საჯარო დებატი: სამართლიანობის ახალი ჩარჩოები - გენდერისა და კანონის გადაკვეთა

Კითხვის დრო: 2 წუთი

ქართული კანონმდებლობის გენდერული ნეიტრალურობა დღეს უკვე აღარ განიხილება მის ძლიერ მხარედ. ფემინისტი იურისტები და აქტივისტები კითხვის ქვეშ აყენებენ ამგვარი ნეიტრალიტეტის შედეგებს, რაც განსაკუთრებული ზიანის მომტანია ქალებისთვის. მიუხედავად არსებული კრიტიკისა და რეკომენდაციებისა, კანონები უმეტესწილად მაინც მამაკაცურ გამოცდილებასა და ხედვას ასახავენ, რასაც ხელს ისიც უწყობს, რომ საკანონმდებლო ორგანოებში ქალების წარმომადგენლობა დღემდე უკიდურესად დაბალია.

თვითმმართველობების არჩევნების წინ, პარლამენტში კვლავ შევიდა ინიციატივა პარტიულ სიებში გენდერული კვოტის შემოღების თაობაზე. პარალელურად, ჯერ კიდევ არ დასრულებულა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც, დიდი ალბათობით, ოჯახის დეფინიციას კონსტიტუციით შემოსაზღვრავს, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერის შედეგად, კონსტიტუციის პროექტში ჩაიდო ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერი:

1. ადამიანთა თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლში საფუძვლების ჩამონათვალი გახდა ღია;

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

2017 წლის 12 ივლისს ბიოლის ფონდში გამარტულ დებატზე მომხსენებლებმა იმსჯელეს შემდეგ კითხვებზე:

რა პოტენციალი აქვს გენდერული სამართლიანობის პრინციპების კანონმდებლობაში გატარებას? როგორი უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე კონსტიტუცია? რა გამოწვევების წინაშე დგება ფემინისტური პოლიტიკა, როდესაც იგი ინსტიტუციონალიზებულია? როგორია გენდერული სამართლიანობის ალტერნატიული ჩარჩო, რომელსაც საკანომდებლო განზომილებას სცდება?

მომხსენებლები:

- ნინო წილოსანი - პარლამენტარი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

- ანა ნაცვლიშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

- შოთა ხინჩა - პოლიტოლოგი, ადამიანის უფლებეის სწავლებისა და მონიტორიგნგის ცენტრი (EMC).

- მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი.