იყო დრო, როცა ფემინისტი არ ვიყავი. ადრეულ ასაკში ხშირად მიგრძვნია, რომ გარშემომყოფები ჩემი დისგან მასხვავებდნენ ხოლმე, გარკვეულწილად უპირატეს პოზიციაში მაყენებდნენ. რა თქმა უნდა, ამას ვხვდებოდი, მაგრამ თავისებურად ვამართლებდი - იმით, რითიც ჩვეულებრივ იმართლებენ ხოლმე სექსისტები თავს („კაცი ვარ და ბუნებრივად მეტი მეტი პრივილეგიები მაქვს“). დროთა განმავლობაში ეს რწმენა გამიქრა. ალბათ ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, რომ დავიწყე სხვა სფეროებში უსამართლობების დანახვა და გააზრება. მალე იმაზეც დავფიქრდი, თუ რა იდგა კაცების უპირატესობის რწმენის უკან და რამდენად საფუძველსმოკლებულია ამგვარი შეხედულების ქონა. საერთოდ, სულ ბოლოს იმ უსამართლობის არსებობას იაზრებ ხოლმე, რომლის წყაროც თავად ხარ. ასე მგონია, რომ მიზეზი სწორედ ეს არის, რის გამოც ამ თემაზე შედარებით გვიან დავფიქრდი.
ჩემს ფემინისტად გადაქცევას კიდევ ერთმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი: ფემინური და მასკულინური როლების მიუღებლობამ. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ ფემინურობა ქალის თვისებაა (მაშასადამე, ნაკლებად ღირებულია), ხოლო მასკულინობა - კაცის (მაშასადამე, მეტად ღირებულია). არადა, აშკარად ვხედავდი და ახლაც ვხედავ, რომ კლასიკურ ფემინურობაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე კლასიკურ მასკულინობაში და პირიქით. მაგალითად, ის, რომ ფემინური ადამიანები უფრო თამამად გამოხატავენ ემოციებს, არ უჭირთ თვითკრიტიკა და შეუძლიათ დათმობაზე წასვლა ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად მისაღებია. ასევე, ერთმნიშვნელოვნად მისაღებია ზოგიერთი კლასიკურად მასკულინური თვისებაც, მაგალითად ის, რომ უნდა იყო თვითდაჯერებული, მამაცი და გამბედავი. ამ დროს მიუღებელი მასკულინური თვისებებია: გადამეტებული ღირსების გრძნობა და უკან დახევის უნარის არქონა (ბოლოს რომ სისხლისღვრით მთავრდება, ისეთი), ემოციების ჩაკვლა და თანამშრომლობაზე მეტად, კონკურენციაზე ორიენტირება. ვერაფრით ვხვდებოდი და ვერც ახლა ვხვდები, რატომ უნდა მოერგო მთლიანად ამ ორ წინასწარ დადგენილ როლს, მაშინ, როცა შეგიძლია, რომ ორივე როლიდან საუკეთესო თვისებები აიღო. ფემინისტი ქალები, ჩემი აზრით, სწორედ ამას ცდილობენ: არიან გამბედავებიც, თვითდაჯერებულებიც და ამავდროულად, არ ამბობენ ემოციებზე და ემპათიის უნარზე უარს. მეც ვცდილობ, რომ ჩემში მავნე მასკულინური თვისებები მისაღები ფემინური თვისებებით ჩავანაცვლო.
რა თქმა უნდა, ბოლომდე ფემინისტად დარჩენა არც ახლა არის ჩემთვის ადვილი. ზოგჯერ ისეთ გარემოში შეიძლება აღმოვჩნდე, სადაც ძალიან ძნელია ისე მოქცევა, როგორც სწორად მიმაჩნია. ამის მიუხედავად, ვცდილობ ხოლმე, რომ გამბედაობა მოვიკრიბო და სწორი პოზიცია დავიცვა. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - ვერა. მაგალითად, ერთხელ ერთ ბარში ნასვამს შელაპარაკება მომივიდა სხვა ნასვამ კაცთან, რომელმაც მითხრა: „მოდი, აქ ნუ ვილაპარაკებთ, ქალები არიან და გარეთ გავიდეთო“. ძნელია ხოლმე ასეთ დროს რამე ქნა. შენდაუნებურად ექცევი სიტუაციის ტყვეობაში. მართალია, მაშინ გამბედაობა მოვიკრიბე და ვუთხარი, რომ ქალებსაც აქვთ უფლებები-მეთქი (რამაც ცოტა დააბნია), მაგრამ ყოველთვის ამის გაკეთება ვერ გამოდის. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, ობიექტურად ძნელია ფემინისტობა, ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ზოგ სიტუაციაში წარმოუდგენლად ძნელიც.
ამ სიძნელის მიუხედავად, ვერაფრით გავამართლებ იმათ, ვინც საერთოდ არ ცდილობს გარემო თავისი შეხედულებების მიხედვით შეცვალოს - ვინც ერთგან ფემინისტია, მეორეგან -სექსისტი, ერთგან ლიბერალია, მეორეგან - კონსერვატორი და ა.შ. ეს კაცებსაც ემართებათ და ქალებსაც. ამას წინათ, ვიღაც ყვებოდა ანეკდოტს, ქართველი ფემინისტები ქმრებმა საერთაშორისო კონფერენციაზე არ გაუშვესო. ზოგ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს. ამავე დროს, ვიცი, რომ საქართველოში არიან ძალიან პრინციპული, გამბედავი და თანმიმდევრული ფემინისტები, რომლებიც ბოლომდე იბრძოლებენ თანასწორობისთვის და სამართლიანობისთვის. ზოგიერთ მათგანს პირადად ვიცნობ და ვმეგობრობ. მათ გარდა, კიდევ არის ქალების მთელი არმია, რომელიც ხმის ამოღებას ჯერჯერობით ვერ ბედავს, სხვადასხვა მიზეზებით (მათ შორის, ეკონომიკური გაჭირვების გამო), მაგრამ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან გაბედავს და მჩაგვრელ კაცებს აიძულებს, თავიანთ შეხედულებებს გადახედონ. ეს ალბათ წლების საქმეა და უახლეს მომავალში სრულად ვერ მოგვარდება (ამ მხრივ, დასავლურ ქვეყნებშიც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი), მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან თანასწორობას აუცილებლად მივაღწევთ.