თინათინ ვირსალაძე

1907–1985

ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე, თინათინ ვირსალაძე მოღვაწეობდა ინსტიტუტში, სადაც იგი ჯერ განაგებდა სახვითი ხელოვნების, შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. თინათინ ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი. მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახლეოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებისა და ღირებულების დადგენისათვის. ამასთან, არაერთი ნაშრომი უძღვნა თინათინ ვირსალაძემ XIX საუკუნისა და XX საუკუნის ქართულ სახვით ხელოვნებასაც.

თინათინ ვირსალაძე მიეკუთვნება ოჯახს, რომელმაც ქართულ კულტურას არაერთი მნიშვნელოვანი მოღვაწე მისცა და რომლის მაგალითზეც მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორია დაიწერებოდა. ვირსალაძეების ოჯახს განსაკუთრებული სიმწვავით შეეხო გასაბჭოების წლები, ემიგრაციის მცდელობა და 1937 წლის რეპრესიები.

თინა ვირსალაძე დაიბადა 1907 წელს ეკონომისტის – ბაგრატ ვირსალაძისა და ბიოლოგის, ელენე მუსხელიშვილის ოჯახში. მისი მომდევნო და–ძმები იყვნენ სოლიკო ვირსალაძე (1909), ცნობილი სცენოგრაფი და თეატრალური მხატვარი და ლოლიტა ვირსალაძე (1911), ცნობილი ფოლკლორისტი. თინათინ ვირსალაძის მშობლებმა ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. ბაგრატ ვირსალაძე საქართველოს რესპუბლიკის წლებში სახელმწიფო კონტროლის პალატას ედგა სათავეში, ელენე მუსხელიშვილი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. წერდა საბავშვო მოთხრობებს და აქვეყნებდა ჟურნალში „ჯეჯილი“.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვირსალაძეების ოჯახმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ბათუმში გაემგზავრნენ, თუმცა, ბოლო წუთს ელენე მუსხელიშვილმა მეუღლეს განუცხადა, ბავშვებს სამშობლოს ვერ დავუკარგავო და დაბრუნდნენ თბილისში. ახალ საცხოვრებელში (ახლანდელი პ. ინგოროყვას ქუჩა) ვირსალაძეების ოჯახის მეზობლად ცხოვრობდნენ ირაკლი გამრეკელის, პავლე ინგოროყვას, შალვა ალექსი–მესხიშვილის ოჯახები. სკოლის დამთავრების შემდეგ თინამ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. პარალელურად სამხატვრო აკადემიაშიც სწავლობდა, სადაც მეხუთე კურსამდე ისწავლა. 1935 წელს თინა ცოლად გაყვა ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას ძმისშვილს მეთოდე (ცაცა, ცაკა) ხოშტარიას. ახალდაქორწინებულები პეტერბურგში გამეგზავრნენ, სადაც თინა ცნობილი ბიზანტიოლოგის, დიმიტრი აინალოვის ასპირანტი გახდა. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, თინა ვირსალაძე მუზეუმ „მეტეხში“ მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც ძალიან დაუმეგობრდა დიმიტრი შევარდნაძესა და ქეთო მაღალაშვილს, რომელსაც ეკუთვნის თინათინ ვირსალაძის ყველაზე ცნობილი პორტრეტები.

1937 წელი მძიმე აღმოჩნდა ვირსალაძეების ოჯახისათვის, ჯერ დაიჭირეს თინას და ლოლოტა ვირსალაძე, ხოლო შმედეგ მამა, ბაგრატ ვირსალაძე. ამის შემდეგ ხოშტარიების ოჯახს მიადგნენ, დააკავეს ჯერ თინას მაზლი, კაკო ხოშტარია, შემდეგ კი უკვე მისი მეუღლეც, ცაკა ხოშტარია. ამ დროს თინა უკვე ფეხმძიმედ იყო, თუმცა, ცაკა ხოშტარიამ ისე დატოვა სახლი, რომ არ შეუტყვია თუ ვაჟს (გოგი ხოშტარია, შემდგომში, ასევე, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე) ელოდებოდა. თინა ვირსალაძე სამუშაომ გამოიყვანა კარჩაკეტილი ცხოვრებიდან.

1937–1939 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა ხელოვნების ზოგად ისტორიაში მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრების, ასევე სახკინმრეწვის სტუდიებში. 1937–41 წლებში ასევე მუშაობდა ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ფერწერის განყოფილების ხელმძღვანელად მუზეუმში „მეტეხი“. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ (1941) თინა ვირსალაძემ, გიორგი ჩუბინაშვილის მიწვევით ამ ინსტიტუტში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად მუშაობა. ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის შექმნის პირველ წლებსა და თინათინ ვირსალაძის ფუძემდებლურ ღვაწლს ამ საქმეში ვახტანგ ბერიძე შემდეგნაირად ახასიათებს: „სამუშაო ბევრი იყო, პირველ რიგში, აუცილებელი იყო ქართული ძეგლების ღრმა შესწავლის საფუძველზე მათი თითმყოფადობის გამოვლენა, როგორც შინაარსობრივი, ისე მხავტრული თავისებურებების მხრივ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ქართული მხატვრობის შინაგანი ევოლუციის გამოვლენა და ეპოქების მიხედვით მისი სტილისტური განვითარების საფეხურების გამოკვეთა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამოცანა იყო ქართული მხატვრობის როგორც ფენომენის ისტორიული სურათის აღდგენა, ისე რომ არ შემოვფარგლულიყავით, მხოლოდ იმ დროს არსებულ სპეციალურ ლიტერატურაში დომინირებული იკონოგრაფიული ანალიზის მეთოდით. ასევე, აუცილებელი იყო ბიზანტიისა და აღმოსავლეთ–ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში გაბატონებული დამახინჯებული აზრის აღმოფხვრა, რომელიც იგნორირებას უკეთებდა და არასათანდოდ აფასებდა ქართული ხელოვნების თვითმყოფადობასა და მხატვრულ ღირებულებას.ამ მიზნების მისაღწევად საჭირო იყო კოლოსალური ფაქტობრივი მასალის სისტემატიზაცია და მეთოდოლოგიური ანალიზი, გაცნობა უაღრესად დიდ შესადარებელ მასალასთან და მისი გააზრება. თინა ვირსალაძე დაბადებული იყო ამგვარი რთული ამოცანების დასაძლევად. მისი ბუნებრივი ნიჭი, ორგანული კულტურა, ფართო ერუდიცია (ის იყო კარგი მცოდნე ბიზანტიის შუასაუკუნეებისა და ახალი დასავლური ხელოვნებისა), მახვილი თვალი, უნარი ხელოვნების ნაწარმოების არსში ღრმად ჩაწვდომისა და რაც ყველაზე მთავარია, განზოგადების იშვიათი უნარი და სინთეტური ხედვა ბევრად განსაზღვრავდნენ მის წარმატებას სამეცნიერო მუშაობაში. მრავალ მონაცემთაგან მას შეეძლო დაეჭირა ყველაზე დამახასიათებელი და გამოეყო არსებითი, სიღრმისეული მახასიათებელი ცალკეული ძეგლისა, მოვლენისა თუ ეპოქისა. ხელოვნების ნაწარმოებს, მის გენეზისს, ფორმირებას თინა ვირსალაძე ყოველთვის ხედავდა და განიხილავდა ისტორიულ კონტექსტის გათვალისწინებით. ეს კი, როგორც ცნობილია, რთულია, როცა საქმე ეხება მკაცრად რეგლამენტირებულ შუა საუკუნეების ხელოვნებას, რომელიც ძალზე იშვიათად ასახავს თავისი თანამედროვე ცხოვრების უშუალო ფაქტებს. მაგრამ თინა ვირასალაძეს შეეძლო დაეძლია ეს სიძნელეები, რადგან ისტორია არ იყო მისთვის ფაქტების უბრალო ნაკრები, არამედ ცოცხალი და ორგანული პროცესი ხალხისა და ქვეყნის ცხოვრებისა.“ 

ქართული ხელოვნების ისტორიაში ცნობილია, რომ გიორგი ჩუბინაშვილმა შექმნა და განსაზღვრა ქართული ხუროთმოძღვრების ანალიზის პარამეტრები, ძირითადი ეტაპები, სტილისტური ნიშნები. რაც შეეხება შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლასა და ანალიზს, ის ეკუთვნის თინათინ ვირსალაძეს. მან გზა გაკვალა ამ სფეროში.

იყო უაღრესად ინტელექტუალური მეცნიერი და უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდებოდა თავის საქმეს. მისთვის პირველ რიგში იდგა ძეგლი, მისი დაცვა და შესწავლა. «Мой Фресочки» - ასე, სიყვარულით მოიხსნიებდა თინათინ ვირსალაძე მისი შესწავლის საგანს და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ძეგლთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ჩატარებული სამუშაოსთვის შესაძლებელი იყო გასამრჯელოს აღება.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. Фресковая роспись художника Микаеля Маглакели в Мацхвариши, Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  2. Кето Магалашвили, Тб., 1958;
  3. Фрагменты древней фресковой росписи храма, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  4. Цимакуридзе, М. 1959;
  5. Фресковая роспись в церкви Архангелов села Земо Крихи, Ars Georgica, 6-A, თბ., 1963;
  6. Роспись Иерусалимского крестного монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973;
  7. Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  8. ატენის სიონის მოხატულობა, თბ., 1984;
  9. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტერეტების იდნეტიფიკაციის საკითხისათვის, Ars Georgica, 10-A, თბ., 1991;
  10. Избранные труды. Грузинская монументальная живопись, Тб., 2007 (კრებული გამსოაცემად მოამზადეს ი. ლორთქიფანიძემ, მ.ბულიამ, ნ.ღაღანიძემ);
  11. ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ., 2007.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სიძველენი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისოტრიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, #11, თბ., 2007 (თინათინ ვირსალაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტატიები);
  2. Избранные труды, Т. Вирсаладзе, Ред.: В. Беридзе. 2007;
  3. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ–გვერდი http://gch-centre.ge/ ;
  4. ინტერვიუ თინათინ ვირსალაძის ვაჟთან, გოგი ხოშტარიასთან