იქ, სადაც ქუჩებს ქალების სახელები დაარქვეს

„ეთუნა ნოღაიდელს პირველად 2 წლის წინ შევხვდი თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში გენდერულ პროგრამას უძღვება და ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის შესახებ მიამბო. ეს პროექტი, 50 ქალი საქართველოდან, ისტორიული ქალების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. თუმცა, პროექტის გუნდი უფრო შორს წავიდა და დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა ამ ქალების სახელები ქუჩებისთვის მიენიჭებინათ. ინტერვიუში ამ პროცესის შესახებ მოგიყვებით".

ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა www.wpsprague.com-ზე.

 

Teaser Image Caption
Etuna with Elene Dariani's poster, Tbilisi, 2013

მილოტა: როგორ აისახება გენდერული უთანასწორობა საჯარო სივრცეებზე საქართველოში? საერთოდ აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა?

ეთუნა: საქართველოში საჯარო სივრცეები გენდერულად ნეიტრალური არ არის, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილას. როგორც წესი, ისინი მორგებულია ახალგაზრდა და ჯანმრთელ მამაკაცზე. ახლავე ავხსნი, თუ ზუსტად რას ნიშნავს ეს საქართველოში. 

ზოგადად, თუკი შვილი გყავს, მაგრამ მანქანა არა, ძალიან შეზღუდული ხარ ქალაქში გადაადგილების დროს. მანქანები გაჩერებულია ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. ტანწერწეტა თუ არ ხარ, ვერც კი გაძვრები ტროტუარზე გაჩერებულ მანქანებს შორის – მართლა! საჯარო ტრანსპორტი თითქმის სრულიად უგულებელყოფს მშობლებს, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ და ტრანსპორტში ეტლის ატანა სჭირდებათ, ისევე როგორც – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. საბედნიეროდ, ბავშვები იზრდებიან, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან მოხუცმა ადამიანებმა რა უნდა ქნან?  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ დამატებით ბარიერებს ქმნის. მეტროს ჩასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელები თუ მიწისზედა რკინის ხიდები, ქუჩებზე რომ არის გადმოკიდებული – უამრავი საფეხურისგან შედგება. ეს ყველაფერი აშკარად აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც დადგენილი ნორმიდან (ახალგაზრდა და მამრობითი სქესის) ცოტათი მაინც განსხვავდებიან – საერთოდ არ არიან გათვალისწინებულები.  მარშრუტკებში, ტრანსპორტის ერთ-ერთ ძირითად საშუალებაში, სივიწროვე და სივრცის ნაკლებობაა, რაც სექსუალური შევიწროების წინაპირობას ქმნის ქალებისა და გოგონებისთვის. ტრანსპორტს რომ შევეშვათ, ძალიან ცოტაა ისეთი სივრცე, სადაც ბავშვთან ერთად შეისვლება, სადაც ბავშვებისთვის სათამაშო ზონაა, ან ცალკე ოთახია არამწეველებისთვის. ეს სია გრძელია, თუმცა აჯობებს, ძირითად გამოწვევებზე შევჩერდეთ.  

ქალებს არა მხოლოდ ფიზიკურად ეზღუდებათ საჯარო სივრცესთან ხელმისაწვდომობა, არამედ სიმბოლურადაც ნაკლებად არიან აქ წარმოდგენილები. თბილისში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ძალიან ცოტა ქუჩას, სკვერს თუ შენობას იპოვით, რომელიც ქალის სახელს ატარებს. რატომ ხდება ეს? ძალიან ცოტა ქალი იყო ისეთი, ვისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა სახელდებისას? თუ ეს იმიტომ ხდება, რომ ქალებს ჯერ კიდევ სჭირდებათ იბრძოლონ, რათა მოიპოვონ საკუთარი ადგილი საჯარო სივრცეებსა და ე.წ. ისტორიის ოფიციალურ ვერსიაში? მე სწორედ ეს უკანასკნელი მგონია მიზეზი და ზუსტად ამის შესახებაა პროექტი „50 ქალი საქართველოდან“.

და თქვენ გადაწყვიტეთ, ქუჩებისთვის ქალების სახელები მიგენიჭებინათ.

- ცოტა ძველი დროიდან დავიწყებ. ქართული ფემინიზმის ისტორია რთული და წინააღმდეგობრივია. XIX საუკუნის ბოლოდან, როცა დასავლეთში ახალი სოციალური და საგანმანათლებლო მოძრაობები იკიდებდა ფეხს, საქართველოშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემხრობოდნენ. XX საუკუნის პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ეს ბუნებრივი განვითარება შეაფერხა: „გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში“ ფემინიზმი არ არსებობდა. ტოტალიტარული სახელმწიფო კი, რომელიც თითქოს ფორმალურად ქალებსაც მამაკაცთა თანაბარ უფლებებს აძლევდა, ღრმად პატრიარქალური იყო.

იმისთვის, რომ შეგვეცვალა ქალების უხილავობის ხანგრძლივი ისტორია, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ იკვლია 50 საზოგადო მოღვაწე ქალის ბიოგრაფია, მოიძია შესაბამისი მასალები და ფოტოები მუზეუმებში, საოჯახო და სახელმწიფო არქივებში. მოპოვებული ისტორიები საფოსტო ბარათების კრებულად გამოიცა, სადაც ფოტოს თან მოკლე ბიოგრაფია ერთვის.

ქალთა ისტორიის კვლევის ამ პროექტის გათვალისწინებით, ჩვენ გვქონდა სია ქალებისა, რომლებიც უბრალოდ დაივიწყეს და რომელთა სახელებიც აუცილებლად უნდა წარმოჩინდეს როგორც ისტორიაში, ასევე საჯარო სივრცეში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, თბილისის საკრებულოსთან მოლაპარაკება გვეცადა. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ საკრებულოს მოკვლეული ბიოგრაფიების სია შევთავაზეთ, რომელსაც ქუჩების მომავალი სახელდებისას გაითვალისწინებდნენ და, ამავდროულად, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ნაწილი გახდებოდა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოსთან მემორანდუმის ხელმოწერის დროს, თბილისში დაახლოებით 3500 ქუჩა ირიცხებოდა, რომელთაგან 1124 მამაკაცის სახელს ატარებდა, 83 – ქალისას, ხოლო 500 ქუჩა საერთოდ უსახელო იყო.     

ჩვენ გვჯერა, რომ გენდერულად მგრძნობიარე ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ მცირე წვლილია, რომელიც ცდილობს, ეს ქალები საზოგადოებას ხელახლა გააცნოს და, ამგვარად, განაცხადი გააკეთოს საჯარო მეხსიერებაში ქალთა სახელების წარმოჩენაზე. 

- ამ პროექტს გვერდითი ეფექტები ხომ არ ჰქონია?

- ამ ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი ურბანული პოლიტიკის გამჭვირვალობის ხელშეწყობაცაა. თანამშრომლობის ფარგლებში, სახელდებულ ზოგიერთ ქუჩაზე ჩვენ საინფორმაციო აბრების განთავსების პასუხისმგებლობაც ავიღეთ. ამჟამად, ჩვენი სიიდან 25 ქუჩას ეწოდა სახელი. მათი უმეტესობა საერთოდ უსახელო იყო და ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.

- როგორ მიდიოდა მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებები?

- ოჰ, ეს გრძელი, იმედგაცრუებებით სავსე, თუმცა მაინც შთამაგონებელი ისტორიაა. შთამაგონებელი და გამაძლიერებელი პოლიტიკური მნიშვნელობით, რადგან ეს არის ქალთა სოლიდარობისა და მხარდაჭერის ისტორია სისტემის შიგნიდან. სისტემისა, რომელიც პატრიარქალური და მამაკაცებით დომინირებულია. 

ოფიციალურად, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2014 წლის დეკემბერში მოვაწერეთ. თუმცა, ხელმოწერამდე, ამ იდეას მხარს უჭერდნენ ისეთი ქალები, როგორიცაა ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაშინ თბილისის საკრებულოს წევრი. მოგვიანებით, როდესაც თბილისის მერიასთან თანამშრომლობა გვიწევდა, პროექტის მხარდამჭერები ისევ ქალები იყვნენ – მაგალითად, ნინა ხატისკაცი, რომელიც მაშინ თბილისის მერის მოადგილე იყო, პირადად უწევდა პროექტს ადვოკატირებას და პირველი ქუჩის პრეზენტაციასაც ესწრებოდა. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის 8 მარტისთვის გვინდოდა პირველი ქუჩის პრეზენტაციის მოწყობა. მას შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა, ჩვენ მოგვიწია არაერთ ბიუროკრატიულ პრობლემასა თუ რეგულაციასთან შეჯახება. ამას დავუმატოთ ის, თუ როგორი დამოკიდებულებები ჩნდებოდა ქუჩების გენდერულად მგრძნობიარე სახელდების იდეასთან დაკავშირებით. როდესაც ქუჩების სახელდების პროცედურა დასრულდა, აშკარა გახდა, რომ პროაქტიულები უნდა ვყოფილიყავით, რათა პროექტი ბოლომდე მიგვეყვანა. პროცესის უბრალო კოორდინირება საკმარისი არ აღმოჩნდა და  იძულებულები ვიყავით, ამაზე მეტად ჩავრთულიყავით. დიზაინთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/შეტანა, ნებართვების მიღება, საინფორმაციო აბრების ქუჩებში განთავსება – თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რა მოცულობის სამუშაოს შესრულება და როგორი მოთმინება იყო საჭირო მთელ ამ პროცესში.

 

ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის პრეზენტაცია, მაისი, 2017 წ. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: თამუნა შვანგირაძე (პიარისა და ოფისის მენეჯერი), ნინო ლეჟავა (დირექტორი), ეკა წერეთელი (პროექტების მენეჯერი) და ეთუნა ნოღაიდელი (პროგრამის კოორდინატორი)

მინდა განვმარტო, რომ ეს არაა ჩვეული საქმიანობა ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, როგორიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდია. მაგრამ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა ძალიან პოლიტიკური აქტი იყო ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. თბილისის მერიაში სხვადასხვა კომიტეტის არაერთ შეხვედრას დავესწარი, სადაც რამდენიმე წევრისგან შეურაცხმყოფელი შენიშვნების მოსმენაც კი მომიხდა. მაგალითად, ზოგიერთი აცხადებდა, რომ მათი უფლებები ირღვეოდა, რადგან ვაიძულებდით, ქუჩის აბრებზე იმ ქალების ბიოგრაფიები წაეკითხათ, რომელთა ისტორიებიც არ აინტერესებდათ. იყო კომენტარიც, რომ ჩვენ ქალაქის იერსახის დამატებით დამახინჯებას ვუწყობდით ხელს არასაჭირო კონსტრუქციების განთავსებით. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, არაერთი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენი – ფემინისტებისგან, რომლებიც მერიაში ან საკრებულოში მუშაობენ, ამ ინსტიტუტების ზოგიერთი თანამშრომლისგან და ჩვენი პარტნიორებისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო ბიოლის ფონდის ქალი დირექტორის, ნინო ლეჟავას მხარდაჭერაც – სწორედ ის იყო პროექტის „50 ქალი საქართველოდან“ ინიციატორი. ის ამ გაწელილ პროცესს თითქმის 3 წლის განმავლობაში ედგა გვერდით.

თუმცა, მაინც სამწუხაროა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ შიდა მხარდამჭერების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ჩვენ ვერ შევძელით გაგვეკვალა ახალი გზა, რომლის გამეორება მომავალში მარტივად მოხდებოდა. რომ არ გვქონოდა ასეთი ქსელი, პროექტი სხვადასხვა ეტაპზე აუცილებლად ჩავარდებოდა: მამაკაცი ბიუროკრატები, რომლებიც რეგულაციებს ყოველ ჯერზე განსხვავებულად განმარტავენ და რომლებსაც წესების განსაზღვრის ძალაუფლება აქვთ – სადღაც მაინც უკუაგდებდნენ ამ იდეას. ან, უბრალოდ დაიწუნებდნენ აბრების დიზაინს, როგორც ეს პირველი მოსმენისას  გააკეთეს.

- ეს პროექტი ძალიან შთამაგონებელია ჩემთვის. ერთი მხრივ, ის ცნობიერებას ამაღლებს საქართველოს ისტორიაში ქალების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ,  მოქმედებისკენაა მიმართული – ისტორის გადაწერა და მისი სინათლეზე – ანუ ქუჩებში გამოტანა. რა რეაქცია მოჰყვა პროექტს და თუ იყო სხვა ქალაქებში გამეორების მცდელობა?

- თავდაპირველად, ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრი – გვეგონა, რომ პროექტი სხვა ქალაქებშიც განმეორდებოდა. როგორც მე ვიცი, გარკვეული ინიციატივები გაჩნდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა. როგორც ხედავთ, თითქმის 3 წელი დასჭირდა შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას თბილისში, ასე რომ, ჩვენთვის სხვა ქალაქებზე ყურადღების გადატანა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

- შენ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამის კოორდინატორი ხარ გენდერის მიმართულებით. რეგიონის მასშტაბით რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

- ჩვენ ძირითადად საგანმანათლებლო და გაძლიერებაზე მიმართულ საქმიანობას ვეწევით. ვცდილობთ, ფემინისტური იდეები მთელ რეგიონში გავავრცელოთ საჯარო ლექციების, დებატების, თარგმანებისა და ფემინისტური ტექსტების შექმნის საშუალებით. მაგალითად, 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა ნენსი ფრეიზერის ბოლო პუბლიკაციის – „ფემინიზმის თავგადასავალი“ – ქართული თარგმანი. ამავდროულად, უფრო ფართო აუდიტორიას ფემინისტური ვებსაიტის საშუალებით (www.feminism-boell.org) ვუკავშირდებით. ვებგვერდზე ერთ-ერთი აქტიური პროექტი ფემინისტური პოდკასტების სერია იყო ხელოვნების, წიგნების, მუსიკისა და ფილმების შესახებ, ამ პროექტს „ფემინსტრიმი“ ჰქვია.

-ზემოთ აღნიშნე, რომ ქუჩების პროექტი პირადი მისია იყო. თუ ასეა, უფრო პირად საკითხებსაც შევეხოთ. როგორ ხედავ შენს თავს მომავალში?

- მე ვარ ფემინისტი, რომელიც ცდილობს, პირადი პოლიტიკური გახადოს. ის, რასაც ბიოლის ფონდში პროგრამის კოორდინატორი ან, ზოგადად, როგორც ფემინისტი აქტივისტი გავაკეთებ, ჩემს პირად ღირებულებებთან ძალიან ახლოს უნდა იყოს. სულ ესაა, რასაც აქამდე ვცდილობდი და მომავალშიც ასე ვაპირებ. არ ვისურვებდი ჩემი თავის ხილვას, რომელიც აკეთებს „გენდერს, როგორც ყოველთვის“[1]. ჩემთვის, ფემინისტური სამუშაო ღრმად პირადულია და რასაც ვაკეთებ, ის ვარ მეც.    

- ხომ არ გაქვს რაიმე გზავნილი, რაც გინდა, რომ ქალებს (საქართველოში) გააცნო?

- ვისურვებდი, მეტი თვითრეფლექსია არსებობდეს ფემინისტურ ჯგუფებს შიგნით და ამ ჯგუფებს შორის. თვითრეფლექსიის გარეშე, პატარა წრეების ტყვეობაში ვექცევით, რაც ფემინისტური მოძრაობისთვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. თუკი ფემინისტური მოძრაობის შექმნა გვსურს, ერთმანეთის შეფასების არ უნდა მოგვერიდოს. პირიქით, კრიტიკულად უნდა შევხედოთ იმ შედეგებს, რაც მიღწეულია და გენდერული თანასწორობის ისეთი ხედვა უნდა განვავითაროთ, რომელიც არ არის დაცლილი მისი თავდაპირველი ფემინისტური სულისკვეთებისგან. როგორც ერთ კვლევაში წავიკითხე ცოტა ხნის წინ, „გენდერული თანასწორობა ხშირად ერევათ ქალთა უფლებებში“. მე ვისურვებდი, რომ გენდერული თანასწორობის ფემინისტური მნიშვნელობა დავიბრუნოთ და ქალთა უფლებების რადიკალური მომავალი წარმოვიდგინოთ.    

 


ბიოგრაფია:

ეთუნა ნოღაიდელი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს გუნდს 2013 წელს შეუერთდა. მან მაგისტრის ხარისხი გენდერული კვლევების სპეციალიზაციით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2012 წელს მიიღო. 2012-13 წლებში მუშაობდა კვლევის ანალიტიკოსად სხვადასხვა პროექტზე, რომელთა ძირითადი ფოკუსი იყო მდგრადი განვითარება, საჯარო პოლიტიკა და გენდერი. 2013 წლიდან მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს კურსებს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ამავდროულად, მუდმივად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში გენდერული თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერად. 

 

შენიშვნა: 


[1] Business as usual-ის ანალოგი გენდერთან მიმართებით, რაც გულისხმობს გენდერის, როგორც ბიზნესის კეთებას.