(1872-1963)
ნინო დაიბადა 13 იანვარს 1872 წელს სოფელ ბახვში, (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი). თავიდან ის ოზურგეთის ორკლასიან საწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1892 წელს კი სწავლა განაგრძო თბილისის საბებიო ინსტიტუტში. 1893 წელს გაიცნო ილია ნაკაშიძე და მალე ცოლადაც გაჰყვა.
1893 წელის დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „მესამე დასი“, რევოლუციური განწყობა ნინო ნაკაშიძესაც გადაედო, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა - დედის ავადმყოფობა, მეუღლის გადასახლება, ცხოვრება ჟანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პერიოდში იგი წერდა ილიკოს, რომ ახლა ისევ შეუდგება სასურველ შრომას - „სახალხო თეატრის „ტრუპაში“ ისევ მივიღე ადგილი, მინდა საკვირაო სჯოლაშიც ვიარო. აქ ახლა სახალხო კითხვებსაც გამართავენ ქართულ ენაზე“...
1896 წლის შემოდგომაზე ილია ნაკაშიძემ და მისმა დამ, ელენემ, სასამართლოს კარებთან (სადაც ახლა ცენტრალური არქივია), იპოვნეს ჩვრებში გახვეული ჩვილი ბავშვი. ნინომ და ილიკომ ბავშვი იშვილეს, დაარქვეს მაკა. მაკამ დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა მოხალისედ - სამხედრო ლაზარეთში მოწყალების დად მუშაობდა. მაკა გარდაიცვალა 1958 წელს.
1897 წელს საქართველოს ინგლისელი სინჯონი ეწვია. იგი ტოლსტოის ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევარი იყო. სინჯონმა ტოლსტოის სარეკომენდაციო წერილი ჩამოიტანა და ილია ნაკაშიძესთან ერთად მოინახულა დუხობორები. მათ ინგლისელ თანამგრნობთა შორის მოგროვილი ფულიც გადასცა.
ამ ამბის შედეგად ჟანდარმერიამ რეკომენდაცია მისცა ორივეს დაეტოვებინათ ამიერკავკასიის ფარგლები. სინჯონი ინგლისში დაბრუნდა, ხოლო ილიკო ნაკაშიძე იძულებით გადასახლდა მოსკოვში. მან იქ 5 წელი დაჰყო (1897-1903). მუშაობდა მოსკოვი-კურსკის საერთაშორისო მატარებლის უფროსად. 2 კვირას გზაში ატარებდა, ხოლო როდესაც მოსკოვში იყო, შეძლებისდაგვარად სტუმრობდა ლევ ტოლსტოის.
1898 წლის თებერვალში ნინო პატარა ბავშვით მოსკოვს გაემგზავრა. აქ მან გაიცნო რუსი ტოლსტოელები - ნიკოლაევი, ევგენი პოპოვი, დუნაევი, ხოლო მოგვიანებით ლევ ტოლსტოიც გაიცნო. პირველივე სტუმრობისას ლევ ტოლსტოი ძალიან თბილად შეხვდა ნინოს, გამოჰკითხა საქართველოს ამბები, თან ბოდიშს უხდიდა: ჩემი მიზეზით გადმოასახლეს ილია პეტრეს ძეო.ამ დღიდან ნაკაშიძეები ლევ ტოლსტოის მეგობრები გახდნენ. რუსი მწერალი ხშირად დადიოდა მათთან სტუმრად, ეფერებოდა პატარა მაკას. ილია ნაკაშიძე ეხმარებოდა ტოლსტოის მუშაობაში, რომელიც იმ დროს „ჰაჯი მურატს“ წერდა.
მოსკოვში ნინო ნაკაშიძე შევიდა გერიეს სახელობის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მან მეცადინეობა მიატოვა და 1899 წელს სამშობლოში დაბრუნდა.
1902 წელს შედგა ნინო ნაკაშიძის ლიტერატურული დებიუტი - ლექსი ,,იმედი’' გამოქვეყნდა ჟურნალში ,,კვალი“ #22. იმავე წელს სექტემბერში ნინო ნაკაშიძე ისევ მოსკოვში ჩავიდა. 1903 წლის თებრვალში ის და ილია დაბრუნდნენ საქართველოში. გზად იასნია პოლიანასკენ შეუხვიეს და დაემშვიდობნენ ლევ ტოლსტოის.
1903 წლიდან ნინო აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში.1903 წელს „კვალში“ გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა ,,ძიძა”, მას მოყვა „შობა“, „დამნაშავე“ და სხვა მოთხრობები. 1905 წელს გურიაში აჯანყდნენ გლეხები. მათ ჟურნალ „მოამბის“ 1905 წლის #2-ში გამოქვეყნდა გურულ გლეხთა მოთხოვნილება. მეფის მთავრობამ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მათ დამსჯელი რაზმები პლასტუნები მიუსია. ოქტომბრის ბოლოს მოხდა სისხლისმღვრელი შეტაკება. პლასტუნებმა გადაწვეს გლეხების კარ-მიდამოები.
ნინო და ილია ნაკაშიძეები მიდიან გურიაში, როგორც გაზეთ „ცნობის ფურცელის“ სპეციალური კორესპონდენტები. ნინოს წერილები ქვეყნდება „დამსწრეს“ ფსევდონიმით.
ნინო ნაკაშიძე პრესაში სისტემატურად აქვეყნებს „გადამწვართა სიებს“. დეტალურად აღწერს გურულ გლეხთა გაჭირვებულ ყოფას, რის საპასუხოდაც საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქებში იმართება საქველმოქმედო კონცერტები , ხოლო შემოსავლები გლეხებს ეგზავნებათ. ამავე პერიოდში შეიქმნა „დამწვართა კომიტეტი“, ნინო ნაკაშიძე მისი ხაზინადარი და გამგეობის წევრი იყო.
1906 წელს „დამწვართა კომიტეტმა“ მიიღო მანჯურიის ქალაქ მუკდენიდან დახმარება. მთავრობას ჰქონდა შიში, რომ ეს ფული იარაღის შეძენას მოხმარდებოდა და ამიტომ ნინო ნაკაშიძე დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე ილია ნაკაშიძეც, როგორც ტოლსტოის იდეების გამავრცელებელი ხალხში. ერთი თვის პატიმრობის შემდეგ ნაკაშიძეები პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ გურიიდან გადაასახლეს თბილისში.
თბილისში ნინო ნაკაშიძე კვლავ იწყებს ჟურნალ „ნაკადულში“ მუშაობას. „ნაკადულის“ პირველი ნომერი 1904 წლის ნოემბერში გამოვიდა. მისი რედაქტორი იყო მარიამ დემურია, ხოლო მზრუნველობდა ნავთის მრეწველი იაკობ ზუბალაშვილი.
ნაკადულის რედაქციაში მუშაობასთან ერთად ნინო ნაკაშიძე მსახურობდა ექიმის თანაშემწედ სულით ავადმყოფთა თავშესაფარში და მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოების მუშაობაში. მისი მონაწილეობით ვერაზე დაარსდა საკვირაო სკოლა მუშების ბავშვებისათვის, სადაც ნინო ასწავლიდა ქართულ ენასა და ანგარიშს, ილიკო ნაკაშიძე - საქართველოს ისტორიას, პეტრე სურგულაძე - ბუნებისმეტყველებას.
1908 წელს გურიის აჯანყებასთან დაკავშირებით ნინო ნაკაშიძე კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში, მაგრამ ბრძანებამ გზაში მოუსწრო და კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
1910 წელს ნინო ნაკაშიძის უშუალო თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, თუმცა რუსეთის განათლების მინისტრი სასტიკი წინააღმდეგი იყო ამისა. ბაღისათვის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის) შენობაში გამოიყო ორი ოთახი. ამ საქმით აღფრთოვანებული იაკობ გოგებაშვილი საბავშვო ბაღს თვეში თუმანს უგზავნიდა.
1910 წლის 22 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა მარიამ დემურია. სარედაქციო კოლეგიის მორიგ სხდომაზე „ნაკადულის“ ახალ რედაქტორად აირჩიეს ნინო ნაკაშიძე.
ამ დროს „ნაკადულის“ ტირაჟი შეადგენდა 1000 ეგზემპლარს, საიდანაც 300 საქართველოს ფარგლებს გარეთ იგზავნებოდა. ნინო ნაკაშიძემ გადაწყვიტა ტირაჟის გაზრდა და ამ მიზნით ქუთაისში ჩავიდა და თავისი ძველი მეგობრის, მოღვაწის მარიამ ყაუხჩიშვილის დახმარებით მოიწვია საქალაქო კრება. ამის შედეგად მოხერხდა ხელისმომწერთა რიცხვის საკმაოდ გაზრდა.
ამას გარდა ბევრი ქართველი მწერალი წერდა ნაკადულისთვის. აკაკი, ვაჟა, იროდიონ ევდოშვილი, შიო მღვიმელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ლომოური, ცქვიტი (ანა ხახუტაშვილი), თედო რაზიკაშვილი, ბაჩანა და სხვები. 1910-1914 წლებში მათ შეემატნენ ახალგაზრდა მწერლები - იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, ლიდია მეგრელიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი და სხვა.
1914 წლისთვის ნაკადულს უკვე 5000 ოჯახი იღებდა.
1914 წლიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ. საზოგადოებასთან ჩამოყალიბებული იყო წერა-კითხვის, ლიტერატურის, ისტორიისა და გეოგრაფიის შემსწავლელი წრეები. აგრეთვე სამკერვალო, ფეხსაცმლის სახელოსნო და ასოთამწყობთა სკოლა ქალებისათვის. ამ საზოგადოების თაოსნობით დაარსდა კოოპერატიული სასადილო, რომლის ხაზინადარი და მდივანი ასევე ნინო ნაკაშიძე იყო. მსოფლიო ომის დღეებში კი თბილისში მოეწყო სამი სასადილო ომში გაწვეულთა შვილების ადა ლტოლვილ ბავშვებისათვის.
1914 წელს ნინო ნაკაშიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად.
1918 წელს ნინო ნაკაშიძეს, როგორც „წითელი ჯვრის“ გამგეობის წევრს, მიანდეს რომ მოეწყო საბავშვო სახლი ჯავახეთიდან გადმოხვეწილ უპატრონო ბავშვებისათვის.
ამის პარალელურად ნინო ნაკაშიძე აგრძელებს საბავშვო მოთხრობების წერას.“ნამდვილი სიხარული“, „მათია და ნიკო“, „პატარა მეხრე“, „ორი დედოფალა“, „არ გვიკადრა“, „სიყვარულის გულისათვის“, „ორი შვილი“, „ბავშვმა ამხილა“ და სხვა. ამასთან ნინო ნაკაშიძემ გადაამუშავა ქართული საბავშვო ფოლკლორი. თარგმნიდა ასევე საბავშვო ნაწერებს - ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი, ანდერსენი, რაბინდრანატ თაგორი და სხვა.
1921 წლის მაისიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა სოციალისტური აღზრდის მთავარი სამმართველოს სამხატვრო-სალიტერატურო სექტორის გამგედ. ამავე წელს მან გამოსცა პირველი ფერადნახატებიანი ქართული წიგნი - ლუარსაბ ბოცვაძის მიერ ჩაწერილი ხალხური ზღაპარი „დედაბერი, ტურა და მელია-კუდიგრძელია“. შემდეგი იყო ზღაპარი „კომბლე“ სიდამონ ერისთავის გაფორმებით.
1921 წელს ნინო ნაკაშიძის ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საბავშვო თეატრი. პირველი საბავშვო წარმოდგენა იყო ანდერსენის „მფრინავი ზანდუკი“.
1923 წელს გარდაიცვალა ილიკო ნაკაშიძე.
1924 წელს ნინო ნაკაშიძე აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად. 1925 წელს იყო საქართველოს საბჭოების მესამე ყრილობის სრულუფლებიანი დელეგატი. 1936 წელს მოსკოვში მოეწყო ქართული საბავშვო ლიტერატურის გამოფენა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ნინო ნაკაშიძე.
ნინო ნაკაშიძე 18 წლის განმავლობაში (1910-28) რედაქტორობდა ჟურნალ „ნაკადულს“. მისი მოთხრობებია ,,ასპიროზის დახვრეტა”, ,,გურიის სოფელში’', პიესა ,,ვინ არის დამნაშავე”, ,,ბავშვები და ბეღურები”, ,,პატარა მეხრე”, ,,ბოჩოლა”, ,,თბილისი’’, ,,შურისძიება’’. 1946 წელს გამოდის ნინო ნაკაშიძის მოგონებები - ,,ლევ ტოლსტოვის ახლოს’’ ,,ილია ჭავჭავაძის გარშემო’’, ,,ჟურნალის ნაკადულის ირგვლივ”.
ნინო ნაკაშიძე გახლდათ პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ის დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენითა და სხვადასხვა მედლებით.
ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წ. 2 ივლისს ქალაქ თბილისში.