ქალის ფიქრები კრიზისში მყოფი ქალების ყოფაზე

ჩემი იზოლაცია ერთი თვის წინ დაიწყო, როცა შვილი ფილტვების ანთების დიაგნოზით, სასწრაფომ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

იქ ოთხი ღამე გავატარეთ.

ეს იყო ოთხსართულიანი საავადმყოფო, გრძელი, მოყვითალო კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული პალატებით. თითო პალატაში 2-3 საწოლი იდგა. საწოლზე ერთი ბალიში და ერთი საბანი იდო. იქვე – პატარა სკამი. იმ ზომის, ადგომის გარეშე რომ შეგძლებოდა ბავშვის შუბლამდე ხელისგულის მიწვდენა, ტემპერატურის შესამოწმებლად.

ვისხედით ქალები სკამებზე, რომლებიც ტუმბოებს უფრო ჰგავდა და ვფიქრობდით, რომ ღამე უფრო გრძელია, ვიდრე დღე. ველოდით ჩვენს პალატაში სხვა ქალების შემოსვლისთვის განსაზღვრულ დროებს. ეს ქალები საავადმყოფოს სანიტრები, ექთნები და ექიმები იყვნენ.

ერთი შეხედვით შეიძლება გეფიქრათ, რომ ეს იყო ქალების საავადმყოფო. პერსონალიც და პაციენტების მეთვალყურეებიც ქალები იყვნენ. კაცები თითქმის არ დამინახავს. დაცვის თანამშრომელი იყო კაცი და დირექტორი, ალბათ.

ფოტოზე ასახულია ქალი, რომელიც ჩქარობს
Teaser Image Caption
თათია ქინქლაძის ფოტო

გლობალურად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანების 70%[1] ქალია, მათგან ხელმძღვანელის პოზიციაზე – მხოლოდ 25%. კაპიტალიზმის პირობებში, ქალები ჰორიზანტალურად არიან სეგრეგირებულები და სტრუქტურულად დაქვემდებარებული თანამდებობები უკავიათ.[2]

საქართველოში, კიდევ უფრო მეტი ქალი მუშაობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში. სოციალური მუშაკების და ექთნების უდიდესი ნაწილი ქალია. ასევე, ექიმების 62%-იც.

დღეს, ეს რიცხვები უბრალოდ სტატისტიკა არ არის. ეს არის ათასობით ქალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის. მათ შორის არიან ქართველი ექიმებიც და ექთნებიც.

დაავადების გავრცელების იმ ფაზაში, რომელშიც ახლა შედის საქართველო, ჯერი სამედიცინო პერსონალზეა. მზად არიან ისინი ბრძოლისთვის? რა სჭირდებათ? როგორ ვზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე? ჩემთვის ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. ერთი კია, ამ ქალებმა უკვე იციან, რას ნიშნავს თავგანწირული შრომა დაფასების გარეშე. 

შრომითი უფლებები ჯანდაცვის თუ სხვა სფეროებში, არასოდეს გამხდარა საყოველთაო განხილვის საგანი. არ გვიმსჯელია იმ დისკრიმინაციაზე, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალები ყოველდღიურად განიცდიან: არასათანადო ხელფასით, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური საათებით თუ ქალის საჭიროებების იგნორირებით.

ის, ვინც დამამცირებელი ყოფისთვის გავწირეთ, ახლა ჩვენი გადარჩენის იმედია.

...

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ჩემს შვილს ექიმებმა ბინაზე ათდღიანი მკურნალობა დაუნიშნეს.

მაშინ კორონავირუსის შიში ცოტა უფრო ბუნდოვანი იყო. მხოლოდ ჩემი შვილის ჯანმრთელობა მაღელვებდა. ახლა კი,  როცა შიში უფრო ტოტალური ხდება, მიჭირს პასუხისმგებლობის მქონე ის უფროსი ვიყო, რომელსაც მრავალმხრივი ზრუნვა ევალება. 

სახლი, სადაც მე და ჩემი ორი შვილი ვცხოვრობთ, ჩემსავით არეულია. ყოველდღე ვცდილობ და მაინც ვერ დავალაგე. ჯერ საუზმე, მერე სადილი და ვახშამი, უნდა გავამზადო, ავალაგო და გავრეცხო. გულდასმით უნდა დავითვალო ონლაინგაკვეთილები, ჯერ ერთი შვილის, მერე მეორის. ჩვენი კომპიუტერის ეკრანიდან დღეში ოთხჯერ დავუკავშირდე  მასწავლებლებს. ისინიც ქალები არიან. პედაგოგების 85% საქართველოში ქალია. ახლა ისინიც ჩემსავით ცდილობენ ამ არეულობაში წესრიგის რაღაც ფორმის პოვნას. როგორია ახალი რეალობა მათთვის? გაუჭირდათ ადაპტირება? რამდენი მასწავლებელი ვერ ახერხებს ბავშვებთან ინტერნეტით კონტაქტს? რამდენ ბავშვს არ აქვს ინტერნეტი, კომპიუტერი, პლანშეტი, ტელეფონი? არ ვიცით.

არც მე ვიცი, როგორ უნდა ვუპასუხო მტკიცე ხმით ბავშვების მიერ დასმულ ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ მაქვს. მეც ახლა უნდა ვისწავლო, თუ როგორ უნდა ვასწავლო, სხვა გზა არაა.

ზარმაცი ვარ-მეთქი, ერთხელ ვუთხარი ჩემს კოლეგას. ზარმაცი არ ხარ, დაიღალეო, – მიპასუხა. ეს პასუხი მაშინ ჩემთვის უდიდესი სოლიდარობის აქტი იყო. ახლა, როცა საკუთარ თავს ვაკრიტიკებ, ჩემს თავსვე ვპასუხობ, ალბათ დაიღალე, თუთა.

ერთ თავს მოაჭრი და ათი ამოდის, ხან მე მივდევ საქმეებს და ხან ისინი მომდევენ. საქმიანი სახით ვერთვები თანამშრომლებს ზუმში და არანაკლებ საქმიან წერილებსაც ვაგზავნი. ვცდილობ, არ შევიმჩნიო თანმდევი შფოთვა.

როცა საშინაო და საგარეო ქაოსს ვერ ვუმკლავდები, აივანზე ვჯდები მარტო და ვშფოთავ.  

...

ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სიჩუმის შიში გვაქვს. ერთმანეთის მიჯრით აშენებულ კორპუსებში შეკეტილებს არც ჩიტების ჭიკჭიკი გვესმის და არც ფოთლების შრიალი. ქალაქში სიჩუმე საშიშია და ტოტალური.  

განსაკუთრებით შემზარავი ასეთი სიჩუმის დარღვევაა, სასწრაფოს მანქანების სირენების ხმით და ყვირილით.

2020 წლის პირველ სამ თვეში ფემიციდის მსხვერპლი რვა ქალი გახდა. 2019 წელს, 10 266 შემაკავებელი ორდერია გაცემული ოჯახში ძალადობის გამო. შარშან, ამავე მიზეზით, ბრალი 4 564 ადამიანს წარედგინა. 

სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისები და ბუნებრივი კატასტროფები ოჯახში ძალადობის შემთხვევის მატების მიზეზია. იზოლაცია კიდევ უფრო ამძაფრებს ძალადობის მსხვერპლი ქალების მდგომარეობას.

კარანტინმა ათასობით ქალი მოძალადესთან მარტო დატოვა. ბევრი ქალისთვის, ახლა სახლში დარჩენაც საშიშია და სახლიდან გასვლაც.

მე ვფიქრობ ჩემს მეგობარ ქალზე, რომელმაც ორი თვის წინ დაიხსნა თავი ოჯახში ძალადობის უმძიმესი წლებიდან. ახლა მისი მარტოობაც საშიშია.

ძალადობის მსხვერპლი ქალები წლების განმავლობაში არიან მოძალადე კაცების მანიპულაციების მსხვერპლები. ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანზე ზემოქმედება მარტივია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოძალადის ხელშია ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა თავის შეცოდება, მსხვერპლის დადანაშაულება, მისი დამცირება, ღირსების შელახვა და შეშინება. 

მეშინია, არ გატყდეს. ახლა ვერც ფსიქოლოგთან სიარულს ახერხებს, ვერც მეგობრებისთვის გულის გადაშლას.

...

რა შეიძლება იყოს ამ დიდი უბედურების მიზეზი? – კითხულობს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, საკვირაო ქადაგებისას და ამბობს, რომ ჩვილთა მკვლელობები, აბორტები და სოდომიაა კორონავირუსისგან თავსდამტყდარი გასაჭირის მიზეზი. მისი სიტყვები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ჩანაწერები ახალი ამბების სათაურებით ვრცელდება ინტერნეტში. დღის ბოლოს ქვეყნის ყველა მოქალაქეს გააგებინეს, რომ დამნაშავე ნაპოვნია და ის ქალია.

დამნაშავეა ქალი, რომელმაც აბორტი გაიკეთა, განქორწინდა, ქალი შეიყვარა, კაცს არ დაემორჩილა.

ხვდება მეუფე შიო, რომ საკვირაო ქადაგებაზე ნათქვამი სიტყვები შესაძლებელია დაუსრულებელ ექოდ იქცეს მოძალადე კაცებისთვის? იცის, რომ დამამცირებელ ყოფაში მცხოვრები ქალები შეიძლება საკუთარ შიშებში კიდევ უფრო გამოიკეტონ? 

არ სცალიათ  ქალებს „ცოდვებისა“ და „სინანულისთვის“, კრიზისმა მათ ზურგზე უნდა გადაიაროს – შინ თუ გარეთ, სკოლაში, საავადმყოფოსა თუ აფთიაქში, სასურსათო მაღაზიებსა თუ მედიაში, ემიგრაციაში... 

საზოგადო სადარდებელი აქვთ ქალებს, ახლა ისინი ჩვენი საზოგადოების გადარჩენისთვის იბრძვიან. დაუშვებელია, ეს ბრძოლაც უხილავი გახდეს.

 

[1] Delivered by women, led by men: A gender and equity analysis of the global health and social workforce. Geneva: World Health Organization; 2019 (Human Resources for Health Observer Series No. 24).

[2] ფემინისტური საკითხავი, დებატები კულტურისა და სექსუალობის შესახებ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, 2018