ჩვენ გვთავაზობენ, რომ პატრიარქატის ძალადობრივი ბუნების გამო, იმ ჩაგვრისა და უგულებელყოფის გამო, რომელიც მის და ამდენად ჩვენს კისერზეა, მივმართოთ რადიკალურ დუმილს (http://www.feminism-boell.org/ka/2015/12/03/peministi-kacis-radikaluri-sichume), როგორც ამ დანაშაულის რაიმე ტიპის გამოსასყიდში კონვერტირების შეუძლებლობის სიმბოლოს. დაწესებული უმოქმედობა, ერთი ინტერპრეტაციით, შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც პასუხისმგებლობის სპეციფიური ზომა.
სასჯელის ბუნება ძალადობრივია, ის გულისხმობს ვითარებას, სადაც წინასწარ მოცემულია ბრალმდებელი და დამნაშავე, წესი და გადაცდომა, დანაშაული და მისაგებელი. ეს აზრი ემყარება რწმენას, რომ ჩაგრულთა ემანსიპაცია მხოლოდ მჩაგვრელთათვის იმგვარი ზღვევინებით არის შესაძლებელი, რომელიც ორდინალური ვერ იქნება. ამიტომ შემოთავაზებულ ვერსიაში დანაშაულის გამოსყიდვა ვერ ხდება. ამდენად და აქ კათარზისის მისტერიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეირჩეს ტანჯის გზა, რომელსაც ექვივალენტური შესაბამისობა, ამდენად დასასრული და პერსპექტივა, არ გააჩნია. რაც თანასწორობისთვის ბრძოლაში, მიმართულია არა ვითარების შეცვლის, არამედ დომინაციის სიმბოლურ ჩანაცვლებისკენ.
შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი, რომ უპირობო დუმილის ლოგიკა თავისი არსით ღრმად პატრიარქალურია და კონტპროდუქტიულ შედეგებს აყენებს. თუ ჩვენ მიზნად ვისახავთ პატრიარქატისგან რადიკალურ გათავისუფლებას, მაშინ საჭიროა უკუვაგდოთ უსამანო მზღვევინებლის იდეა. ზემოთმოყვანილ პოზიციაში კი ამის საპირისპიროს ვაწყდებით. კრიტიკულმა თეორიამ აჩვენა, - სასჯელად სწორედ იმგვარი ტანჯვის მიგება, რომელიც ბედნიერების შესაძლებლობას გამორიცხავს, არის პატრიარქატის მახასიათებელი. შემოთავაზებული კონცეფცია კი სწორედ ამ მიღწევის, აღსრულების შანსის, გამოსყიდვის შესაძლებლობის მოსპობით გვაბრუნებს სამყაროს აღქმის მოქმედი მოდელის გულისგულში.
არსებულ პირობებში მგონია, რომ ერთადერთი ემანსიპატორული პროექტი, რომელიც შეიძლება დღეს არსებობდეს, ყველა იმ პროექტის დავიწყებაა (მათ შორის, დამნაშავეთა გვარეობითი წრის დავიწყების ჩათვლით), რომელიც აწარმოებდა ჩაგვრას. ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს კონკრეტული დანაშაულისა და დამნაშავის დავიწყებას, ან ფორმაციისგან მიღებული გაკვეთილების დავიწყებას, ეს არც სამომავლო საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნვის დავიწყებას ნიშნავს, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს ყველას შესაძლებლობას თანასწორობისა და თავისუფლების იდეალებზე დაყრდნობით შექმნილ ინკლუზიურ სივრცეში ჩაერთოს, სადაც შესაძლებელი იქნება დომინაციისგან დაცლილი ურთიერთობების კონსტრუირება. ეს ჩვენს კონტექსტში ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მათთვის ადგილის გამონახვას გულიხმობს, ვინც ძალაუფლების ნაწილად მიიჩნევა.