ფემინისტური ფოტო კომენტარები - ქუთაისი/გორი/ოზურგეთი

Teaser Image Caption
"Mundane Story"

წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომელიც ჩვენი პროექტის „ფემინისტური ფოტოგრაფიის სახელოსნო“ მონაწილეებმა საქართველოს სამი ქალაქიდან – ოზურგეთიდან, ქუთაისიდან და გორიდან წარმოადგინეს. ნამუშევრების ავტორების უმეტესობისთვის, ეს იყო პირველი მცდელობა ემუშავათ ფოტო პროექტზე და ვიზუალურად გადმოეცათ გენდერული პრობლემების საკუთარი ხედვა.

გარემო, რომელზეც მათ სურთ მოგითხრონ, ორად არის გახლეჩილი. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ სივრცეებში, სადაც ღირებულებების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე ხდება - მაგალითად, საბავშვო ბაღებში. „ვარდისფერი“ და „ცისფერი“ სამყარო სწორედ იმ სტერეოტიპების სიმბოლოა, რომელთა მიხედვითაც ქალებისა და კაცების როლი, ფუნქცია და მიზნები სრულიად განსხვავებული და დაპირისპირებულია. ჩვენი პროექტების ავტორები ცდილობენ, გადმოსცენ ამ ბინარულობის ხელოვნურობა, და ამავდროულად, ყურადღება მიაქციონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნორმატიული გენდერული როლები და ხელოვანი ქალის ყოველდღიურობა რეგიონში.