ბლოგი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც ამ ტექსტის წაკითხვას ვერ შეძლებენ, რადგან ფიზიკური, ეკონომიკური თუ სოციო-კულტურული მიზეზებიდან გამომდინარე მასზე ხელი არ მიუწვდებათ.
გენდერული ნიშნით ჩაგვრაზე საუბრისას ხმის ტონი ზედმეტად გაწონასწორებულია ხოლმე, რათა კაცმა ეს იმ სქესზე თავდასხმად არ აღიქვას, რომელსაც თავს მიაკუთვნებს. ყველა საზოგადოებაში კაცებს საკუთარი სქესის მიმართ ფენომენალური უვიცობით გვზრდიან, რაც არარაციონალურ, უშინაარსო შიშის განცდას გვიჩენს. ამ მოცემულობაში ქალის მხრიდან საკუთარ გამოცდილებაზე საუბარსაც კი ინდოქტრინაციის მცდელობის ელფერი დაჰკრავს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ სხეულსა და გონებას სექსიზმისგან თავისუფლად მივიჩნევდი, რადგან არც გამიზნული დისკრიმინაციული ქცევა მახასიათებდა და პატრიარქატისგანაც არაერთი წიხლი მომხვედრია. სექსიზმისგან თავისუფლება - ეს ის გემრიელი ტყუილია, რომელმაც ბევრი ფემინიზმს შეფარებული თუ მისგან გამიჯნული კაცი დაანაყრა. მეც, მათ შორის: კაცურ პრივილეგიას ინდივიდუალურ აქტად განვიხილავდი, პარალელურად კი, მის სისტემურ და ისტორიულ სახეს სრულად ვუგულებელყოფდი. ყველაზე რთული იმის გააზრება და აღიარება იყო, რომ ჩემი, როგორც კაცის წილ კეთილდღეობაზე უარის თქმით ერთი ქალის მდგომარეობაც კი არ უმჯობესდება, რადგან არსებული ძალაუფლება თუ სიკეთე ჰეგემონიური მასკულინობის ნახევარსფეროში (პირობითად) ცირკულირებს და მხოლოდ “პრადას” აკვანში გაზრდილ ქალებზე თუ გადანაწილდება - ისიც ხანდახან, და არაპროპორციულად.
ქალის გაძლიერება კაცის პრივილეგიაზე ღია და ქარაგმების გარეშე საუბრის გვერდის ავლით თითქმის წარმოუდგენელია, რადგან პრივილეგიის ისტერიული და პათეტიკური უარყოფა ის თვისებაა, რაშიც კაცი განსაკუთრებით კონკურენტუნარიანია. ამასთან, რთულია არ დაეთანხმო ჩემს მეგობარს, რომელიც ამტკიცებს, რომ “პრივილეგია ჰერპესივითაა - ან გაქვს ან არაო”. თუ გაქვს, ორივე შემთხვევაში ზუსტად იცი, საკუთარი სხეულით გრძნობ მათ არსებობას, თუმცა მათზე საუბარი ძალიან უხერხულია და გარკვეული ქცევისგან თავშეკავებისკენ გიბიძგებს. პასუხი იმაზე, თუ რამდენად გამოდგება მკურნალობის ალტერნატივად მხოლოდ ამა თუ იმ ქცევისგან დისტანცირება, მარტივია. გაცილებით უფრო რთულია იმაზე შეთანხმების მიღწევა, თუ რამდენად პროდუქტიულები შეუძლიათ კაცებს იყვნენ გენდერული სამართლიანობისთვის ბრძოლაში, თუკი ის რადიკალური ხასიათის არ იქნება.
რადიკალიზმის ცნება უმეტესწილად ფორმასთან მიმართებაში განიხილება და არა იმ ცვლილებასთან, რომელიც ამა თუ იმ ქცევას მოსდევს. ასეთი ანალიზი, უპირველესყოვლისა ძალადობრივ და იერარქიულ სისტემებს ჰბანს ხელს, რომლებიც თავის მხრივ, რადიკალურად გამოცხადების გზით, მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სათავეშივე აუნებელყოფებს და სტატუს ქვოს წარმატებით ინარჩუნებს. ავიღოთ ფემინიზმი - მისი სანქცირება დღემდე კაცის პრეროგატივაა. დახშულია ყოველი მცდელობა, რომელიც იმ ეკონომიკურ კლიმატს ან სოციალურ ძალაუფლებრივ დინამიკას ცვლის, რომელიც კაცს პრივილეგიებით კვებავს.
ამ პირობებში, ქალის ცენზურისგან თავისუფალი ხმა ერთადერთია, რასაც რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია. ქალის ხმისთვის გამოყოფილი კლაუსტროფობიულად ვიწრო სივრცე უპირობო მტრად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, იმ კაცების მხრიდან, ვისთვისაც გენდერული ასიმეტრიის დაძლევის პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ამას მხოლოდ თანამედროვეობის ყველაზე რადიკალური აქტის - გაჩუმებისა და ქალისთვის ბოლომდე მოსმენის გზით შეძლებს.
ეს სიჩუმე თავდაპირველად გამაყრუებელი იქნება, თუმცა მას მალევე შეცვლის პატრიარქატის მსხვრევის სასიამოვნო ხმა (წესით).