„ჩვეულებრივი“ ქალების სახელით

ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას თან სდევს დამატებითი პრივილეგია – გავიზიარო ცხოვრება და გამოცდილება იმ ადამიანებისა, რომელთაც მედია დაჟინებით უწოდებს „ჩვეულებრივ ადამიანებს“. ვინაიდან ამ არაჩვეულებრივ ადამიანთა ისტორიები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მომყვება, ლამის წინასწარ შემიძლია დავინახო პარალელები საქართველოში. ამ ისტორიების გააზრებას და საკუთარი გამოცდილების შერწყმას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

ამ ბლოგში შევეცდები, შეძლებისდაგვარად გავაერთიანო მუშაობის შედეგად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

მართალია, ჩემგან მწერალი ვერ გამოვა და ამ ბლოგმაც სტატიისკენ გადაუხვია, მაგრამ შევეცდები, ოდნავ მაინც გავაფართოვო ქალთა დისკრიმინაციისა და გენდერული უთანასწორობის ტრადიციული ხედვა.

საქართველოში ყბადაღებულ სტერეოტიპულ ფრაზას - „ფემინისტი არ ვარ, მაგრამ...“, ემატება თავსმოხვეული, „ენჯეოებსა“ და „გრანტებზე“ მიბმული, უარყოფითი კონოტაციის მატარებელი ხელოვნური საკითხის სტატუსიც, რომელსაც, თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის დღევანდელობასთან და საზოგადოებაში არსებულ ღრმად პატრიარქალურ კულტურასთან. ამ ხედვის  ერთერთი  მიზეზი  ალბათ ისიცაა, რომ ძალიან ცოტა ფემინისტური ტექსტია ხელმისაწვდომი, რომელთა გაგებას განმარტებითი ლექსიკონი და ფემინიზმის ძირითადი თეორიების ცოდნა არ სჭირდება.

ისევე, როგორც სხვა განვითარებად თუ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, აქაც, ნებისმიერ სტრუქტურულ, ფინანსურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რეფორმას, კანონს, პროექტს და პროგრამას ზემოქმედება აქვს ქალთა უფლებებზე, გენდერულ უთანასწორობასა და ძალადობაზე.

სამწუხაროდ, არც ერთი რეფორმის, პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებამდე წინასწარ არ შევისწავლით მათ შესაძლო ზემოქმედებას ქალებზე - მათ უფლებებზე, შესაძლებლობებზე, უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. არადა, ეს ზემოქმედება, როგორც წესი, უარყოფითი და მავნეა. ამდენად, მნიშვნელოვანია რეალური მექანიზმების შემოტანა ქალების დასაცავად – ზიანის  პრევენცია, კონტროლი და შემსუბუქება.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქალების  შრომითი დატვირთვა იზრდება, მაშინაც კი, თუ ისინი  პროექტში არ არიან დასაქმებულნი.

მაგალითად, შუახევჰესის მშენებლობის შედეგად, ადგილობრივი ქალების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. განსაკუთრებით, იმ ოჯახებში, სადაც „გაუმართლათ“ და მამაკაცები მშენებლობაზე დასაქმდნენ. აქ ქალები იძულებულნი გახდნენ დაიტვირთონ იმ სამუშაოებით (საოჯახო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით), რაც მანამდე მამაკაცების მოვალეობა იყო. თუ შეეკითხებით მიზეზს, გიპასუხებენ: „რა ვქნათ, აბა, მშენებლობა მალე დამთავრება, მიწას კი მოვლა სჭირდება“[1].  

ქალები გულისტკივილით ყვებიან სოფლის საერთო გასაჭირზე - აფეთქებების გამო  წყაროები დაშრა და წყალს  შორიდან ეზიდებიან, დამატებით უნდა აკონტროლონ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება  გზებზე, სადაც გაიზარდა ტრანსპორტის მოძრაობა; უნდა გაუმკლავდნენ მშენებლობისა და აფეთქებების შედეგად მიყენებულ ზარალს - დამსკდარ სახლებს, ეზოში გაჩენილ ორმოებს და სხვა. ანუ, იმ უამრავ საზრუნავს, რომელიც ქალების ისედაც მძიმე ყოველდღიურობაში დიდმა  მშენებლობამ შემოიტანა.

საინტერესოა, რომ აჭარის მთიანეთის სოფლებში მაცხოვრებელ ქალების დიდ უმეტესობას, საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა პროექტის საზოგადოებრივ განხილვებში. იქ მიღებული არაა, რომ ქალებმა საჯარო შეკრებებზე ღიად და მკაფიოდ განაცხადონ თავისი წუხილების შესახებ. ჰო, და არც არავის უზრუნია იმაზე, რომ გაეგო მათი სურვილებისა თუ სატკივარის შესახებ.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხშირად, მსგავსი პროექტების განხორციელება სრულად ცვლის  საცხოვრებელ გარემოს. ათასობით მუშახელის (ძირითადად მამაკაცების) მობილიზაციამ შესაძლებელია გააჩინოს დამატებითი არასასურველი პრობლემები - სექსუალურად გადამდები დაავადებების, პროსტიტუციისა და სექსუალური ძალადობის ზრდა.

შეიძლება აქ წამით ამოვისუნთქოთ და ვიფიქროთ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ, ამ ყველაფერზე არ ვლაპარაკობთ, ან ვლაპარაკობთ ისე, როგორც გენდერთან დაკავშირებულ სხვა ტაბუდადებულ საკითხებზე – გაკვრით და უსისტემოდ.

მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტზე სოციალური ზეგავლენების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პროექტის განხორციელებისას გაიზარდა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ფაქტები. სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით, მუშათა ბანაკში მომუშავე ათიოდე ქალი დამნაშავეებივით, ჩურჩულით გვიყვებოდა თავის ისტორიებს. მათთვის ეს საკმაოდ მძიმე და ტრავმული ნაბიჯი იყო. იმ კონკრეტულ მუშათა ბანაკში მსგავსი შემთხვევები, იმედი მაქვს, აღარ განმეორებულა, სწორედ  იმის გამო, რომ ფაქტი „ჩუმად“, მაგრამ მაინც გახმაურდა, ხოლო კომპანია იძულებული გახდა, შესაბამისი ზომები მიეღო.

არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ინფრასტრუქტურული თუ ენერგოპროექტების განხორციელებამ კონკრეტული სიკეთეები შეუძლია მოუტანოს ქალებს. მაგრამ, ამის მისაღწევად ეს პროექტები გენდერულად მგრძნობიარედ უნდა იყოს დაგეგმილი და ითვალისწინებდეს ზეგავლენის ქვეშ მყოფი თუ სამიზნე მოსახლეობის, ქალებისა,   კაცების და ბავშვების რეალურ საჭიროებებს.

გენდერულად მგრძნობიარე პროექტების მომზადების ნაცვლად განვითარების პროექტებს თან სდევს  ქალთა გაძლიერების  სტანდარტული სქემა - ბიზნესის წამოსაწყებად მათთვის მიკროკრედიტებს შეთავაზება.

ბანკირების მიერ მოყოლილი უამრავი წარმატებული მაგალითის მიუხედავად, ამ თემაზე საუბრისას, სულ მახსენდება თეთრიწყაროში მცხოვრები ორი მცირეწლოვანი შვილის პატრონი მარტოხელა ქალის ისტორია, რომელმაც 50 ლარიანი (!) მიკრო კრედიტი აიღო ამ სქემით ბიზნესის წამოსაწყებად. ის თბილისში წინდებს ყიდულობდა და ადგილზე ყიდიდა - სასოწარკვეთილი იყო, რადგანაც სესხს ყოველთვის დროზე ვერ ფარავდა, ხან ბავშვი უხდებოდა ავად, ხან შეშის ფული იყო გადასახდელი. ვალი კი, ძირითადად, იზრდებოდა.

ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს მარტოხელა დედა და სხვა ქალები, რომელთა მსგავსი ისტორიები მომისმენია, გამონაკლისია. მინდა მჯეროდეს, რომ ქალების უმეტესობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და მათ მართლაც მიიღეს გარკვეული ეკონომიკური სარგებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. თუმცა, ჩვენი კვლევები კვლავაც საპირისპიროს ამბობს.

ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური რეფორმის განხორციელებისას ერთი და იგივე პრობლემებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ენერგოსექტორში განხორციელებული რეფორმის შედეგად, სტატისტიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ქალები უფრო მოწყვლადნი აღმოჩნდნენ  ელექტროენერგიის ფასების ზრდასთან მიმართებაში, ვიდრე კაცები. მაგრამ ეს სტატისტიკა წავიკითხეთ და შევეცადეთ, იქვე დაგვევიწყებინა. ჩვენ ხომ ყველანი ღარიბები ვართ – ქალებიც და კაცებიც, შესაბამისად, ქალთა პრობლემების გამოკვეთა ზედმეტი გვგონია.

მკითხავთ, რატომ ვწერ იმ საკითხებზე, რაც თითქოს ჩვეულებრივია. ალბათ იმიტომ, რომ ისინი სწორედ „ჩვეულებრივი“ ადამიანების ცხოვრებას ეხება, საბოლოოდ კი – მეტად თუ ნაკლებად, თითოეულ ჩვენგანს. თუმცა საწყენი სწორედ ისაა, რომ ეს საკითხები პრობლემად არ გვესახება და არც რეაგირება  არსებობს  საზოგადოების  თუ სახელმწიფო დონეზე. ფაქტია, რომ რეგიონსა თუ ქალაქში, ქალები იძულებულნი არიან, თავი მაქსიმალურად დაიტვირთონ, ორმაგი წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები, მათი ხმა ნაკლებად ისმის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ბარიერების გადალახვა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას საკანონმდებლო დონეზე გააჩნდეს გენდერული უთანასწორობის შემცირების პრევენციის მექანიზმები და ინსტრუმენტები (გენდერული შეფასებები, ანალიზი, დაგეგმვა, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის პროგრამები).

კარგად მომზადებული სტრუქტურული რეფორმის თუ განვითარების პროექტის შემთხვევაში, რომელსაც წინასწარ ჩაუტარდება გენდერული ზემოქმედების ანალიზი, შეიძლება თავიდან ავიცილოთ ქალთა მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება.

მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ „ჩვეულებრივი“ ქალების ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ჩვენნაირი მასკულინური საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. თუ გვინდა, ქალების ხმა ისმოდეს როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკაში, მათ უნდა მიეცეთ საკუთარი  აზრების ღიად გამოთქმის საშუალება,

ეს  ყოველივე მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩაკეტილი წრიდან – ღარიბი საზოგადოება, დაუცველების კიდევ უფრო ღრმა ჩაგვრა და ძალადობა, შემოსავლების და შესაძლებლობების უთანასწორობა, – თავის დაღწევის შესაძლებლობა პრობლემებზე ღიად ლაპარაკი, საკითხების გადააზრება და  იმ სტრუქტურული ჩაგვრის წინააღმდეგ გალაშქრებაა, რომელსაც  ცდილობენ, რომ „განვითარების“ სახელით  შემოგვასაღონ .

 

შენიშვნა:


[1] მწვანე ალტერნატივა, შუახევი ჰესის პროექტის გენდერული ზემოქმედება და მისი შესაბამისობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მოთხოვნებთან: http://greenalt.org/wp-content/uploads/2016/10/Shuakhevi_hesi_2016.pdf