ლიდია მეგრელიძე (პოდკასტი)

ლიდია მეგრელიძის ფოტო

ქართველი მწერალი, რევოლუციონერი, კლასობრივი და სქესთაშორის თანასწორობისთვის მებრძოლი ქალი ლიდია მეგრელიძე დღეს ცნობილია, როგორც საბავშვო მწერალი, საზოგადოებამ ცოტა რამ იცის მისი იმ სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული საქმიანობის შესახებ, რომელსაც ფაქტობრივად ბავშვობიდან ღრმა სიბერემდე ეწეოდა.

დაიბადა 1883 წლის 14 აგვისტოს სოფელ გურიანთაში. როგორც თავად აღწერს, საკმაოდ გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. 12 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა და მისი ბავშვური ოცნებები, იმედები ამ მოვლენასთან ერთად მიიკარგა[1]. თვითიზოლაციის მცდელობებმა ის ლიტერატურას დააახლოვა. კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა. დაობლების შემდეგ ლიდია დროებით სოფელ აკეთში გადადის დეიდისა და მისი ქმრის კონსტანტინე დათუნაშვილის ოჯახში.

ლიდია მეგრელიძის ცხოვრება მამის სახლში დაბრუნების შემდეგ იცვლება. 17 წლის იყო, როგორც თავად წერს, როცა მისი ოჯახში ყოფნა სიდუხჭირის გამო გართულდა. იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და დაქორწინებულიყო. ლიდია ქმართან ერთად ფოთში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად სწავლის მიტოვება და ოჯახის შექმნა მოუწია, მისი აქტიური სოციალური ცხოვრება კიდევ უფრო გააქტიურდა. მისი ინტერესი ქალებს, მათ განათლებას და დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლების გაძლიერებას სწვდებოდა. ლიდიას  საქმიანობების არასრული ჩამონათვალი ასეთია: მან მონაწილეობა მიიღო ფოთის დრამატული წრის გახსნაში, 1915 წელს დააარსა ფოთის ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ თავად აირჩიეს, ამავე საზოგადოების სახელით ორი უფასო სასწავლებელიც გახსნა: საკვრაო სკოლა წერა-კითხვის უცოდინრებისათვის და საღამოს კურსები მცირეწლოვანი ნოქრებისათვის[2]. 1905 წლიდან აქტიურად ჩაება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საქმიანობაში, 1906 წლიდან არალეგალურ სტამბას ხელმძღვანელობდა სოფელ ხრიალეთში. ლიდია მეგრელიძის ბიოგრაფიაში მრავალი შესანიშნავი მოვლენაა. ერთ-ერთი კი 1917 წელს მისი ქალაქის ხმოსნად არჩევა იყო. გასათვალისწინებელია, რომ ის ერთადერთი ქალი და „იშვიათი მერცხალი“[3] იყო, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენდა.  

ერთი შეხედვით, მებრძოლი და ბევრ წამოწყებაში გამარჯვებული ლიდია, დიდი ხნის განმავლობაში ვერ აფასებდა საკუთარ მწერლურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ლექსებს ბავშვობიდან წერდა, დასაბეჭდად არცერთხელ არსად არ გაუგზავნია დასაბეჭდად. როგორც თავად იხსენებს, არც კი უფიქრია, რომ ეს შესაძლებელი იყო, ვიდრე პოეტმა და მეგობარმა ნოე ჩხეიძემ მის დაუკითხავად არ გაუგზავნა ლიდიას ლექსები „ნაკადულის“ რედაქციას. ამის შემდგომ ლიდია სხვადასხვა საბავშვო ჟურნალის მუდმივი თანამშრომელი გახდა[4].

ლიდია მეგრელიძე წერდა და აქვეყნებდა მნიშვნელოვან სტატიებს მუშათა და ქალთა საკითხებზე: „მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში“; „ქალი ცხოვრებასა და ლიტერატურაში“; „მუშა ქალები“ და სხვა.

ლიდია ღიად და თამამად საუბრობდა თავის სიძლიერესა და გამარჯვებებზე. „მეგონა ჩემს ძარღვებში ფოლადის სიმტკიცე იყო ჩამოსხმული“; „ჩემი დაუღალავი შრომის მეოხებით ათეულ ასებს უსწავლიათ წერა-კითხვა და გაუკაფავთ თავიანთი ცხოვრების გზა“; „სიკვდილამდე მტკიცედ დავიცავ ჩემი დიდი სოციალისტური სამშობლოს თავისუფალი ქალის და ადამიანის ძვირფას ღირსებას“[5], – წერს ლიდია მეგრელიძე ავტობიოგრაფიაში. ამის მიუხედავად, მას არცთუ ისე მქუხარე ფსევდონიმები ჰქონდა შერჩეული: „ნამცეცა“ და „მიმქარალი“. უკანასკნელს ყველაზე ხშირად იყენებდა და მის შესახებ შემონახულ ჩანაწერებშიც ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ. რატომ აირჩია ბავშვობიდან სამართლიანობისთვის დაუღალავმა მებრძოლმა ქალმა ეს მოკრძალებული სამწერლო სახელი, უცნობია, თუმცა, შესაძლოა, ეს იმ შესაძლებლობების მოსაგონებლად გააკეთა, რომელთა რეალიზება მრავალშვილიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირისა თუ სხვა დაბრკოლებების გამო ვერ შეძლო.

ლიდია მეგრელიძის ფოტო

ლიდია მეგრელიძე 8 შვილს ზრდიდა სიდუხჭირეში. საშინაო ცხოვრება მას მუშაობის საშუალებას უზღუდავდა. ერთ-ერთი ოჯახური შემთხვევის გახსენებისას ლიდია წერს, როგორ უსაყვედურა მეუღლემ, რომ შვილები არ უნდოდა.

ლიდია მეგრელიძის პირად ჩანაწერებში გალაკტიონ ტაბიძისა და მის მეგობრობას ვრცელი ადგილი უჭირავს. როგორც ირკვევა, იგი მარადისობაზე შეყვარებული გალაკტიონის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი. გალაკტიონი ლიდიას მოიხსენიებდა ადამიანად, რომელიც „არავისში გაიცვლება და არ განმეორდება“[6].

ლიდია მეგრელიძემ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში მიიტანა ხელნაწერთა შეკვრა იმ პირობით, რომ მის გარდაცვალებამდე არ გახსნიდნენ. ხელნაწერებში ერთ-ერთი ბოლო წერილი ნინო ჩიხლაძისადმი დაწერილი ანდერძია. როგორც ჩანს, ასაკსა და გამოცდილებასთან ერთად ბევრი საწუხარი დაუცხრა, თუმცა, ერთადერთი სატკივარი მაინც მიჰყვებოდა დარდად. ეს ქალთა საკითხი იყო. ნინო ჩიხლაძეს ის ქალთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა, რათა „ცოლისა“ და „ქმარის“ იერარქიული ურთიერთმიმართება  და ქალის „უძლურება“ დასრულებულიყო. ამავე ანდერძში ვკითხულობთ მოწოდებას: „ქალი ხარ და ბოლომდე უნდა იბრძოლო“[7]. ეს კი ნათელს ჰფენს, თავად ლიდიას მუდმივი ბრძოლისათვის რა სძენდა ძალას.


[1] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, „მწერალთა ბიოგრაფიები“, 2013, თბილისი.

[2] ლიდია მეგრელიძე „ნოქრებად“ მოიხსენიებს ვაჭრების ახალგაზრდა დამხმარეებს.

[3] ლიდია მეგრელიძე თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ იმ დროს ქალი პარტიულ სიებში „იშვიათი მერცხალი იყო“.

[4] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, „მწერალთა ბიოგრაფიები, 2013, თბილისი.

[5] იქვე.

[6] ნოდარ ტაბიძე, „სული ლაჟვარდზე უსპეტაკესი“, 2008, თბილისი.