ნადეჟდა ხარაძე

(1912-1999)

საქართველოში პროფესიული საოპერო ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას ხელი დიდად შეუწყო თბილისში 1851 წელს საოპერო თეატრის გახსნამ. იმ პერიოდის ქართულ სცენაზე იტალიური ოპერებისადმი აუდიტორიის დიდმა ინტერესმა წარმოშვა ქართული ეროვნული პროფესიული მუსიკალური პროდუქტის შექმნის აუცილებლობა, რასაც თავი წარმატებით გაართვეს ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობის წარმომადგენლებმა - ზაქარია ფალიაშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, დიმიტრი არაყიშვილმა. მათ შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავა აგრეთვე მცირე ვოკალურმა ფორმამ - რომანსმა და სიმღერამ.

ქართული პროფესიული ვოკალური საშემსრულებლო ისტორია XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იწყება და უფროსი თაობის ქართველი მომღერლების - ფილიმონ ქორიძის, ია კარგარეთელის, ხარლამპი სავანელისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელებს უკავშირდება. მათ მყარი საფუძველი ჩაუყარეს ქართულ საშემსრულებლო ვოკალურ სკოლას, რომლის შემდგომი წარმატებები „საქართველოს ორფეოსის“ - ვანო სარაჯიშვილის, ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას, ვალერიან ქაშაკაშვილის (ქაშელის), გრიგოლ ვენაძისა და სანდრო ინაშვილის სახელს უკავშირდება.

ნადეჟდა ხარაძე ქართული საოპერო სცენის ოსტატთა მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თავისი თაობის მომღერლებთან - ნადეჟდა ცომაიასთან, პეტრე ამირანაშვილთან, მერი ნაკაშიძესთან, ნიკო ქუმსიაშვილთან, დავით ანდღულაძესა და დავით გამრეკელთან ერთად ქართულ ვოკალური ხელოვნება ახალ სიმაღლეზე აიყვანა.

ნადეჟდა ხარაძე დაიბადა 1912 წელს თბილისში. მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის სიყვარული მას ოჯახიდან გამოჰყვა. მამამისი, ვასილ ხარაძე, პირველი ქართული პოლკის პოლკოვნიკი-კონსულტანტი, ქართული ხალხური სიმღერების კარგი მცოდნე და დამფასებელი იყო,  დედა, სოფიო ბაქრაძე კი იმედაშვილის სახალხო თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდა. ხარაძეების ოჯახის საუკეთესო მეგობარი გამოჩენილი კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე იყო. ვიქტორმა ნადეჟდა კონსერვატორიის კარამდე, მისაღებ გამოცდებზეც კი მიაცილა.1937 წელს, პროფესორ ვრონსკის ხელმძღვანელობით, მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ნადიას იმდენად გამართული, სასიამოვნო ტემბრისა და ჟღერადი კოლორატურული სოპრანო ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ კონსერვატორიის  მეოთხე კურსის სტუდენტი, ევგენი მიქელაძემ იგი თბილისის საოპერო დასში მიიწვია.

მომღერლის დებიუტი მარიხისა და ქეთოს („აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“) პარტიებით შედგა. ეფექტური ვოკალური მონაცემებისა და ხალასი სცენურობის წყალობით, ნადია სცენაზე გამოჩენისთანავე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა და მოკლე ხანში იგი უკვე ქართული საოპერო სცენის პრიმადონად მოგვევლინა.

ევგენი მიქელაძესთან მუშაობამ ნადიას დიდი გამოცდილება შესძინა. „მიქელაძის ხელოვნებას მასთან შეხვედრამდე გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვესწრებოდი მის ყოველ სპექტაკლს და სიმფონიურ კონცერტს. შეიძლება ითქვას, რომ მასზე მთელი სტუდენტობა (და არა მარტო სტუდენტობა) შეყვარებული იყო. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც ასეთი მუსიკოსის გვერდით მომიწია მუშაობა. ღრუბელივით ვისრუტავდი მის ყოველ მითითებას, შენიშვნას, რჩევას. მიქელაძე იმ კატეგორიის დირიჟორი იყო, რომელიც სპექტაკლის კონტრაპუნქტს ვერტიკალშიც ხედავდა. მას აინტერესებდა არა მხოლოდ მუსიკალური მხარე, არამედ რეჟისურა, სცენოგრაფია, განათებაც“, - იხსენებს იგი.

ნადეჟდა ხარაძის რეპერტუარში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა როზინას („სევილიელი დალაქი“), ჯილდას („რიგოლეტო“), ვიოლეტას („ტრავიატა“), მაროს („დაისი“), მარიხის („აბესალომ და ეთერი“), პირიმზისას („ბაში-აჩუკი“) პერიკოლას („პერიკოლა“) პარტიებში. თუმცა, როგორც ცნობილი ტენორი დავით ანდღულაძე აღნიშნავდა, მის სცენურ სახეთა შორის „უმწვერვალესი“ მაინც თინათინი იყო, შალვა მშველიძის ოპერიდან „ამბავი ტარიელისა“. ნადიას მიერ შესრულებულ ოცდაათამდე საოპერო პარტიაში, როგორც ვხედავთ, ჟანრულ-სახასიათო როლებიც გვხვდება და ლირიკულ-ფსიქოლოგიურიც. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, მას განსაკუთრებით დაუვიწყარი ლირიკული ხასიათის შექმნა ხელეწიფებოდა. მასზე ხშირად ამბობდნენ, იოგების ნაცვლად ფოლადის სიმები აქვსო. ნადეჟდა ხარაძე გამოირჩეოდა ხმის ფილირების ბრწყინვალე ტექნიკით, მაღალი რეგისტრის ბგერების განსაკუთრებული სიმსუბუქითა და მოქნილობით. განსაკუთრებით ეფექტურად ჟღერდა მისი ტრელები და სტაკატოები. მაღალი რეგისტრის ბგერები ნადეჟდა ხარაძის შესრულებით განსაკუთრებულად მომხიბლავად ჟღერდა. მართლაც, ბევრი შემსრულებლისთვის „აქილევსის ქუსლი“, - მაღალი რეგისტრი, მისთვის დიდი კოზირი იყო. მის მიერ განსახიერებული პარტიები შესრულების ყოველ ჯერზე იცვლებოდა. ეს დამოკიდებული იყო ძირითადად იმაზე, თუ ვინ იყო მისი პარტნიორი მოცემულ მომენტში. მისი დრამატული პერსონაჟები არასოდეს იწვევდნენ მაყურებლის სიბრალულს. პირიქით, ნადიას მიერ განსახიერებული უკლებლივ ყველა ქალი ძლიერი, დამოუკიდებელი და დაუმორჩილებელია. ზომიერება მის გმირებს ყალბი პათოსისგან იცავდა, ბუნებრივ ხიბლსა და განუმეორებლობას სძენდა.

ნადიასეული როზინას კავატინა ხალისიანი, კეკლუცი, დამატყვევებლად მრავალფეროვანი იყო. ტექნიკურად რთული, მელოდიური ხვეულებით დატვირთული მაღალი ტექსტურის ფრაზები მისი შესრულებით იმდენად შთამბეჭდავად ჟღერდა, რომ მსმენელი მომღერალს მუდამ ბისზე იძახებდა.

ნადეჟდა ხარაძემ თავისი მუსიკალური ოჯახის ტრადიცია გააგრძელა. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი იყო, შვილი კი - პიანისტი ნანა დიმიტრიადი. ოჯახში შემნილი შემოქმედებითი გარემო ნადიას დამატებით სტიმულს აძლევდა. „ძალიან კარგად მახსოვს მისი ხმა: წკრიალა, ლამაზი ტემბრის სოპრანო, ძლიერი, სავსე დიაპაზონის, ბუნებრივად დაყენებული კოლორატურით. საყურადღებო იყო მისი მუსიკალობა, და ამაში მას ხელს უწყობდა ფორტეპიანოზე კარგი დაკვრა. იგი თავისუფლად სწავლობდა სავალდებულო რეპერტუარს და ხშირად საკუთარი თავის აკომპანიატორიც იყო“, - იხსენებს ოდისეი დიმიტრიადი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ნადეჟდა ხარაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ქართველ ვოკალისტთა მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებოდა. მის აღზრდილთა რიგებში არაერთი ცნობილი მომღერალი ირიცხება. ნადეჟდა ხარაძე გარდაიცვალა 1999 წელს, 87 წლის ასაკში. მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელის თქმით, „ნადეჟდა ხარაძე ის მომღერალია, რომელმაც სათავე დაუდო ქართულ საოპერო სცენაზე მთელი რიგი პარტიების საშემსრულებლო ტრადიციას“.

სამწუხაროა, რომ ნადეჟდა ხარაძეს და მისი თაობის ქართული საოპერო ვოკალის ოსტატებს მსოფლიოს საოპერო სცენებზე გამოსვლის საშუალება არ მიეცათ. ჰერმეტულად დახურული საბჭოთა სივრცე ამის უფლებას არავის აძლევდა (ცნობილმა ქართველმა ბანმა თენგიზ მუშკუდიანმა  ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში მისი მიწვევის შესახებ ამ ამბიდან ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ შეიტყო). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული საოპერო ხელოვნების გამოჩენილი ოსტატები, რომელთა შორის, რასაკვირველია, ნადეჟდა ხარაძეს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლოკალური მნიშვნელობის პროფესიონალები იყვნენ. პირიქით, რომ არა „რკინის ფარდა“, მათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ საოპერო სცენებზე წარმატებული გამოსვლის დიდი ასპარეზი ექნებოდათ.

ნადეჟდა ხარაძე გადაღებულია ლანა ღოღობერიძის კომედიური ჟანრის მიუზიკლში „აურზაური სალხინეთში“ (1975).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნანა ქავთარაძე, ნადეჟდა ხარაძე, ა.მ.ს, თბილისი, 1995 წ.
  2. მერაბ თაბუკაშვილი, ნადეჟდა ხარაძე, საქართველოს ქალი, თბილისი, 1983. N11. გვ.12-13
  3. დიმიტრიადი, ოდისეი, მე, ოდისეი დიმიტრიადი, ქართველოლოგია, სამეცნიერო ჟურნალი, თბილისი, 2008.