1838-19?? / ბიოლოგი / ნატურალისტი
იულია მლოკოსევიჩი დაიბადა 1872 წელს ლაგოდეხში, ცნობილი ნატურალისტის-ლუდვიგ მლოკოსევიჩის ოჯახში. ლუდვიგს და მის მეუღლეს – ვორონეჟელი გაღარიბებული თავადის ასულს მარია (ანა) კრილოვას თერთმეტი შვილი ჰყავდათ.
ლუდვიგი ცდილობდა ლაგოდეხის ხეობაში ნაკრძალი დაეარსებინა. მამის სიყვარულმა ბუნებისადმი, შვილებზეც იმოქმედა. მისი შვილების უმრავლესობამ, და მათ შორის, იულიამაც, სიცოცხლე მიუძღვნა კავკასიის ფლორისა და ფაუნის კვლევას.
1889 წელს კავკასიური გაზეთები იუწყებოდნენ, რომ აგვისტოს ბოლოს ლაგოდეხელ მეტყევე ლუდვიგ მლოკოსევიჩს ჰქონდა მცდელობა არარატის დიდი მთის დაპყრობისა. მეტყევეს თან ახლდა სამი ქურთი გამცილებელი, იქაური მეტყევე – მაკარ ხოჯიევი, ვინმე კრილოვი და თავისი შვილები – ჩვიდმეტი წლის იულია და თოთხმეტი წლის კონსტანტინი. ლუდვიგმა და კონსტანტინემ ბოლომდე ასვლა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება იულიას, ის ბოლომდე ასულა, თუმცა უმაღლეს წერტილამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა დააკლდა, რადგან მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა გონება დააკარგვინა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ არასდროს დაავიწყდება ის ემოცია, რომელიც ბარში დაბრუნებისას შეხვდა იქაური მცხოვრებლებისაგან.
იულია ბავშვობიდან აქტიურად ეხმარებოდა მამამისს სხვადასხვა საქმეში, მათ შორის ლაგოდეხის დენდრარიუმისა და ლაგოდეხის ხეობის მოვლა-პატრონობაში. იულიას დედისა და დის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, მამაც მალე გარდაეცვალა, მაგრამ მიუხედავად ამ ტრაგედიებისა, იულია ცდილობდა მამის დაწყებული საქმის გაგრძელებას - ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევას, ის აქტიურად მუშაობდა და ეხმარებოდა ცნობილ ბიოლოგ კუზნეცოვს, რომელიც საიმპერატორო აკადემიამ სპეციალურად მოავლინა კავკასიაში.
იულია განსაკუთრებული სიბეჯითით ეუფლებოდა ბოტანიკას, სწავლობდა მცენარეებს, ქმნიდა მათ აღწერილობებსა და ჩანახატებს. 1900 წელს, 20 აპრილს, ლაგოდეხის ჩანჩქერთან ახლოს, იულიამ აღმოაჩინა მაშინდელი მეცნიერებისათვის შეუსწავლელი მცენარე – ფურისულა. მან გადაუგზავნა იურევში პროფესორ კუზნეცოვს ეს ენდემი, რომელმაც შემდეგ ამ მცენარეს იულიას ფურისულა უწოდა (Primula Iuliae).
იულიამ პეტერბურგში მიიღო უმაღლესი ბიოლოგიური განათლება. დაინტერესებული იყო ბოტანიკით, ენტომოლოგიით, ატარებდა ექსპერიმენტებს და დაკვირვებებს გარეული ფრინველებზე, ცდილობდა მათ მოშენებასა და მოშინაურებას. 1910 წელს იგი გახდა რუსული ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი. 1909 წელს სამეცნიერო ექსპედიციის დროს სამოცდათვრამეტი წლის ლუდვიგი დაღესტნის მთებში გარდაიცვალა. იულიას მამის საქმეების გასაგრძელებლად ხშირად უხდებოდა კავკასიაში დაბრუნება და ლაგოდეხში ყოფნა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად იყო თავდაუზოგავი მუშაობა საჭირო, რადგან ლუდვიგის ოცნება - ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალის გადაქცევა, უკვე ჭიანურდებოდა. ამასთან, სერიოზული პრობლემად იქცა ხე-ტყის ჭრა და აქაური ბუნების საძოვრებად გადაქცევა - მწყემსები ვერ ხვდებოდნენ იმას, თუ რა სერიოზულ ზარალს აყენებდა მათი საქონელი ფლორას. ამას გარდა, იულიასათვის გახდა ცნობილი, რომ იგეგმებოდა ყუბანის სამხედრო პოლკისათვის სამხედრო-საწვრთნელი მიზნებისათვის ტყის დიდი ნაწილის გადაცემა. იულია მამის მეგობრებს და განსაკუთრებით - კუზნეცოვს წერილებში დაწვრილებით მოახსენებდა აქ არსებული ვითარების შესახებ.
სწორედ იულიას წერილობითმა ინფორმაციამ უბიძგა ნიკოლოზ კუზნეცოვს საიმპერატორო აკადემიის წინაშე მოხსენებითი ანგარიშით ,,ლაგოდეხის ხეობა, როგორც ბუნების ძეგლი, რომელიც მოითხოვს დაცვას“ რომ გამოსულიყო. ნიკოლოზ კუზნეცოვის ამ ანგარიშმა კი დააჩქარა ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის საკითხი. იულიას სახელი მოხსენიებულია ,,იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის შრომებში“.
იულია, როგორც მისი ნათესავები იხსენებდნენ, დიდხანს ცხოვრობდა ლაგოდეხში, მამისეულ კარმიდამოში. ის დიდი ენთუზიაზმით განაგრძობდა გარეულ ფრინველთა მოშენებას და მათზე დაკვირვებას. მოგვიანებით ბაქოს მახლობლად დასახლდა, სადაც და გარდაიცვალა კიდეც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების თარიღი და დასაფლავების ადგილი უცნობია.
გამოყენებული ლიტერატურა:
პიოტრ ზგონნიკოვი: ლუდვიგ მლოკოსევიჩის წერილი არარატის დიდ მთაზე ასვლის შესახებ (რუსულად) ხელმისაწვდომია აქ: http://lagodekhi.net/view_post.php?id=66 (ნანახია 18.12.2017)
პიოტრ ზგონნიკოვი: როგორ ადიოდა იულია მლოკოსევიჩი, ქალებს შორის პირველი, არარატის მთაზე (რუსულად) ხელმისაწვდომია აქ: http://lagodekhi.net/view_post.php?id=78 (ნანახია 18.12.2017)
პიოტრ ზგონნიკოვი: ლუდვიგ მლოკოსევიჩი. მეშვიდე ნაწილი. მლოკოსევიჩის მთები. ხემისაწვდომია აქ: http://www.lagodekhi.net/view_post.php?id=435 (ნანახია 18.12.2017)