ანგლოამერიკულ სამართლებრივ ტრადიციას აქვს პრეტენზია განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებდეს თანასწორობას, რაც, სულ მცირე, ყველა პირის კანონის წინაშე თანასწორობას გულისხმობს. ამის მიუხედავად, აშშ-ის ისტორიაში ქალებს ერთმეოდათ მოქალაქეობის ყველაზე საბაზისო უფლებები, შეზღუდულად დაიშვებოდნენ საბაზრო ურთიერთობებში და არ ეძლეოდათ წვდომა ძალაუფლებაზე, ღირსებასა და პატივისცემაზე. ნაცვლად ამისა, ისინი ძირითადად კავდებოდნენ პირადი და საოჯახო მომსახურებების გაწევით, რომლებიც ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი.
ეს ესე იკვლევს კანონის ორასპექტიან როლს ქალთა დაქვემდებარებული სტატუსის შენარჩუნებაში. თავიდან ის განიხილავს, თუ როგორ გააძლიერა კანონმა მამაკაცთა ბატონობა საჯარო სფეროდან ქალთა ღია გამორიცხვითა და საოჯახო სფეროს, რომელშიც ისინი გამომწყვდეულები არიან, დარეგულირებაზე უარის თქმით. შემდეგ იკვლევს, თუ როგორ მოახდინა კანონმა სქესობრივი დისკრიმინაციის ლეგიტიმიზება იმ იდეოლოგიის არტიკულირებით, რომელიც კაცებსა და ქალებს შორის მიჩნეული განსხვავებების საფუძველზე მათდამი განსხვავებულ მიდგომებს ამართლებს.
სამართლებრივი წესრიგი და საჯარო/კერძოს დაყოფა
წარსულში, ბაზრისა და მმართველობის საჯარო სფეროებიდან გამორიცხულ ქალებს ადგილი კერძო სფეროში ჰქონდათ მიჩენილი, რათა შეესრულებინათ თავიანთი მთავარი ვალდებულება, ე.ი. გაეჩინათ და აღეზარდათ ბავშვები, და კაპიტალისტური საზოგადოების ზეწოლისგან თავდასაცავად, მამაკაცები თავშესაფრით უზრუნველეყოთ. მამაკაცურ საჯარო სფეროსა და ქალურ კერძო სფეროს შორის საზოგადოების დაყოფა ყველაზე მკაფიო მეცხრამეტე საუკუნეში იყო.
მამაკაცები ბატონობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროებში. მათ მიერ საჯარო სფეროს კონტროლი ხშირად დაუფარავად მყარდებოდა სამართლებრივი მექანიზმებით. ეს მაშინ, როცა კანონი კერძო სფეროსთვის ხშირად არ არსებობდა და ეს არარსებობა მამაკაცთა ბატონობასა და ქალთა დაქვემდებარებას უწყობდა ხელს.
საჯარო სფეროდან სამართლებრივი გამორიცხვა
საჯარო ცხოვრებიდან ქალთა ყველაზე ცხადი გამორიცხვა მათი არჩევნებზე არდაშვება იყო. ამ გამორიცხვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 1920-იან და 1930-იან წლებში, როცა ხმის უფლება, მიუხედავად ქონებრივი მდგომარეობისა, ყველა თეთრკანიან მამაკაცზე გავრცელდა. სამოქალაქო ომის შემდეგაც კი, როცა შავკანიანმა მამაკაცებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს, ქალებს, მიუხედავად რასობრივი კუთვნილებისა, იმავეზე კვლავ უარი ეთქვათ. მეცხრამეტე შესწორება, რომელიც ქალებს ხმის მიცემის უფლებას ანიჭებდა, კანონად საბოლოოდ 1920 წელს იქცა, მხოლოდ იმის შემდეგ, რასაც „საუკუნოვან ბრძოლას“ უწოდებენ ხოლმე[1].
თუმცა, შესწორების დამტკიცება ქალთათვის ამომრჩევლის სტატუსის შესაბამისი უფლებებისა და მოვალეობების მყისიერ მინიჭებას არ გულისხმობდა. მაგალითად, ნაფიც მსაჯულთა პოზიციიდან ქალთა გამორიცხვა მხოლოდ 1961 წელს დასრულდა.[2]
დღემდე, ქალები გამორიცხულები არიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ვალდებულებისგან, რაც მოქალაქეობის უმნიშვნელოვანეს ტესტად მიიჩნევა.[3]
მსგავსადვე, ქალები გამორიცხულები არიან ეკონომიკაში სრული მონაწილეობისგან. ინგლისური საერთო სამართლის მიხედვით, ისინი არა მხოლოდ გარკვეულ პროფესიებს იყვნენ ჩამოშორებულები (როგორიცაა სამართალი), არამედ, დაქორწინების შემდეგ, აღარ იყვნენ სამართლებრივი სუბიექტები, რომლებსაც შეეძლოთ რაიმეს ყიდვა, ჩივილი თუ კონტრაქტის დადება თავიანთი ქმრების ან ნათესავი მამაკაცების გარეშე[4].
თუმცა უფლებათა ეს შეზღუდვები, თავდაპირველად, 1820-იან წლებში კანონთა კოდიფიკაციით გამყარდა, მეცხრამეტე საუკუნის შუაში და მეორე ნახევარში მათი თანდათანობითი გაუქმების პროცესი მიმდინარეობდა. ეს პროცესი 1840-იან წლებში დაიწყო, როცა მრავალმა შტატმა მიიღო კანონები, რომლებიც ქალებს საკუთარ სახელზე გარკვეული საკუთრების ფლობის უფლებას ანიჭებდა. მომდევნო საკანონმდებლო ცვლილებებმა, დამტკიცებულმა შემდგომი ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ ბიზნესის წარმართვისა და შემოსავლების დაგროვების უფლება მისცა. მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო აქტები მუდმივად ექვემდებარებოდა შემზღუდავ სამართლებრივ ინტერპრეტაციებს, რითაც ბიზნესსაქმიანობაში მამაკაცთა ბატონობა კვლავ გრძელდებოდა.
მაშინაც კი, როცა ქალები ანაზღაურებად სამუშაო ძალას შეუერთდნენ, მათი საოჯახო როლის იდეოლოგიური განდიდების გამო, რომელიც კანონში იყო ასახული, მათთვის სამუშაო ადგილები და ანაზღაურება მაინც შეზღუდული დარჩა. ქალები მუდმივად გამორიცხული იყვნენ გარკვეული საქმიანობებისა და თანაბარი ანაზღაურებისგან საკანონმდებლო აქტებითა და სხვა სამთავრობო ქმედებებით. ასეთი აშკარა გამორიცხვები დღემდე არსებობს, მიუხედავად თანასწორი მოპყრობის დაპირებისა, რომლითაც განსმჭვალულია 1960-იან და 1970-იან წლებში დამტკიცებული მეთოთხმეტე შესწორება და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა[5]. მაგალითად, 1977 წელს უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ქალებისთვის გაძლიერებული დაცვის ციხეებში დასაქმებაზე უარი, იმ საფუძვლით, რომ თავიანთი იქ ყოფნით ისინი სექსუალურ თავდასხმებს წააქეზებდნენ. სასამართლომ უბრალოდ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ციხის დაცვის ყველა თანამშრომელი თავდასხმის ობიექტია სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობის გამო…[6] ახალი კურსის შემდგომი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს კანონმდებლობა ასევე დაბრკოლებებს უქმნიდა საჯარო სფეროში ქალთა მონაწილეობას. ის აირეკლავდა და ამყარებდა დაშვებას, რომ კაცები არიან მარჩენლები, ხოლო ქალები დიასახლისები, შესაბამისად, სოციალური უსაფრთხოების კანონმდებლობა მუშა ქალებს ართმევდა უფლებას, ესარგებლათ კაცი მუშებისთვის ხელმისაწვდომი შეღავათებით.[7]
კანონმდებლობა, რომელიც ქალებს ართმევდა უფლებას, თავად გადაეწყვიტათ, უნდოდათ თუ არა შვილების გაჩენა და როდის, ასევე ემსახურება ქალთა საჯარო სფეროდან გამორიცხვას. 1870-იანი წლებიდან მოყოლებული, საკანონმდებლო შეზღუდვებით დაიწყო შობადობის კონტროლის უკვე არსებული რელიგიური და კულტურული ჩარჩოების გაძლიერება და შევსება. კომსტოკის კანონი, რომელიც უხამსი მასალების შემცველ საფოსტო გზავნილებს კრძალავდა, 1938 წელს გაუქმდა (მათ შორის, პირდაპირ მიუთითებდა კონტრაცეპტულ საშუალებებზეც)[8], თუმცა უზენაესმა სასამართლომ 1965 წლამდე[9] არ გააუქმა შტატების შეზღუდვები კონტრაცეპტივების ცოლქმრულ გამოყენებაზე, ხოლო ცალკეულ პირებზე მათ გასაღებაზე – 1972 წლამდე[10]. მსგავსადვე, მეცხრამეტე საუკუნის შუაში და მეორე ნახევარში, შტატების უმეტესობამ მიიღო საკანონმდებლო აქტები, რომლებიც აბორტის კრიმინალიზებას ახდენდა, თუმცა, საერთო სამართლის მიხედვით, ეს პროცედურა, სულ მცირე, ნაყოფის „ამოძრავებამდე“, დანაშაულად არ მიიჩნეოდა[11]. მიუხედავად 1960-იან წლებში ამ კანონების ლიბერალიზაციისა, კვლავ ძალაში რჩებოდა სისხლისსამართლებრივი სასჯელი, რომელიც მხოლოდ 1973 წელს გაუქმდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით[12]. მას შემდეგ დამტკიცდა პირობები, რომლებიც სახელმწიფო სამედიცინო დახმარების (მედიკეიდი) პროგრამიდან აბორტის ხარჯების დაფარვას გამორიცხავს და რომლებიც არასრულწლოვანთა მშობლების შეტყობინებას მოითხოვს[13]. ხოლო 1989 წელს, უზენაესმა სასამართლომ შტატებს კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ აბორტზე შეზღუდვებს დააწესებდა[14].
ქალთა საჯარო სფეროდან გამორიცხვას ბევრმა არასამთავრობო პრაქტიკამაც შეუწყო ხელი. კომერციული ჯგუფები ქალებს უარს ეუბნებოდნენ სესხებსა და სამსახურზე; პროფკავშირები ქალებს გამორიცხავდნენ კვალიფიციური დასაქმებიდან; საერთო საცხოვრებლები და ბიზნესკლუბები ქალებს მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ. რადგან კანონი მხოლოდ სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოების გამიჯვნით იყო დაინტერესებული და უგულებელყოფდა იმ განსხვავებებს, რომელიც ძალაუფლებაზე იყო დაფუძნებული, იგი უშვებდა და ფარულად მხარს უჭერდა რიგი მძლავრი ინსტიტუტების დისკრიმინაციულ ქმედებებს.
კანონის არარსებობა კერძო სფეროში
მაშინ როცა სქესზე დამყარებულ დისკრიმინაციულ კანონმდებლობებს სხვა ინსტიტუციური და იდეოლოგიური შეზღუდვები შეუერთდა, რათა პირდაპირ შეეზღუდათ საჯარო სფეროში ქალთა მონაწილეობა, სამართლებრივი წესრიგი თითქმის შეუმჩნევლად მოქმედებდა კერძო სფეროსთან მიმართებით, რომელსაც ქალები მიაკუთვნეს. ერთი მხრივ, ქალების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი შეზღუდვები შემოსავლების დაგროვებისა და ქონების გადაცემასთან დაკავშირებით – რომელთა ნარჩენები მეოცე საუკუნეშიც შენარჩუნდა – ნიშნავდა იმას, რომ ქალებს გარესამყაროსთან სამართლებრივი ურთიერთობები მხოლოდ თავიანთი ქმრების მეშვეობით შეიძლებოდა ჰქონოდათ. ამ აზრით, კანონი შეგვიძლია დავინახოთ, როგორც კერძო სფეროში მამაკაცთა დომინაციის წარმმართველი. მეორე მხრივ კი, კანონი გამოკვეთილად არ არსებობდა კერძო სფეროსთვის… კანონი, ზოგადად, უარს ამბობს მიმდინარე ოჯახურ ურთიერთობებში ჩარევაზე. მაგალითად, ცოლქმრული ურთიერთობის, როგორც სამართლებრივი საკითხის, არსს წარმოადგენს მამაკაცის მიერ ქალის მატერიალური უზრუნველყოფის ვალდებულების გაცვლა მისგან მიღებულ საშინაო და სქესობრივ მომსახურებებზე. თუმცა, სახელშეკრულებო სამართალი, რომელიც ინდივიდებს შორის აღებულ ვალდებულებებს უნდა აღასრულებდეს, არ მოქმედებს ქორწინებისას, რათა შესრულდეს მატერიალური უზრუნველყოფის ნახსენები ვალდებულება ან ქორწინებაში შესულ მხარეებს შორის დადებული სხვა შეთანხმებები, რომლებიც ქონებასთან არ არის დაკავშირებული. ქალს, რომლის ქმარი ქორწინებაში ყოფნისას ფლანგავს ან გასცემს ქონებას, საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვის მიღებაც კი არ შეუძლია. მაშინ, როცა ქორწინებამდელი ქონებრივი შეთანხმებები განქორწინებისას სრულდება, სასამართლოების უზარმაზარი დისკრეცია მატერიალური საშუალებების მიკუთვნებისა და ქონების განაწილების დროს, ნაკლებსავარაუდოს ხდის, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული იქნება ქორწინების წევრთა ქმედება ქორწინების პერიოდში. ეს ეხება როგორც მატერიალური უზრუნველყოფის ძირითად ვალდებულებას, ისე სხვა შეთანხმებებს. ანუ, ბიზნესპარტნიორობის დასაწყისისა და დასასრულის რეგულირებით, კანონი უგულებელყოფს იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა პარტნიორობის პერიოდში და არაა პასუხისმგებელი არცერთი იმ შეთანხმების აღსრულებაზე, რომელიც პარტნიორთა ქმედებებს ეხება.
მსგავსადვე, დელიქტური სამართალი, რომელიც ზოგადად ეხება ინდივიდებზე მიყენებულ ზიანს, ტრადიციულად, უსარგებლოდ ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორისთვის ზიანის მიყენების შემთხვევებში. ცოლ-ქმრისა და მშობელი-შვილის ურთიერთობათა იმუნურობის დოქტრინის მიხედვით, სასამართლოები მუდმივად უარს ამბობდნენ კომპენსირებადი ზიანისთვის ანაზღაურების დაშვებაზე იმ მიზეზით, რომ ეს შემთხვევები კერძო სფეროში ხდებოდა. იმავენაირად, სისხლის სამართლის კანონი უარს ამბობდა ოჯახის წევრებს შორის განზრახ მიყენებული ზიანის დასჯაზე. გაუპატიურების საერთო სამართლისა და კანონით დადგენილი განსაზღვრებები მრავალ შტატში კვლავაც აგრძელებს ქმრის მიერ ცოლთან იძულებითი სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტის გამოყოფას, როგორც განსაკუთრებული გამონაკლისისა. თავდაპირველად, ცოლის ცემა გამოტოვებული იყო სისხლისსამართლებრივი განსაზღვრებიდან, იმ საფუძვლით, რომ ქმარს ჰქონდა ცოლის დასჯის უფლება. დღესაც კი, მას შემდეგ, რაც სასამართლოებმა ამგვარი განსაზღვრებითი გამონაკლისი და მისი საფუძვლიანობა უარყვეს, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციის ოფიცრები უარს ამბობენ ოჯახურ კონტექსტში ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის აღსრულებაზე…
საოჯახო სფეროს რეგულირებაში სახელმწიფოს მარცხს ახლა ხშირად ამართლებენ იმით, რომ კანონი არ უნდა ერეოდეს ოჯახის შიდა ემოციურ ურთიერთობებში, რადგან ის ზედმეტად მოუხელთებელია. მართლაც, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ოჯახური პრივატულობის უფლების აღიარებამ ამ არგუმენტს კონსტიტუციური განზომილება შესძინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე შედეგი დგებოდა ისეთი იურიდიული ფიქციით, როგორიცაა ქორწინებაში ქალის სამოქალაქო სიკვდილი. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული არგუმენტი არასწორად წარმოაჩენს იმ გარემოებას, რომელშიც კანონის მოხმობა ხდება. სამართლებრივი დახმარების საჭიროება დგება მაშინ, როცა ოჯახური ჰარმონია უკვე დაშლილია. ოჯახის წევრებისადმი, ისევე როგორც ბიზნესპარტნიორებისადმი, არსებობს მოლოდინი, რომ ისინი თავს შეიკავებენ სამართლებრივი მოთხოვნების წამოყენებისგან მანამ, სანამ დარწმუნდებიან, რომ ჰარმონიული ურთიერთობები უკვე შეუძლებელია. თანაბრად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არგუმენტი ასახავს და ამყარებს მძლავრ მითს ოჯახური ურთიერთობების ბუნების შესახებ. მცდარია, რომ ქალები პირად და საოჯახო მომსახურებებს მხოლოდ სიყვარულისთვის ასრულებენ. ოჯახი ფუნდამენტური ეკონომიკური ურთიერთობების ადგილია, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი ემოციური კავშირებისა.
ქალების იზოლირება სფეროში, რომელიც ჩამოშორებულია სამართლებრივ წესრიგს, პირდაპირ აძლიერებს მათს დაბალ სტატუსს იმ სამართლებრივ დახმარებაზე უარის თქმით, რომლითაც ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თავიანთი ცხოვრების მაკონტროლებელ მამაკაცთა ქმედებების სანქცირებას ცდილობენ. მაგალითად, როდესაც პოლიცია არ რეაგირებს ნაცემი ქალის მხრიდან დახმარების თხოვნაზე ან როცა სამოქალაქო სასამართლო უარს ამბობს მისი ქმრის გამოსახლებაზე, ქალი თვითდახმარების ანაბარა რჩება, მაშინ როცა მოძალადე კაცი კანონისგან ირიბ წახალისებას იღებს. როცა კანონი არ იძლევა ხელფასიდან ანაზღაურების ან ფულის აკრეფის სხვა სტანდარტული მექანიზმების შესაძლებლობას, ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ეს ქალებს გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობაში ტოვებს.
მაგრამ, გარდა მისი პირდაპირი, ხელშემწყობი ზეგავლენისა, სამართლებრივი წესრიგისგან ქალთა სამყაროს იზოლირება დანარჩენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან იდეოლოგიურ გზავნილსაც ატარებს. კანონის არარსებობა აუფასურებს ქალებსა და მათს ფუნქციებს: ქალები არასაკმარისად მნიშვნელოვნები არიან, რათა სამართლებრივი რეგულირების ღირსნი გახდნენ… მაგალითად, ცოლზე მოძალადე ქმრის დასჯაზე უარის თქმით, კანონი ფარულად გულისხმობს, რომ ქალი ქმრის საკუთრებაა და რომ მას შეუძლია ისე აკონტროლოს ცოლი, როგორც მოისურვებს. ქალთა შრომა დისკრედიტირებულია მაშინ, როცა კანონი უარს ამბობს კაცის იძულებაზე, მატერიალურად უზრუნველყოს ცოლი, რადგან, კანონის მიხედვით, ცოლის წვლილი მხარდაჭერის ღირსი არ არის... ეს მნიშვნელოვანი გზავნილებია, რადგან ქალებისთვის ადამიანობის წართმევა და მათი ტრადიციული სამუშაოსთვის ღირებულების გამოცლა, ქალთა დაქვემდებარებული სტატუსის შენარჩუნებისთვის საკვანძო იდეოლოგიური კომპონენტებია.
მოკლედ რომ ვთქვათ, კანონი ასრულებს მნიშვნელოვან, თუმცა არა ექსკლუზიურ როლს ქალთა დაქვემდებარების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. კანონი პირდაპირ და ღიად მოქმედებდა საჯარო სფეროში ქალების მატერიალური დამოუკიდებლობისთვისა და საჯარო სფეროში მათი ზეგავლენის გაზრდის ხელის შესაშლელად და, ამრიგად, კაცებზე მათ დამოკიდებულებას აძლიერებდა. ამავდროულად, კანონის გაუვრცელებლობა კერძო სფეროზე, რომელშიც ქალები მოახვედრეს, არა მარტო მათ ცალკეულ წარმომადგენლებს ტოვებს სამართლებრივი დაცვის გარეშე, არამედ, აგრეთვე, იწვევს ქალების, როგორც ჯგუფის, გაუფასურებასა და დისკრედიტირებას.
სქესობრივი უთანასწორობის სამართლებრივი იდეოლოგია
კანონმა იდეოლოგიის არტიკულირებით გაახანგრძლივა უთანასწორობაც, რომელიც სქესთა შორის არსებულ ფუნდამენტურ უსამართლობას ნიღბავს. ისტორიულად, ქალთა დაქვემდებარებული სტატუსი სქესთა შორის განსხვავების და განსხვავებული სამართლებრივი მოპყრობის ხედვასთან ასოცირდებოდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა წყებამ ლეგიტიმაცია შესძინა დაქვემდებარებულ სტატუსს იმით, რომ ამტკიცებდა კანონებს, რომლებიც სამართლებრივ მანდატს იძლეოდა სქესთა განსხვავებული მოპყრობისათვის. ეს თავი განიხილავს სასამართლოს გამოყენებულ მთავარ დოქტრინულ საფუძვლებს, უზენაესი სასამართლოს სამ საილუსტრაციო გადაწყვეტილებაზე ფოკუსირებით.
ქალთა „განცალკევებული სფერო“: ბრედუელი ილინოისის წინააღმდეგ
საქმეში ბრედუელი ილინოისის წინააღმდეგ[15], უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ილინოისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მირა ბრედუელს უარი ეთქვა ილინოისის ადვოკატურაში მიღებაზე იმ მიზეზით, რომ ქალი იყო. ის სწავლობდა სამართალს თავისი ქმრის მეურვეობით; გაზარდა ოთხი შვილი; მართავდა კერძო სკოლას; ჩართული იყო სამოქალაქო საქმიანობაში; დააფუძნა ყოველკვირეული ახალი ამბების გაზეთი, „ჩიკაგო ლეგალ ნიუსი“ (Chicago Legal News), რომელიც მნიშვნელოვანი სამართლის პუბლიკაცია გახდა. როგორც ფემინისტმა, რომელიც აქტიური იყო ქალთა სუფრაჟისტულ ორგანიზაციებში, მირა ბრედუელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ილინოისის ისეთი კანონმდებლობის მოპოვებაში, რომელიც ქალთა სამართლებრივი უფლებაუნარიანობის შეზღუდვას აუქმებდა. მან თავისი საქმე უზენაეს სასამართლოში წაიღო, სადაც მოითხოვდა საადვოკატო საქმიანობის წარმოების უფლებას, რაც გარანტირებული იყო ახლად მიღებული მეთოთხმეტე შესწორების ხელშეუხებლობისა და იმუნიტეტის მუხლით.
ბროდუელის სასამართლო პროცესი სქესობრივ როლთა გარკვეული გაგების კონტექსტში წარიმართა. მართალია, კოლონიურ და რევოლუციურ პერიოდებში ქალები არანაირად არ იყვნენ კაცების თანასწორები, მათი დაქვემდებარების ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა მეთვრამეტე საუკუნისა და მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებისთვის, განსაკუთრებით საშუალო კლასებში. ინდუსტრიული კაპიტალიზმის ადრეული ეტაპი ხასიათდებოდა წარმოების მზარდი სპეციალიზებითა და შინიდან გარეთ გატანით, რამაც მოიტანა მკვეთრი სქესობრივი სეგრეგაცია. კაცები სამუშაოდ სახლს ტოვებდნენ; ქალების სამუშაო, გავლენა და ცნობიერება კი, კვლავ სახლზე დარჩა ფოკუსირებული… ქალებმა დაიკავეს „განცალკევებული სფერო“, სახლისა და ოჯახის გარშემო აგებული თვისებრივად განსხვავებული სამყარო. ქალთა როლი არსებითად შეუთავსებელი იყო საზოგადოებაში მათს სრულფასოვან მონაწილეობასთან.
„განცალკევებული სფეროს“ იდეოლოგია მკაფიოდ საზღვრავდა ქალებისთვის ღია საქმიანობებს… სახლს მიღმა ანაზღაურებად შრომაში ქალთა შეზღუდული მონაწილეობა ყველაზე ხშირად კვლავ შინ გაწეული შრომის გაგრძელებად მიიჩნეოდა. მაგალითად, 1820-იან და 1830-იან წლებში სართავი ფაბრიკის ადგილობრივი გოგონები, და 1840-იან და 1850-იან წლებში იმიგრანტი ქალები, მუშაობდნენ სქესობრივად სეგრეგირებულ ფაბრიკებში, რომლებიც აწარმოებდა ტექსტილს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. მსგავსადვე, რაღაც დროის შემდეგ, ქალის საქმიანობა მასწავლებლობა გახდა… ირკვევა, რომ კანონმა ამ იდეოლოგიის გახანგრძლივებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე, ფემინისტებმა სცადეს, ქალები პირდაპირ მოექციათ მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე შესწორებათა მფარველობების ქვეშ. მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე შესწორებების მარცხმა, მხედველობაში მიეღო ქალთა საჭიროებები – და მართლაც, ამ შესწორებებით კონსტიტუციაში პირველად ჩაიწერა სიტყვა „კაცი“, – შედეგად ქალთა მოძრაობის ხანგრძლივი დაყოფა მოიტანა… ის ფემინისტები, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიას მიემხრნენ, ხაზს უსვამდნენ შავკანიანთა ხმის უფლებას, ხოლო ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვება მომავალში შემდეგი კონსტიტუციური შესწორებების გზით წარმოედგინათ. მართალია, მირა ბრედუელის სამართლებრივი გამოწვევა ორგანიზებული სტრატეგიის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა მისი მცდელობა, გამოეყენებინა მეთოთხმეტე შესწორება და სამართლებრივად შეწინააღმდეგებოდა ქალთათვის ცალკეული საქმიანობების სახელმწიფო აკრძალვებს, სწორედ ამ ზოგად პოლიტიკურ გეზს აირეკლავდა. მისი მოთხოვნის უარსაყოფად ოჯახური ცხოვრების კულტის, როგორც სამართლებრივი საფუძვლის მოხმობით, სასამართლოებმა დაიცვეს და გააძლიერეს განცალკევებული სფეროს იდეოლოგია და ქალთა უფლებები სამომავლოდ გადადეს.
მირა ბრედუელის სარჩელის საპასუხოდ, რომელმაც დავის საგნად აქცია ილიონისის შტატის დაწესებული შეზღუდვა პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს ორი შესაძლო გზა ჰქონდა: დაეწესებინა ახალი ვიწროდ განსაზღვრული საკონსტიტუციო გარანტიები ისე, რომ ყველა მომჩივანისთვის მოეგო, ან მოეძებნა განსაკუთრებული ახსნა ქალების განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად. უმრავლესობამ პირველი მიდგომა აირჩია.
თუმცა, მოსამართლე ჯოზეფ ბრედლიმ... მეორე მიდგომა არჩია. მისი მოსაზრება „განცალკევებული სფეროს“ იდეოლოგიის განსახიერება იყო:
ბუნების მსგავსად, სამოქალაქო სამართალი ყოველთვის აღიარებდა კაცთა და ქალთა შესაფერის სფეროთა და ხვედრთა ფართო განსხვავებას. მამაკაცი არის, ან უნდა იყოს, ქალის მფარველი და დამცველი. ბუნებრივი და შესაფერისი მოკრძალებულობა და სინაზე, რომელიც ქალთა სქესს ახასიათებს, მათ აშკარად შეუსაბამოდ აქცევს სამოქალაქო ცხოვრების მრავალი საქმიანობისთვის… ოჯახის ორგანიზმის კონსტიტუცია, რომელიც ჩაშენებულია როგორც ღვთიურ კანონებში, ისე მის ბუნებაში, მიუთითებს საშინაო სფეროზე, რომელიც ქალურობის სფეროსა და ფუნქციებს შეესაბამება. ინტერესთა და ხედვათა ჰარმონიულობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იდენტობაზე, რომელიც ოჯახის ინსტიტუტის თვისებაა, ან უნდა იყოს, შეუთავსებელია იმ იდეასთან, რომ ქალს ქმრისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი კარიერა ჰქონდეს.
მართალია, რომ მრავალი ქალი დაუქორწინებელია და ქორწინების მდგომარეობიდან წარმოქნილი მოვალეობები, სირთულეები და შეზღუდვები მათზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ისინი საერთო წესიდან გამონაკლისები არიან. ქალის უზენაესი მიზანი და ამოცანა ცოლისა და დედის კეთილშობილი და სათნო მოვალეობის შესრულებაა. ეს არის შემოქმედის კანონი. და სამოქალაქო საზოგადოების წესები უნდა შეესაბამებოდეს ზოგად ბუნებით კონსტიტუციას და არ შეიძლება გამონაკლის შემთხვევებზე იყოს დაფუძნებული[16].
ქალთა მოვალეობის განდიდება, სამართლებრივი საქმიანობიდან მათი გამორცხვიდან გაჩენილი ყველანაირი უსამართლობის განცდის შერბილებას ემსახურება. რამდენადაც ქალთა „უზენაესი მიზანი და ამოცანა „ბუნებით’“, „საღვთო განგებითა“ და „შემოქმედის კანონითაა“ ნაკარნახევი, იმდენად სამოქალაქო სამართალს არ სჭირდება იმ ქალთა მოთხოვნების აღიარება, რომლებიც მათთვის შესაფერისი როლიდან გადაუხვევენ.
ქალთა ფიზიკური განსხვავებები: მიულერი ორეგონის წინააღმდეგ
მეცხრამეტე საუკუნეში, „განცალკევებული სფეროს“ იდეოლოგიამ ქალთა მარგინალური და მეორეხარისხოვანი სტატუსი სამუშაო ძალაში დააკანონა და გააძლიერა. მუშა ქალები საეჭვოებად, დაბლა მდგომებად და ამორალურებად მიიჩნეოდნენ. ის ქალები, რომლებიც მშრომელებს შეუერთდნენ, უმეტესად მარტოხელები ან ქვრივები იყვნენ. შემოფარგლულები „ქალთა სამსახურებით“, ისინი სარეზერვო იაფი მუშახელის ფუნქციას ასრულებდნენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ინდუსტრიალიზაციასა და ურბანიზაციასთან ერთად, მუშებისთვის საყოველთაოდ მძიმე პირობები შეიქმნა, რამაც პროფკავშირებსა და რეფორმისტებს უბიძგა, სამუშაო პირობების, საათებისა და ხელფასების რეგულირება მოეთხოვათ. საუკუნის ბოლოს, ორივე – სქესობრივად ნეიტრალური და სქესზე დაფუძნებული – დამცავი კანონები იმგვარად მიიღეს, რომ სამართლებრივი შედავებებისგან დაცული ყოფილიყო.
შრომის დამცავ კანონმდებლობას სამართლებრივად დაუპირისპირდნენ კონსერვატორები, რომლებმაც გააცოცხლეს ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებითი სამართლის ცნება და დაეყრდნენ მეთოთხმეტე შესწორების ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის კლაუზულას. ძალისხმევამ კულმინაციას საქმეში ლოჩნერი ნიუ იორკის წინააღმდეგ[17] მიაღწია, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებით მცხობელებისთვის „მაქსიმალური საათების“ კანონმდებლობა გაუქმდა. საბუთმა, რომ „საყოველთაო ცოდნით“ მცხობელობა და მრავალი სხვა საქმიანობა არ ქმნიდა ჯანმრთელობის საფრთხეს, შრომის უსაფრთხოების მთელი კანონმდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
ლოჩნერის საქმის შემდეგ სახელმწიფოს მიერ ქალთა „უსაფრთხოების“ კანონმდებლობის მხარდამჭერები ორ გზას ირჩევდნენ: პირველი, „საყოველთაო ცოდნას“ ანაცვლებდნენ მეცნიერული არგუმენტით, რომ დღეში ათ საათზე მეტხანს შესრულებული ნებისმიერი ინდუსტრიული სამსახური წარმოადგენს საფრთხეს მუშის ჯანმრთელობისთვის; ან მეორე, ამტკიცებდნენ, რომ ქალთა განსაკუთრებული საჭიროებები ლოჩნერის საქმისთვის გამონაკლისს ასაბუთებდა. საქმეში მიულერი ორეგონის წინააღმდეგ[18] უზენაესი სასამართლო გამოწვევის წინაშე დადგა ორეგონის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ქალებს სამრეცხაოში დღეში ათ საათზე მეტი ხნის მუშაობას უკრძალავდა. მომხმარებელთა ეროვნულმა ლიგამ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საშუალო და მაღალი კლასის რეფორმისტულ მოძრაობაში, როგორც სასამართლოს მეგობარმა, წარადგინა ლუი ბრენდაის, ჯოზეფინ გოლდმარკისა და ფლორენს კელის[19] მიერ დაწერილი მოსაზრება, რომელიც ორივე მიდგომას აერთიანებდა. მასში საყოველთაო ცოდნად იყო წარმოდგენილი ფსევდომეცნიერული მონაცემები კაცთა და ქალთა ფიზიკური განსხვავებების შესახებ, ხაზგასმული იყო ხანგრძლივი საათების „მავნე ზეგავლენა“ ქალი მუშების ჯანმრთელობაზე, „ქალურ ფუნქციებზე“, მშობიარობის უნარზე, სამუშაოს უსაფრთხოებაზე, მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სასამართლოს მეგობრების მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლომ სადავო კანონმდებლობა მაინც დაამტკიცა.
მიულერის ხედვის მიხედვით, ქალები კაცებისგან განსხვავებულები და უფრო შეზღუდულები არიან „ფიზიკური სტრუქტურითა“ და „ბუნებრივი ფუნქციებით“. მიუხედავად იმისა, რომ ქალებზე არსებული ეს ხედვა ბრედუელის საქმეში გაჟღერებულის მსგავსია, ის ფიზიკურ ფაქტზეა დაფუძნებული… ქალთა, როგორც დედათა, პირველადი ფუნქცია ამჯერად დანახულია, როგორც ფიზიკურად შეუთავსებელი სამუშაო ძალად თანაბარი მონაწილეობის მოთხოვნასთან.
როგორც სოციალ-რეფორმისტები, ისე სამართლებრივი რეალისტები კანონის გადარჩენასა და უზენაესი სასამართლოს მიერ ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტთა აღიარებას მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, მიულერის საქმის მთავარ სამართლებრივ მემკვიდრეობად ქალებზე შექმნილი ისეთი ხედვა იქცა, რომელიც კაცებისთვის ხელმისაწვდომი სამუშაო შესაძლებლობებიდან და საშემოსავლო დონიდან ქალების გამორიცხვას ამართლებდა.
უთანასწორო თანაბარი უსაფრთხოება: მაიკლ მ. სონომას ოლქის წინააღმდეგ
მართალია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში 1960-იანი წლებიდან მხედველობაში იღებდნენ ქალთა სოციალურ მდგომარეობაში მომხდარ ცალკეულ ცვლილებებს, 1960-იან წლებში საჭირო გახდა აქტიური ქალთა მოძრაობის ხელახალი დაბადება და სამართლებრივი ინსტრუმენტების განვითარება, რათა სქესობრივი დისკრიმინაცია მკაფიოდ განსაზღვრულიყო მეთოთხმეტე შესწორების თანაბარი დაცვის პრინციპის დარღვევად. 1971 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმეში რიდი რიდის წინააღმდეგ[20], კანონი პირველად ცნო ბათილად იმ არგუმენტით, რომ ის ქალებს თანაბარი დაცვის საშუალებას ართმევდა. სასამართლომ ერთხმად გააუქმა აიდაჰოს კანონი, რომელიც სამკვიდრო ქონების განკარგვაში უპირატესობას კაცებს ანიჭებდა და უარს ამბობდა, საკმარისად განეზოგადებინა ქალთა ბიზნესგამოცდილებები, რათა კაცების პრივილიგია შეენარჩუნებინა.
თანაბარი დაცვა დგას სამართლებრივ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც ანალოგიურ პირობებში არიან, კანონის წინაშე თანასწორები უნდა იყვნენ. რიდის საქმეში სასამართლომ პირველად დაასკვნა, რომ ქალები და კაცები ანალოგიურ პირობებში არიან. სასამართლომ პრეუდიციული გადაწყვეტილებით აღიარა რა სოციალური რეალობა, განაცხადა, რომ „ამ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ქალთა სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობის გამო, სამკვიდრო ქონებათა უდიდესი ნაწილი მათ მიერ განიკარგება“. ტრადიციული სოციალური როლების დასუსტების აღირებით, როგორც ისეთი თავისთავად ცხადი მოცემულობისა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა პრეუდიციაზე დაყრდნობა, სასამართლომ წინასწარ განჭვრიტა „განსხვავების“ იდეოლოგიის ეროზია.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში თანაბარი დაცვის პრინციპთან წინააღმდეგობაში მოსული სქესზე დაფუძნებული კანონების გაუქმებით, უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის უარყო სქესზე დაფუძნებული ფართო განზოგადებები[21]. მაგალითად, საქმეში ფრონტიერო რიჩარდსონის წინააღმდეგ[22], სასამართლომ დააკმაყოფილა თანაბარი დაცვის შეცილება შეიარაღებული ძალების პოლიტიკასთან მიმართებით, რომელიც არმიის ქალ მოსამსახურეებზე დამოკიდებულ მამაკაცებს სოციალურ სარგებელს ართმევდა. უმრავლესობამ ბრედუელი გააკრიტიკა, როგორც „რომანტიკული პატერნალიზმის“ მიდგომის გამომხატველი, რაც „ფაქტობრივად, ქალებს არა პედესტალზე, არამედ გალიაში ამწყვდევდა“. მსგავსადვე, საქმეში სტენტონი სტენტონის წინააღმდეგ[23] სასამართლომ დააკმაყოფილა თანაბარი დაცვის შეცილება სახელმწიფო წესის წინააღმდეგ, რომელიც მშობლის მიერ ზრუნვის ვალდებულებასთან მიმართებით კაცებისთვის ზრდასრულობის უფრო მაღალ ასაკს ადგენდა. ამ გადაწყვეტილებით ჩანდა, თითქოს, სასამართლომ გააცნობიერა დისკრიმინაციის გახანგრძლივებაში სტერეოტიპების როლი და ის დამღუპველი გავლენა, რომელსაც განსხვავებული მოპყრობა ახდენს ქალთა მდგომარეობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ თანაბარი დაცვის პრინციპის მისადაგება ვითარდებოდა, მან თავდაპირველად დამყარებული იმედები მაინც ვერ გაამართლა. სასამართლომ გაიზიარა რასაზე დაფუძნებულ კლასიფიკაციებთან შედარებით უფრო დაბალი, სქესზე დაფუძნებული კლასიფიკაციათა გადასინჯვის სტანდარტი, რაც, თავის მხრივ, დააფუძნა ხედვაზე, რომლის მიხედვითაც რასობრივი დისკრიმინაცია უფრო სერიოზული სოციალური პრობლემაა, ვიდრე სქესობრივი დისკრიმინაცია. სასამართლომ უარყო მხოლოდ ის სტერეოტიპები, რომლებიც უკიდურესად მცდარად იყო აღქმული. მართლაც, სასამართლომ შეიმუშავა ახალი და უფრო ფაქიზი „რეალობაზე დაფუძნებული განსხვავებების“ ხედვა, რომელიც მოიცავს სქესთა შორის არსებულ ფიზიკურ განსხვავებებს, კანონით შექმნილ განსხვავებებსა და სოციალურად დადგენილ განსხვავებებს, რომლებსაც ხშირად ერთმანეთში ურევს. ასეთ საქმეებში სასამართლო უბრალოდ ასკვნის, რომ თანაბარი დაცვის პრინციპი არ ირღვევა, რადგან კაცები და ქალები „ანალოგიურ პირობებში“ არ არიან.
სქესთა შორის პარადიგმატულ ფიზიკურ განსხვავებას, ქალთა რეპროდუქციულ უნარს, სასამართლოები ყოველთვის სათანადო საფუძვლად წარმოიდგენდნენ განსხვავებული მოპყრობისთვის. სასამართლო ამას აკეთებს, როცა ორსულობაზე დაფუძნებულ კლასიფიკაციებში სქესობრივი დისკრიმინაციის არსებობას არ აღიარებს. ასევე, როდესაც უგულებელყოფს იმ მსგავსებებს, რომლებიც ფეხმძიმობასა და დროებით შეზღუდულ უნარებს შორის არსებობს. საქმეში გიდალდიგი აიელოს წინააღმდეგ[24] უზენაესმა სასამართლომ არ ცნო თანაბარი დაცვის პრინციპზე დაფუძნებული შეცილება კალიფორნიის შეზღუდულ შესაძლებლობათა სადაზღვევო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც კერძო სფეროში დასაქმებულ დროებით შრომისუუნარო პირებზე გასცემდა ფულად ანაზღაურებას, მაგრამ პროგრამიდან გამორიცხავდა ორსულობით გამოწვეულ დროებით შრომისუუნარო პირებს… ეს პოზიცია განმტკიცდა საქმეში ჯენერალ ელექტრიკსი გილბერტის წინააღმდეგ[25], სადაც სასამართლომ გაამტყუნა სამოქალაქო უფლებათა აქტის VII თავის ძალით წარმოებული შეცილება ჯენერალ ელექტრიკსის წინააღმდეგ, რომელმაც ორსულობა შეზღუდული შესაძლებლობების პროგრამიდან ამოიღო.
თანასწორობის ამჟამინდელი იდეოლოგიის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს 1981 წელს წარმოებული უზენაესი სასამართლოს საქმე, მაიკლ მ. სონომა ოლქის წინააღმდეგ[26], სადაც კალიფორნიის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ამკრძალავი კანონი, რომელიც კაცებს თვრამეტ წლამდე ასაკის ქალთან სქესობრივი კავშირისთვის სჯიდა, ჩვიდმეტი წლის კაცმა გაასაჩივრა. ამ შედავების მთავარი სამიზნე ის კანონი იყო, რომელიც მას თანაბარი დაცვის საშუალებას ართმევდა, რამდენადაც შეიძლებოდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცათ ის და არა მისი პარტნიორი.
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ამკრძალავი კანონები ისტორიულად დაფუძნებული იყო სამართლებრივ ფიქციაზე, რომ ახალგაზრდა ქალებს არ ჰქონდათ თანხმობის მიცემის უნარი. ეს კანონები განადიდებენ უმწიკვლობას, ასახავენ და ამყარებენ ძველისძველ წარმოდგენას სქესობრივ ურთიერთობებში კაცის ინიციატივის და ახალგაზრდა ქალების სისუსტისა და გულუბრყვილობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაიკლ მ.-ის საქმეში თანაბარი დაცვის პრინციპის გარანტიების ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა და შეინარჩუნა ქალებისა და კაცებისადმი განსხვავებული მიდგომა, როგორც მოზარდთა ორსულობის აღმოფხვრის მიზანთან გონივრულად დაკავშირებული.
მოსამართლე პოტერ სტიუარტის განსხვავებული პოზიცია რეალობაზე დაფუძნებულ კლასიფიკაციათა ახალი იდეოლოგიის არსს შემდეგნაირად ავითარებს:
ჩვენ მივიჩნიეთ, რომ გარკვეულ ვითარებებში, კაცები და ქალები არ არიან ანალოგიურ პირობებში და ასეთ დროს სქესობრივ განსხვავებებზე დაფუძნებული გენდერული კლასიფიკაცია არ არის გაუმართლებელი, ამ განსხვავებებზე რეალისტურად დაფუძნებული კანონმდებლობა კი – არაკონსტიტუციური…
კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოს მიერ ამ პრინციპთა მიხედვით დადგენილი კლასიფიკაცია, აშკარაა, რომ არ არღვევს თანაბარი დაცვის პრინციპს. ახალგაზრდა ქალები და კაცები არ არიან ანალოგიურ პირობებში სქესობრივ კავშირსა და ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და რისკების თვალსაზრისით, ხოლო დადგენილება რეალისტურადაა დაკავშირებული ლეგიტიმურ სახელმწიფო მიზანთან, შემცირდეს ეს პრობლემები და რისკები[27].
მიუხედავად ამისა, მაიკლ მ.-ის საქმეში გამოყენებულ კლასიფიკაციას ცოტა თუ აქვს საერთო სქესთა შორის ბიოლოგიურ განსხვავებებთან. როგორც დამხმარე სამართლებრივი ისტორიის სრული არარსებობიდან ჩანს, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ამკრძალავი დადგენილება არ დაწერილა მოზარდთა ორსულობის პრობლემის მოსაგვარებლად. მეტიც, როგორც მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსმა აღნიშნა, თუ ჩაითვლება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხელს შეუშლის ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ორსულობამდე მივყავართ, მაშინ ორსულობისგან ახალგაზრდა ქალზე მიყენებული ზიანის მაღალი რისკი, სხვა თუ არაფერი, ქალისვე პასუხისგებაში მიცემის მიზეზი შეიძლება იყოს. დადგენილება განასახიერებს და ამყარებს იმ დაშვებას, რომ სქესობრივი კავშირის წამომწყებნი ყოველთვის კაცები არიან, ხოლო ქალები ყოველთვის დაცულები უნდა იყვნენ მათი აგრესიისგან. სასამართლოს მიერ რეპროდუქციულ უნარზე მიმართული ყურადღება ამ გადაწყვეტილების სოციალური საფუძვლების გაბუნდოვანებას ემსახურება. მართლაც, საოცარია, რომ სასამართლომ საერთოდ ვერ მოახერხა, ორსულობის არგუმენტი დაენახა, როგორც სქესობრივი დისკრიმინაცია, როცა მართლაც დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, სწორედ იმიტომ, რომ ის ამ საბაბს განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად იყენებს.
როგორც ბროდუელისა და მიულერის, მაიკლ მ.-ის საქმეშიც სასამართლომ განამტკიცა ის აზრი, რომ არსებობს სქესთა შორის როგორც ფიზიკური განსხვავებები ბავშვის გაჩენის უნართან მიმართებით, ისე ქალის სოციალურ როლთან მიმართებით, რაც, საბოლოო ჯამში, განსხვავებული სამართლებრივი მოპყრობით სრულდება. მაშინ, როცა ეს არგუმენტი თან მოჰყვება სასამართლოს განცხადებას, რომ ის უარყოფს „ფართო განზოგადებებს, რომლებიც დაკავშირებული არაა კაცებსა და ქალებს შორის არსებულ განსხვავებებთან ან რომლებიც აკნინებს ქალთა უნარებს ან სოციალურ სტატუსს“, სასამართლოს მიერ მოწონებული განსხვავებული მოპყრობის პოლიტიკა განსაკუთრებით საზიანოა. მოზარდთა ორსულობის ფაქტს და მისგან გამოწვეულ ზიანს სასამართლო იყენებს, რათა თავიდან აირიდოს თანმდევ სტერეოტიპთა ზედმიწევნითი ანალიზი და სიფრთხილით მოეკიდოს ორსულობის არგუმენტს. არსებული პრობლემის გამძაფრებაში შეცილებული დადგენილების როლი არ მოწმდება. სასამართლო უცვლელ ფაქტად იღებს იმას, რომ კაცები და ქალები არ არიან ანალოგიურ პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ორსულობასთან გვაქვს. სასამართლო, თითქოს, ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებისკენაა, თუმცა მხოლოდ ერთი, ორსულობის პრობლემის შემთხვევაში.
როგორც იდეოლოგიური საკითხი – ორსულობისა და ბავშვის გაჩენის უნარების გამიჯვნა, სოციალური დისკრიმინაცია და „უსამართლო“ დისკრიმინაციისგან დასაცავად სამართლებრივად დადგენილი დისკრიმინაციაც კი, რომელშიც განსხვავებული მოპყრობა კაცებსა და ქალებს შორის „ნამდვილ“ განსხვავებებთან არაა დაკავშირებული – მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს თანასწორობის ენით დისკრიმინაციის ლეგიტიმაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი დოქტრინის გარეგნული მხარე განსხვავებულია, სასამართლოს ამჟამინდელ მიდგომას იგივე შედეგები აქვს, როგორიც ბროდუელისა და მიულერის საქმეების შემთხვევაში ჰქონდა. თუ ორსულობა და სოციალურად წარმოებული როლური განსხვავებები კაცებსა და ქალებს ყოველთვის განსხვავებულ პირობებში ამყოფებს და, მაშასადამე, სქესზე დაფუძნებული განსხვავებების დაფარვა ვერ მოხდება თანაბარი დაცვის პრინციპის ფარგლებში, მაშინ კვლავ შესაძლებელი ხდება სქესობრივი დისკრიმინაციის ნამდვილი არსის უგულებელყოფა. ბავშვის გაჩენის უნარი ქალებისადმი განსხვავებული მოპყრობის მთავარი მიზეზია, ის არის დისკრიმინაციის მთავარი წყარო როგორც სამსახურში, ისე საოჯახო ცხოვრებაში, და ფუნდამენტური გამიჯვნა, რომელზედაც განცალკევებული სფეროსა და ფიზიკური განსხვავებების იდეოლოგიაა დაფუძნებული. და მაინც, სასამართლოს მიერ სქესთა შესაბამისი როლების შესახებ უკიდურესი განზოგადებების მოჩვენებითი უარყოფით, როგორსაც ბროდუელისა და მიულერის საქმეებში ვხედავთ, ამჟამინდელი იდეოლოგია ცდილობს, დაიცვას თავისი სანდოობა „გათავისუფლების დაპირების შენარჩუნებით“[28]. უსვამს რა ხაზს საკუთარ კავშირს რეალობასთან, რომელიც თითქოს უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ფიზიკურ განსხვავებებსა და სოციალურ დაბრკოლებათა მყარ ფაქტებთან, როგორიცაა ორსულობა გოგონებისთვის, სასამართლო თავს მგრძნობიარედ და დამთმობად წარმოადგენს… სინამდვილეში კი, სქესობრივი დისკრიმინაციის არსის უგულებელყოფით, ქალებს სრულიად წყვეტს თანაბარი დაცვის ჰორიზონტს.
ეს ახალი იდეოლოგიური მიდგომა, როგორც ბროდუელისა და მიულერის საქმეებში გამოჩნდა, მის ისტორიულ კონტექსტში უნდა დავინახოთ. ქალთა მოძრაობამ ცნობიერების შეცვლის საქმეში გამღიზიანებლის ფუნქცია შეასრულა და შექმნა ცოდნა სქესობრივი სტერეოტიპების ფორმებსა და ბუნებაზე, რომლებზეც იმ დროის სქესობრივი დისკრიმინაციის გამოწვევები ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, სქესობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების უმეტესობა მიღებულია არა ფემინისტური ბრძოლების, არამედ სასამართლოში კაცების, და არა ქალების, მიერ წარდგენილი საჩივრების შედეგად. შესაბამისად, ეს საქმეები, მათ შორის, მაიკლ მ.-ის საქმეც, სასამართლოს წინაშე ყოველთვის სრულფასოვნად ვერ წარმოადგენდა ქალების მიერ აღქმულ ზიანს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
მართალია, თანასწორობის სამართლებრივი იდეოლოგია გარკვეულ პროგრესს აჩვენებს ბროდუელის საქმიდან მაიკლ მ.-ის საქმემდე, თუმცა შედეგი მოსალოდნელზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მხრიდან ქალების ხედვა და ის გზები, რომლითაც სქესს განიხილავდა, განვითარდა ქალთა განცალკევებული როლების მკაფიო ხედვიდან უფრო ფაქიზი შეზღუდული განსხვავებების ხედვამდე, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო საშიშია სწორედ იმიტომ, რომ ის ასეთი გონივრული ჩანს. სასამართლოს მიერ განსხვავებების აღქმა, რომელიც დისკრიმინაციის გამართლებისთვის იყო საჭირო, მცირედით შეიცვალა, თუმცა, ამავდროულად, მყარიც რჩება. სასამართლო უთანასწორობის გამართლებას განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმაციით აგრძელებს.
*რედაქტორის შენიშვნა: ტექსტი წარმოადგენს ელიზაბეთ შნაიდერის წიგნის "კანონის პოლიტიკის" (1998) შესავალს. ქართულად თარგმნისა და გამოქვეყნების უფლება აღებულია ავტორისგან.
შენიშვნები/ბიბლიოგრაფია:
[1] E. Flexner, A Century of Struggle, rev. ed. (Harvard University Press, 1975).
[2] Hoyt v. Florida, 368 U.S.57, 61 (1961). საქმეში Taylor Vs Louisiana, 419 U.S. 522 (1975), რომელშიც გაუპატიურებისთვის ბრალდებული მამაკაცი ფიგურირებდა, უზენაესმა სასამართლომ გაუქმებულად ცნო Hoyt-ის საქმის გადაწყვეტილება, მაგრამ მოსამართლემ თავი აარიდა ქალთა თანასწორი დაცვის საკითხს და დაეყრდნო მეექვსე შესწორებას, რაც ბრალდებულისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობდა.
[3] სახმელეთო და საზღვაო კორპუსები, დადგენილი პოლიტიკის მიხედვით, გამორიცხავენ ბრძოლაში ქალის როლს; Rostker v. Goldberg, 453 U.S. Ct.57 (1981).
[4] მიმდინარეობდა დავა იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა კოლონიურ პერიოდში ქალთა რეალური სტატუსი მათ სამართლებრივად მინიჭებულ სტატუსს. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს პრაქტიკულად შეეძლოთ ემუშავათ მენეჯერებად, ვაჭრებად, ხელოსნებად და ადვოკატებადაც კი. ამგვარად, მიუხედავად ფორმალური პოლიტიკური პროცესებიდან მათი გამორიცხვისა, მათ ჰქონდათ დაქვემდებარებული, მაგრამ საბაზისო და ორგანული როლი საზოგადოებაში. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა როლი შემცირდა კომერციული კაპიტალიზმისა და სპეციალიზაციის ზრდასთან ერთად. შემდგომმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ ქალთა გადამწყვეტი ეკონომიკური როლი ვერ ტრანსფორმირდა ძალაუფლებად და გავლენად, და რომ სქესობრივი როლები გაცილებით იყო განსაზღვრული, ვიდრე ეგონათ. M. Ryan, Womanhood in America, 2d ed. (New View- points, 1979), A. Sachs and J. Hoff Wilson, Sexism and the Law (Free Press, 1978), M. Beth Norton, Liberty's Daughters: The Revolutionary Experienceof Anrerican Women (Little, Brown, 1980).
[5]1963 წლის თანაბარი ანაზღაურების აქტი და 1964 წლის სამოქალაქო უფლებების VII თავი იძლევა სამოქალაქო დაცვის საშუალებებს სამსახურებრივი დისკრიმინაციისთვის, მაშინ როცა კერძო დისკრიმინაცია საბინაო და საკრედიტო ბაზრებზე 1974 წელს აიკრძალა.
[6] ნახეთ Dothard v. Rawlinson, 433 U.S. 321, 336 (1977). აგრეთვე ნახეთ Phillips v. Martin Marietta Corp., 400 U.S.542 (1971), რომელიც აჩვენებს, რომ კომპანიას შეეძლო ლეგალურად ეთქვა უარი იმ ქალების დასაქმებაზე, რომლებსაც სკოლამდელი ბავშვები ჰყავდათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა, რომ ასეთ ბავშვებს ხელი შეიძლება შეეშალათ უფრო მეტად ქალ მუშათა ჯგუფისთვის, ვიდრე კაც მუშათა ჯგუფისთვის.
[7] ნახეთ, მაგალთად, Weinberger v. Wiesenfeld, 420 U.S.636 (1975); Califano v. Goldfarb, 430 U.S. 199 (1977); Califano v. Westcott,443 U.S. 76 (1979).
[8] United States v. Nicholas, 9T F.2d 510 (2d Cir. 1938); ნახეთ, L. Gordon, Woman's Body, Woman's Right (Penguin, 1977).
[9] Griswold v. Connecticut, 381 U.S. 479 (1965).
[10] Eisensradt v. Baird, 405 U.S. 438 (1972).
[11] Roe v. Wade, 410 U.S. I 13 (1973).
[12] Id.; Doe v. Bolton, 410 U.S. 179 (1973).
[13] Maher v' Roe' 432 u's' a6a Q977); H.L. v. Marheson,450 u.s.398
[14] Webster v. R3.R11ducrive Services, 492 U.S. 490 (19g9). ]5 83 U.S. (t6 Wail.) t30 (r873).
[15] 83 U.S. (16 Wall) 130 (1873).
[16] იქვე. 141-42.
[17] 198 U.S. 45 (1905)
[18] 208 U.S. 412 (1908)
[19] სასამართლოს მეგობრის ეს მოსაზრება შეცდომით იქნა მიჩნეული, როგორც ბრენდაის მოსაზრება, რადგან ის ლუი ბრენდაიმ შეავსო, თუმცა, სინამდვილეში, მონაცემები ჯოზეფინ გოლდმარკმა, ფლორენს კელიმ და სხვა მოხალისეებმა შეაგროვეს.
[20] 404 U.S. 71 (1971).
[21] ასეთ შემთხვევათა უმრავლესობაში ნაგულისხმები იყო ის დაშვებები, რომლებიც ჩაშენებულია სახელმწიფო ბენეფიტებთან დაკავშირებულ დადგენილებებში, რომელთა მიხედვითაც კაცი მარჩენალია, ხოლო ქალი მის რჩენაზე დამოკიდებული დიასახლისი.
[22] 411 U.S. 677 (1973)
[23] 421 U.S. 7 (1975)
[24] 417, U.S. (1974)
[25] 429 U.S. (1976). უზენაესი სასამართლოს ხედვა ფეხმძიმობაზე, რომელიც გილბერტის საქმეშია წარმოდგენილი, კონკრესის მიერ სასწრაფოდ იქნა უარყოფილი. კონგრესმა მიიღო ფეხმძიმობის დისკრიმინაციის აქტი, 26 U.S.C. პარაგ. 3304 (a) (12) (1976), რომელმაც გააუქმა გილბერტის საქმის გადაწყვეტილება. ამით აშკარა ხდება, რომ უზენაესი სასამართლო შეხედულება, რომელიც ფეხმძიმობას დასაქმებისას განსხვავებული მოპყრობის დასაშვებ საფუძვლად მიიჩნევდა, არ იყო ფართოდ აღიარებული. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მყიფეა უზენაესი სასამართლოს მოსაზრებების წყაროდ მიჩნევა ქალებთან დაკავშირებული ხედვების შესწავლისას.
[26] 450 U.S. 464 (1981)
[27] იქვე. 477-79
[28] Freeman, Legitimizing Racial Discrimination Through Antidiscrimination Law: A critical Review of Supreme Court Doctrine, 62 Minn. L. Rev. 1050, I052, (1978).