედება შეწყვეტილია და ყველა სურვილი ჩამქრალი, ლეპა აზიარებს მხიარულ ფოტოებს, ლექსებსა და სტროფებს - სერბეთისა და მსოფლიოს მასშტაბით.

ლეპას თავისუფლების მოყვარული სული პირველად ბელგრადში, ფსიქოლოგიის სწავლისას გამოიკვეთა, როდესაც ხისტ საგანმანათლებლო სისტემას წინ აღუდგა. ის პროფესორებს საპროტესტო წერილებს წერდა, სადაც  სტუდენტების ექსპლუატაციასა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას აკრიტიკებდა.

მაშინდელი თანამედროვე იდეების უფრო სიღრმისეულად გაცნობა ლეპას ანტი-ფსიქიატრიული მოძრაობის მიმდევრობისაკენ უბიძგებს. ის ენერგიული და საფუძვლიანია: ავტოსტოპით რამდენჯერმე მოგზაურობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში იტალიურ საზოგადოებასთან („დემოკრატიული ფსიქიატრია“) ერთად, დამოუკიდებლად იწყებს იტალიური ენის სწავლას, წერს პირველ საავტორო ტექსტებს და ლონდონის თერაპიულ თემებში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. მისი პირველი ჩართულობა საზოგადოებრივ მოძრაობაში ორგანიზაცია „ფსიქიატრიის ალტერნარივასთან“ ერთად ხდება, რომელიც ფსიქიატრიის, როგორც ძალადობისა და გარიყვის ინსტიტუტის, დეინსტიტუციონალიზაციას ისახავდა მიზნად. 1982 წელს კი ლეპა „ფსიქიატრიის ალტერნატივის“ ისტორიული კონფერენციის ორგანიზაციას იწყებს, რომელიც ბელგრადის სტუდენტური კულტურის ცენტრში ტარდება.

1978 წელი, როდესაც სტუდენტური კულტურის ცენტრმა მნიშვნელოვან კონფერენციას უმასპინძლა, დღეს იუგოსლავური ფემინისტური მოძრაობის დასაწყისად განიხილება. ლეპა მლადენოვიჩი ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა, მგზნებარე აქტივისტებს შორის, რომლებმაც კონფერენციაზე სახელწოდებით „ამხანაგი ქალი. ქალის საკითხი: ახალი მიდგომა?“ ქალთა საკითხებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბება გაბედეს. „ამხანაგი ქალის“ კონფერენციის შემდეგ ბელგრადში ახალი ტალღა ცოცხლდება: პირველად იწყება დისკუსიები ფემინისტური საკითხის, ფემინისტური გამოცდილების, ეპისტემოლოგიისა და სოლიდარობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოციანები იუგოსლავური ფენიმისტური მოძრაობის „თეორიის წლებად“ ითვლება, ეს იყო დრო, როდესაც პირველი აქტივისტური ინიციატივების ორგანიზება იწყება. უკვე ამ დროისთვის, ლეპა დაჟინებით მოითხოვს როგორც პირადი, ისე პოლიტიკური ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირებას; ის ასევე მოითხოვს ფემინისტური მისწრაფების - ინდივიდუალური ქმედებების რადიკალიზაციას. ამ მიზნით, 1986 წელს ლეპამ ორგანიზება გაუწია პირველი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელსაც  „გათვითცნობიერების ჯგუფების[4]” მოდელი მოარგო.  ამ ჯგუფის შექმნა ფემინიზმის მეორე ტალღის აღმოცენებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. „სტუდენტური კულტურის ცენტრი“ კვლავაც იყო ის ადგილი, სადაც პირველი სამუშაო შეხვედრები იმართებოდა აბორტის, ძალადობისა და სექსუალობის თემებზე ფემინისტური ჯგუფის „ქალი და საზოგადოება“ ორგანიზებით. სწორედ ამ დროს მოხდა ლესბოსელი ფემინისტების პირველი ჯგუფის ჩამოყალიბებაც.

ლეპა მლადენოვიჩი ერთ-ერთია იმ ქალთაგან, ვისაც სჯერა, რომ დობა არ ცნობს საზღვრებს. ის არის ოთხმოციანი წლების იუგოსლავიის თითქმის ყველა ფემინისტური ღონისძიების მონაწილე, სადაც აქტიურად აყალიბებდა „იუგოსლავური ფემინიზმების“ მნიშვნელობას. ზაგრებისა და ლიუბლიანას შემდეგ ბელგრადში მესამე „ნდობის ტელეფონის“ დაარსება მისი ძალისხმევის შედეგი იყო. როდესაც 1991 წელს იუგოსლავიაში ომი დაიწყო, კიდევ უფრო გაძლიერდა ლეპას ღრმა რწმენა იმისა, რომ  ქალებს შორის დობა აუცილებელია; რომ ქალებს შესწევთ ძალა შეეწინააღმდეგონ ომსა და საზღვრების ძალადობრივ გავლებას. ამ დროს ის მონაწილეობას იღებს ორგანიზაცია „ქალები შავებში ომის წინააღმდეგ“ ორგანიზებაში. სერბეთის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ყოველ ოთხშაბათს სწორედ „ქალები შავებში“ იდგნენ მდუმარედ მრავალი წლის განმავლობაში.

ამ ეტაპზე, ლეპა მლადენოვიჩის პოლიტიკური დღის წესრიგი მტკიცედ განსაზღვრულია. ოთხმოცდაათიანების დასაწყისიდან ის ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. სერბეთის სახელმწიფოს ნაციონალიზმი და მილიტარიზმი, რომლის იდეოლოგია განსხვავებულის დევნას ეფუძნება, პირველ საკითხად დგას. თუმცა, თავიდანვე, ლეპა მლადენოვიჩის ანტი-ნაციონალიზმი თითქმის ცალსახად ფემინისტურია: ის მოიცავს ომის ქალ მსხვერპლთა მიმართ ზრუნვას (საზღვრის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ქალებისთვის ძირითადი საშუალებების გაგზავნა, ლტოლვილთა ცენტრების მონახულება, და „მტრულ მხარეს“ მყოფ ქალებთან მუდმივი კომუნიკაცია); ომებში ქალების სპეციფიური როლისა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის გაცნობიერებას; იმ ურთიერთობების შეუპოვრად შენარჩუნებას, რომლებსაც ყოვლისმომცველი აგრესია და უწყვეტი სიძულვილი განადგურებით ემუქრება. ეს გამოცდილება იმ ღრმა რწმენის წყაროდ იქცა, რომ ქალების სოლიდარობა ფემინისტური ანტი-ფაშისტური პოლიტიკის განსაკუთრებული ფორმაა; რომ ზრუნვა პირველ ნაბიჯს წარმოადგენს საკუთარი თავისა და სხვების დასახმარებლად. ორგანიზაცია „ქალები შავებში“ ლეპას უშუალო ჩართულობის სივრცეს წარმოადგენდა, ხოლო „ქალთა საკითხების კვლევისა და კომუნიკაციის ცენტრი“  განხილვისა და ჩაფიქრებისათვის განკუთვნილი ადგილი გახდა. ძალადობის მუდმივი მსხვერპლები და სოლიდარობა წარმოადგენს ლეპას დახმარებით დაფუძნებული ორი ორგანიზაციის, „არკადიას“ (1991) და „ავტონომიურ ქალთა ცენტრის“ (1993) მუშაობის ძირითად საგანს.

ლეპა მლადენოვიჩი ერთ-ერთი პირველი საჯაროდ იდენტიფიცირებული ლესბოსელია სერბეთში. როგორც ქალი, ფემინისტი და ანტინაციონალისტი, მან მრავალჯერ განიცადა ძალადობა პატრიარქალურ საზოგადოებაში; შედეგად, როგორც ლესბოსელი, ლეპა ხმამაღლა ალაპარაკდა იმ დროს, როდესაც ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელი იყო. ღრმა რწმენით, რომ ლესბოსელებმა „ახალ საუკუნეს“ ჩაუყარეს საფუძველი, მან საჯაროდ ისაუბრა ჰომოფობიის წინააღმდეგ ჯერ ორგანიზაცია „არკადიაში“, შემდეგ კი „ლაბრისში“ (1995 წელს დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც ლესბოსელების უფლებებზე მუშაობს). ამით  მან მრავალ ქალს გაუხსნა გზა, რომლებმაც მისგან მიიღეს ცოდნა ლესბოსური სურვილის თავისუფლებისა და გახსნილობის შესახებ. მისი მუშაობისადმი მადლიერებისა და მისი, როგორც ადამიანის მიმართ სიყვარულის ყველაზე გულწრფელი გამოხატვა იყო „ლეპა მლადენოვიჩის სახელობის ლესბოსელთა საკითხავი დარბაზის“ გახსნა ნოვი სადში, ნოვი სადის ლესბოსელთა ორგანიზაციის (NLO) მიერ.

ლეპა მლადენოვიჩი არის სახელი, რომელიც ცნობილია ფემინისტურ მოძრაობაში ჩართული ყველა ქალისთვის: ბელგრადში, სადაც ის დაიბადა და რომელიც არასდროს მიუტოვებია; სერბეთში, რომელიც მთლიანად მოიარა ქალებისთვის უკეთესი და უფრო დემოკრატიული საზოგადოებისთვის ბრძოლაში; ყოფილ იუგოსლავიაში, სადაც ის ქალთა აქტივიზმის სიმბოლოდ რჩება; და მსოფლიოს მასშტაბით, სადაც დღესაც შთააგონებს ქალებს დაუშრეტელი ენერგიის წყალობით. ჩვენ ყველამ ვიცით ლეპას მოთხოვნა – „უსმინეთ სხვა ქალებს ისე, როგორც მათ ესმით საკუთარი თავის“. ვიცით მისი შეკითხვაც: „რა გასწავლათ სხვა ქალების მოსმენამ?“ და ყველა ჩვენგანი დაფიქრებულა, მართლა თუ ვაფასებთ ჩვენს გვერდით მყოფ ქალებს. სწორედ ამიტომ, მის საუკეთესო მეგობართან, ტიანა პოპოვიდასთან ერთად ორ ხმაში ვამბობ: ჩვენ ვამაყობთ, რომ ლეპა მლადენოვიჩი არის ამ ჯილდოს ლაურეატი. ქალებისთვის სერბეთში და ქალებისთვის მსოფლიოში, ლეპა არის „აქტივისტი ქალი, რომლის თავდადება გზას უნათებს  ქალებსა და ლესბოსელებს, რომ უფრო თავისუფლად და ბედნიერად იარონ ამქვეყნად“.



წყარო: http://www.boell.de

 

შენიშვნები:

[1] ინგლისურად "Academy of Sisterhood".

[2] ინგლისურად "Republic of Srpska".

[3] იგულისხმება Lepa Mladenovic-ის ნაცვლად lepa mladenovic-ის დაწერა.

[4] ინგლისურად "self-awareness groups".