ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ფემინისტურმა გვერდმა 14 მაისს, 2020, უმასპინძლა ონლაინ დისკუსიას "ქალთა შრომა და გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე". დისკუსიის სტუმარი იყო ნანი ბენდელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი. დისკუსიას უძღვებოდა მარიამ ჭანჭალეიშვილი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის გენდერული პროგრამის კოორდინატორი. დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის "საუბრები ბიოლის ფონდში" ფარგლებში.
მთელს მსოფლიოში ეკონომიკური უთანასწორობა გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ასპექტად რჩება. სიცოცხლის მანძილზე კაცებისა და ქალების შემოსავლებს შორის განსხვავების შენარჩუნებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს - ქალებს, კაცებთან შედარებით, ჯერ კიდევ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეკონომიკურ რესურსებზე, მათ შორის, ანაზღაურებად სამუშაოზე; მათ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე შრომის ბაზარზე ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ კაცებს; ისინი მეტ დროს უთმობენ ოჯახებში აუნაზღაურებელ შრომას და ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე ზრუნვას. გენდერული სახელფასო სხვაობა კაცებისა და ქალების ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და შრომის ბაზარზე გენდერულ უთანასწორობას სხვა მნიშვნელოვანი განზომილებებიც აქვს, გარდა იმისა, რაც გენდერული სახელფასო სხვაობის ინდიკატორებში აისახება. მაგალითად, შინამეურნეობაში არაანაზღაურებადი საქმიანობითა და ოჯახის წევრებზე ზრუნვით ქალების არაპროპორციული დატვირთვა არამხოლოდ შრომის თანასწორ ანაზღაურებაზე მოქმედებს, არამედ შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობაზეც აისახება. საქართველოში 15 წელზე უფროსი ქალების 44.4 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია (ანუ არც დასაქმებულია და არც ეძებს სამუშაოს) მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი კაცების იმავე ასაკობრივ ჯგუფში 26.4 პროცენტს შეადგენს (2018 წლის მონაცემები). მეორე მხრივ, შრომის ანაზღაურებაში გენდერული უთანასწორობა თვითონ აფერხებს იმას, რომ ოჯახებში ქალებსა და კაცებს შორის საოჯახო შრომის უფრო თანასწორად გადაანაწილება დაიწყოს.
პანდემიის პირობებში უფრო და უფრო ხილვადი ხდება, რომ ქალებისთვის განსაკუთრებულ ბარიერს ქმნის შრომით ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობა და საშინაო და ზრუნვის შრომის შრომად აღიარების საკითხი. მაშინ, როცა ბევრმა ქალმა დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა სამუშაო საათები და ანაზღაურება, ქალების დიდი ნაწილი მომსახურების და ჯანდაცვის სფეროში მოწინავე პოზიციებზე და ამასთან უფრო მეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალებისთვის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა დაუცველობის განცდა და გამოკვეთა, რომ ამ ქალების შრომა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ფუნქციონირებას. მაშინ, როცა სკოლები, ბაღები და სხვა ცენტრები დახურულია, ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა კვლავ ძირითადად ქალებზე მოდის. უფრო მეტი ადამიანია იძულებული, რომ დარჩეს სახლში, რაც თავისთავად გულისხმობს გაზრდილ საშინაო შრომას.
ამრიგად, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ქალთათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შესაქმნელად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკის სტრატეგიებზე საუბრის წამოწყებას.
ქალთა შრომა და გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube