ქალები ექსტრაქტივისტულ ზონებში მუშაობენ

ქალები ექსტრაქტივისტულ ზონაში

ბოლნისის მოპოვებითი საქმიანობების გენდერული განზომილება და სოციალური გავლენები საქართველოს აზერბაიჯანელებზე

ექსტრაქტივიზმი წიაღისეულის თუ სხვა სახის ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური დაგროვების მიზნით ფართომასშტაბიანი მოპოვების პროცესია, რომელიც ბუნებრივი სისტემების თვითაღდგენის უნარს სცდება და ხასიათდება მძიმე სოციალური თუ გარემოს დამაზიანებელი გავლენებით (Acosta, 2013; Gudynas, 2013). მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული მოპოვების ისტორია საქართველოში საუკუნეზე მეტს ითვლის და ბოლო წლებში ამ სექტორთან დაკავშირებული არაერთი სოციალური პროტესტიც აღმოცენებულა (ქებურია & ჭუბაბრია, 2017), ექსტრაქტივიზმი საქართველოში კვლევის შედარებით ახალი საგანია. წიაღისეულს, კონკრეტულად კი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, საქართველოს საექსპორტო ჩამონათვალში წამყვანი ადგილი უჭირავს (საქსტატი, 2022), თუმცა, ზოგადად, მოპოვებითი სექტორის წილი ქვეყნის საერთო ეკონომიკასა და დასაქმებაში არც ისე დიდია (ჩივაძე, 2020). ამ ფონზე, უშუალოდ ბუნებრივი რესურსების მოპოვების ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობა და ეკოსისტემები ექსტრაქტივისტული საქმიანობების თანმდევ მაღალ ეკოლოგიურ თუ სოციალურ ფასს იხდიან (აროშვილი, 2020; ურჩუხიშვილი, 2021; ცინცაძე, 2020).

ბოლო პერიოდში განხორციელებული სისტემური კვლევები ჭიათურის, ზესტაფონისა და კაზრეთის მონოინდუსტრიული ქალაქების მაგალითზე, შეისწავლის ექსტრაქტივიზმის ადგილობრივი გამოვლინებების შრომითი, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და გენდერული განზომილებების თანაკვეთას (EMC, 2020; ურჩუხიშვილი, 2021). კვლევები, რომლებიც საქართველოში ექსტრაქტივიზმის გავლენებს გენდერულ ჭრილში შეისწავლიან, გვიყვებიან ქალთა შრომით მიგრაციასა და ეკონომიკური მონაწილეობის შესაძლებლობების ნაკლებობაზე (აროშვილი, 2020; ურჩუხიშვილი, 2021), რაც უკავშირდება ექსტრაქციული ინდუსტრიის ქალაქებში სახიფათო სამუშაო პირობებს მიღმა დასაქმების ალტერნატივების არარსებობას. მაგრამ ცოტა რამ ვიცით სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემის ქალებზე, რომლებიც საარსებო საშუალების საძიებლად ემიგრაციას და ექსტრაქტივისტული ზონებიდან გასვლას ვერ ახერხებენ, შესაბამისად, ცხოვრება მოპოვებითი საქმიანობების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ უხდებათ.

საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები მრავალშრიან დისკრიმინაციას განიცდიან და არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, იქნება ეს ეკონომიკურ, ჯანდაცვის, იურიდიულ და სოციალურ ან, თუნდაც, ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომის ნაკლებობა თუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობების სიმწირე. ამას ემატება სოფლის მეურნეობაში ქალებისთვის ფინანსური და მიწის რესურსების გენდერულად არათანაბარი ხელმისაწვდომობა (გოლემაკ პაუელი და სხვ., 2020), რაც განსაკუთრებულად არასახარბიელოდ სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემის ქალებზე აისახება, რომლებიც ენობრივი ბარიერის პირობებში, სოფლის მეურნეობაში ქალებისთვის არსებული მცირერიცხოვანი მხარდაჭერის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებსაც არიან მოკლებულნი (მამედლი, 2022). სოფლად ქალთა მდგომარეობის გასააზრებლად, მხედველობაშია მისაღები გენდერული ნიშნით სოფლის მეურნეობაში შრომის გადანაწილების ქვეყანაში არსებული ზოგადი სურათიც, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს რეგიონებში, გარდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა, ქალების სოფლის მეურნეობაში დასაქმების წილი, მათ შორის არაფორმალურად, კაცებთან შედარებით უფრო დიდია. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქვემო ქართლის რეგიონი გამოირჩევა (2019-ში 60%) (გოლემაკ პაუელი და სხვ., 2020), სადაც მოსახლეობის 42% ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფით, საქართველოს აზერბაიჯანელებითაა დასახლებული.

სოფლად მცხოვრები ქალებისა და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის არსებული ამ უთანასწორობების გათვალისწინებით, წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის, საქართველოს აზერბაიჯანული თემის (ქვეყნის მოსახლეობის 6%) (საქსტატი, 2016). ქალების გამოცდილებებს ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მაგალითზე, სადაც არაერთი ექსტრაქტივისტული საქმიანობა და სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი რესურსის კომერციული მოპოვება მიმდინარეობს. მხედველობაში თუ მივიღებთ იმასაც, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური შემოსავლის მთავარი წყარო სოფლის მეურნეობაა (დარსაველიძე და სხვ., 2018), ნათელი ხდება, თუ რამდენადაა დამოკიდებული როგორც ბოლნისის, ისე საქართველოს აზერბაიჯანული თემის განგრძობადობა და სოციალური კვლავწარმოება ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე, რასაც უკონტროლო მოპოვებითი საქმიანობები საფრთხეს უქმნიან.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წინამდებარე კვლევა ექსტრაქტივიზმს ბოლნისში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის მოპოვებითი საქმიანობის კონტექსტში აანალიზებს და ცნების ფართო გაგებას ეყრდნობა (Acosta, 2017). უფრო კონკრეტულად, ფემინისტური პოლიტიკური ეკოლოგიის პერსპექტივის გამოყენებით, კვლევა შეისწავლის ექსტრაქტივისტული საქმიანობების გავლენებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის ქალებზე და გამოკვეთს კავშირებს მათ შრომას, გამოცდილებებს, ბუნებრივ გარემოში მიმდინარე ცვლილებებსა და რესურსების ხელმისაწვდომობას შორის.

Product details
Date of Publication
2023
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
34
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

შესავალი 3

ძირითადი მიგნებები 5

1. მეთოდოლოგია 8

1.1. თეორიული ჩარჩო: ფემინისტური პოლიტიკური ეკოლოგია 8

1.2. ექსტრაქტივიზმი 8

1.3. ექსტრაქტივიზმის გენდერული კრიტიკა 9

1.4. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი 10

2. ბოლნისის სოფლის მეურნეობა და საქართველოს აზერბაიჯანული თემი 13

2.1. საქართველოს აზერბაიჯანული თემის ქალები 14

3. ექსტრაქტივისტული საქმიანობები ბოლნისში 16

3.1. წიაღისეულის მოპოვება 17

3.1.1. წიაღისეულის მოპოვებით მდინარეების დაბინძურების ეკოლოგიური

გავლენები ბოლნისის აზერბაიჯანული თემის სოფლებში 17

3.1.2. წიაღისეულის მოპოვებით მდინარეების დაბინძურების გავლენები

ბოლნისის აზერბაიჯანული თემის ქალებზე 19

3.3. სარწყავი წყალი 21

3.3.1. სარწყავი წყლის არათანაბარი გადანაწილების მოპოვებითი ხასიათი

ბოლნისის აზერბაიჯანულ თემში 21

3.3.2. სარწყავი წყლის არათანაბარი გადანაწილების გენდერული

განზომილება ბოლნისის აზერბაიჯანულ თემში 23

3.4. ქვიშა-ხრეშის მოპოვება 25

3.4.1. ქვიშა-ხრეშის მოპოვების ეკოლოგიური, სოციალური და გენდერული

გავლენები ქვემო და ზემო არქევანის კონტექსტში 25

რეკომენდაციები 28

ბიბლიოგრაფია 30