სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში: ძალაუფლების დეკლარირება თუ უჩინარი დისკრიმინაცია?

არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარს ადამიანები გაურბიან. განსაკუთრებით, თუკი ეს საკითხები ქალებს ეხებათ და პატრიარქალური დამოკიდებულებებითა და კულტურული ნორმებითაა განპირობებული.  ამავე დროს, ქალების მხრიდან ამ საკითხებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა დიდ წინააღმდეგობას აწყდება. როგორც წესი, ქალების გამოცდილება ან გამონაკლისად ცხადდება ანდა, უბრალოდ, მისი გაუფასურება ხდება. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში, რომელიც სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ უჩინარ ფორმას წარმოადგენს იმ საკითხთა რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ, რომელზე საუბარსაც საზოგადოება   თავს არიდებს.

სექსუალურ შევიწროებად ითვლება საჯარო სივრცეში სექსუალური ხასიათის არასასურველი ვერბალური ან არავერბალურ ქმედება, რომელიც უმეტესწილად კაცების მიერ ხორციელდება და ქალების წინააღმდეგაა მიმართული. ასეთი ტიპის ქმედება საჯაროა და სხვადასხვანაირად ვლინდება, იქნება ეს სექსუალური ხასიათის კომენტარები, დაჟინებული მზერა, არასასურველი ფიზიკური შეხება თუ სხვა[1]. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში, როგორც წესი, იქ ხდება, სადაც ბევრი ხალხია, ამ ფაქტებს თვითმხილველები, როგორც წესი,   თვალს არიდებენ. ამას გარდა, საქართველოში ამ თემას თითქმის არც განიხილავენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება უამრავი კითხვა: რამდენადაა უჩინარი სექსუალური შევიწროება საზოგადოებისთვის პრობლემა და რატომ არ ვსაუბრობთ მასზე? რა არის ის მთავარი მიზეზები, რომლის გამოც კაცები სექსუალურად ავიწროებენ  ქალებს? რა არის ასეთი ქმედებების მთავარი მიზანი? ჩემი აზრით, რადგანაც ამგვარი ქცევა საჯარო ქმედებაა, იგი გენდერული იერარქიებისა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების საჯარო მტკიცებულებას წარმოადგენს, ხოლო მისი უხილავობა, საზოგადოების მხრიდან ასეთი ქმედებების მიმღებლობაზე და ნორმად ჩამოყალიბებაზე მეტყველებს.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების უჩინარ დისკრიმინაციად განხილვა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ერთი მხრივ, იგი სექსუალური ძალადობის ნაკლებად მნიშვნელოვან ფორმად აღიქმება, ხოლო მეორე მხრივ, მისი იდენტიფიცირება ხშირად რთულია, რადგანაც იგი საზოგადოებაში კაცების ნორმალურ ქმედებად და მასკულინობის ნორმად აღიქმება. ავსტრალიელი მკვლევარი, ბიანკა ფაილბორნი აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში „სექსუალური ძალადობის მცირე ანდა ნაკლებად მძიმე ფორმად ითვლება“. თუმცაღა, მისი აზრით, სექსუალური ძალადობის ასეთი ფორმებისადმი მიმღებლობის ზრდამ და მათმა „ნორმალიზაციამ“, შესაძლოა, ისეთი სერიოზული დანაშაულისა და ძალადობის კულტურული მიმღებლობის ზრდა გამოიწვიოს, როგორიცაა მაგალითად გაუპატიურება[2].

 სექსუალური შევიწროება საქართველოში საჯარო სივრცეებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მარიამ ამაშუკელის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ კვლევაში მონაწილე სტუდენტ გოგონათა 62% ჰქონია ასეთი ტიპის შევიწროების გამოცდილება. გამოკითხულთა მხოლოდ 38%-მა გაუსვა ასეთი გამოცდილების არქონას  ხაზი. ამასთანავე, საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რა სიხშირით გამოუცდიათ გოგონებს ეს ქმედებები.  გამოკითხულ გოგონათა 59%, რომლებსაც სექსუალური შევიწროების გამოცდილება ჰქონიათ, აცხადებს,  რომ ასეთი ფაქტები 2-5-ჯერ გადახდენიათ თავს, ხოლო 32% ათსა და მეტ ფაქტს იხსენებს[3]. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ არის რეპრეზენტაციული, ეს მონაცემები თვალსაჩინოს ხდის იმ გამოცდილებას, რომელზეც ხშირად არ ვსაუბრობთ და ხაზს უსვამს ამ პრაქტიკის კავშირს ქალთა სისტემატურ ჩაგვრასთან და გენდერულ იერარქიებთან.

ზემოთ ნახსენები კვლევა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ სექსუალური შევიწროება ხალხით სავსე სივრცეებში ხდება, რომლებიც, რატომღაც, საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილისთვისაა უსაფრთხო. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად ისინი შევიწროების ობიექტები გამხდარან ქუჩაში - 44%, ტრანსპორტში - 33%, პარკში - 8% და უნივერსიტეტში - 2%[4]. საქართველოში აღნიშნული სივრცეები, განსაკუთრებით კი ტრანსპორტი, როგორც წესი, გადატვირთულია, რაც ადასტურებს იმას, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტებს ხშირად ბევრი მოწმე ჰყავს. შესაბამისად, ასეთი ქმედებები ხილვადია ადამიანებისთვის.

ამავე დროს, საზოგადოების გულგრილობაზე თვითონ კვლევაში მონაწილე გოგონებიც საუბრობენ. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შევიწროების ერთ-ერთ მიზეზს დაუსჯელობის შეგრძნება წარმოადგენს (53%). ისინი ასევე ისეთ მიზეზებს უსვამენ ხაზს, როგორიცაა კაცების მხრიდან საკუთარი მასკულინობის აგებისა და გაძლიერების სურვილი (46%), საზოგადოების გულგრილობა (47%) და სხვა[5]. აშკარაა, რომ სექსუალური შევიწროება ისეთი გადატვირთული სივრცეებისთვისაა დამახასიათებელი, როგორიც ქუჩა და ტრანსპორტია, მასზე რეაგირება მაინც დაბალია საზოგადოების მხრიდან. უფრო მეტიც, რესპონდენტების პასუხები ნათლად მეტყველებს სექსუალური შევიწროების ნორმალიზაციის ტენდენციებზე, იქნება ეს ამ ქმედებების მასკულინობის ნორმისთვის მიწერა თუ საზოგადოების გულგრილობა, რომლის მიზეზადაც ზუსტად ამ ქმედებების ნორმად აღქმა შეიძლება ჩაითვალოს.

  საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მცირე დარღვევად აღქმის მიუხედავად, იგი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ქალების ცხოვრებაზე და ხაზს უსვამს იმ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც ქალებსა და კაცებს შორის არსებობს. სამართლის დოქტორი და ფემინისტი მკვლევარი - დებორა თურქჰეიმერი  აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში წარმოადგენს კაცების მხრიდან ქალთა სხეულებსა ან მათი პიროვნების სხვადასხვა ასპექტებზე საკუთარი უფლებების დეკლარირებას. მისი აზრით, ეს ყველაფერი კეთდება, რათა ქალი წარმოჩინდეს „როგორც ობიექტი, ხოლო კაცი, როგორც სუბიექტი, რომელსაც მასზე [ქალზე] ძალაუფლება გააჩნია“[6]. შესაბამისად, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში წარმოადგეს კაცების ძალაუფლების ხაზგასმის მცდელობას, რომელიც უფლებას აძლევს მათ, შეეჭრან ქალების პირად სივრცეში.

უჩინარი სექსუალური შევიწროვება კაცების მხრიდან ქალთა სექსუალობაზე დომინირებზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ ასეთი ტიპის ქმედებები ობიექტივაციას უკეთებს ქალს, წარმოაჩენს მას კაცის სურვილების პასიურ მიმღებად, ასევე, ხაზს უსვამს ქალთა სავალდებულო ჰეტეროსექსუალობას. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ქალები კარგავენ ძალაუფლებას არა მხოლოდ საკუთარ სხეულზე, არამედ საკუთარ სექსუალობაზეც. ეს ქალთა სექსუალობის ჰეტერონორმატიულ ჩარჩოში აქცევს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ ქალთა სექსუალობა მხოლოდ კაცების სურვილების დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს მიმართული.

აგრეთვე, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეებში ამყარებს ტრადიციულ გენდერულ როლებსა და დამოკიდებულებებს, რაც მიმართულია ფემინურობისა და მასკულინობის ნორმებისა და იმ იერარქიების გაძლიერებაზე, რაც მათთვისაა დამახასიათებელი. ასე, საზოგადოების პირად და საჯარო სფეროდ დაყოფა და ქალების როლის პირადი სფეროსთვის მიკუთვნება საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქალების კონტროლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას. ქართული კულტურაც, ნაციონალისტური და რელიგიური დისკურსების გამოყენებით, დედის ფუნქციის დაკისრებითა და ოჯახის სფეროსთვის მიკუთვნებით, წარმატებულად განსაზღვრავს ქალის ადგილს არასაჯარო სფეროში.

სექსუალური შევიწროება საჯარო სფეროში კი ხშირად იმ მექანიზმის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ქალებს, საჯარო სივრცეებიდან უკან, პირად სივრცეში დევნის. სინტია გრას ბაუმანი სექსუალურ შევიწროებას საჯარო სივრცეში ქალთა „გეტოიზაციის“ ინსტრუმენტად უწოდებს, რადგანაც იგი „ამცირებს მათ ფიზიკურ და გეოგრაფიულ მობილობას და ხშირად მათ საჯარო სივრცეებში მარტო მოძრაობისგან“ უარს ათქმევინებს[7]. საქართველოშიც ძალიან ფართოდაა გავრცელებული აზრი ქალების დამცველების თაობაზე, რომლებადაც, როგორც წესი, კაცები - მამა, ძმა, შეყვარებული ან სხვ. გვევლინებიან. ეს კი კიდევ ერთხელ ამჟღავნებს იმ უთანასწორობას, რომლის გამყარებაზეცაა მიმართული ეს ქმედებები.

შესაბამისად, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება, უბრალოდ, ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე მიმართულ ქმედებას არ წარმოადგენს, არამედ იგი იქმნება და იკვებება საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობებით, რომლის მიზეზიც ქალთა სისტემური ჩაგვრაა. სექსუალური შევიწროება იმ იერარქიების განმტკიცების მცდელობაა, რომელიც საქართველოში ქალსა და კაცს შორის არსებობს და ამასთანავე, ამ დომინაციის მტკიცებისა და დეკლარირების მცდელობაა კაცების მხრიდან. გარდა ამისა, საჯარო სივრცეებში სექსუალური შევიწროების უგულვებელყოფის მთავარი მიზეზად საზოგადოების მხრიდან მისი კაცებისთვის მიწერილ ნორმალურად ქცევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს კი თავის მხრივ, საკმაოდ საშიში ტენდენციაა, რადგანაც მას შეუძლია სექსუალური ძალადობის უფრო მწვავე ფორმების გამოწვევა ანდა ასეთი ფორმების უპრობლემოდ მიღება საზოგადოების მხრიდან.

 

შენიშვნები:


[1] Bowman, C. G 1993). Street Harassment and the Informal Ghettoization of Women. Harvard Law Review Vol. 106(3): pp. 517-580. Gardner, C B. (1995). Passing By: Gender and Public Harassment. USA: University of California Press.

[2] Fileborn, B. (2013). Conceptual Understanding And Prevalence of Sexual Harassment and Street Harassment. ACSSA, pp. 2.

[3]ამაშუკელი, მ. (2015). სექსუალური შევიწროება - ქალთა „უჩინარი“ დისკრიმინაცია. გვ.: 116, სოციალური ცვლილების მხარდამჭერები. თბილისი.

[4] იქვე.

[5] იქვე, გვ. 108.

[6] Tuerkheimer, D. (1997). Street harassment as sexual subordination: the phenomenology of gender-specific harm. Wisconsin Women’s Law Journal Vol. 12, 167.

[7] Bowman, 1993, 520.