რა აქვთ ჩვენთვის სათქმელი ფემინისტ ეკონომისტებს?

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს „მწვანე აკადემიის“  2016 წლის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ორგანიზებული პრეზენტაციის მასალას.

,,საქმე ფულს ეხება, მაგრამ არა მარტო ფულს, დროსაც’’ (ანტონოპულოსი და სხვ., 2012).

ეკონომისტები ხშირად ცდილობენ, რეალობას შეხედონ ამ ორი განზომილების გათვალისწინებით. ვინ არიან მსოფლიოში დროის თვალსაზრისით  ღარიბები  და როგორ გავლენას ახდენს  დროის დეფიციტი მათ შემოსავალზე?  ვინ არიან ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბები ფულის და დროის დეფიციტის თვალსაზრისით?  

2016 წლის 23-29 ივლისის ისეთ ცხელ დღეებში, როდესაც გინდა, არჩევანი მხოლოდ ზღვის ნაპირას ნებივრობასა და ნაყინის ჭამას შორის გააკეთო, ახალგაზრდების ჯგუფი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ჩაქვში (საქართველო) შეკრიბა, რათა მწვანე და ფემინისტური ეკონომიკის შესახებ მოესმინათ ლექციები.  ქვემოთ რამდენიმე ისეთ საკითხს გაეცნობით, რომლებიც ამ შეხვედრებზე წამოიჭრა. ისინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკისთვის, არამედ  მწვანე მსოფლიოსთვისაც.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გენდერის ცნების  შეტანა. ხშირ შემთხვევაში, არავინ ითვალისწინებს იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური მდგომარეობისა და პროცესების ჩამოყალიბებაზე, და რომელშიც გენდერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეკონომიკა, რომელიც გენდერულ ფაქტორს ითვალისწინებს, ეკონომიკური ცხოვრების უფრო სრულ სურათს იძლევა საკვლევად. იგი ქალებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა ოჯახის ეკონომიკა, საოჯახო მოვალეობათა ეკონომიკა, უხილავი და აუნაზღაურებელი სამუშაო, სეგრეგირებული შრომის ბაზარი და ასევე, საპენსიო თუ სახელფასო უთანასწორობა (ელსონი 2009, ბლო, ფერბერი, უინკლერი 2002, ანტონოპულოსი, ჰირვეი 2012, პიცო 2005,  კაგატაი 2001).

ეკონომიკური ცნებების თანამედროვე გადააზრება

ადამ სმიტისეული (1776) Homo economicus[1] , რომელიც ბევრმა კაპიტალისტმა წამოწია,  რეალურ ბაზარზე იშვიათობას წარმოადგენს. ადამიანები ბაზარზე არ არიან  რაციონალური აქტორები, რომლებიც მხოლოდ ფასებს ითვალისწინებენ. ადამიანი უფრო რთული, მთლიანობის მქონე არსებაა და ბევრი ისეთი ფაქტორი ამოძრავებს,   ფიზიკურ თუ ემოციურ განზომილებაში რომ იღებს სათავეს.

ეკონომიკის ცნებებს ხშირად საკმაოდ ვიწრო მნიშვნელობა აქვთ და ბევრი მათგანის განხილვა უფრო ფართო კონტექსტშია საჭირო. მაგალითად, წარმოებად, ჩვეულებრივ ითვლება ის, რაც რეგისტრირებული საბაზრო საქმიანობის შედეგად ჩნდება. თუმცა, წარმოება  გაცილებით უფრო მეტია: ის მოიცავს ბაზრის ფარულ წარმოებასაც  და არასაბაზრო წარმოებასაც. ეს უკანასკნელი ორი ნაწილისგან შედგება: არასაბაზრო წარმოების ის ნაწილი, რომელსაც  ეროვნული ანგარიშები მოიცავს (SNA), და მეორე ნაწილი, რომელსაც აღნიშნული სისტემა არ მოიცავს. კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანო, საკუთარი ხარჯით და საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული საქონელი შედის ეროვნული ანგარიშების სიტემაში,  საკუთარი ხარჯით გაწეული მომსახურება კი - არა. მე თუ მეზობელს ფულს გადავუხდი და მოლის გასაკრეჭად დავიქირავებ, ეს მომსახურება ეროვნული ანგარიშების სისტემაში მოხვდება, მაგრამ თუ ამას მე თვითონ გავაკეთებ, მაშინ - არა, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო, შესაძლოა, ორივე შემთხვევაში ზუსტად ერთნაირად შესრულდება. საბაზრო და არასაბაზრო წარმოების ღირებულების ურთიერთ დასაკავშირებლად ფემინისტმა ეკონომისტებმა  „შინამეურნეობის თანმდევი ანგარიშის“ ცნება შეიმუშავეს (ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო 2003, ანტონოპულოსი, ჰირვეი 2012).

თანამედროვე სამყაროში საკმარისი აღარ არის საუბარი მთლიანი შიდა პროდუქტის  (მშპ) ზრდით  ან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლებით[2] გაზომილ ზრდაზე. ახლა გონივრული, მდგრადი და ინკლუზიური განვითარება გვჭირდება, რაც ,,გონივრულ’’ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას გულისხმობს; ,,მდგრადი“ კი - რესურსების უფრო მომჭირნედ და ეფექტიანად მომხმარებელ, უფრო მწვანე და უფრო კონკურენტუნარიან ეკონომიკას აღნიშნავს. დაბოლოს, ცნება, ,,ინკლუზიური“,  უნდა გავიგოთ, როგორც დასაქმების ხელშემწყობი ეკონომიკა, რომელიც მიმართულია თანაბარი შესაძლებლობის შექმნისკენ სხვადასხვა  სოციალური ფენებისა და სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის (ევროკომისიის მასალები 2010, ჯონსონ-ლეთემი 2007).

გენდერული თანასწორობა = ეკონომიკურ განვითარებას

ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ გენდერულ თანასწორობასა და განვითარებას შორის არსებულ დადებით კავშირზე. ამ ორი კატეგორიის ურთიერთქმედებას ხანდახან ,,ორმხრივი მოძრაობის მქონე ქუჩას“ უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობა ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს და პირიქით, ეკონომიკური განვითარება გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრი განვითარებული ქვეყანა ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვნებას პოლიტიკის შემუშავებისას. ამის საუკეთესო მაგალითი სკანდინავიის ქვეყნებია.  ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე გულისხმობს რომ ქალთა დასაქმების მაჩვენებელი და შემოსავალი უნდა  უახლოვდებოდეს მამაკაცთა დასაქმების მაჩვენებელს და შემოსავალს.

სხვადასხვა კვლევები აჩვენებს,  რომ ქალები უფრო მდგრადი ცხოვრების წესით ცხოვრობენ  ვიდრე მამაკაცები. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ქალები უფრო მეტად არიან წარმოდგენილები ბიზნესის ისეთ სექტორებში, რომლებიც გარემოს მიმართ მეგობრულია, როგორიცაა: გადამამუშავებელი წარმოება, ინფორმაციული სფერო/კომუნიკაციები და განათლების სფერო (ჯონსონი, ლეთემი 2007; ლიოფსტრომი 2009; კლასენი, ლამანა 2009).

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  შესაძლებელია როგორც გენდერული თანასწორობის გაზომვა ასევე,  მისი ეკონომიკურ ზრდასთან დამოკიდებულების შეფასებაც. ამ მიდგომის ფარგლებში გენდერული თანასწორობა ინდექსად გამოისახება.  ევროპაში ყველაზე ხშირად  გენდერული უთანასწორობის ინდექსი (GII) გამოიყენება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP)  მიერაა შემუშავებული[3]. არის ასევე  - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის _ (WEF) მიერ შემუშავებული გლობალური გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი[4] (GGG) და GEI_EIGE[5]  - გენდერული თანასწორობის ინდექსი, რომელიც ვილნიუსის გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის პუბლიკაციის შემდეგ დაინერგა.

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში,  ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში გენდერული თანასწორობის  ინდექსი მცირედით იზრდებოდა, რაც გენდერული თანასწორობის ზრდას მიანიშნებს. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ლატვიასა და პოლონეთში,  ეს ნიშნული, პირიქით, მცირდებოდა, რაც მნიშვნელოვან წილად 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის და მის შედეგად შრომის ბაზარზე ქალთა მდგომარეობის გაუარესების ბრალია. იმავე ქვეყნებში და იმავე პერიოდში, მამაკაცთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი  სტაბილური დარჩა.

გენდერული თანასწორობის ინდექსის (ამჯერად  GEI_EIGE-ს) და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელის შედარებისას, საილუსტრაციოდ შერჩეულ ევროპისა თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩანს, რომ გენდერულ თანასწორობასა და მშპ-ს ზრდას შორის უარყოფითი დამოკიდებულება შეინიშნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებში, რომლებშიც უფრო დაბალია გენდერული თანასწორობის ინდექსი, უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, (გამოსახულება 1). მეორე მხრივ,  დადებითი დამოკიდებულებაა  გენდერული თანასწორობის ინდექსსა  და ერთ  სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს შორის (გამოსახულება 2).

რას გვიჩვენებს ეს მონაცემები? რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მშპ  უფრო დაბალია ვიდრე დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით (დანია, გერმანია, ნორვეგია) მშპ-ის ზრდა (პროცენტული ცვლილება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით)  უფრო მაღალია აღნიშნულ ქვეყნების მშპ-ის ზრდასთან შედარებით და უარყოფით დამოკიდებულებაშია გენდერული თანასწორობის ინდექსთან, რომელიც ასეთივე ტემპით არ უმჯობესდება.

მაგრამ, როდესაც ზრდის მაჩვენებლის ნაცვლად ვუყურებთ ზოგად ეკონომიკურ განვითარებას და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ვხედავთ, რომ ის დადებით კორელაციაშია გენდერულ თანასწორობასთან. ანუ, რაც უფრო უმჯობესდება ეკონომიკური განვითარების დონე, ეს გენდერულ თანასწორობაზეც დადებითად აისახება.

 

წყარო: მკვლევარის გამოთვლები ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოსა და გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014

წყარო: საკუთარი გამოთვლები ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოსა და გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014

აუნაზღაურებელი შრომის ეკონომიკური ღირებულება

ქალებს მამაკაცებზე ნაკლები წვლილი შეაქვთ  ეკონომიკურ ზრდაში, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი მამაკაცებთან შედარებით უფრო ნაკლებ დროს ატარებენ ანაზღაურებად, ხოლო  მეტ დროს ანაზღაურების გარეშე გაწეული საქმინობისთვის. აუნაზღაურებელი სამუშაო შესაძლოა იყოს შინამეურნეობის წევრის მიერ შექმნილი  პროდუქტი თუ მომსახურება რომელიც  შრომის ბაზარზე არ იყიდება. ამავდროულად, ასეთი პროდუქტი/მომსახურება შეიძლება მოხმარებულ იქნას იმ ადამინების მიერაც, ვინც აღნიშნულ შინამეურნეობაში არ ცხოვრობენ.

აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობის მთლიანი ჩამონათვალი მართლაც გრძელია და ორმოცდაათამდე კატეგორიას მოიცავს. ძირითადი ჯგუფებია: ყოველდღიური საოჯახო საქმიანობა, მაღაზიებში სიარული, ოჯახის წევრების მოვლა, იმათი მოვლა, ვინც ოჯახის წევრი არაა, მოხალისეობრივი საქმიანობა და ოჯახის საქმეებთან დაკავშირებული მგზავრობა/მოგზაურობა. საშუალოდ, ევროპაში ქალები ყოველდღე 4, 37 საათს უძღვნიან საოჯახო საქმეს,  მამაკაცებს კი ასეთ შრომაზე მხოლოდ 2,36 საათი ეხარჯებათ. ქალები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს ბავშვების მოვლას უთმობენ, მამაკაცები კი - ბავშვებისათვის სწავლებას, კითხვას და მათთან თამაშს (მირანდა 2011, ანტონოპულოსი, ჰირვეი 2010, პიცო 2005).

მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული საქმიანობა  უხილავია და ანაზღაურებადი არ არის, მას აქვს ეკონომიკური ღირებულება. შინამეურნეობაში გაწეული საქმიანობის ღირებულება მთლიანი ეროვნული პროდუქტის 30-50%-ს შეესაბამება  (ბეკერი და ბეკერი  2006, ჰოზერ-კაჩმიელი 2007). აღნიშნული მაჩვენებელი გამოითვლება შინამეურნეობაში გაწეული საქმინობისთვის  „გამოყენებულ დროზე /Time Use Data“ დაყრდნობით, რომელიც მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობის სტატისტიკის სამსახურებისაგანაა შეგროვილი[6]. როდესაც ცნობილია დრო, რომელიც შინამეურნეობაში გაწეულ ამა თუ იმ  საქმიანობის შესრულება საჭროებს, იგი მრავლდება ამ სამუშაოს შესრულებისთვის ბაზარზე არსებულ საშუალო საათობრივ ხელფასზე. საოჯახო წარმოების ღირებულება საბაზრო წარმოების (მთლიანი ეროვნული პროდუქტის) 50%-ს შეიძლება უტოლდებოდეს. 

ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტული ეკონომიკური მაჩვენებლებს მიღმა გახედვა. სრული ეკონომიკური სურათის მისაღებად  მდგრადი განვითარების ტაქსონომიური საზომის გამოყენებაც შეიძლება (TMSD). იგი ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს მდგრადი განვითარების ძირითად ინდიკატორებს ეფუძნება და ქვემოთ ჩამოთვლილ ცვლადებს ითვალისწინებს: ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა რესურსების პროდუქტიულობა,  სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის  წინაშე მდგარი ადამიანები, უფროსი ასაკის სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებლები, ჯანსაღი ცხოვრების წლები და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, სასათბურე აირების გამოყოფა, განახლებადი ენერგიის წილი ენერგიის მთლიან და საბოლოო მოხმარებაში, პირველადი ენერგიის მოხმარება, ტრანსპორტის მიერ მოხმარებული ენერგიის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, დაბოლოს, სახელმწიფო ხელშეწყობა განვითარებაში, როგორც წილი მთლიან ეროვნულ შემოსავალში. ევროპის უმეტეს ქვეყნებში უკვე ორი ათეული წელიწადია მდგრადი განვითარების დონე  იზრდება. მდგრადი განვითარების ტაქსონომიური საზომის ყველაზე მაღალი ნიშნულები სკანდინავიის ქვეყნებში შეინიშნება. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა სამ ქვეყანაში: უნგრეთში, სლოვაკიასა და ლატვიაში. პირსონის კოეფიციენტი გენდერული თანასწორობის ინდექსსა (გთი) და მდგრადი განვითარების ტაქსონომიურ საზომს (მგტს) შორის კი 0,73-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია გენდერული თანასწორობა ქვეყანაში, მით მაღალია მდგრადი განვითარების დონე.

ღარიბები და მდიდრები - დროის თვალსაზრისით

სტანდარტული ეკონომიკური საზომების მიღმა არსებული კიდევ ერთი მაჩვენებელია LIMTIP - ლივაის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ინდექსი დროისა და შემოსავლის თვალსაზრისით სიღარიბის შესაფასებლად, რომელიც ორგანზომილებიანი სიღარიბის, უფრო ფართო ინდიკატორია.  LIMTIP იმ უხილავი ღარიბი ოჯახების გამოაშკარავებას ემსახურება, რომელთა შემოსავალი სიღარიბის ზღვრისთვის დადგენილ შემოსავალზე მაღალია, მაგრამ  დრო სიღარიბესთან გათანაბრებული დროის ზღვარს ჩამოუვარდება.

ეს ცნება იმის გააზრებაზეა დაფუძნებული, რომ თითოეულ ადამიანს დღე-ღამეში 24 საათი  აქვს ანაზღაურებდი/შემოსავლიანი საქმიანობისთვის, საოჯახო საქმისთვის, პირადი საჭიროებებისთვის  და დასვენებისთვის. „დახარჯული დრო“ აღნიშნული ინდექსში განისაზღვრება, როგორც ჯამი: (1) პირადი საჭიროებისათვის კვირის განმავლობაში მიძღვნილი დრო, (2) კვირის განმავლობაში საოჯახო საქმიანობისათვის გამოყოფილი დრო და (3) კვირის ის საათები, რაც ადამიანს ანაზღაურებად საქმიანობაზე ეხარჯება. ადამიანი დროის დეფიციტს განიცდის, თუკი მის მიერ ამ ელემენტების შესასრულებლად საჭირო დრო იმაზე მეტია, ვიდრე საათების ოდენობა დღის განმავლობაში (ანტონოპულოსი, მასტერსონი, ზაკარაიასი 2012). ასეთ შედეგებამდე არაერთ მიზეზს მივყავართ. ზოგიერთი ადამიანი მეტისმეტად დიდ დროს უთმობს სამუშაოს, სხვები კი - აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეს.

დღეისათვის გამოთვლილია არგენტინის, ჩილეს და მექსიკის  LIMTIP. არგენტინაში ოჯახების 6,2% მიიჩნევა ღარიბად შემოსავლის დონის მიხედვით, თუმცა, ქვეყანაში სიღარიბის დონე LIMTIP -ის მიხედვით 11,1%-ია. მექსიკაში ოფიციალურად ოჯახების 41%-ია ღარიბად მიჩნეული, მაგრამ, თუ  ორივე ასპექტს, დროისა და შემოსავლის მხრივ სიღარიბეს გავითვალისწინებთ (ზაკარაიასი, 2011) , ღარიბთა კატეგორიაში მოსახლეობის 50% მოხვდება. LIMTIP -ის გამოთვლის პირველი მცდელობები დაიწყო პოლონეთშიც. თუ   მოსახლეობას შემდეგ ჯგუფებად დავყოფთ: ა) შემოსავლის მხრივ მდიდარი, დროის თვალსაზრისით მდიდარი, ბ) შემოსავლის მხრივ ღარიბი, დროის თვალსაზრისით მდიდარი, გ) შემოსავლის მხრივ მდიდარი,  დროის თვალსაზრისით ღარიბი, დ) შემოსავლის მხრივ ღარიბი,დ როის თვალსაზრისით ღარიბი   - სურათი ასეთია: პირველ და ყველაზე დიდი უპირატესობის მქონე ჯგუფის 65%-ს მამაკაცები შეადგენდნენ, ხოლო ღარიბთა შორის უღარიბესების უმეტესობას -  74%-ს, ქალები.

რას გვთავაზობენ ფემინისტი ეკონომისტები ამ მდგომარეობის პასუხად? უპირველეს ყოვლისა,  სამი R-ის (Rethink, Register, Relocate) წესის[7] დაცვას, რომელიც ქალებისა და მამაკაცების მიერ შესრულებულ ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ სამუშაოებს შორის ბალანსს ამკვიდრებს. საჭიროა:

1. ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი სამუშაოს ცნების ხელახლა გააზრება (Rethink).
2. ანაზღაურებადი  და აუნაზღაურებელი სამუშაოსთვის დახარჯული დროის ოდენობის რეგისტრირება (Register).
3. აუნაზღაურებელი სამუშაოს გადატანა (Relocate) ანაზღაურებადი სამუშაოს კატეგორიაში შრომის ბაზარზე[8], რაც ნიშნავს, რომ:

ქალები ნაკლებად უნდა დაიტვირთონ საოჯახო საქმეებით და მეტად ჩაერთონ შრომის ბაზარზე, სადაც მათი შრომა ანაზღაურებული იქნება. ამ შემთხვევაში ისინი შეძლებენ თავიანთი რესურსების უკეთ ინვესტირებას იმის ნაცვლად, რომ გასული საუკუნეების მსგავსად მხოლოდ საოჯახო საქმეებში რეალიზდნენ. 

ამასთან ერთად, აუცილებელია გენდერული მგრძნობელობის დანერგვა ეკონომიკის ფაკულტეტებზე მთელ მსოფლიოში. ახლა თუ არა, მაშ როდის უნდა გაიაზრონ მკვლევარებმა და ეკონომისტებმა, რომ ეკონომიკა მხოლოდ ბაზარს და მონეტარულ ფენომენს არ მოიცავს, რომ ეკონომიკამ  საოჯახო ცხოვრების ასპექტებიც უნდა მოიცვას. ეკონომიკაში ამ განზომილებების  შემოტანით ფემინისტი ეკონომისტები გვთავაზობენ, სამყარო უფრო თანასწორუფლებიანი, უფრო მდგრადი, უფრო მწვანე გავხადოთ და ცვლილებები  საკუთარი თავიდან, ჩვენი ვაჟებიდან და ქალიშვილებიდან დავიწყოთ.

 

შენიშვნები:

[1] Homo economicus  ეკონომიკურად რაციონალურ და ანგარებიან ადამიანს ნიშნავს. ეს ბაზარზე აქტიური პირია, რომელიც, როგორც მომხმარებელი, მაქსიმალურად ცდილობს სარგებლის მიღებას, ხოლო როგორც მწარმოებელი, მაქსიმალურ მოგებას იღებს. 

[2] მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე ორი სხვადასხვა მაჩვენებელია, რომლებიც გამოიყენება ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის შეფასებისთვის. პირველი გვაძლევს ინფორმაციას თუ როგორ შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრებში წარმოებული პროდუქციის, ხოლო მეორე გვაძლევს ინფორმაციას თუ საშუალოდ როგორ ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით შექმნილი პროდუქციის და მომსახურების ღირებულება.

[5] http://eige.europa.eu/gender-statistics/gender-equality-index

[6]  www.timeuse.org. თუ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების შედარება გსურთ, მათი ჰარმონიზებაა  საჭირო www.tus.scb.se.

[7] სამი R-ის წესის ავტორისეული ანალოგი.  კლასიკური ვერსია სამი პრინციპის  - Reduce, Reuse, Recycle (შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება ) დანერგვას გულისხმობს.

[8] 3R -ის წესის მოქმედების გააზრებას  გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება ესაჭიროება. ამის მაგალითებია:  GEM-IWG-ის (გენდერისა და მაკორეკონომიკის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი)  ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები www.gem-europe.eu, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთკავკასიური რეგიონული ბიუროს მიერ ჩაქვში, საქართველოში მოწყობილი საზაფხულო სკოლები;    IAFFE-ს (ფემინისტი ეკონომისტების საერთაშორისო გაერთიანება) კონფერენციები;   ფემინისტური ეკონომიკის ჟურნალი  www.iaffe.org, და ევროკავშირის სხვა საინტერესო პროექტები.  ამ უკანასკნელის ეგიდით შჩეცინის უნივერსიტეტში ვინეტის მოწინავე გამოცდილების ცენტრი (Winnet Centre of Excellence) გაიხსნა. ეს მკვლევართა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო ქსელია, რომლის მიზანია ბალტიის ზღვის რეგიონში გენდერსა და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება და ხელშეწყობა.   www.balticsearegion.org.

 

გამოყენებული/მოხსენიებული ლიტერატურა:

 

 

ელსონი დ. (2009): გლობალური ფინანსური კრიზისის გენდერული განზომილებები

 

 

ბლო ფ.,  ფერბერი მ.,  უინკლერი ა.ე. (2002):  ქალების, მამაკაცების და მუშაობის ეკონომიკა. პრენტის ჰოლი, მეოთხე გამოცემა, გვ.1-5.

 

 

ანტონოპულოსი რ., ჰირვეი ი.  (2010): აუნაზღაურებადი სამუშაო და ეკონომიკა. გენდერი, დროის გამოყენება და სიღარიბე განვითრებად ქვეყნებში. პელგრეივ მაკმილანის გამომცემლობა, ნიო-იორკი.

 

 

ანტონოპულოსი რ.,  მასტერსონი ტ., ზაკარაიასი  ე. (2012): საქმე ,,დროშია“: რატომაა დროის დეფიციტი დაკავშირებული სიღარიბესთან. ბერდ კოლეჯის ლივაის ეკონომიკის ინსტიტუტი, საჯარო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა, No. 126, 2012.

 

 

პიცო ა. (2005): აუნაზღაურებადი სამუშაო და ეკონომიკა: ცხოვრების სტანდარტების გენდერული ანალიზი’’, რაუთლიჯი, გაერთიანებული სამეფო.

 

 

კაგატაი ნ. (2001): პროფესიული საქმიანობა, გენდერი და სიღარიბე. გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა, გეგპ-ს საინფორმაციო დოკუმენტი 2003.

 

 

ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო (2003): ოჯახური პროდუქცია და მოხმარება: მეთოდოლოგიის შეთავაზება ოჯახური მეურნეობის სატელიტური ანგარიშებისთვის. იხ. http://tilastokeskus.fi/tup/kantilinpito/hhsa_final_report_web2003-0409.vol.3. pdf

 

 

ევროკომისია (2010) ევროპა 2020: სტრატეგია გონივრული, მდგრადი და ყოვლისმომცველი ზრდისათვის. ბრუსელი.

 

 

ჯონსონ-ლეთემი ჯ. (2007): გენდერული თანასწორობის, როგორც მდგრადი განვითარების წინაპირობის კვლევა. გარემოს დაცვის საკონსულტაციო საბჭოსადმი წარდგენილი ანგარიში, შვედეთი.

 

 

 

 

 

იოფსტრომი ა. (2009): გენდერული თანასწორობა, ეკონომიკური ზრდა და დასაქმება. შვედეთის ინტეგრაციისა და გენდერული თანასწორობის სამინისტრო. იხ: http://www.arifl.regione.lombardia.it/shared/ccurl/278/82/EUstudie_sidvis[1].pdf

 

 

 

 

 

ლასენი ს. ლამანა ფ. (2009): განათლების სფეროსა და დასაქმებაში არსებული გენდერული უთანასწორობის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. გამოცემა ფემინისტური ეკონომიკა, No. 15 (3).2009.

 

 

მირანდა ვ. (2011): საჭმლის მზადება, მოვლა და მოხალისეობა: აუნაზღაურებადი სამუშაო მსოფლიოს ქვეყნებში. ეკონომიკური განვითრებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეგთო) სამუშაო დოკუმენტები სოციალური, დასაქმებისა სფეროსა და მიგრაციასთან დაკავშირებით. No. 116, ე გ თ ო -ს გამომცემლობა. იხ.  http://dx.doi.org/10.1787/5kghrjm8s142-en

 

 

 

 

 

ბეკერი გ. ს.,  ბეკერი ნ. (2006): სიცოცხლის ეკონომიკა: ბეისბოლიდან  თავისდამამკვიდრებელ ქმედებამდე და მიგრაციამდე. როგორ ზემოქმედებს რეალური სამყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჰელიონი, გლივიცე, 2006.

 

 

ჰოზერ-კოჩმიელი მ. (2008): გენდერული მეინსტრიმინგი ეკონომიკაში; ნაწილი II, ქალთა დროის განაწილება და მათი სამუშაოს ფასეულობა. შჩეცინის უნივერსიტეტი, , IADiPG, შჩეცინი.

 

 

ზაკარაიასი ა. (2011): დროისა და შემოსავლის მხრივ სიღარიბის დადგენა. სამუშაო დოკუმენტი №690. ქ. ანადეილი ჰადსონზე. ნიუ-იორკის შტატი. ბერდ კოლეჯის ლივაის ეკონომიკის ინსტიტუტი, ოქტომბერი.