ვინ არის ქალი ამომრჩეველი?

როგორც "იკითხე პოლიტიკას" მიერ გაანალიზებულმა პარტიების წინა საარჩევნო პროგრამებმა აჩვენა, ხშირად, გენდერული თანასწორობის საკითხები პარტიებისთვის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით შემოფარგლება, ხოლო ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ქალების პოლიტიკაში მოსვლას გულისხმობს. მიუხედავად ამ საკითხის გარშემო საქართველოში ფემინისტი და გენდერული თანასწორობის მომხრეებისა და აქტივისტების მიერ მიღწეული გარკვეული წარმატებისა, ვფიქრობ, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ქალების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მსჯელობისას ქალი ამომრჩეველის ფაქტორის გათვალისწინება.

პირველ რიგში იმიტომ რომ, აუცილებელია, ძალაუფლებისა და პოლიტიკური ლეგიტიმატიის ცენტრად ამომრჩეველი ვაღიაროთ, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში როდესაც საქართველოს ამომრჩევლის ნახევარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი, 53.58% ქალია.

იმიტომაც, რომ ქალების პოლიტიკურ მონაწილეობაზე საუბარი სავალდებულო გენდერული კვოტების მიღებით არ დავასრულოთ. მათ შორის საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელსაც გენდერული კვოტები ქალების მიმართ გადაწყვეტილებების მიმღებთა “სულგრძელობის” გამოვლინებად უფრო ესახება, ვიდრე საუკუნოვანი უსამართლობისა და უთანასწორობის გამათანაბრებელ მექანიზმად.

აგრეთვე, იმიტომაც, რომ სავალდებულო გენდერული კვოტით არჩეულ ქალ პოლიტიკოსებს შეეძლოთ ქალი ამომრჩევლის სახელით საუბარი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ინიცირებული საკანონმდებლო წინადადებების ლეგიტიმაცია ქალი ამომრჩევლის დაკვეთის საპასუხოდ.

და იმიტომაც, რომ პოლიტიკოსებმა, ქალებმაც და კაცებმაც, მიზანმიმართულად შეისწავლონ მათი ამომრჩევლის პრიორიტეტები, და პასუხისმგებლობა აიღონ მათი საჭიროებების საპასუხო პოლიტიკის გასატარებლად.

პოსტერი წარწერით: ვინ არის ქალი ამომრჩეველი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. ცესკო ამომრჩევლის სტატისტიკას სქესის მიხედვით 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ ითვლის. ცესკოს მონაცემების თანახმად, 2014 წლის შემდეგ ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ქალია. თუმცა, გაცილებით საინტერესოა რეგისტრირებული სიიდან რამდენი მიდის არჩევნებზე და რატომ?

რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სტატისტიკა ჯერ-ჯერობით ცესკოს ახლად შექმნილ გენდერულ საინფორმაციო პორტალზე არ დევს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის გენდერული სტატისტიკით. ასე მაგალითად, თუ წინა მოწვევის პარლამენტის არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლის 54 %-ზე მეტი ქალი იყო, არჩევნებზე, მათი მხოლოდ 49% წავიდა. სამაგიეროდ, არჩევნებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ნახევარზე მეტმა, ანუ 54 პროცენტმა მისცა ხმა სასურველ კანიდიტატს. მცირე გამონაკლისების გარდა, ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, ანუ მას შედეგ რაც ცესკო ამომრჩევლის მონაცემებს სქესის მიხედვით აღრიცხავს, არჩევნებში რეგისტრირებული ქალი ამომრჩეველის აქტივობა რეგისტრირებული კაცი ამომრჩეველის აქტივობასთან შედარებით დაბალია, განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში. 


****

ამ მოცემულობის ანალიზისა და მის მიზეზებზე შემდგომი მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არის ამომრჩეველი და როგორ ეკონტაქტება მას პოლიტიკური სუბიექტი.

ვეცდები ამ კითხვებს თანმიმდევრობით გავცე პასუხი. დავიწყებ, იმით, თუ ვინაა ამომრჩეველი, უფრო სწორად ვინ არის ქალი ამომრჩეველი.

ქალები საქართველოს მოსახლეობის 52 და ამომრჩევლის 54% პროცენტია.  ქალები არიან პედაგოგებისა და პროფესორების 86% და სამედიცინო პერსონალის 62 პროცენტი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების 74%-ზე მეტი, ადგილობრივი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა 57%.

ქალები ოჯახის საქმეებზე 3-ჯერ მეტ დროს, ანუ 45 საათს ხარჯავენ კვირაში, ვიდრე კაცები. სამსახურიდან დაბრუნებული ქალი, დაახლოებით იგივე დროს უთმობს სახლის საქმეებს კვირის მანძილზე რასაც ის ატარებს სამსახურში. ხოლო, სოფლად მცხოვრები ქალები კი, დამატებით არიან ჩართული სოფლის მეურნეობაში და მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, წელიწადის 260 დღეს უთმობენ მეცხოველეობას. იგივე ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაციის თანახმად, დასაქმებული ქალები კაცებთან შედარებით სულ მცირე 24%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. ანუ თქვენი ნაცნობი კაცის ხელფასი თუ 100 ლარია, თქვენ როგორც ქალს, იგივე საქმეში მხოლოდ 76 ლარი გეკუთვნით.

ამავე დროს, თუ შევადარებთ 2020 წლის მეორე კვარტალს 2019 წლის მეორე კვარტალთან, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის ოქტომბრის კვლევის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებული მოსახლეობის 89% ქალია. ეს ფაქტი ხშირად ქალების მიერ მომსახურეობის სფეროებში დასაქმების ფაქტორით აიხსნება, რომელიც განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, გაცილებით მოწყვლადი სექტორია.

ქალ ამომრჩეველზე ამ არასრული, მაგრამ მეტ-ნაკლები შთაბეჭდილების შექმნის შემდგომ, დავუბრუნდები მეორე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეკონტაქტება პოლიტიკური სუბიექტი ქალ ამომრჩეველს. შეგახსენებთ, რომ ამ ორივე კითხვაზე პასუხი დაგვეხმარება გავაანალიზოთ ქალი ამომრჩევლის ქცევა არჩევნების დღეს და ვეცადოთ ავხსნათ ქალი ამომრჩევლის აქტივობა, რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კაც ამომრჩეველის აქტივოვასთან შედარებით, დაბალია.

****

ამომრჩეველი რომ ამორფული მასა არაა - ეს პოლიტიკოსებმა კარგად იციან. ფეისბუქზე განთავსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც სამიზნე აუდიტორიის დაკონკრეტების შესაძლებლობას აძლევს საარჩევნო სუბიექტებს, ამომრჩეველთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური რეკლამების 4 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდის ანალიზით ფეიბუქზე, ირკვევა რომ საარჩევნო სუბუექტებმა პოლიტიკურ რეკლამებში ამ ერთი თვის პერიოდში დაახლოებით 194 000-მდე დოლარი დახარჯეს. თუმცა, ქალ ამომრჩეველზე მიმართულ პოლიტიკურ რეკლამას მხოლოდ “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ვხვდებით. ის ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს ქალ ამომრჩეველს და მისი მიზნობრივი აუდიტორიაც, მხოლოდ ფეისბუქის ქალ მომხმარებელზეა გათვლილი.

სხვა პარტიები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ქალებზე მიმართულ პოლიტიკას საარჩევნო პროგრამებშიც და საჯარო გამოსვლებშიც აჟღერებდნენ, პოლიტიკური რეკლამების განთავსებისას ან არ განიხილავდნენ ქალი ამომრჩევლის მითითებას მიზნობრივ ჯგუფად მნიშვნელოვნად, ან, შესაძლოა, კვლევის პერიოდმა, რომელიც 6 სექტემბრით დასრულდა, ვერ მოიცვა ასეთი რეკლამები. 

თუმცა, “იკითხე პოლიტიკის” მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების პროგრამების ანალიზზე დაყრდნობითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალი ამომრჩევლების, როგორც ცალკე მდგომი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფთან შეხვედრები, კონსულტაციები და კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები, ხშირად სიმბოლურია, ან, უარეს შემთხვევაში, პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული. ასე მაგალითად, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შეხვედრა ქალ ამომრჩეველთან, გარე მოვაჭრეებთან მისალმებისა და ხელის ჩამორთმევის კადრებს მოიცავს, ხოლო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელიც საქართველოში ძირითადად ქალებითაა დაკომპლექტებული, ქალ ამომრჩეველთან შეხვედრად იქნა მოხსენიებული.

“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” მიერ ქალი ამომრჩევლის სეგმენტზე გათვლილი მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამაც ღირსეული დეკრეტულის შესახებ, მსგავსი ინსტრუმენტალიზების მაგალითად შეიძლება განვიხილოთ, რადგან, პარტიის ლიდერის ზოგადი პოზიცია გენდერული კვოტების და სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შესახებ წინააღმდეგობაში მოდის მის სააარჩევნო დაპირებასთან, რომელიც, ერთი შეხედვით, ქალ ამომრჩეველზე ორიენტურებულ პოლიტიკად შეიძლება აღიქმებოდეს.

****

თუ ქალი ამომრჩეველი საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლის უმრავლესობაა, და თან აქტიურადაა ჩართული იმ სფეროებში, რომლებიც, განსაკუთრებით კი პანდემიის მართვისას, კრიტიკულია ქვეყნის ფუნქციონირებისთვის, რატომ არ მიმართავს მას პოლიტიკური სუბიექტი? და თუ მიმართავს, ხომ არ იყენებს მათ იმ ინსტრუმენტად, რომელიც მას ხმებისთვის სჭირდება? ეს უკანასკნელი, თავისთავად, პოლიტიკის არსია და პოლიტიკური თამაშის წესებიც, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნოდ, ხმების მოპოვებას გულისხმობს, მაგრამ არა რომელიმე ჯგუფის ინსტრუმენტალიზების ხარჯზე, რაც ამ ჯგუფის მდგომარეობის გაუმჯობესებას კი არ გულისხმობს, არამედ მათზე და მათით აპელირებას შესაძლო სასარგებლო შედეგისთვის საჭირო პოლიტიკის განხორციელების გარეშე.

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ქალი ამომრჩევლის ფაქტორის უგულვებელყოფა ან უარეს შემთხვევაში, ინსტრუმენტალიზება, საარჩევნო პროგრამებსა და წინა-საარჩევნო კამპანიებში, არჩევნებში რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ერთ-ერთი მიზეზია.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით როგორია ქალი ამომრჩევლის ქცევა ამა თუ იმ პარტიასთან და პოლიტიკურ დღის წესრიგთან მიმართებაში, ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვით არის თუ არა ქალი ამომრჩევლის დაბალი აქტივობა კაცებთან შედარებით, მათი პოლიტიკური პრეფერენციებისა და პარტიების მიერ წარმოდგნილ პროგრამებს შორის განსხვავებული ხედვების მიზეზი, თუ სოციალური და კულტურული პრაქტიკების მიზეზით გამოწვეული მოცემულობა, მაგრამ, ცალსახაა, რომ, საარჩევნო სუბიექტები, მცირე გამონაკლისების გარდა, ჯერ-ჯერობით არ ცდილობენ ქალი ამომრჩევლის ცალკე კატეგორიად იდენტიფიცირებას და მათი როგორც პოლიტიკურ ძალად სახელდებას.

შესაბამისად, ქალი ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა რომ ის საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის ნახევარზე მეტია, შესაძლოა ვერ ხედავს რა საკუთარ საჭირობებსა და პრიორიტეტებს საარჩევნო პროგრამებში, და არც პარტიების კომუნიკაციის სამიზნედ მოიზრება, არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს და თმობს საკუთარ საარჩევნო უპირატესობას.

ვფიქრობ, ქალი ამომრჩევლის ფაქტორის გარეშე ქალების პოლიტიკური მონაწილეობაზე საუბარი არა მხოლოდ ახლომხედველურია, არამედ უსამართლოც.