სტატია სომხურ ენაზე გამოქვეყნებულია ამ ლინკზე.
გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ს (შემდგომში UNSCR 1325) ხშირად მოიხსენიებენ გარდამტეხ და რევოლუციურ რეზოლუციად[1]. პირველად მოხდა, რომ ისეთმა მასკულინიზებულმა ისტიტუტმა, როგორიცაა გაერთიანებული ერები, მიმართა შეიარაღებულ კონფლიქტსა და ქალთა საკითხებს და მოათავსა ისინი იერარქიის ერთსა და იმავე დონეზე, გააცნობიერა ქალთა აგენტობის მნიშვნელობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების ყველა დონეზე, როცა საქმე ეხება კონფლიქტების თავიდან აცილების, გადაჭრის და მშვიდობის მშენებლობის პროცესებს[2]. 2015 წლის ოქტომბერში, რეზოლუციის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წარმოადგინეს გლობალური კვლევა რეზოლუცია 1325-ის შესახებ[3]. კვლევის 191-ე გვერდზე წერია, რომ “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება გულისხმობს ომის თავიდან არიდებას და არა - ომის ქცევას ქალებისთვის უსაფრთხოდ“[4]. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი განაცხადისა, რეზოლუციის ირგვლივ არსებული დებატები ცხადყოფს, რომ რეზოლუცია ვერ ახერხებს ომის საწინააღმდეგო ფემინისტური დღის წესრიგის წინ წამოწევას და, უფრო მეტიც, იგი გამოყენებულია მილიტარისტული მიზნებისთვის – მისი რადიკალური პოტენციალი გარდაიქმნება ინსტრუმენტულ, კოოპტირებულ ფემინისტურ დღის წესრიგად.
მივმართავ რა ანტიმილიტარისტულ ფემინისტურ დებატებს, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, თუ როგორ „ქმნის” გენდერული უსაფრთხოების გაეროსეული გაგება „ომის” პროცესს. უფრო ზუსტად, ამ ესეში დავამტკიცებ, რომ UNSCR 1325 შემუშავდა არსებული გენდერული დისკურსების დახმარებით, რამაც შესაძლებელი გახადა მისი მილიტარისტული მიზნებისთვის გამოყენება. პოსტსტრუქტურალურ ფემინისტურ თეორიაზე დაყრდნობით, მე განვიხილავ რეზოლუციას, როგორც დისკურსულ პრაქტიკას და დავადასტურებ, რომ გენდერისა და უსაფრთხოების ცნებების გაეროს კონცეპტუალური აპარატისეული ინტერპრეტაცია, სთავაზობს სახელმწიფოებს შესაძლებლობას, რომ რეზოლუციის რადიკალურ მნიშვნელობასთან კოოპტაცია მოახერხონ – მიმართონ მილიტარისტული პრაქტიკების ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას და დაადუმონ ანტიმილიტარისტული კრიტიკა.
იმისათვის, რომ გავამყარო ჩემი არგუმენტი, ჯერ გავეცნობი იმ გენდერულ დისკურსებს, რომლებიც წინ უძღოდა რეზოლუციის შექმნას. შემდეგი ორი ნაწილი დაეთმობა ორ ძირითად მიმართულებას, რომელთა დახმარებითაც ვამტკიცებ, რომ რეზოლუცია მილიტარიზებულია: 1) გენდერის დაკავშირება „ქალებთან, რომელთაც ესაჭიროებათ დაცვა”, რაც ამართლებს მილიტარისტულ ჩარევებს და „უზრუნველყოფს” უსაფრთხოებას სამხედრო ძალების ზრდით/მობილიზებით და 2) ქალთა ჩართულობის გაზრდა უსაფრთხოების სფეროსა და შეიარაღებულ ძალებში ქალთა მონაწილეობის სახელით პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის პირობებში. ესეს დავასრულებ იმის ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია რეზოლუციის დისკურსის ანალიზი. ის ავლენს, თუ როგორ აძლიერებს რეზოლუცია, რომელსაც გამოწვევების წინაშე უნდა დაეყენებინა მილიტარისტული პატრიარქატი, ძალაუფლების იმ სტრუქტურებს, რომლის დამხობასაც ისახავდა მიზნად.
გენდერი, ომი და მილიტარიზმი დისკურსულ რელიეფში
თავიდან გთავაზობთ, რომ განზე გავუდგეთ ომისა და მშვიდობის საყოველთაოდ აღიარებულ პოლარიზებულ გაგებებს და ამის სანაცვლოდ, ყურადღება გავამახვილოთ მილიტარიზაციაზე, როგორც ომის „კეთების” უფრო ფართო და რთულ პროცესზე. ვამტკიცებ, რომ დისკურსების გაანალიზება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ ტოვებს გაეროს მიერ გააზრებული გენდერული უსაფრთხოება სივრცეს მილიტარისტული პრაქტიკებისთვის. კრისტინ სილვესტერი გვთავაზობს განმარტებას, რომ „ომი არის ზიანის მიყენების პოლიტიკა: ყველაფერი, რაც ომს უკავშირდება, მიმართულია იმისკენ, რომ დააზარალოს ხალხი და/ან მათი სოციალური გარემო[5].
ომი, როგორც „ზიანის მიყენების პოლიტიკა” არ არის გენდერისგან დაცლილი[6] და ხელს უწყობს „მილიტარიზებული მასკულინობის” პოლიტიკურ გაძლიერებას/გამოკვებას[7]. ომი სისტემურია და გარკვეულ კონტინიუმზე[8] არსებობს. ეს კონტინიუმი გულისხმობს მილიტარიზმის ციკლს, მილიტარიზაციის პროცესს, „ცხელი ომის” მონაკვეთებს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს, რომელსაც მოჰყვება არასტაბილური მშვიდობა, მდგრადი სამხედრო ინვესტიციები და უწყვეტი ძალადობა[9]. ითვალისწინებს რა ომის შესახებ არსებული გამოცდილებებისა და აღქმების სირთულეს, ბუნდოვანებასა და მრავალფეროვნებას, ეს ესე მსჯელობას ავითარებს ომისა და მშვიდობის ტრადიციულად შემოსაზღვრული ბიპოლარული ინტერპრეტაციის მიღმა. ესე აანალიზებს გენდერული უსაფრთხოების იმ დისკურსებს, რომლებიც ომზე მეტად ხელს უწყობს მილიტარიზაციას, რადგან მილიტარიზაცია იმ პროცესის ნაწილია, რაც ომს აქცევს ლეგიტიმურ, დაუსრულებელ ფენომენად[10].
სინტია ენლოუ[11] ამბობს, რომ მილიტარიზმი „ეტაპობრივი პროცესია, რომლის ძალით ინდივიდი ან სხვა ექცევა სამხედრო კონტროლის ქვეშ ან თავისთავად ექვემდებარება მილიტარისტულ იდეებს საკუთარი კეთილდღეობის გამო”. როგორც ლაურა შუბერგი და სანდრა ვია აღნიშნავენ, „მილიტარიზმი მოიცავს ომთან, ომზე დაფუძნებულ და ომის სამზადისთან დაკავშირებულ მნიშვნელობებს და მოქმედებებს; მოიცავს ყველაფერს, რაც არ არის უშუალოდ „ნამდვილი ომი”[12]. ომისა და მშვიდობის კულტურის შექმნის პროცესში მილიტარიზაცია მიმართავს სხვადასხვა არც თუ ისე ცხად ფორმას და მანიფესტაციას; ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ესე დაასაბუთებს, რომ მიუხედავად UNSCR 1325-ის პირველადი მიზნებისა, დაემხო პატრიარქალური კონფიგურაციები, იგი ერთ-ერთი აღმოჩნდა მასკულინიზებული მილიტარიზაციის ფარულ სტრატეგიებს შორის.
ესეს მიზანია შეისწავლოს ის, თუ როგორ წარმოიშვა გენდერისა და გენდერული უსაფრთხოების მნიშვნელობები UNSCR 1325-ის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ესეში გენდერი განიხილება, როგორც პერფორმატიული და არამდგრადი ცნება[13]. ეს აღქმა მომდინარეობს ჯუდით ბატლერის (2006) მიერ გენდერის თეორიზებისგან, რომ გენდერი უფრო „კეთების” პროცესია, ვიდრე „ყოფნა”. როგორც ბატლერი ხსნის, გენდერი „ყოველთვის კეთების პროცესშია, თუმცა არა სუბიექტის მიერ, რომელიც შეიძლება წინ უსწრებდეს მოქმედებას”[14]. გენდერის პერფორმატიულობა გულისხმობს, რომ გენდერი არის სხვადასხვა დისკურსის შედეგი და არ გამომდინარეობს მაინცდამაინც სხეულის მატერიალურობიდან. გენდერული დისკურსების დახმარებით, ადამიანები ქმნიან გარკვეულ პრაქტიკებს და ცოდნას, რომელთაც გააჩნიათ ძალაუფლების მწარმოებელი მნიშვნელობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს დისკურსები თავადვე ქმნის სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, გენდერის გაეროს კონცეპტუალური აპარატისეული განსაზღვრების ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა გავიგოთ თუ როგორ იქმნება და ხორციელდება დისკურსული პოლიტიკა რეალობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დისკურსების დახმარებით, რომელი ქმედებების ნატურალიზება ხდება და რომლების ვერ ხერხდება?
გაეროსთვის მოქმედი დისკურსები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „ენას აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში”[15]. ლაურა შეპერდი მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება გვინდა, უნდა გავიგოთ არამარტო ის თუ, რა მნიშვნელობა აქვს ამ პოლიტიკას, არამედ ისიც, თუ როგორ შეიძინა მან ეს მნიშვნელობა[16]. ის აღნიშნავს, რომ დისკურსები მოიცავს არა მხოლოდ ენასა და განცხადებებს, არამედ გარკვეულ სისტემებს, რომლებიც ქმნის მნიშვნელობებს[17]. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, რეზოლუცია აწესებს და ეწინააღმდეგება „უსაფრთხოების” და გენდერის „კეთების” კონკრეტულ ნორმატიულ გაგებებს. UNSCR 1325-ზე მიბმული ღირებულებითი მნიშვნელობები დიდ გავლენას ახდენს რეზოლუციის განხორციელებაზე. შესაბამისად, ჩვენ, პირველ რიგში, კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ის, თუ როგორ განაპირობა გაეროს გენდერისა და უსაფრთხოების გაგებებმა რეზოლუციის შექმნა და განხორციელება და ამასთან, რეზოლუცია უნდა განვიხილოთ, როგორც დისკურსული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს და აწესებს გენდერის, ომისა და მშვიდობის გაგებებს.
როგორც ლაურა მაკლაუდი აღნიშნავს, გენდერული უსაფრთხოების კონკრეტული გამოვლინება დამოკიდებულია „გენდერისა” და „უსაფრთხოების” ცნებების ლოგიკაზე[18]. იგი „არსებითად პოლიტიკურია”, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ აქტორებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ გენდერის გაგება და ის შესაძლებლობები, რაც კონკრეტული დისკურსიდან გამომდინარეობს. ამას ახერხებენ გაეროს პოლიტიკისა და დოკუმენტების საკუთარი განსაზღვრებების საფუძველზე. ესეში ვამტკიცებ, რომ გაეროს მშვიდობის შენების დისკურსში წარმოჩენილი გენდერი და გენდერული უსაფრთხოება ლეგიტიმურს ხდის სახელმწიფოების მიერ გარკვეული ქმედებების გატარების (მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა) და კონკრეტული ინიციატივების თავიდან არიდების შესაძლებლობებს (ომის საწინააღმდეგო და ანტი-მილიტარისტული კრიტიკის ჩახშობა). იმისათვის, რომ გავამყარო ჩემი პოზიცია, გავაანალიზებ რეზოლუციის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბებულ გენდერულ პოლიტიკას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გენდერული უსაფრთხოების დისკურსებს. შემდგომ კი განვიხილავ იმ ორ მთავარ მიმართულებას, რომელთა დახმარებითაც, ჩემი მიგნებით, რეზოლუცია კოოპტირებული და მილიტარიზებულია სახელმწიფოების მიერ.
ქალებისთვის უსაფრთხო ომი: რეზოლუცია 1325 და “herstory”
2000 წლიდან მოყოლებული, რეზოლუცია 1325-ის მიღების შემდგომ, კიდევ 6 რეზოლუცია მიიღო უსაფრთხოების საბჭომ. ამ რეზოლუციებმა ერთად განსაზღვრეს “ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგი გაერთიანებული ერებისთვის[19]. WPS დღის წესრიგი მოიცავს სამ ძირითად “სვეტს”: დაცვა, აღკვეთა და მონაწილეობა. ესეს შემდგომ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებ ორ ძირითად მიმართულებაზე და დავამტკიცებ, რომ როგორც „დაცვა”, ასევე „მონაწილეობა” გამოიყენება სახელმწიფოების მიერ ინდუსტრიული სამხედრო კომპლექსების ზრდისა და სამხედრო უსაფრთხოების დაწესებულებებში ხალხის მობილიზებისთვის.
მიიჩნეოდა, რომ UNSCR 1325-მა ახლიდან შექმნა გაეროს საყოველთაოდ აღიარებული გაგება ადამიანის უსაფრთხოების შესახებ – რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, უსაფრთხოება არის კონფლიქტის არარსებობა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია[20]. როგორც რეზოლუციაშია ხაზგასმული, გაეროს ქარტიის საფუძველზე, უსაფრთხოების საბჭოს ძირითადი პასუხისმგებლობა „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა”. ამ ლოგიკაზე დაყრდნობით, რეზოლუციის მიხედვით, გენდერული უსაფრთხოება განხილულია, როგორც ადამიანის უსაფრთხოების გაგების განვრცობა. იგი ფორმირებულია ისე, რომ კითხვის ქვეშ არ აყენებს უსაფრთხოების აღიარებულ გაგებას, რომლის მიხედვითაც მილიტარისტული ინსტიტუციები უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია.
უფრო მეტიც, ბევრი ფემინისტი პაციფისტისთვის UNSCR 1325 პრობლემატურია, რადგან იგი პირდაპირ არ აყენებს კითხვის ქვეშ არსებულ ძალაუფლებრივ სტრუქტურებს და აღქმებს ომის სისტემის შესახებ[21]. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია ცხადად უსვამს ხაზს ქალების ძალადობისაგან დაცვას, მათ ჩართულობას სამშვიდობო მოქმედებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში, რეზოლუციის ტექსტში არცერთი პარაგრაფი არ ეთმობა კონკრეტულად ომისა და მილიტარიზმის თავიდან აცილებას. სწორედ ამის გამო, რეზოლუცია წინასწარ უშვებს ომის არსებობას, ბუნებრივად მიიჩნევს მილიტარიზაციის აუცილებლობას და, ზოგადად, ამ ფენომენს არ აყენებს ეჭვქვეშ მაშინ, როცა უნდა ზრუნავდეს, გარდაუვალი ომები ნაკლებად საფრთხის შემცველი გახდეს ქალებისთვის. იმის დასტური, რომ “გენდერული უსაფრთხოების” ცნება აგებულია ისე, რომ ეჭვი არ შეაქვს ომსა და მილიტარიზმში, არის რეზოლუციის “herstory”.
2000 წელს, ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც იმუშავებდნენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე და ადვოკატირებას გაუწევდნენ რეზოლუციის მიღებას[22]. მუშაობის პროცესმა მოითხოვა უამრავი აქტორის, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის, დიდი შრომა. მიუხედავად ამგვარი სამუშაო პროცესისა, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა აქტორს, თუკი დავაკვირდებით ძირეულ ღირებულებებს, რეზოლუციის მიღმა არსებულ თავდაპირველ მიზნებს - რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამოიკვეთება.
უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სამუშაო ჯგუფის წევრების უმრავლესობა საკუთარ თავს არც „ომის მოწინააღმდეგედ” მიიჩნევდა და არც ფემინისტად[23]. ექვსი წევრიდან მხოლოდ ქალთა საერთაშორისო ლიგამ მშვიდობისთვის (WILPF) ღიად უწოდა საკუთარ თავს ფემინისტი, ომისა და მილიტარიზმის მოწინააღმდეგე და თავი არ აურიდებია „პოლიტიკურ” საკითხებზე საუბრისათვის[24]. “მეტად პოლიტიკურ” საკითხად იქნა აღქმული WILPF-ის შემოთავაზება, რომ ესაუბრათ იარაღებით საერთაშორისო ვაჭრობაზე, მილიტარიზმზე და მის მიმართებაზე მასკულინობებთან. აქედან გამომდინარე, შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზებზე საუბარი გაიგებოდა, როგორც მეტად რადიკალური საკითხი რეზოლუციაში გათვალისწინებისთვის.
მსგავსი ლოგიკა რომ რეზოლუციას აკლია, ამაზე მიუთითებს WPS-ის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ისტიტუციების საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკების გადმოღება, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამხედრო ძალით. ამის შედეგად, რეზოლუცია მხარს უჭერს ქალების ჩართვას ომში, იმაზე მინიშნებით, რომ მათ ახლა აქვთ თანასწორი უფლება მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული ომების დასრულებაში. ომის, როგორც სისტემის არსებობას და მილიტარულ-ინდუსტრიული კომპლექსების შექმნას არ ეწინააღმდეგება UNSCR 1325 და, შესაბამისად, მის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, თავისთავად გულუბრყვილო იქნებოდა, რეზოლუცია შეწინააღმდეგებოდა ომს მაშინ, როცა იარაღით გლობალური ვაჭრობის მოგების 80% მიდის უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან[25]. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ რეზოლუცია ომის წინააღმდეგია.
არა მარტო ომი, არამედ მილიტარიზებული მასკულინობებიც არ არის მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის. რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი კაცებსა და ძალადობის მასკულინურ კულტურაზე[26]. რეზოლუციაზე დაყრდნობით ხდება ქალებისა და გოგოებისკენ მიმართული ძალადობის გარდაუვალობის ნორმალიზება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება „ქალებისა და გოგოების დაცვა ძალადობისგან კონფლიქტის დროს თუ კონფლიქტის შემდგომ” და „ქალებისა და გოგოების დაცვა გენდერული ძალადობისგან, კერძოდ, გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობისგან”. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რეზოლუცია არ უქმნის საფრთხეს პატრიარქატს; რეზოლუციის დღის წესრიგის მიღმა რჩება კაცთა დომინაციის პატრიარქალური სისტემა.
ესეს შემდეგი ორი ნაწილი ეთმობა იმ ორ მიმართულებას, რომელთა მიხედვითაც ხდება რეზოლუციის მილიტარიზაცია: 1) გენდერის დაკავშირება „ქალებთან, რომელთაც სჭირდებათ დაცვა” (WPS დღის წესრიგის “დაცვის” სვეტი) და 2) ქალთა „მონაწილეობის” უზრუნველყოფა პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის პროცესში მათი სამხედრო და უსაფრთხოების სექტორში მონაწილეობის გზით („მონაწილეობის” სვეტი).
„ისინი იარაღებით დაგიცავენ”: გენდერი, როგორც „ქალების დაცვა”
როგორც ნადინ ფიუჩგირბალი ამბობს, გაეროს ენის მიხედვით, ქალები წარმოდგენილები არიან, როგორც მსხვერპლები, რომელთაც ესაჭიროებათ დაცვა (Puechguirbal, 2015: 254). მისი ინოვაციურობის მიუხედავად, რეზოლუცია 1325 იყენებს ვიქტიმიზაციის ენას. “გამოთქვამს რა შეშფოთებას, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები ზარალდებიან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად” და აცნობიერებს რა იმ შედეგებს, რაც თან სდევს “[ქალთა] დაცვისკენ მიმართულ ინსტიტუციურ ღონისძიებებს”, რეზოლუცია მოითხოვს “ქალებისა და გოგოების ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას”, “ქალებისა და გოგოების გენდერული ძალადობისგან, განსაკუთრებით, გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობისგან დაცვას” და “ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებას” (UNSCR 1325). რეზოლუციაში ქალები ბავშვებთან ერთად განხილულნი არიან მოწყვლად ინდივიდებად. მართლაც, როგორც სინტია ენლოუ აღნიშნავს, “მილიტარიზმი ეფუძნება ქალებისა და ფემინურობის შესახებ არსებულ მოსაზრებებს” (Enloe, 2000: x;Enloe, 2010: 3). ამდენად, რეზოლუცია ადასტურებს იმ აზრს, რომ (მილიტარიზებული) კაცები არიან ისინი, ვისაც მიემართება მილიტარიზმი, ისინი არიან “დამცველები” მაშინ, როცა ქალები წარმოადგენენ “სხვებს” - უმწეოებს, “დაცულებს”, “ქალებს და ბავშვებს”.
UNSCR 1325-ის განხორციელების ერთ-ერთი გზა ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაა (NAPs). ლაურა შეპერდმა გაანალიზა ექვს ქვეყანაში (ავსტრალია, საქართველო, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) გატარებული ეროვნული სამოქმედო გეგმა. მისი მიგნებები ცხადყოფს, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებს “ქალთა დაცვაზე” და მათთვის “ომის უსაფრთხოდ ქცევაზე”. ისეთი ქვეყნების სამოქმედო გეგმის მიხედვით, როგორიცაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, ომი და დაუცველობა მიემართება არა მათ, არამედ “სხვა ქვეყნებს” (Shepherd, 2016: 1). ეს უკანასკნელი გულისხმობს სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე შეიარაღებული მოქმედებებისთვის მხარის დაჭერას (Kronsell and Kronsell, 2012: 5), რაც ქმნის შესაძლებლობებს უცხოური (სამხედრო) ინტერვენციებისთვის.
მიმართავს რა მიშელ ფუკოს ცნებას “governmentality”, ოდრი რივსი აღნიშნავს, რომ გაეროს მშვიდობის შენარჩუნების დისკურსების მიხედვით, გარკვეული გამართლება მოეძებნება სამხედრო ინტერვენციებს პოსტკოლონიურ სამყაროში (Reeves, 2012: 350). აქედან გამომდინარე, ის დისკურსი, რომელიც ქალებს წარმოაჩენს, როგორც დასაცველ სუბიექტებს, შესაძლოა, ხელს უწყობდეს გლობალური იერარქიების შენარჩუნებას და მხარს უჭერდეს “კოლონიურ ფემინიზმს” (Al-Ali and Pratt, 2009). მაგალითისთვის, UNSCR 1325-ს მიმართა უსაფრთხოების საბჭომ ერაყის შესახებ რეზოლუცია 1483-ის პრეამბულის შემუშავებისას და ქალთა ჩართულობა რეკონსტრუქციის პროცესში გამოიყენეს სამხედრო ოკუპაციის გამართლებისა და ჩაგრულ ქალთა “გათავისუფლების” სახელით (Cohn et al., 2004: 138). მოგადამის მიხედვით, რეზოლუცია ასცდა თავის მიზანს და გამოვიდა “ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომის” სახელით (Moghadam, 2015: 339). ამრიგად, კოლონიური “ინტელიგიბელურობები” და პრაქტიკები კვლავაც განაგრძობენ “დაცვის” სახელით მოქმედებას (Agathangelou and Turcotte, 2015: 43). UNSCR 1325 ყურადღების მიღმა ტოვებს კლასის, ეთნიკურობის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების ინტერსექციურობას და აგრძელებს “თეთრი დასავლური ჰეტეროსექსუალური ფემინიზმის” (Santos et al., 2012;Pratt, 2013) კვლავწარმოებას. იგი ვერ ახერხებს კითხვის ქვეშ დააყენოს კაპიტალიზმი, ნეოკოლონიალიზმი ან იმპერიალიზმი და მოიცვას ინტერსექციური და პოსტკოლონიური ფემინისტური მიდგომები.
ქალთა დაცვის სახელით, UNSCR 1325 და WPS-ის დღის წესრიგის “დაცვის” სვეტი გამოიყენება სახელმწიფოების მილიტარისტული, იმპერიალისტური და ნეოკოლონიარული მიზნების მისაღწევად. გენდერი, გაეროს მიერ, გაგებულია, როგორც “დაცვის საჭიროების მქონე ქალების” არსებობა მაშინ, როცა გენდერული უსაფრთხოება წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ, სახელმწიფოზე ორიენტირებულ უსაფრთხოების მილიტარისტული გაგებას. ის, თუ როგორ მუშაობს რეზოლუციაში გენდერისა და გენდერული უსაფრთხოების ლოგიკა და როგორ ხდება მათი გაგება გაეროს მიერ, მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დისკურსების მანიპულაციის საშუალებით ხდება შესაძლებელი რეზოლუციის კოოპტაცია. თუმცა, “დაცვა” არ არის რეზოლუციის მილიტარიზაციისკენ მიმართული ერთადერთი სტრატეგია. სომხეთის მაგალითზე დაყრდნობით, ესეს ბოლო ნაწილი განიხილავს, თუ როგორ უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობა სახელმწიფოების მილიტარისტულ დღის წესრიგს და მასკულინური ძალაუფლების პარადიგმას გამოწვევის გარეშე ტოვებს.
“We can do it”: ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორსა და შეიარაღებულ ძალებში
რეზოლუცია 1325 გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონფლიქტის აღკვეთისა და გადაჭრის კუთხით, ქალთა როლის გაზრდის საჭიროებას აცნობიერებს. იგი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა გაზრდილი მონაწილეობა ნაციონალური, რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუციების დონეზე და შეიმუშავოს მექანიზმები კონფლიქტის აღკვეთის, მართვისა და გადაჭრისთვის. იგი “მოუწოდებს გენერალურ მდივანს, რომ განახორციელოს (A/49/587) ქმედების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ასევე გულისხმობს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების დონეზე, კონფლიქტის აღკვეთის, მართვისა და გადაჭრისთვის”. საინტერესოა იმაზე დაკვირვებაც, თუ რა სახეს იღებს ქალთა მონაწილეობა კონფლიქტების გადაჭრასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. კერძოდ, ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, შეიძლება შევადაროთ სამხედრო ინსტიტუციებში ქალთა რაოდენობის ზრდას. ქვეყანაში 1325-ის ირგვლივ არსებულ მწირ მონაცემებზე დაყრდნობით ჩანს, რომ ქალთა მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორში არის UNSCR 1325-ის განხორციელების ძირითადი მიმართულება და სხვა სექტორებში ამის განხორციელება ნაკლებად ხერხდება.
აქედან გამომდინარე, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, სომხეთის პარლამენტში 131 წევრიდან თორმეტია ქალი. მხოლოდ ორი ქალი იკავებს მინისტრის პოზიციას და ბოლო წლების განმავლობაში ქალი მინისტრების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (Shahnazaryan, 2015). ქალები არ არიან ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მათი ძალისხმევა არაფორმალურ მარგინალურ დონეზევე რჩება (Kvinna till Kvinna,2012; The Global Network of Women Peacebuilders, 2013). იგივე ტენდენცია არ გამოიკვეთება, როცა საქმე ეხება უსაფრთხოების სექტორს. სომხეთში უსაფრთხოების სექტორში მიმდინარეობს რეფორმები, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ამ სფეროში ქალების მეტი ჩართულობაა (Armenpress,2015b). სომხეთის თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის ივნისში განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდებოდა ქალების მიღება ქვეყნის ორ უმთავრეს სამხედრო ინსტიტუციაში (Abrahamyan, 2013). ეს შემდგომში განიხილებოდა, როგორც დიდი ნაბიჯი რეზოლუციის განხორციელების კუთხით. შესაბამისად, UNSCR 1325-ის განხორციელება გაიგივებული იყო სომხეთის თავდაცვასა და სამხედრო ინსტიტუციებში ქალების მონაწილეობასთან. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ ქალთა დაცვა მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიწოდებაშია, რაც ასევე ნიშნავს, რომ გენდერული უსაფრთხოების ცნება უსაფრთხოების მილიტარისტული ხედვითაა აგებული.
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ასრულებს სომხეთი თავის ვალდებულებებს გამოიკვეთება სომხეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაში, რომლის მიზანიც რეზოლუცია 1325-ის წარმატებული განხორციელებაა (NATO,2016). სინამდვილეში, NATO/EAPC-ის 2014-2016 სამოქმედო გეგმის შედეგებისა და აქტივობების განხილვისას, ცხადი ხდება რეზოლუციის სახელით განხორციელებული მილიტარიზაციის ფართო მასშტაბები. როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია გაწერილი, NATO-ს ფუნდამენტური მიზანია, დაიცვას თავისი ყველა წევრის თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკური თუ სამხედრო გზით (NATO, 2014). ამავდროულად, NATO-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში რეზოლუციის კოოპტაცია არ არის ახალი მოვლენა და უკვე განხილულია ანტიმილიტარისტი ფემინისტების მიერ (Cockburn, 2009).
ნატოსა და სომხეთის მოკავშირეობის გაძლიერების მიზნით, სომხეთში, 2014 წლის ნოემბერში “ნატოს კვირეული” ჩატარდა. ერთ-ერთი თემა იყო სომხეთში UNSCR 1325-ის განხორციელება (Leach, 2014;UNFPA, 2015). გასაკვირი არაა, რომ რეზოლუციის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება თავდაცვის მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და UNFPA სომხეთის მიერ იქნა დაგეგმილი. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სომხეთის მილიტარისტულ და ლიბერალურ მიდგომას რეზოლუციის განხორციელებისადმი. მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა 2015 და 2016 წლებშიც.
2015 წლის სამ აპრილს თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრის დროს განხილული იყო რეზოლუცია 1325. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მიერ არჩეული რეზოლუციის განხორციელების სტრატეგია წარმატებულია. ამ სტრატეგიის განხორციელების ინდიკატორებია, როგორც ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორსა და პოლიტიკაში, ასევე სამხედრო ინსტიტუციებში ქალთა რაოდენობის გაზრდა (A1plus.am, 2015).
იმავე წლის ნოემბერში, UNFPA სომხეთმა, სომხეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს რეზოლუცია 1325-ის განხორციელების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, დიპლომატიური უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებების საერთაშორისო ცენტრის უფროსმა ექსპერტმა ვაჰან ასტრიანმა ისაუბრა UNFPA-ს მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევაზე, რომელიც ეხება სომხეთში უსაფრთხოების სფეროში ქალთა მონაწილეობას . ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა არტურ ათანისიანმა ისაუბრა წიგნზე “ქალები და არმია”, რომელიც ეხება ქალთა ჩართულობას შეიარაღებულ ძალებში (UNFPA, 2015).
არ არის გააკვირი, რომ 2016 წლის “ნატოს კვირეულის” მიმდინარეობისას ნატოს მოკავშირე ოფიცერმა სამხრეთ კავკასიაში, უილიამ ლაჰუმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც მიემართებოდა “სამხედრო ძალებში ქალების” საკითხს, აღნიშნა, რომ “სამხედრო მოქმედებებში ქალთა როლი და მნიშვნელობა უარყოფილი იყო წლების განმავლობაში, თუმცა გაერო და ნატო აღიარებს ამ როლსა და მნიშვნელობას” (Mediamax.am, 2016). ამ მაგალითებზე დაკვირვებით, კარგად ჩანს, რომ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორში მიჩნეულია რეზოლუციის საბოლოო მიზნად. ქალთა გაზრდილი მონაწილეობა მილიტარიზმში და რეზოლუციის არასწორი გამოყენება გლობალური მილიტარიზაციის გარე ზემოქმედების კი არა, ზოგადად, მიმდინარე მილიტარიზაციის ორმხრივი შედეგია. „ერი-არმიის“ პარადიგმის მიხედვით, რომელიც სომხეთის მმართველმა ელიტამ დაამკვიდრა (News.am, 2017), ერი გაიგივებულია არმიასთან, სომხური საზოგადოება კი ქცეულია სამხედრო საზოგადოებად. ამ აღქმის მიხედვით, ქალთა დღის წესრიგი ხდება კიდევ ერთი ნაციონალისტური მილიტარისტული მიზნების გატარების საშუალება.
შეიძლება ითქვას, რომ მილიტარიზმში ქალთა მოაზრება მიმართულია WPS დღის წესრიგის გატარებისკენ, რადგან იგი საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, ომი გახდეს უკეთესი (Shepherd, 2016). სინამდვილეში, მეტი ქალის მოაზრება იმ ინსტიტუციაში, რომლის “უმთავრესი მიზანი” „ერთი ჯგუფის“ წინააღმდეგ ძალადობის მიმართვის პარალელურად „მეორე ჯგუფის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფაა (Al-Ali, 2009), არ შეიძლება იყოს რადიკალური ქმედება. რთულია იმის დაშვება, რომ სტრატეგიას “დაამატე ქალები და მოურიე” შეუძლია მილიტარიზებული მასკულინობის შეცვლა. როგორც ჰანა ვრაითი (Wright, 2015: 505) წერს, „ქალთა რეკრუტირება ხელს უწყობს მილიტარიზმის გაფემინურებას, თუ უბრალოდ ფემინიზმის მილიტარიზაციას ემსახურება?“ ამ რიტორიკულ კითხვას მივყავართ იმ აზრამდე, რომ ძალაუფლების სტრუქტურები, რომელთა დამხობა სურთ ფემინისტებს, არის ის სტრუქტურები, რომლებიც ქალთა მათ რიგებში მოაზრებას მოითხოვს (Cohn et al., 2004: 138). აქედან გამომდინარე, UNSCR 1325-ზე დაყრდნობით ქალები მოიაზრებიან უსაფრთხოების სექტორსა და შეიარაღებულ ძალებში ისე, რომ ვერ ხდება მილიტარიზმის ფუნდამენტურად მასკულინიზებული კულტურის ჩამონგრევა/დამხობა, უთანასწორო ძალაუფლების სტრუქტურებისა და ომის სისტემის კითხვის ქვეშ დასმა.
დასკვნა
UNSCR 1325-ს აქვს პოტენციალი, ძირი გამოუთხაროს ჰეგემონურ გენდერულ ნორმებს და ხელი შეუწყოს გენდერული უსაფრთხოების კრიტიკულ გადააზრებას. მიუხედავად ამისა, ამ ესეში ვამტკიცებდი, რომ მისი რევოლუციური პოტენციალის მიუხედავად, UNSCR 1325 ქმნის საფუძველს ომის სისტემის სამუდამო შენარჩუნებისთვის მაშინ, როცა მის დამხობას უნდა ცდილობდეს. იგი ქალთა დღის წესრიგს გარდაქმნის იარაღად პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის, რომლებიც განსაზღვრულია კაცების მიერ კაცებისთვის. „გენდერისა“ და „გენდერული უსაფრთხოების“ გაეროსეული გაგების და გამოყენების შესახებ განხილვის არარსებობა, არა მხოლოდ ხელუხლებელს ტოვებს ომის სისტემას, არამედ ხელს უწყობს ომის ნორმალიზებას ძალაუფლებაში მყოფი მილიტარიზებული აქტორების მხრიდან. იგი ქალთა „დაცვისა“ და „ჩართულობის“ სახელით იყენებს ქალთა აგენტობას ძალაუფლებრივი სტრუქტურების კვლავწარმოებისთვის ნეოლიბერალური აბსოლუტური ძალაუფლების ფარგლებში. ამით იგი არათუ საშიშროებას უქმნის მილიტარიზაციას, არამედ საფუძველს ქმნის ფემინიზმის მილიტარიზაციისთვის.
გაეროს უსაფრთხოების აპარატის მოქმედების და მის მიერ გენდერისა და გენდერული უსაფრთხოების გაგების ეჭვქვეშ დაყენება, გაბედული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ენის კრიტიკული გაანალიზება, რომელსაც იყენებს გაერო, რადგანაც დისკურსები, რომელსაც ის ქმნის, რეზოლუციის განხორციელების გზებს განსაზღვრავს. ჟაკ დერიდა (1989) აღნნიშნავს, რომ არაფერია „ტექსტის მიღმა“; ჩვენს ქმედებებს მნიშვნელობა ენიჭებათ სიტყვებზე დაყრდნობით. დისკურსული პრაქტიკები აგებს, ქმნის და ლეგიტიმურს ხდის გარკვეულ მნიშვნელობებს და ქმედებებს და სწორედ ეს პრაქტიკები უნდა დაისვას კითხვის ქვეშ. UNSCR 1325-მა არ უნდა შეუწყოს ხელი ომის ნორმალიზებას და მილიტარიზაციის პროცესებს; ის უნდა გამოიყენებოდეს დემილიტარიზაციის წახალისებისთვის, ანტიმილიტარისტული სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებისთვის და უზრუნველყოფდეს სახელმწიფოზე ორიენტირებული და მილიტარიზებული უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული გაგების ჩანაცვლებას მშვიდობის ფემინისტური კონცეპტუალიზაციით.
შენიშვნები:
[1] Cohn, 2008; Shepherd, 2015.
[2] UNSCR 1325, 2000.
[3] UN Women, 2015.
[4] Coomaraswamy, 2015.
[5] Sylvester 2012, 3-4.
[6] Parashar 2015, 100.
[7] Enloe 2000, 100.
[8] Cockburn 2015, 114.
[9] Cockburn 2004.
[10] Enloe 2014, Enloe 2000.
[11] Enloe 2000, 3.
[12] Shepherd 2016, 2.
[13] McLeod 2016, 17.
[14] Butler 2004.
[15] Shepherd 2010b, 144.
[16] იქვე.
[17] Shepherd 2010b, 156.
[18] McLeod 2011, 595.
[19] Shepherd 2015, 273.
[20] Shepherd 2008b, 127; McLeod 2016, 37; Zajović 2010.
[21] Cohn 2008; Cockburn 2007.
[22] Cohn 2008, 4.
[23] Cohn 2008, 12.
[24] იქვე.
[25] Cohn 2008, 18.
[26] Cockburn 2013, 444.
ბიბლიოგრაფია
(1989). Jacques Derrida, Of Grammatology (1970). Minneapolis: Minneapolis: University of Minnesota Press.
(2000). UNSCR 1325. ხელმისაწვდომია:
https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/N00/720/18/PDF/N0072018.pdf?OpenElement
(2012). Armenia and Azerbaijan: Stuck in conflict over Nagorno-Karabakh. The Kvinna till Kvinna Foundation.
(2013). 2013 Civil Society Monitoring Country Report on Implementation of United Nations Security Council Resolution 1325 “Women, peace and security”. Goris Women's Development "Resource Center" Foundation, Society Without Violence, Democracy Today, Women’s Resource Center, Peace Dialogue, Women’s Rights Center, Armenian Young Women’s Association.
(2015). Մարիետ Շուրմանի գլխավորած պատվիրակությունը ՀՀ ՊՆ-ում. ხელმისაწვდომია: http://www.a1plus.am/1375173.html [მოპოვებულია 01/05/2017]
(2015). Workshop on implementation of UNSC Resolution 1325: Experience of Armenia. ხელმისაწვდომია: http://armenia.unfpa.org/en/news/workshop-implementation-unsc-resolutio… [მოპოვებულია 01/05/2017].(2015a). High-level Review on Women, Peace and Security: 15 years of Security Council resolution 1325. ხელმისაწვდომია:http://wps.unwomen.org/en/highlights/15th-anniversary-of-1325 [მოპოვებულია 30/05/2016].
(2015b). Ministry of Defense encourages women's military service in the army. ხელმისაწვდომია:https://armenpress.am/eng/news/816061/ministry-of-defense-encourages-women%E2%80%99s-military-service-in-the-army.html [მოპოვებულია 30/05/2016].
(2016). NATO and Armenia committed to partnership. ხელმისაწვდომია: http://www.nato.int/cps/en/natohq/news_129110.htm [მოპოვებულია30/05/2016].
(2016). ԿանայքՀՀզինվածուժերում. առկաիրավիճակնուխնդիրները. ხელმისაწვდომია: http://www.mediamax.am/am/news/armypolice/20583/#sthash.aE4yWEUh.dpuf [მოპოვებულია 01/05/2017].
(2017). Armenia MOD: Nation, army concepts need to be associated with one another. ხელმისაწვდომია: https://news.am/eng/news/351167.html [მოპოვებულია 01/05/2017]
Abrahamyan, G. (2013). Armenia: Military Academies Opening Doors to Women. ხელმისაწვდომია: http://www.eurasianet.org/node/67254 [მოპოვებულია 16/07/2013].
Agathangelou, A. M. & Turcotte, H. M. (2015). Postcolonial theories and challenges to 'first world-ism'. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
Al-Ali, N. & Pratt, N. (2009). Women and war in the Middle East: Zed Books.
Al-Ali, N. S. a. (2009). What kind of liberation? : women and the occupation of Iraq: Berkeley : University of California Press.
Cockburn, C. (2004). The Continuum of Violence: A Gender Perspective on War and Peace: University of California Press.
Cockburn, C. (2007). From where we stand: War, women's activism and feminist analysis: Zed Books.
Cockburn, C. (2009). Uncovering the falsehoods of NATO's "security": Steps along the road of a feminist peace activism. [მოპოვებულია 05/05/2016].
Cockburn, C. (2012). Antimilitarism: Political and Gender Dynamics of Peace Movements: Palgrave Macmillan.
Cockburn, C. (2013). War and security, women and gender: an overview of the issues. Gender & Development, 21(3), 433-452.
Cockburn, C. (2015). Militarism. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
Cockburn, C. & Enloe, C. (2012). Militarism, Patriarchy and Peace Movements: CYNTHIA COCKBURN AND CYNTHIA ENLOE IN CONVERSATION. International Feminist Journal of Politics, 14(4), 550-557.
Cockburn, C. & Zarkov, D. (2002). The postwar moment : militaries, masculinities and international peacekeeping, Bosnia and the Netherlands. London: London : Lawrence & Wishart.
Cohn, C. (2008). Mainstreaming gender in UN security policy: A path to political transformation? Global Governance. Springer.
Cohn, C., Kinsella, H. & Gibbings, S. (2004). Women, Peace and Security Resolution 1325. International Feminist Journal of Politics, 6(1), 130-140.
Coomaraswamy, R. (2015). Preventing Conflict Transforming Justice Securing the Peace: A Global Study on the Implementation of United Nations Security Council Resolution 1325. UN Women.
Enloe, C. (2010). Nimo’s War, Emma’s War - Making Feminist Sense of the Iraq War: Berkeley; Los Angeles; London: University of California Press.
Enloe, C. (2014). Bananas, Beaches and Bases Making Feminist Sense of International Politics (2nd ed. ed.). Berkeley: Berkeley : University of California Press.
Enloe, C. H. (2000). Maneuvers : the international politics of militarizing women's lives. Berkeley, Calif. ; London: Berkeley, Calif. ; London : University of California Press.
Kronsell, A. & Kronsell, A. (2012). Gender, Sex, and the Postnational Defense: Militarism and Peacekeeping: Oxford University Press.
Leach, K. (2014). UNSCR 1325 in practice: Women in the military. http://blogs.fco.gov.uk/katherineleach.
McLeod, L. (2011). Configurations of Post- Conflict: Impacts of Representations of Conflict and Post- Conflict upon the (Political) Translations of Gender Security within UNSCR 1325. International Feminist Journal of Politics, 13(4), 594-611.
McLeod, L. (2015). A Feminist Approach to Hybridity: Understanding Local and International Interactions in Producing Post-Conflict Gender Security. Journal of Intervention and Statebuilding, 9(1), 48-69.
McLeod, L. a. (2016). Gender politics and security discourse : personal-political imaginations and feminism in "post-conflict" Serbia: Abingdon, Oxon ; New York, NY : Routledge.
Moghadam, V. M. (2015). Transnational activism. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
NATO (2014). NATO/EAPC ACTION PLAN FOR THE IMPLEMENTATION OF THE NATO/EAPC POLICY ON WOMEN, PEACE AND SECURITY. North Atlantic Treaty Organization.
Parashar, S. (2015). War. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
Pratt, N. (2013). Reconceptualizing Gender, Reinscribing Racial–Sexual Boundaries in International Security: The Case of UN Security Council Resolution 1325 on “Women, Peace and Security”. International Studies Quarterly, 57(4), 772-783.
Puechguirbal, N. (2015). Peacekeeping. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
Reeves, A. (2012). Feminist Knowledge and Emerging Governmentality in UN Peacekeeping: PATTERNS OF CO-OPTATION AND EMPOWERMENT. International Feminist Journal of Politics, 14(3), 348-369.
Santos, R., Roque, S. & Moura, T. (2012). Lost Connections: Representations of Gender, (Armed) Violence and Security in Resolution 1325. Revista Critica de Ciencias Sociais, (96), 165-196.
Shahnazaryan, G. (2015). Women’s Political Participation in Armenia: Institutional and Cultural Factors. CAUCASUS ANALYTICAL DIGEST, 71, 9-13.
Shepherd, L. (2008a). 'To save succeeding generations from the scourge of war': the US, UN and the violence of security. Review of International Studies, 34(2), 293-311.
Shepherd, L. J. (2008b). Gender, Violence and Security Discourse as Practice. London: London : Zed Books Ltd.
Shepherd, L. J. (2010a). Gender matters in global politics: A feminist introduction to international relations.
Shepherd, L. J. (2010b). Women, armed conflict and language – Gender, violence and discourse. International Review of the Red Cross, 92(877), 143-159.
Shepherd, L. J. (2015). Peacebuilding. In: Shepherd, L. J. (ed.) Gender Matters in Global Politics: A Feminist Introduction to International Relations. New York: Routledge.
Shepherd, L. J. (2016). Making war safe for women? National Action Plans and the militarisation of the women, peace and security agenda. International Political Science Review.
Sylvester, C. (2012). War as Experience Contributions from International Relations and Feminist Analysis. Hoboken: Hoboken : Taylor and Francis.
UNFPA. (2015). Workshop on implementation of UNSC Resolution 1325: Experience of Armenia [Online]. UNFPA Armenia. ხელმისაწვდომია: http://www.unfpa.am/en/news-1325-2015 [მოპოვებულია 25/05/2016].
Väyrynen, T. (2004). Gender and UN peace operations: The confines of modernity. International Peacekeeping, 11(1), 125-142.
Wright, H. (2015). Ending Sexual Violence and the War System – Or Militarizing Feminism? International Feminist Journal of Politics, 17(3), 503-507.
Zajović, S. (2010). Women, peace, security: Resolution 1325 - 10 years. Belgrade: Women in Black - Belgrade.