პუბლიკაციის ყდაზეა კოლაჟი, საარქივო ფოტოებით, სადაც ასახულია მედიცინის მუშაკები საქმიანობის შესრულებისას.

ქალები მედიცინაში

"ქალები მედიცინაში“ – ასე ეწოდება კვლევას, რომლის მიზანი XIX საუკუნის II ნახევრის ქართული პერიოდული გამოცემების („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“) დამუშავება და იმ ძირითადი საარქივო მასალების თავმოყრა იყო, რომლებიც ქალთა სამედიცინო სფეროში ჩართულობას უკავშირდება. აღნიშნული პერიოდის ქართული პრესა მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა. იმდროის ჟურნალ-გაზეთებში შემონახულია უხვი და მრავალფეროვანი მასალა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ პრესა, სხვა თემატიკასთან ერთად, აქტიურად აშუქებდა სამედიცინო სფეროში ქალთა მონაწილეობის საკითხსაც. კორესპონდენტებისთვის საინტერესო იყო როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული სიახლეები. მასალათა ფორმატი განსხვავებულია, გვხვდება როგორც მცირე სტატიები და განცხადებები, ისე მიმოხილვითი და ანალიტიკური პუბლიკაციები. ბროშურაში წარმოდგენილი სტატიების ერთი ნაწილი სრულად სამედიცინო საკითხებზეა, მეორეში კი – კვლევისთვის საინტერესო თემატიკა ფრაგმენტულად გვხვდება. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული ნაწილი ხაზგასმულია.

წინამდებარე ბროშურაში მასალა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, იმ პერიოდის ბეჭდური ენისა და სტილის დაცვით, უცვლელი სახითაა წარმოდგენილი. აქვეა ის ვიზუალური ჩანართებიც, რომლებიც დამუშავებულ ჟურნალ-გაზეთებში
გვხვდება. ჩვენი საკვლევი პერიოდი მოიცავდა 1866-1909 წლებს. თავმოყრილ მასალაში რამდენიმე საკვანძო მიმართულება იკვეთება:

• ექიმი ქალები საქართველოში და საზღვარგარეთ (მოკლე ცნობები, ისტორიები,განცხადებები, სამედიცინო საზოგადოებების ანგარიშები და სხვა);
• ქალთა სასწავლო სამედიცინო დაწესებულებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
• ქალების ჩართულობა აკადემიურ/სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში (მედიცინის მიმართულებით);
• სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და ხელმისაწვდომობა ქალებისთვის;
• თემასთან დაკავშირებული სხვა მასალები (სარეკლამო განცხადებები და ა.შ.).

საარქივო სტატიებში კარგად ჩანს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და ეპოქის შესაბამისი გამოწვევები, წარმატებები და მიღწევები. შესავალ სტატიაში წარმოდგენილი მსჯელობა და დასკვნები სრულად ეფუძნება ქართული პრესის მასალებს, ამ ნაწილში მოკლედ განვიხილავთ ბროშურაში თავმოყრილი მასალების თემატიკას/ძირითად საკითხებს.

Product details
Date of Publication
2022
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
121
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

ქალები მედიცინაში 3
სამედიცინო სერვისები ქალებისთვის 4
ქალები მედიცინაში – განათლება და დასაქმება 9
მსოფლიო ამბები 19
საარქივო პრესის მასალები (1866-1909 წლები) 22
გამოყენებული ლიტერატურა 109