იკითხე პოლიტიკა - ინტერვიუ ირინა ფრუიძესთან

 

“მე არ ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დონიდან მოდის პრობლემები. უმეტესად პრობლემები მოდის ცნობიერებიდან და ამ მიმართულებით ძალიან  ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,” ირინა ფრუიძე.

იკითხე პოლიტიკა: - საინტერესოა, თვლით თუ არა თავს ფემინისტად?

ირინა ფრუიძე: - დიახ, მე ვთვლი, რომ ვარ ფემინისტი, როგორც აქტიური ქალი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეწევი აქტიურ სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ ვარ ემანსიპირებული.

- თქვენ ახსენეთ სიტყვა ემანსიპირებული. როგორ ფიქრობთ, არსებობს ქალთა ჩაგვრა და პრობლემები, რომლებზეც  საყურადღებო უნდა გავამახვილოთ? ასევე საინტერესოა, თვლით თუ არა, რომ პოლიტიკურ პროგრამებში ჩადებული უნდა იყოს ქალთა გაძლიერების მექანიზმები.

- მე არ ვფიქრობ, რომ კანონმდებლობის დონიდან მოდის პრობლემები. უმეტესად პრობლემები მოდის ცნობიერებიდან და ამ მიმართულებით ძალიან  ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის მოსახლეობის დამოკიდებულებების ცვლილება და მე ვფიქრობ, რომ არის განსხვავება მდგომარეობებს შორის. ქალებს და კაცებს არ აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები, რასაც განაპირობებს ოჯახი, სოციალური გარემო და არა პოლიტიკური გარემო ან  კანონები.

ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ საჯარო სამსახურებში,  მაგალითად კერძო დაწესებულებებშიც, ქალები ძირითადად დაბალ რგოლებში არიან და მმართველ თანამდებობებზე ბევრად ნაკლები ქალები გვხვდებიან. რა არის ამისი მიზეზი? არის ვთქვათ განათლების, კვალიფიკაციის პრობლემა თუ დამოკიდებულებების პრობლემა? მგონია,  რომ ეს უფრო დამოკიდებულებების საქმეა.

მე ვფიქრობ, რომ ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად ყველამ თანაბრად უნდა იმუშაოს.  თუ გვინდა რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ, მეტი ქალი უნდა მოვიდეს არა მხოლოდ არჩევით თანამდებობებზე, არამედ ნებისმიერ ადგილას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ქალთა გაძლიერებისთვის მათი ფინანსური დამოუკიდებლობა.

- და მაინც, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო პროგრამაში გაწერილი ქალთა საკითხები. მაგალითად ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვხვდებოდეთ თუ არა ქალთა ფინანსური გაძლიერების გზებს?

მე ვფიქრობ, რომ პროგრამა მაინც უფრო ზოგადი განაცხადია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ამიტომ შეიძლება კონკრეტული საკითხები არ იყოს გაწერილი, მაგრამ ზოგადად მინიშნება  უნდა იყოს იმაზე, რომ პოლიტიკურ გუნდს აქვს განწყობა და უნდა ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევას. ჩვენს პროგრამაში არის ამაზე განაცხადი, ჩვენ ვთვლით, რომ სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ ამაზე. რაც ნამდვილად გვჭირდება, არის განათლება და ცნობიერების ამაღლება.

- პროგრამაში გაქვთ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით  ნახსენები ათასწლეულის გამოწვევები. ამ გამოწვევის ერთ-ერთი კომპონენტია გენდერული თანასწორობა. თუმცა პროგრამაში ამაზე საუბარს ვერ ვხვდებით, ვერც ათასწლეულის გამოწვევის ჭრილში და ვერც სხვა ადგილას.

- მე ვერ დაგეთანხმებით, რომ პროგრამაში ქალებზე საუბარი არ გვაქვს. ჩვენ ცალკე თავად გვაქვს გამოყოფილი ადამიანის უფლებები და იქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელს შევუწყობთ ქალების გაძლიერებას და მათ სოციალურ-პოლიტიკურ  გაძლიერებას და ვიბრძოლებთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

სახელმწიფო ახლაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ქალების გაძლიერებისთვის, იგივე ეკონომიკური გაძლიერებისთვის. მაგალითად მოქმედებს პროგრამა მიკრო ბიზნესის და  მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, რაც ქალებს საშუალებას აძლევს, წამოიწყონ ბიზნესი. მე ვიცი ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხარდაჭერილი ქალების 40% არის წვრილი და საშუალო ბიზნესის მფლობელი. მათ შეუძლიათ ამ პროგრამის დახმარებით წამოიწყონ ან გააფართოონ ბიზნესი.

ქალთა გაძლიერება ხომ ძალიან ფართო ცნებაა და ამაში შედის თუნდაც  ჯანმრთელობა. ის პროგრამები, რაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება, ქალებისთვის არის განკუთვნილი. გასულ წელს შემცირდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აქვეა უფასო მშობიარობის, ძუძუს კიბოს მკურნალობის  პროგრამები.

ასევე მინდა შევეხო ქორწინებასთან დაკავშირებულ თემას და კონკრეტულად ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პოზიტიურ ეფექტს მოიტანს.

- სასკოლო განათლების ოპტიმიზაციისთვის შემოტანილი გაქვთ “თავისუფალი გაკვეთილების” იდეა, რომელიც ცოტა ბუნდოვანია. პროგრამაში მას წარმოგვიდგენთ, როგორც მოსწავლეების ინტერესებზე მორგებულ სწავლების მეთოდს. რას ფიქრობთ, ისეთი საგნების სასწავლო პროცესში შემოტანაზე, რომლებზეც უკვე წლებია გრძელდება მსჯელობა, მაგალითად, ასეთია სექსუალური განათლება, რომელიც შესაძლოა ერთგვარი ბერკეტი ყოფილიყო ნაადრევი ქორწინებებისა და დაუცველი კავშირების წინააღმდეგ.

- სექსუალური განათლება შეიძლება ნაწილობრივ გახდეს კიდეც თავისუფალი გაკვეთილების ნაწილი.  თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს არასაგაკვეთილო პროცესში, აკადემიური განათლების გარეთ დამატებითი წრეებისა და კლუბების შექმნას, სადაც მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობრივი და პერსონალური უნარ-ჩვევები აიმაღლონ. ეს გაკვეთილები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა ფორმის, დაწყებული ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებიდან, დამთავრებული მაგალითად იმით, რასაც თქვენ კითხულობთ.

- პროგრამის შესავალ ნაწილში, სადაც მმართველი პარტიის მიღწევებზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ  დაიწყეთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ეფუძნება რეალური დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. დემოკრატიული განვითარების ქვეთავში კი ხაზგასმულია, რომ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რომელსაც სახელმწიფო ძალადობას და სისასტიკეს აღარ უპირისპირებს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ემთხვევა ყველაზე დრამატული 17 მაისი, როდესაც ლგბტ თემის წევრების და აქტივისტების სიცოცხლე ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ის ადამიანების მცირე ნაწილი, რომლებიც აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ, სიმბოლური ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ კვლავ თავისუფლად დადიან, “მარგინალურ” ჯგუფებს კი მას შემდეგ უწევთ თავი შეიკავონ საჯარო სივრცეებში აქციების მოწყობისგან. ამის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პერიოდულად ისმის პოპულისტური განცხადებები ოჯახის სტატუსის კონსტიტუციაში განსაზღვრის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი თქვენი პარტიის რეალური ქმედებები და პროგრამაში გაწერილი დაპირებები ან შეფასებები.

- მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები ეს თემა როგორ ეხება  ქალთა გაძლიერებას, მაგრამ მაინც გიპასუხებთ. რაც შეეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ვერ დაგეთანხმებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეზღუდვები არსებობს ამ მიმართულებით. შესაძლოა მოსახლეობის  სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებობდეს  კონფლიქტები და ისინი ერთმანეთს უშლიან ხელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სახელმწიფო ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მართლაც აღარ გვაქვს აღარანაირი შეზღუდვები და ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია შეიკრიბოს და დააფიქსიროს თავი აზრი.

- გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის თანახმად, ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კვლევის (2008-2010 წწ) მიხედვით კი, საქართველოში ყოველი მესამე ქალი გამხდარა სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი. შსს-ს 2015 წლის სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შედეგად 28 ქალი გახდა მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი. 2016 წლის 1 იანვრიდან 13 ივლისამდე კი 9 ქალი ემსხვერპლა პარტნიორს ან ყოფილ პარტნიორს. ამ სტატისტიკის ფონზე, თქვენს პროგრამაში ვკითხულობთ, რომ “4 წლის განმავლობაში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.” თქვენ როგორც ქალს, რომელსაც შესაძლოა ქალი ამომრჩევლების ნაწილი მათი უფლებების დამცველად და მათ გამხმოვანებლად მოგიაზრებდეთ პარლამენტში, როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და როგორ შეაფასებდით იმ გუნდის საქმიანობას ამ მიმართულებით გასული 4 წლის განმავლობაში, რომელსაც ახლა წარმოადგენთ.

- როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა მიმართულებით არის სამუშაოები გასატარებელი. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამეა წინ. ეს არის კანონმდებლობის გამკაცრება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და  დაცვის მექანიზმების  შემუშავება მსხვერპლებისთვის. რამდენიმე ცენტრი არსებობს, სადაც ქალებს შეუძლიათ თავშესაფრის მიღება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ასევე, განათლების ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ქალების, ასევე კაცების.

 - 2013 წელს ხელისუფლებამ განახორციელა შშმპ გაეროს კონვენციის რატიფიცირება. ორგანიზაცია „მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრის“ ინიციატივით  2014 წელს საქართველოს პარლამენტში შევიდა პეტიცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა უფლებების დასაცავად. შედეგად შშმ ბავშვთა სერვისები (ადრეული განვითარების, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამები) გახდა უფასო,  ასევე 60 ლარით გაიზარდა ბავშვთა სოციალური პაკეტი (პენსია). თუმცა, ამავე პეტიციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო შშმ პირის/ბავშვის იმ მზრუნველის/მხარდამჭერის/მეურვის მატერიალური დახმარება საარსებო მინიმუმის ოდენობით, რომელთა შვილებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. ეს პუნქტი დღემდე არ შესრულებულა. რას აკეთებს სახელმწიფო შშმ პირების და მათი მომვლელების განვითარების, გაძლიერების, განათლების და  სოციალიზაციისთვის?

- თავისთავად, შშმ პირების პრობლემების მოგვარების პროგრამები ირიბად ეხება მათ მომვლელებს და ოჯახის წევრებსაც. მე გეთანხმებით იმაზე, რომ ამ მიმართულებით, ისევე როგორც გენდერის მხრივ, ბევრი გვაქვს სამუშაო, მათთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებაც და ამაზეც არის სამუშაო. დახმარების გაზრდაც ერთ-ერთი ნაბიჯია მათ გასაძლიერებლად.

- თქვენ გვპირდებით  ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად,  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას. თუმცა ზუსტად ორი წელი გავიდა და დღემდე არ არის ბოლომდე მიყვანილი, მაგალითად, ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელსაც თანასოფლელებმა 2 წლის წინ, ქუჩაში, შვილების თვალწინ სცემეს, აწამეს და ფაქტობრივად თვიმკვლელობამდე მიიყვანეს. როგორ წამოგიდგენიათ ასეთი საქმეების ფონზე უმცირესობების დაცვა. ეს საქმე და მისი გამოძიება შესაძლოა მაგალითი იყოს სხვა ქალებისთვის, რომლებიც ჩაგვრის პირობებში ცხოვრობენ.

- გამოძიება დაწყებულია, რამდენადაც ვიცი, გამოძიების ხანგრძლივობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს, სხვადასხვა დრო ჭირდება, შესაძლოა არსებობდეს შემაფერხებელი გარემოებები. ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, ეს საქმე დასრულდება და დამნაშავე დაისჯება. აქაც ისევ და ისევ ჩვენ საქმე გვაქვს ცნობიერებასთან, რომელიც ასამაღლებელია როგორც უმცირესობებთან დაკავშირებით, ასევე უმცირესობებს შორის არსებული დამოკიდებულებებთან.

- თქვენი არჩევის შემთხვევაში გეგმავთ, რომ  ეტაპობრივად, ჩამოაყალიბოთ საჯარო სამსახურის კარიერული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მოხელეთა სამსახურში აყვანას და კარიერულ წინსვლას ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად; და ამის შემდეგ საუბარია სახელფასო დანამატებისა და პრემიების სისტემის მოწესრიგებაზე და არაფერია ნათქვამი მაგალითად იმაზე, რომ კარიერულ წინსვლა ქალებისა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა მოდელით ფუნქციონირებს და მაღალ თანამდებობებზე, როგორც წესი, კაცები უფრო ხშირად გვხვდებიან. არც ხელფასებს შორის სხვაობაზეა საუბარი, მაშინ როცა სტატისტიკის მიხედვით, ერთსა და იმავე თანამდებობებზე, ქალების ხელფასი ხშირ შემთხვევაში გაცილებით დაბალია.

- სამწუხაროდ მარტო საქართველოში არ არის ეს პრობლემა, მთელს მსოფლიოში იგივე მდგომარეობაა. მთელს მსოფლიოში პარლამენტარი ქალები მხოლოდ 23%- ს შეადგენენ. დაგეთანხმებით იმაში, რომ ქალები ნაკლებად გვხვდებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მაშინ როდესაც დაბალ რგოლებზე ისინი ბევრად მეტი არიან. აქაც კომლექსური სამუშაოა საჭირო. ხშირად ქალი თვითონ არის ნაკლებად გამბედავი, ნაკლებად იცავს თავის პოზიციებს.

კანონით ამ ყველაფრის რეგულირების საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ განვიხილავთ კვოტირებას, ამაზე შეიძლება საუბარი. დადებითი ეფექტები ვიცით, მაგრამ აქვს ნეგატივიც: ბევრი ქალი და მათ შორის მეც, ამას პოზიტიურ დისკრიმინაციად განვიხილავთ. ასევე, ეჭვქვეშ დგება დემოკრატიის პრინციპი, რამდენად თანაბარი არჩევანი აქვს მოსახლეობას კვოტირების შემთხვევაში და  კითხვის ნიშანს უსვამს კომპეტენციის საკითხსაც, იმიტომ მოხვდა ეს კონკრეტული ადამიანი პარლამენტში, რომ ქალია, თუ იმიტომ რომ კომპეტენტურია. ეს მსჯელობის საკითხია. შეიძლება დროებითი ეფექტისთვის შემოვიღოთ კიდეც, მაგრამ ხანგრძლივვადიანი შედეგისთვის ჩვენ განათლების, ეკონომიკის და სხვა დარგების განვითარება გვჭირდება. 

- ეკონომიკური გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანი ბერკეტია. თქვენი პროგრამის ერთ-ერთი დაპირება ამ არჩევნებშიც,  ისევე როგორც 2012 წელს, არის მიწის რეფორმა. საკუთრება მიწაზე ქალისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მისი გაძლიერებისთვის, მაგრამ  საინტერესოა, თუ გაქვთ გათვალიწინებული მიწის პრივატიზაციისას ისეთი ასპექტები, როგორიც არის საქართველოში მოქმედი დე-ფაქტო წესები, როცა ოჯახის სრული ქონების პატრონი ვაჟია და ქალმა გათხოვებით უნდა მოიპოვოს თავშესაფარი. ხომ არ თვლით, რომ პრივატიზაციისას ასეთი ფაქტორების გაუთვალისწინებლობა ქალებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

- კაცებს ვერ წავართმევთ იმას, რაც აქვთ და ეკუთვნით. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ კერძო საკუთრებას და ამაში ვერ ჩავერევით. ცნობიერებაზე მუშაობა შეიძლება. მაგალითად, თუ ოჯახში დედას ექნება ამ საკითხზე სხვანაირი დამოკიდებულება, შესაძლოა მან განკარგოს თანაბრად ოჯახის ქონება, მაგრამ სახელმწიფოს როლს ამ ტრადიციული ფონის შესაცვლელად ვერ ვხედავთ. მანამდე შეიძლება ისევ იმ პროგრამებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომლებიც აძლიერებს ქალებს, აძლევს დაფინანსებას, ეხმარება ბიზნესის წარმოებაში.  ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა ამ პროგრამებით ქალები ისე დადგნენ ფეხზე, თავისი ოჯახის კაცები დაასაქმეს კიდეც.

- თქვენს პროგრამაში წერია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა სახელმწიფოს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ 22 წლის ბიჭმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ პოლიცია თხოვდა მას ნარკოტიკებთან დაკავშირებით ინფორმაციების მიწოდებას. „დედა დარჩი მარტო“ - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფრაზაა, რაც არსებული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლ ოჯახებს ახასიათებთ. თქვენი აზრით, შესაძლოა არსებულ ნარკოპოლიტიკას დაბალანსებული ვუწოდოთ? როგორია სახელმწიფოს პოზიცია მაგალითად იმ დედების მიმართ, რომლებიც მარტო რჩებიან, რომელთა შვილებიც მსუბუქი ნარკოტიკების გამო ციხეში ხვდებიან ან ციხისგან თავის დასაღწევად უძრავი ქონების გაყიდვა უწევთ და სტიგმისა და სიღატაკისთვის არიან განწირულები? 

- მამებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება? მამებიც ხომ ზრუნავენ შვილებზე, უნდა იზრუნონ ყოველ შემთხვევაში.

ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ გვიწერია პროგრამაში, რომ ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად. როგორ უნდა მოხდეს, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ საჭიროა. ლიბერალიზაცია თავისთავად მოიტანს იმ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა აქვს, დედაა თუ მამა, ფაქტია, რომ ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან და ამ პრობლემებიდან გამოსავალი საპოვნელია.

შენიშვნა: ინტერვიუს ესწრებოდა სოფო ქაცარავა.