(ნახატზე) — მშობლებმა მიამბეს, რომ სკოლაში ყირგიზულად ლაპარაკს უკრძალავდნენ.
გუსია, ბიშკეკის ფემინისტური ჯგუფის წევრი .
ბიშკეკში ფემინისტურ ჯგუფთან ჩამოვედი სტუმრად. „ნუთუ ყირგიზეთშიც ჰყავთ ფემინისტები?“ გაიკვირვა დედამ ჩემი გამგზავრების წინ. ბიშკეკის აეროპორტის გზას ვადექით, როცა ჯგუფის ლიდერმა გოგონამ, სელბიმ რამდენჯერმე შემისწორა — ყირგიზეთი კი არა, „ყირგიზსტანიო“. სიტყვა ,,ყირგიზეთი” „ы“ ბგერით გამოითქმის. აქაური რუსები კი ისე წარმოთქვამენ, როგორც შეჩვეულები არიან და ჩვეულებრივ ,,ი”-ს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ყირგიზისგან ამ სიტყვის ასე გამოთქმა საწყენად, ხანდახან შეურაცხმყოფლადაც კი აღიქმება: ასე წარმომთქმელი გარუსებულია, თავისი ხალხის ტრადიციები დავიწყებული აქვს. თანაც, სიტყვა ,,ყირგიზი”, რბილი „ი-თ“ “გამოუსვლელს“ ნიშნავს.
რუსი მასწავლებლები ამას ასე ხსნიდნენ: თქვენ ყირგიზეთში კი არა, სსრკ-ში ცხოვრობთ, ჩვენს საერთო ქვეყანაში“.
დღემდე ყირგიზეთის დედაქალაქში უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობს. ბიშკეკში სტუმრობის დროს ყირგიზებმა რამდენჯერმე მითხრეს, რომ აქაური რუსები სიმბოლურ კაპიტალს ფლობენ — უფრო კულტურულად და განათლებულებად მიიჩნევიან. ადგილობრივი რუსები, ვისაც შევხვდი, ამბობენ, რომ განსაკუთრებული სტატუსი არა აქვთ. მაგალითად, სახელმწიფო სამსახურში მათ კარიერულ წინსვლას აუცილებლად შეაფერხებს ე.წ. „შუშის ჭერი“, მაგრამ ყოფით დონეზე რაიმე სახის შევიწროვებას არ განიცდიან.
მიგრაციის პრობლემა
(ნახატზე) — როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, თუკი მოსახლეობის ნახევარი სხვაგან ცხოვრობს?
სახატავად მიმიწვიეს ფორუმზე „მეკენდეშტერ“ (თანამოქალაქეები), რომელიც ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის, როზა ოტუნბაევას მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმი ქვეყნიდან მიგრაციას ეძღვნებოდა და ვრცელ, მშვენივრად აშენებულ თურქულ-ყირგიზულ უნივერსიტეტ „მანასში“ ტარდებოდა, რომელიც თურქებმა ბიშკეკში 1997 წელს გახსნეს. სცენის ერთ მხარეს ათათურქის დიდი პორტრეტი ეკიდა, მეორე მხარეს კი — მანასის, ყირგიზული ეპოსის გმირის სურათი. ფორუმის პროგრამაში ცალკე იყო გამოყოფილი დისკუსია ორი „ძმური ქვეყნის“ ყირგიზეთისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ. ბოლო წლებში ბევრი ყირგიზი სამუშაოდ თურქეთში მიდის. რამდენიმე გამომსვლელმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შედარებით, იქ, ყირგიზულ დიასპორას პატივისცემით ეპყრობიან. თურქეთის გავლენის ზრდასთან ერთად ქვეყნის ისლამიზაციაც იზრდება.
(ნახატზე)
— ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს და მზადაა შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება.
— ეს მხოლოდ ეკონომიკური კავშირია.
ფორუმის მონაწილეთა ნახევარი რუსულ ენაზე გამოდიოდა. პროგრამაში არ იყო ცალკე პანელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას ეძღვნებოდა, მაგრამ ეს თემა რამდენჯერმე წამოიწია. უპირველესად — ყირგიზეთის საბაჟო კავშირში შესვლის გამო.
ბევრი მონაწილე ამ გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებდა.
(ნახატზე) – საბაჟო კავშირის საზღვრები „რკინის ფარდაა.“ ზურგი უნდა შევაქციოთ დანარჩენ ქვეყნებს?
აისახება თუ არა საბაჟო კავშირში შესვლა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე? ყირგიზეთის პარლამენტის დეპუტატებს უკვე შემოაქვთ რუსული კანონების გაუარესებული ასლები. მაგალითად, კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული კანონის იდენტურია. ანდა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის შემოღება ლგბტ ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, თანაც მხოლოდ „არასრულწლოვანთა შორის პროპაგანდა არ აქვთ მხედველობაში, როგორც რუსულ „18+“ კანონშია.
(ნახატზე) — ეროვნული ღირსების შეურაცხყოფისთვის სასჯელით იმუქრებიან.
ბიშკეკში ყოფნისას თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სკანდალი მოხდა. მხატვარმა ჩინგიზმა სერიაში სპაიდერმენის შესახებ ობობა ყირგიზული ნაციონალური ქუდით გამოსახა. ის მაშინვე გამოიძახეს ეროვნული უშიშროების სამსახურში (ადგილობრივი ФСБ ) და ინტერნეტითაც მიიღო მუქარის წერილები.
სავაჭრო კავშირში გაერთიანება მიგრაციას გააიოლებს და ემიგრაციას საგრძნობლად გაზრდის. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ყირგიზეთში უკვე აღარ ჰყოფნით სპეციალისტები, ზოგიერთ რაიონში კი — მუშახელი.
(ნახატზე) — ყირგიზ მიგრანტებზე რუსეთში იყო და იქნება დიდი მოთხოვნა.
როზა ოტუნბაევას გამოსვლა.
რუსეთის მოქალაქეების კომენტარები ყირგიზეთის საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ შეიძლება ინტერნეტშის მოძებნოთ. უმეტესწილად ესაა შეშფოთება „მუქთამჭამელების“ გამო, ანდა — სიხარული „რუსული მიწების შემოერთების“ შესახებ. ცოტაა ასეთი შინაარსის ლიბერალური კომენტარი: „ვიღაცამ ჩვენს ნაცვლად ხომ უნდა შეასრულოს ჭუჭყიანი სამუშაო?“
ტოი
(ნახატზე) — შრომითი მიგრანტების ფული მათი შვილების განათლებას არ ხმარდება.
უმეტესად ფული, რომელსაც მიგრანტები გამოიმუშავებენ, არ ხმარდება განათლებას, ჯანმრთელობის აღდგენას, უძრავი ქონების შეძენას ან მცირე ბიზნესის გახსნას. ფული, რომლისთვისაც რამდენიმე წელი მუშაობენ ერთ თვეში იხარჯება ტოისთვის.
ტოი —დღესასწაულია მდიდრული სუფრით. ჩვეულებრივი სადღესასწაულო პურ-მარილისგან უპირველესად იმით განსხვავდება, რომ საჭმელი თავზესაყრელადაა — იმდენი კერძი უნდა მომზადდეს, რომ სტუმრები ბოლომდე ვერ მოერიონ და თან წაიღონ. წინადაცვეთის დღესასწაულისას სტუმრები მთელი თვის განმავლობაში მოდიან. საქორწილოდ ტოის გასამართად კრედიტსაც კი იღებენ, რომელსაც მერე წლობით იხდიან.
ფორუმის დახურვა ბიშკეკის გარეუბანში, ეთნო-კომპლექს „სუპარაში“ გაიმართა. სუფრაზე საჭმელი და ალკოჰოლი წუთითაც არ გამოლეულა. დღესასწაული შუაღამისას დასრულდა და სტუმრება დარჩენილი საჭმელი სპეციალური, ტოისთვის განკუთვნილი პაკეტებით წაიღეს.ფემინიზმი ყირგიზულად
(ნახატზე) ბაქტიგული, დარია და მეერიმი.
ესენი „ყირგიზი გოგონა-აქტივისტები“ არიან. მონაწილეების ასაკი 13-17 წელია. ისინი ემზადებიან, რომ ფრიდას ფონდში შეიტანონ საპროექტო განაცხადი. თუ გრანტს მიიღებენ, ჩაატარებენ მანასჩის კონკურსს გოგონებისთვის.
მანასჩები — გმირული ეპოსის, „მანასის“ მამაკაცი-მთხრობელები არიან. ამ ბოლო დროს გაჩნდნენ გოგონა-მკითხველებიც.
ბაქტიგული „აქტივისტი-გოგონების“ ერთ-ერთი წევრი – მანასჩია. მისი თქმით, ბიჭებს სპეციალურად ასწავლიან „მანასის“ კითხვას და კონკურსებშიც მათივე მასწავლებლები არიან ჟიურის წევრები. გოგონები დამოუკიდებლად სწავლობენ და საერთო კონკურსების მოგების შანსი თითქმის არა აქვთ.
(ნახატზე) ბაქტიგული (კითხულობს მანასს) და დარია
გოგონებს ქალების მოტაცების — აკა კაუჩუს შესახებ ვეკითხებოდი. ორმა მათგანმა მიამბო, რომ მათი დედები მოიტაცეს. „სკოლის დროინდელი სიყვარული იყო. დედას სწავლა უნდოდა, მაგრამ გათხოვება მოუწია“. „ჩემმა ბიძაშვილებმა 21-ე საუკუნეში ცოლები მოიტაცეს“ — მიყვება დარია, — „ჩემი ბიძაშვილი გოგო ოთხმა ბიჭმა მოიტაცა. ღონიერია, ეწინააღმდეგებოდა და ძლივს გაუმკლავდნენ“.
„არ გეშინიათ, რომ მოგიტაცონ?“ — ვეკითხები გოგონებს.
„არა, კანონი გვიცავს. ვეტყვით: „154 და 155 მუხლი. გინდათ, 10 წლით ჩასხდეთ?“
სასჯელი 2013 წელს გაამკაცრეს. მანამდე არასრულწლოვანი „პატარძლის“ მოტაცებისთვის სასჯელი 3-იდან 5 წლამდე იყო, თუკი გოგონა უკვე 17 წლის იყო, მაშინ მხოლოდ ჯარიმას იხდიდნენ. კანონის შეცვლაზე იმოქმედა ორგანიზაციების — „ქალების დახმარების ცენტრი“ და „ღია ხაზი“ მუშაობამ და ასევე, ქალთა ჯგუფების აქტივიზმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ბიშკეკის ფემინისტურმა ჯგუფმა ჩაატარა დედაქალაქის ცენტრში. მათ 19 300 დროშა დააყენეს. 9800 წითელი — ამდენი ქალი მოიტაცეს ერთი წლის განმავლობაში, 2000 თეთრი — ამდენი გააუპატიურეს მოტაცებისას, 7500 იისფერი — ამდენმა განაცხადა ოჯახში ძალადობის შესახებ.
(ნახატზე) - გოგონები ეიდზე დაახლოებით ცხრა წლიდან აღარ მიჰყავთ.
ეს დუგანელი გოგონა ფარიდაა, ბიშკეკის ფემინისტური ჯგუფის წევრი. მასთან სახლში მუსლიმურ დღესასწაულზე, ეიდზე ვიყავი, რომელიც რამადანის შემდეგ იმართება. ცხრა წლიდან გოგონები სტუმრად აღარ მიჰყავთ იმიტომ, რომ დღესასწაულის მონაწილეებს ემსახურებიან — ამზადებენ და ალაგებენ მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის.
დუგანური ოჯახები ძალიან დიდია, რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, ოჯახის წევრებს შორის მკაცრი იერარქიაა. გოგონების, ქალიშვილების და ქალების ცხოვრებას ოჯახის მეურნეობა იმორჩილებს. ფარიდა ბავშვობიდან შეეჩვია დილის 6 საათზე ადგომას, რათა სახლში იმუშაოს. სხვა ბავშვებთან სათამაშოდ არ უშვებდნენ: „ეს სახლი ჩემი ერთადერთი სივრცე იყო“. სკოლაში სწავლის უფლება უნდა მოეპოვებინა. როცა ფარიდამ ფემინისტები გაიცნო და აქტივისტი გახდა, ოჯახის ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ სახლიდან გაქცევა მოუწია. ფარიდა დროშების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ფემინისტების თემში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ფარიდა შინ დაბრუნდა. ქალიშვილის გავლენით, დადამისი სოფიაც დაინტერესდა ქალთა უფლებებით და შეძლო ოჯახში ვითარება შეეცვალა.
(ნახატზე) — თუკი კატა შეხედავს ადამიანს, რომელიც ჭამს, მისთვის სიცოცხლის წართმევა შეუძლია.
მარიას, უმცროს დას, ბევრი თავისუფალი დრო აქვს. მას შეუძლია სხვა ბავშვებთან ითამაშოს, ხატოს და ისწავლოს.
(ნახატზე )— დუგანელი ქალები მშობიარობის შემდეგ ერთ კვირაში გადიან მინდორში სამუშაოდ.
ეს სურათი ყირგიზმა გოგონებმა ასე შეაფასეს:
— ძალიან დიდხანს ისვენებს!
— ბებიაჩემმა მინდორში იმშობიარა და ეგრევე გააგრძელა მუშაობა.
— ყირგიზი ქალები მაგრები არიან!
ყირგიზულ სოფლებში ბავშვებს და ქალებს დღემდე მძიმე შრომა უწევთ. მერიმი მიყვება: „ბავშვმა 6 წლიდან უნდა დაიწოს ზრუნვა საკუთარ თავზე. 9 წლიდან უნდა გამოიმუშაოს ფული სახელმძღვანელოებისა და სკოლის ფორმისთვის. მოზარდებს ქირაობენ ჟოლოსა და სხვა კენკრის მოსაგროვებლად. ისინი დღეში ათ საათს მუშაობენ“.
ლგბტ
ყირგიზეთში „არ არსებობს“ ლგბტ. ჰომოსექსუალობა დაშვებულია რუსებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში — ყირგიზებისთვის.
ბიშკეკში და ალბათ, მთელ ყირგიზეთში ერთადერთ ლგბტ კლუბში ვიყავი. მისი ყველა სტუმარი — ყირგიზია. ქალთა წყვილები ძალიან ცოტაა. ლესბოსელები ყირგიზეთში კიდევ უფრო იმალებიან, ვიდრე გეები.
ყირგიზეთში, ისევე როგორც რუსეთში, ხშირია გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდრების ცემა, გაუპატიურება და მკვლელობები. რუსეთში ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმები გახშირდა.
კლუბის რამდენიმე სტუმარს ველაპარაკე, მაგრამ მათზე არაფერს დავწერ — ბიშკეკი პატარაა და ნებისმიერი დეტალის ხსენება შეიძლება საშიში იყოს.
„მუდმივად გვამცირებენ და გვავიწროებენ. წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა ვიცხოვროთ. როგორ ვიპოვოთ პარტნიორი? როგორ ვუთხრათ მშობლებს? ან როგორ მოვიქცეთ ისე, რომ მშობლებმა არ გაიგონ? როგორ დავტოვოთ კლუბი უსაფრთხოდ?“
ყირგიზეთში „ლგბტ პროპაგანდისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის საჯარო განხილვებზე დეპუტატები ამბობდნენ: „ჩვენ რუსეთთან ერთად ვდგავართ აღმოსავლური სამყაროს დასავლურისგან დასაცავად“. როგორც ჩანს, ეს პოზიცია ბევრ „ობივატელს“ მოსწონს. ისინი არ ადევნებენ თვალყურს რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, და არ იციან, რომ როცა სახელმწიფოს აქვს უფლება დაჩაგროს ერთი სოციალური ჯგუფი, მერე უკვე შეუძლებელია ახალ–ახალი კანონების შეჩერება, რომელებიც ცენზურას ცხოვრების ყველა სფეროს დაუქვემდებარებს. საწყენია, თუკი ახლახან გაჩენილ სამოქალაქო საზოგადოებას ყირგიზეთში ასეთივე მომავალი ელის.