ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ
ფემინისტური თეორია ქალური გამოცდილებისა და პერსპექტივის თეორეტიზებაა, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ ამ გამოცდილებების მრავალფეროვნების შესაბამისად, თავად თეორიაც მრავალფეროვანია. ამის მიუხედავად, ფემინისტური აზრის განვითარების პირველ ეტაპზე, ქალური გამოცდილება უნივერსალიზებული იქნა დასავლეთის ფემინისტების მიერ და იგი ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქალისთვის არსებითად მსგავსი – მათი ისტორიული და კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე.
დღეისათვის, ფემინისტური თეორია გასცდა უნივერსალური გამოცდილების არგუმენტს და ქალებს შორის განსხვავებების თაობაზე არაერთი ფილოსოფიური თუ პოლიტიკური კითხვა დასვა. ეს კითხვები წინამდებარე კრებულში თავმოყრილი ფემინისტური დებატების ნაწილია. მართალია, წარმოდგენილი ტექსტები ძირითადად გასული საუკუნის 80-90-იანი წლების დისკუსიებს წარმოაჩენს, მაგრამ ისინი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ უდიდესი გავლენა მოახდინეს სხვადასხვა ცნების, და აგრეთვე, ქალების მდგომარეობის უნივერსალისტური გაგების გადააზრებაზე. შესაბამისად, თანამედროვე ფემინისტური დისკურსი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ჩაგვრის ისეთ ფორმებზე, რომლებიც განსხვავდება არა მხოლოდ სქესის, არამედ კლასის, რასისა თუ გეოგრაფიული არეალის მიხედვით, სწორედ აღნიშნული დისკუსიების ანარეკლია.
საქართველოში, ისევე როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ზემოხსენებული ფემინისტური ტექსტები მხოლოდ 90-იანი წლების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი; ისიც ადამიანთა იმ ვიწრო ჯგუფისთვის, ვისაც საზღვარგარეთ განათლების მიღება და უცხო ენაზე ასეთი მასალების წაკითხვა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, აკადემიურ სივრცეში ქართულ ენაზე თარგმნილი ფემინისტური თეორიული ტექსტები კვლავ იშვიათობაა. ვფიქრობთ, ეს დიდი დანაკლისია იმ ახალგაზრდა თაობის ფემინისტებისთვის, რომელთაც აქვთ ინტერესი, გაეცნონ და გაიზიარონ უკვე დაგროვილ ფემინისტურ გამოცდილებას.
სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო რეგულარულად აქვეყნებს ფუძემდებლური ფემინისტური სტატიების თარგმანებს. მათი ძირითადი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ფემინისტურ ვებგვერდზე www.feminism-boell.org.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფემინისტური თეორიის ქართულ ენაზე თარგმნის ტრადიცია ხანგრძლივი არაა, ამიტომ, ის ტერმინები, რაც დასავლურ ფემინისტურ დისკურსში უკვე მრავალი წელია დამკვიდრდა, ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვნად მორგებული ქართულ ენასთან. შესაბამისად, თანამედროვე სამეცნიერო სტატიებთან შეჭიდება დიდი გამოწვევაა – ტექსტის შინაარსობრივი თარგმანის გარდა, აუცილებელია თეორიული ტერმინების შემუშავება და დაზუსტებაც. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ფემინისტური თარგმანების მხარდაჭერა იმ ფემინისტი მთარგმნელების და მეცნიერების გაძლიერებაცაა, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული ფემინისტური ბიბლიოთეკის შექმნაში.
წინამდებარე კრებულში შესული ექვსი სტატია ოთხი ფემინისტი მკვლევრისა და ავტორის ფასდაუდებელი შრომის შედეგად ითარგმნა. ესენი არიან: ნარგიზა არჯევანიძე, თამთა მელაშვილი, გიორგი ჩუბინიძე და მარიამ ჭანჭალეიშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს კრებულის სამეცნიერო რედაქტორის, თამარ ცხადაძისა და ენობრივი რედაქტორების, ნინო საითიძისა და ნინო ბექიშვილის წვლილი, თარგმანებისა და ტერმინების საბოლოო გამართვაში. ვფიქრობთ, ქართულ ენაზე ფემინისტური ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებას თავისი წვლილი შეაქვს ადგილობრივი ფემინისტური დღის წესრიგის გამოკვეთასა და ჩამოყალიბებაშიც.
ამავდროულად, გვჯერა, რომ ეს შრომა ნაყოფს სამომავლოდაც გამოიღებს და ქართველ ფემინისტ ავტორებს მისცემს დამატებით სტიმულს, რათა გლობალური ფემინისტური დებატები ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული ტექსტებით გაამდიდრონ.
ნინო ლეჟავა,
დირექტორი
ეთუნა ნოღაიდელი,
პროგრამის კოორდინატორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
Product details
Table of contents
თამარ ცხადაძე
შესავალი
ედრიენ რიჩი
სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელად ყოფნა, თამთა მელაშვილის თარგმანი
ჩანდრა ტალპად მოჰანტი
დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები, ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი
ნადინ ტაუბი, ელიზაბეთ შნაიდერი
ქალთა დაქვემდებარება და კანონის როლი, გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
სიუზენ მოლერ ოკინი
ქალებისთვის მულტიკულტურალიზმი ცუდი ხომ არ არის? გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
უმა ნარაიანი
კულტურის არსი და ისტორიის საზრისი: კულტურული ესენციალიზმის ფემინისტური კრიტიკა, ნარგიზა არჯევანის თარგმანი
სინთია ენლოუ
რიგების შევსება: ქალების, როგორც დედების, სამხედრო მოსამსახურეების, ფემინისტებისა და მოდის დიზაინერების მილიტარიზაცია, მარიამ ჭანჭალეიშვილის თარგმანი