(1913 - 2002)
რუსუდან მეფისაშვილი დაიბადა 1913 წლის 4 სექტემბერს, ინჟინრისა და გამომგონებლის, სამსონ მეფისაშვილის ოჯახში.
1935 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1930 წლებშივე იგი სხვა მკვლევარებთან ერთად მხარში ამოუდგა გიორგი ჩუბინაშვილს და მისი მეთაურობით არა მარტო ფართოდ გაშალეს ჩვენი ერის მხატვრული შემოქმედების შესწავლა, არამედ საკუთარი სახისა და პრინციპების მქონე ქართული ხელოვნებათმცოდნეობითი სკოლაც შექმნეს. რუსუდან მეფისაშვილმა მალევე დათმო პროექტირება და მთელი მისი ცხოვრება სამეცნიერო მუშაობას, ძველი ხუროთმოძღვრების ნიმუშთა აზომვასა და ფოტოფიქსაციას, შუა საუკუნეების ტაძრებისა თუ XX საუკუნის ბინათმშენებლობის კვლევას მიუძღვნა.
1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. აგრეთვე განაგებდა ინსტიტუტის არქივს.
რ. მეფისაშვილს არაერთი მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული: ვალეს ღვთისმშობლის ტაძარი და მისი აღმშენებლობის 2 პერიოდი; ერედვის წმ. გიორგის ტაძარი 908 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი; ერედვის “ბერების საყდარი”. სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, ბანას ეკლესია, ბიეთის X საუკუნის ტაძარი. ქოროღოს ტაძრის რელიეფები და სხვა. ყოველი მათგანი საფუძვლიანი, მრავალმხრივი საკუთარი ნახაზებითა და ფოტოსურათებით შემტკიცებული გამოკვლევაა.
საგანგებოდაა აღსანიშნავი ვრცელი ნაშრომი ჩვენი შუასაუკუნეების კულტურის უბრწყინვალესი კერის, გელათის მონასტრის შესახებ, სადაც დაწვრილებითაა განხილული ამ სახელგანთქმული სავანის, ყველა მისი შენობის არქიტექტურული ისტორია, მისი თავისებურებანი და ადგილი ჩვენს ხუროთმოძღვრების განვითარების გზაზე. ეს ნაშრომი გახლავთ რუსუდან მეფისაშვილის სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მან ბრწყინვალედ დაიცვა და მიიღო არქიტექტურის დოქტორის წოდება 1971წ.
1974-1976 წლებში რ. მეფისაშვილი იყო კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველოს სამეცნიერო მეთოდური საბჭოს წევრი; 1978 წლიდან – საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს ინსპექციის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. იგი ხელმძღვანელობდა ქვემო ქართლში, იმერეთსა და ლეჩხუმში მოწყობილ ექსპედიციებს, რომლებშიც ჩართული იყვნენ ახალგაზრდა სპეციალისტები.
რუსუდანს და ვახტანგს ერთმანეთი 1936 წელს, მეტეხის ხელოვნების მუზეუმის გახსნაზე გაუცნიათ. ვახტანგ ცინცაძე მაშინ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო და მოულოდნელად მუზეუმის თანამშრომელი გახდა…
მათი ყოველდღიურობა ექსპედიციებში სიარული ყოფილა. ცოლ-ქმარი ხან ქუთაისში, ხან სვანეთში, ხან შიდა ქართლში და აფხაზეთში… მთელი საქრთველო ფეხით აქვთ მოვლილი. სახლში ორივეს ცალ-ცალკე სამუშაო ოთახი ჰქონდათ. მათი საერთო საზრუნავი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებია. ორივე არქიტექტორია. ერთ საქმეს ემსახურებიან - ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაცია, მათი კვლევა, მათ შესახებ წიგნების გაფორმება, გამოცემა…
მეტად მნიშვნელოვანია რ. მეფისაშვილის მიერ მეუღლესა და თანამოღვაწესთან პროფესორ ვახტანგ ცინცაძესთან ერთად გამოცემული წიგნები. მათგან პირველი თავს უყრის შიდა ქართლის მთაგორიანი ნაწილის (ამჟამად ოკუპირებული) ქსნის, ლეხურისა და ლიახვის ხეობების ღირსშესანიშნავ ტაძრებსა და ნაგებობებს და თვალნათლივ აჩვენებს ამ მხარის ქართველი ხუროთმოძღვრების ნახელავის სიდიადეს და მხატვრულ მნიშვნელობას.
მეტად მნიშვნელოვანია უცხოეთში გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოცემული წიგნები: “Die Kunst des alten Georgien”, Leipzig 1977 da “Georgien, Wehrbauten und Kirchen” Leipzig 1987. ავტორები რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე. ეს წიგნები წარმოადგენენ წინაქრისტიანული და შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მხატვრობის, ქანდაკების თუ მცირე ხელოვნების უხვად დასურათებული დიდი ფორმატის სქელტანიან წიგნებს, რომლებიც ღრმად აცნობენ ქართველ თუ უცხოელ მკითხველს ჩვენი წარსულის და კულტურის დიდი მნიშვნელობის ქმნილებებს.
რუსუდან მეფისაშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, არქიტექტურის პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში. რუსუდან მეფისაშვილი ითვლება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამფუძნებლად.
ნაშრომები:
1. ვალეს ტაძარი და მისი აღმშენებლობის ორი პერიოდი, Ars Georgica, 3, თბ., 1950;
2. ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, Ars Georgica, 4, თბ., 1955;
3.სხალთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, კრებ. "ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში", ბათუმი, 1955;
4.საქართველოში კოლმეურნეთა საცხოვრებელი სახლების მნიშვნელობის ზოგიერთი საკითხი, Ars Georgica, 5, თბ., 1955;
6. Полупещерный памятник IX века в сел. Биети, Ars Georgica 6, თბ., 1963;
7. Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966;
8. ბერის საყდარი, Ars Georgica, 7 - A, თბ., 1971;
9. გელათი, არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკა, თბ., 1982 (თ. ვირსალაძესთან ერთად);
10. ბანას ტაძარი, თბ., 1989 (დ. თუმანიშვილთან ერთად);
10. უწერის ღვთისმშობლის ეკლესია, Ars Georgica 10 - A, თბ., 1991;
11. სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის დეკორატიული მორთულობის თავისებურება, Ars Georgica, 11 - A, თბ., 2001.