მოგზაურობა დაღესტანში

Teaser Image Caption
ელმირა, ყალმუხი

 

მაჰაჩყალა

 

(ნახატზე) ელმირა, ყალმუხი

პირველი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ქალაქში მაჩვენეს, იყო ციხე მორიელის მთაზე: „ერთ-ერთი ყველზე ძველი შენობაა, გარნიზონის გადაკეთებული ციხე-სიმაგრე, შემონახულია იმდროინდელი ნაშენი კედლები“. ღირსშესანიშნაობებში მოხვდა მე-19 საუკუნის უბრალო შენობაც, რომელიც მაჰაჩყალაში ყველაზე ლამაზ სახლად ითვლება. ამას გარდა ადგილობრივებმა შემომთავაზეს მრავალრიცხოვან ბაზრებში გასეირნებაც:

„ჩვენი ქალაქი  ერთი დიდი ბაზარია“.

ვცდილობდი ქალაქის ბაზრობებზე  მეხატა და ხალხს დავლაპარაკებოდი. „რა ეროვნების ხარ?“ — ამ კითხვაზე მაჰაჩყალაში სიამოვნებით პასუხობენ. დაღესტანში 30-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მშვიდობიანად ცხოვრობს.

ერთი მამაკაცი, რომელსაც ნახატი ვაჩუქე, ნახევარ საათში ნახატიანად დაბრუნდა: „შევხედე და მივხვდი, რომ ცხვირი ძალიან დიდია“. მეორე მოდელმა, თაფლის გამყიდველმა, ასევე დაიწუნა თავისი პორტრეტი: „ყველა ამბობს, რომ მე სწორი, ბერძნული ცხვირი მაქვს. ნახატზე კი კეხიანია“.

ამ ქალმა თავად მთხოვა, ვაჟიშვილთან ერთად დამეხატა. ჩემს უკან ხანშიშესულმა გამვლელმა შენიშნა, რომ ისლამი კრძალავს ადამიანის გამოსახვას.

 

(ნახატზე) მარიამი: მუსლიმებს არა აქვთ უფლება დაახატვინონ თავი. ხომ არ ვცოდავ? მარჯვნივ მისი შვილი მუჰამედია.

ჯემალის სახელობის სასწავლებლის სტუდენტებმა, სადაც ლექცია წავიკითხე, მიამბეს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები ჯერ სამხატვრო ფაკულტეტზე აბარებენ, ხოლო შემდეგ, რელიგიური მოსაზრებებით უარს ამბობენ მოდელის ხატვაზე. ზოგიერთი „თავდახურული“ გოგონა კი ნამუშევრებს, რომლებზეც მოდელია დახატული, ნახვის შემდეგ ანადგურებს, მათ სურთ მხოლოდ კოსტიუმის დიზაინი აკეთონ.  „თავდახურული“ ის გოგონები და ქალები არიან, ვინც ჩადრს ატარებენ.

 

(ნახატზე) პედაგოგი ტატიანა ბორისოვნა: შიშველი ნატურის ხატვას რელიგია კრძალავს.

სამხატვრო ფაკულტეტზე შიშველ ნატურას არ ხატავენ. „ერთ კურსზე ბიჭს ვხატავდით მაისურის გარეშე. იმასაც, დახურულ კარს მიღმა“, — იხსენებდნენ სტუდენტები, — მოდელს არ უნდოდა, გაეგოთ, რომ ასე პოზირებდა.“  

 

(ნახატზე)

მუსა, მომავალი თანამედროვე მხატვარი.

— თანამედროვე ხელოვნება მომწონს იმიტომ, რომ გაუგებარია.

— არ გინდათ, დაღესტნელებს ესმოდეთ და თქვენს გამოფენებზე ისე მოვიდნენ?

— არა.

დიალოგი სტუდენტთან, რომელიც მოვიდა ჩემს ლექციაზე სოციალური ხელოვნების შესახებ.

 

(ნახატზე)

საიდა (მარცხნივ):  თუ ვინმეს არ მოეწონება, რომ ვხატავ, გავბრაზდები. .


მარჯვნივ მისი მეგობარი რაისათია.

„რა უნდა აკეთოს ქალმა დაღესტანში? — ამბობს საიდა. „ისლამის მიხედვით ქალს არც ცეკვის უფლება აქვს და არც სიმღერის“.

მეგობრები, საიდა და რაისათი პატარა ქალაქიდან, კიზილიურთიდან ჩამოვიდნენ და ერთად ქირაობენ ბინას. ოჯახებიდან მშვიდად გამოუშვეს გოგონები მხატვრობის შესასწავლად, საიდას დედა კი გამოფენების დროს ნამუშევრების დაკიდვაში ეხმარება.

საიდა:

ბავშვობაში დავინახე ერთი გოგო რელიგიური ოჯახიდან — სულ თეთრებში და თავსაფრით. ისეთი ლამაზი იყო! მაშინ პირველად ვთხოვე დედაჩემს, რომ ჩემთვისაც ეყიდა თავსაფარი. როცა ყურანის კითხვა დავიწყე, მივხვდი, რომ თავსაფარს ჩემთვის ვიხურავ. „თავდაუხურავ“ გოგონასთან ნებისმიერი შეიძლება მივიდეს ქუჩაში და ტელეფონის ნომერი სთხოვოს. ჩადრით, ტუნიკითა და ჯინსებით სიარული მომწონს.

სტუდენტი მადინა:

მინდა თავსაფარი დახურო, მაგრამ მშობლები იფიქრებენ, რომ ვაჰაბიტებმა გამომიჭირეს. ერთი ნაცნობის ქმარი გადაიბირეს — სირიაში წავიდნენ ბავშვებთან ერთად.  სჯერათ, რომ  იქ თუ დაიღუპებიან, აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. ზოგი გოგონა სახლიდან რომ გამოდის, თავსაფარს იხსნის, ზოგი კი პირიქით — მაშინ იხურავს, როცა მშობლები ვერ ხედავენ.

სტუდენტი გოგონას, უმას დედა მუსიკის მასწავლებელია, მამა — მხატვარი. „როცა გავამხილე, რომ მხატვრობის შესწავლა მინდოდა, მამას არაფერი უთქვამს, ისე გავიდა ოთახიდან და სახატავი ალბომით დაბრუნდა“. 

 

(ნახატზე) — ცდილობენ გოგოები მალევე გაათხოვონ, მანამ, სანამ საკუთარი შეხედულებები გაუჩნდებათ.

„მალევე“ ნიშნავს — ოც წლამდე. დაღესტანში მნიშვნელოვანია, რომ ქმარმა ცოლი თავის ჭკუაზე გაზარდოს.

მაჰაჩყალაში ბევრი ქალია, რომელიც სექსუალურად გამოიყურება. მინდოდა გამეცნო ვინმე ადგილობრივი „სექს-ბომბებიდან“ (ადგილობრივი სუბკულტურა გრძელთმიანი და დაბერილტუჩიანი გოგონებისა) და ფოტომოდელი გაიცანი.

 

(ნახატზე)

მოდელი (მარჯვნივ): „შემიძლია ისლამის მშვენიერება გიჩვენო“ — მითხრა ქმარმა. დავიხურე თავსაფარი და მივხვდი, რომ მოვკვდი“. მარცხნივ მისი მეგობარია — ჟურნალისტი.

ჯერ კიდევ პატარა გოგომ უკვე მოასწრო გათხოვება, ოჯახში ძალადობის გამოცდა და გაშორება. პორტრეტს სახელი არ ჰქვია, იმიტომ, რომ დაღესტანში სულ რამდენიმე ფოტომოდელია. „აქ მოდელად ყოფნა სარისკოა. ქუჩაში არ დავდივარ“.

 

„თავდახურული“ ქალები მაჰაჩყალის ავტობუსში.

 

მაღალმთიანი სოფლები: კიდერო, მოკოკი, ბეჟთა.

მაჰაჩყალაში გავიცანი ეთნოგრაფი პატიმათ მაგომედოვა. პატიამ შემომთავაზა ერთად წავსულიყავით მაღალმთიან სოფლებში საქართველოს საზღვართან ახლოს. ის მასალას აგროვებდა  დაღესტანში ქალთა წინადაცვეთის შესახებ. პატიამ სოფელ კიდეროში შეძლო ჩაეწერა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამ „ოპერაციას“ მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა. 

(ნახატზე)

აიშათი (მარცხნივ): ისე ვაკეთებ, როგორც დედინაცვალმა მასწავლა. ყველას ვთავაზობ, ვასწავლო. ერთ ექთანს უნდოდა სწავლა, მაგრამ როგორ ვაჩვენო? მომიყვანონ გოგონა და...

მარჯვნივ პატიმათ მაგომედოვაა.

აიშათი:

პატარა წერტილს ვჭრი, რომ სისხლი გამოვიდეს. ერთი პატარა წვეთიც კი საკმარისია. საბჭოთა დროს მთლიანად აჭრიდნენ კიდეც. გოგონებს მანამ ვუკეთებ, სანამ თვიური მოუვათ — მერე რცხვენიათ, მეც მრცხვენია შეხედვა. როცა მე თვითონ მიკეთებდნენ,  ზუსტად ჩემ წინ ცოტა უფროსი გოგო აყვირდა: „მტკივა!“ გავიქეცი, მაგრამ  ბებიამ დამიჭირა. მერე ამიხსნა: „ამის მერე ლამაზი იქნები, ნამაზს შეასრულებ, კარგად ისწავლი“.

რატომ აკეთებენ წინადაცვეთას? რამდენიმე ქალმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „ჩვენ გაგვიკეთეს და ჩვენც ვუკეთებთ ჩვენს გოგონებს“. სხვებმა მითხრეს, რომ ეს სუნიდან,  წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრების შესახებ წმინდა გადმოცემიდან მომდინარეობს: „მუჰამედმა თავის გოგონებს გაუკეთა, ამიტომ ყველა მუსლიმ ქალს უნდა ჩაუტარდეს“. უმეტესობა ან აპირებს, ან უკვე გაუკეთა გოგონებს წინადაცვეთა, იმიტომ, რომ „გოგონა გზას არ ასცდეს“.  

 

(ნახატზე) პატარა პატია  მამასთან ერთად

ამ გოგონას დედა თვლის, რომ „სჯობს ქალი ცივი იყოს, ვიდრე გარყვნილი“.

ქალთა წინადაცვეთის საკითხს დედები  მამების პასიური თანხმობით წყვეტენ. ზოგიერთი აპირებს გაუკეთოს ოპერაცია გოგონას მაშინაც კი, თუკი ქმარი არაა თანახმა. „ახლა რთული დროა — ბევრი ქალია, ცოტა მამაკაცი. გოგონას წინადაცვეთა უნდა ჩაუტარდეს, რომ მარტო ცხოვრება შეძლოს“.

კიდეროში პატის ნათესავთან გავჩერდით, რომელსაც ბიკა ერქვა. ბიკა გათხოვდა, მაგრამ მეორე ცოლია. მისი ამბავი ჩვეულებრივია დაღესტანში — ქმარი სხვა სოფელში ცხოვრობს პირველ ცოლთან ერთად, ბიკას კი დროდადრო აკითხავს.

ბიკა:

გაყრის შემდეგ მარტო დავრჩი ორი ბავშვით, მაგრამ მაინც არ მინდოდა მეორე ცოლად გათხოვება. როცა ახლანდელი ქმარი გამოჩნდა, ნათესავებმა გაიგეს და ალაპარაკდნენ, — მინდოდა თუ არ მინდოდა, მომიწია დავთანხმებულიყავი. ახლა კარგად ვარ. სოფელში გაყრილი ქალის ცხოვრება ძალიან მძიმეა, იდეალურად რომ მოიქცე, მაინც დაიწყებენ ჭორაობას. 

 

(ნახატზე)

ბიკა (მარცნივ): „ისლამის მიხედვით მამაკაცს უფლება აქვს მოიყვანოს მეორე ცოლი“.

მარჯვნივ პატიმათ მაგომედოვაა.

კიდევ აი, ასეთი ამბავი მიამბო ბიკამ:

კიდეროში ერთხელ სროლები იყო, ორი პოლიციელი მოკლეს. ქალები მეორე ცოლებზე კამათობდნენ. მოკლული პოლიციელის ცოლმა თქვა: „ნეტავ ჩემს ქმარს კიდევ ცხრა ცოლი მოეყვანა, ოღონდაც ცოცხალი ყოფილიყო. წელიწადში ერთხელ მაინც ვნახავდი“. ამის შემდეგ ყველა შეიშმუშნა და გაჩუმდა.

„მეორე ცოლი დაკანონებული საყვარელია,“ — ამბობს პატიმათი, ის თვლის, რომ მეორე ცოლთან სიბერემდე არავინ ცხოვრობს. ისლამის მიხედვით ქმარმა ერთნაირად უნდა უზრუნველყოს ორივე ცოლი, მაგრამ ხშირად მეორე ცოლი  მატერიალურ დახმარებას  ვერ იღებს.

სტუმრად კიდევ ერთ ოჯახში:

რატომ ხართ სახლში მხოლოდ ქალები?

ეს მეორე ცოლია, ქმარი აქ არ ცხოვრობს, ამიტომაც, უფროსი მამაკაცებიდან მხოლოდ ნათესავებს აქვთ აქ შემოსვლის უფლება.

 

პატიმათის მოსაზრება სკანდალური ჩეჩნური ქორწილის შესახებ —კადიროვის მაღალჩინოსანმა  46 წლის ნაჯუდა ფუჩიგოვმა 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე იქორწინა:

„არ მესმის, რატომ აგორდა ასეთი სკანდალი ამ ქორწილის ირგვლივ. პატარძლები თოთხმეტი წლისანიც კი არიან ხოლმე. გოგონა ძალით გაათხოვეს — ეს ხომ სულ ხდება ჩვენთან. მშობლების არჩევანი ხშირად უკეთესიცაა. არ მენდომებოდა, რომ ჩემი ცხოვრება ასე საჯაროდ განხილულიყო. მეგონა, რომ ჩეჩნები ამ ჟურნალისტს მოკლავდნენ". 

კიდეროში შევხვდი სირაჯუდინ აბდურახმანოვს, ავტორს წიგნისა „ჩვენი ცხოვრების  ციცაბო მოსახვევებზე“, რომელიც ეხება დაღესტნელების ძალადობრივ გადასახლებას  ჩეჩნეთში (1944) და უკან დაბრუნებას დაღესტანში (1956-58).

აბდურახმანოვი დეპორტაციის შესახებ:

„მაშინ რამდენიმე რაიონი გაასახლეს, მაგრამ მთლიანად მხოლოდ ჩვენი, წუნთისა გადაწვეს. სახლებს პატრონების თვალწინ წვავდნენ, რადგან წასვლა არ უნდოდათ. ოჯახებმა ჩეჩნეთისკენ  გზაში 5-6 წევრი დაკარგეს. ბევრი მალარიით დაავადდა, რთული იყო აკლიმატიზაცია. ჩეჩნებმა ჰიტლერისთვის  ოქროს უნაგირიანი ცხენი მოამზადეს,  მაგრამ ჩვენ რატომ გადაგვასახლეს?“

აბდურახმანოვი ჩეჩნეთში დაიბადა და იქ მეექვსე კლასამდე სწავლობდა. ვკითხე, რა ახსოვდა ჩეჩნეთიდან კიდეროში დაბრუნების დროიდან. მთებში „ზილებით“ ვბრუნდებოდით. ერთ საოჯახო მეურნეობაზე ერთი მანქანა მოდიოდა. ბევრი ვერაფერი წამოვიღეთ. როცა გზა დამთავრდა, მერე ფეხით წამოვედით“.

 

(ნახატზე) სირაჯუდინ სერგეევიჩ აბდურახმანოვი: მოვიდნენ მშობლები და აღარაა სახლი. მათ კი უთხრეს — ჯერ კოლმეურნეობა აღადგინეთ და მერე მიხედეთ თქვენს თავსო.

 

(ნახატზე) — რუსულ სახელმძღვანელოებში რატომ არაფერია ნათქვამი დაღესტნელების ძალადობრივ დეპორტაციაზე?

ჩემმა შეკითხვამ „რატომ აღწერთ წიგნში სტალინის დროს, როგორც სამართლიანს და მზრუნველს?“ ავტორი გააბრაზა: „სტალინს საიდან ეცოდინებოდა, როგორ ხდებოდა დეპორტაცია? როგორ ფიქრობთ, რითი იყო ის დაკავებული ომის დროს?“

რამდენიმე წელია, თანამოაზრეებთან ერთად აბდურახმანოვი ცდილობს, დაღესტნელების დეპორტაცია ისტორიულ ფაქტად აღიარონ და გადამწვარი წუნთის რაიონის მცხოვრებლებმა კომპენსაცია მიიღონ. მას სჯერა, რომ მთავარია, საკითხით „პუტინამდე მიაღწიოს“. რომ გაიგო, კიდეროში მოსკოვიდან იყო ჩამოსული ქალი, რომელსაც ამ მხარის ისტორია აინტერესებდა, ჩემთან შესახვედრად წვიმაში მთელი სოფელი გადმოიარა და ძალიან გაუცრუვდა იმედი, როცა ამოჩნდა, რომ მართალია, მოსკოვში ვმუშაობ, მაგრამ პრეზიდენტზე გასვლა არ შემიძლია. 

 

აბდურახანოვის მეზობელი ხალიმათი. დაიბადა ჩეჩნეთში,  ახსოვს, როგორ დაბრუნდნენ დანგრეულ კიდეროში.

მეზობელი სოფლის, მოკოკის მცხოვრებლებსაც იმედი აქვთ, რომ „მოსკოვი“ დაეხმარებათ. სოფელს სკოლა ენგრევა,  კედლები შეიძლება ყოველ წუთს ბავშვებს დაეცეს თავზე. უკვე ოც წელზე მეტია, რემონტს ითხოვენ — მაჰაჩყალიდან ჩინოვნიკებიც ჩამოვიდნენ,  დაღესტნის პრესაც წერდა, მაგრამ სულ ამაოდ.

 

დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „შემოგვთავაზეს, სკოლა დაგვეხურა და ბავშვები ავტობუსით მეზობელ სოფელში გვეტარებინა. აქაურ გზებზე ეს საშიშია“.

 

ფიზკულტურის გაკვეთილია. მასწავლებელი: „გოგონები აჭიმვებს შინ გააკეთებენ. ბიჭები აქ ვარჯიშობენ, იატაკზე, რადგან სავარჯიშო ლეიბები არ გვაქვს“.

შეშით თბებიან. საკლასო ოთახებში მეცადინეობა ხშირად კვამლის გამო წყდება. ოქტომბრიდან მოყოლებული ბავშვები გაკვეთილებზე თბილი ტანსაცმლით სხედან. სკოლის დირექტორი: „ჩვენი ძველი სკოლა რაიონულ შეჯიბრებებზე პირველ ადგილს იკავებს. ეს მერხები იმ დროინდელია, როცა მე ვსწავლობდი. მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს ვაკეთებთ“.

მოკოკში დიდ ოჯახში ვიყავით სტუმრად.

 

(ნახატზე) — როცა ცოლი ბოლო ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ექიმმა თქვა, რომ შეიძლებოდა, დაღუპულიყო. მე ვუპასუხე: „დაე, მოკვდეს. ჩემს შვილებს ვერ დავხოცავ“ .

წყვილს ათი ზრდასრული შვილი ჰყავს, ოცდაათი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. შვილები, უმცროსი ბიჭის გარდა, ცალკე, საკუთარ სახლებში ცხოვრობენ. მშობლები იმედოვნებენ, რომ ბიჭი დროზე მოიყვანს ცოლს, მათთან დარჩება და რძალი საოჯახო საქმეებში დაეხმარებათ.

 

(ნახატზე) უმცროსი და: აქ ვერაფრით გაერთობი. ერთხელ მზიან ამინდში მეგობარ გოგონასთან ერთად  უახლოეს მთამდე გავისეირნეთ.  კაცები გაბრაზდნენ: „რა გინდოდათ იქ?“

მოკოკში არ არსებობს კარგი გზები. როცა თოვლია, წვიმს ან ყინვაა — მთის ვიწრო გზა საშიში და გაუვალი ხდება. სოფლის მცხოვრებლები, განსაკუთრებით, ქალები, იშვიათად გადიან სოფლიდან. აქ ცხოვრება ბევრად უფრო იზოლირებულია, ვიდრე მეზობელ სოფლებში. შეიძლება ესეცაა მიზეზი, რომ ხშირია ნათესავებს შორის ქორწინებები. ერთმა ქალმა, რომელიც ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად, ეს ასე ახსნა: „როგორ შეიძლება უცხო მამაკაცზე გათხოვება?“

 

(ნახატზე) უფროსი და: „მაჰაჩყალაში ერთოთახიანი ბინა რომ მქონდეს, აქ როგორ დავრჩებოდი საცხოვრებლად?“

მამაკაცების უმრავლესობა სოფელში რომელიმე სოციალური ქსელით სარგებლობს,  მაგრამ ცოლებს უკრძალავენ. როგორც მთელ დაღესტანში, აქაც ქალები  თავიდან მამების  და ძმების (ღვიძლი ან ბიძაშვილების) მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ხოლო შემდეგ — ქმრების.  უმცროსი ძმა: „ღმერთმა არ ქნას, ჩემი და კაცს დაელაპარაკოს ტელეფონზე! მთელი სოფლის წინაშე მომეჭრება თავი!“

მოგზაურობის ბოლო პუნქტი იყო ბეჟთა, პატიმათის მშობლიური სოფელი. ყველა ლტოლვილი, ვისაც დაველაპარაკე, აღნიშნავდა, რომ მათი საზოგადოება უფრო „თანამედროვეა“, ისეთი სოფლები კი, როგორიცაა კიდერო და მოკოკი, მათი აზრით, ზედმეტად რელიგიურია. ბეჟთელები საბჭოთა დროს საქართველოში ხშირად დადიოდნენ, და  ბევრ მათგანს დღემდე მოსწონს ქართული კულტურა.

პატიმათის გარე ბაბუას, რომელიც საბჭოთა დროს სოფლის მასწავლებლად მუშაობდა, ვკითხე, როგორ თანაარსებობდა კომუნისტური იდეოლოგია, ისლამი და მთის კანონები.

 

(ნახატზე) — მე ახლაც კომუნისტი ვარ.  სტალინის რეჟიმსა და მის პოლიტიკას ვცემ პატივს.

მიამბო, რომ ღიად ლოცვა იკრძალებოდა, მაგრამ შინ ყველა ლოცულობდა. მასწავლებლები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში არ ელოცათ. გოგონები სკოლაში  პიონერის ყელსახვევებით და თავსაფრებით დადიოდნენ. ბეჟთის ერთმა მაცხოვრებელმა გაიხსენა, რომ 80-იანებში ამას რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდნენ — გოგონები გაკვეთილებზე უთავსაფროდ უნდა მსხდარიყვნენ.

მომავალი ცოლი მასწავლებელმა სწორედ მოსწავლეებს შორის შეარჩია და მშობლებს მისი ხელი სთხოვა. 

 

(ნახატზე) — ადრე არ ვიცნობდი. გავთხოვდი და მერე დავამთავრე სკოლა.

ქორწილამდე ურთიერთობა სამარცხვინო საქციელად ითვლებოდა. ახალგაზრდებმა ერმანეთის გაცნობა და დამოუკიდებლად  ურთიერთობა 60-80-იან წლებში დაიწყეს. „ახლა უფრო სწორი წესებია“ — ამბობს პატიმათის დეიდა.

— თუკი მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა მთლიანად მთის წესებით რეგულირდებოდა, მაშინ, რაში გამოიხატებოდა სქესთა შორის თანასწორობის საბჭოთა იდეა?

— იმაში, რომ ბიჭებსა და გოგოებს სკოლაში ერთ მერხთან სვამდნენ.

ასეთია საღამოები ბეჟთაში — ყველა სახლში არის Wi-Fi, უმეტესობა აქტიურად მოიხმარს სოციალურ ქსელებს. ბავშვები უყურებენ ტელევიზორს და ერთმანეთს რუსულად ელაპარაკებიან. უფროსი თაობა რუსულს სკოლაში სწავლობდა, მაგრამ ყოფაში მხოლოდ ადგილობრივ ენას იყენებდა.

 

ქალები თავსაფრის ტარების შესახებ:

კიდეროში: „თუკი თავსაფრის გარეშე გავივლი, ჩემი ნათესავები ამჩეხავენ“.

მოკოკში: „გოგონებს სამი-ხუთი წლიდან უფარავენ თავს. ხალხს არ მოსწონს, რომ ჩემი გოგონა უთავსაფროდ დადის, მე კი 10 წლამდე არ ვთვლი საჭიროდ“.

ბეჟთაში: „აქ შეგიძლია ისე იარო, როგორც გინდა. თუნდაც, კიმონოთი“.

მიუხედავად სოფლის „თანამედროვეობისა“, აქ არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა დისკოთეკა — ადგილობრივები თვლიან, რომ ეს „მსუბუქი ყოფაქცევის ქალების“ ადგილია. უკიდურესად მნიშვნელოვანია ქალწულობის შენარჩუნება: „თუკი სექსი ქორწილამდე გვექნება, არცერთ ბიჭს არ მოუნდება ჩვენი ცოლად შერთვა“. ბეჟთელ ქალებს ძალიან უკვირდათ როცა ვუყვებოდი,  რომ რუსეთში ჯერ თანაცხოვრობენ, ხოლო შემდეგ — ქორწინდებიან.

ბეჟთადან მაჰაჩყალაში „მარშუტკით“ დავბრუნდით. გზას შვიდ საათს მოვუნდით. სანამ ციცაბო მოსახვევებში ვირყეოდით უფსკრულების თავზე, თანამგზავრი ყვებოდა, როგორ დადიოდნენ ქალაქში საბჭოთა დროს: „ზამთარშიც კი სატვირთო მანქანის ღია ძარაზე, საბანში გახვეულები. ახლა კომფორტია“. ბეჟთადან მაჰაჩყალაში „მარშუტკა“ ყოველ დილას დადის, კიდეროდან — კვირაში ერთხელ, ხოლო მოკოკიდან გამოსვლა მხოლოდ საკუთარი მანქანით ან კერძო უაზი-ტაქსით შეიძლება.