ზრუნვა სოციალური დაცვის სისტემაში

ზრუნვა სოციალური დაცვის სისტემაში

სასიცოცხლო ციკლის პერსპექტივა

2022 წელს განხორციელებული კვლევის მიზანია, შეისწავლოს ზრუნვის, როგორც ადამიან(ებ)ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისთვის აუცილებელი კომპონენტის როლი და ადგილი საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში და დაასაბუთოს მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. კვლევა განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ზრუნვის პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში. იგი, არსებული საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე და მათთან მიმართებით, მიმოიხილავს საქართველოს სოციალური დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს, შეისწავლის სოციალური დაცვის არსებულ მექანიზმებს და აანალიზებს მათ ძირითად გენდერულ ასპექტებს. ასევე, ზრუნვის ირგვლივ არსებული სამეცნიერო დისკუსიების მიმოხილვით, ფემინისტური პერსპექტივიდან წარმოაჩენს დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვის პასუხისმგებლობისსხვადასხვა ინსტიტუტს შორის გადანაწილების მექანიზმებსა და სტრუქტურას.

წინამდებარე კვლევა სოციალურ დაცვას განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად, სადაც მოიაზრება როგორც ეკონომიკური კეთილდღეობა, ასევე სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა. სოციალური დაცვის ადამიანის უფლებად განსაზღვრით, სახელმწიფო წარმოჩენილია არა მხოლოდ როგორც კეთილდღეობის სერვისების მიმწოდებელი (ბაზარსა და ოჯახთან ერთად), არამედ როგორც კეთილდღეობის ყველასთვის თანაბრად განაწილების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის მქონე აქტორი, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები ყველა მოქალაქეს თანაბარ სოციალურ უფლებებს ანიჭებს.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს, უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება.3 თუმცა, წინამდებარე კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსთვის ეფექტიანი, კოორდინირებული და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის არარსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სიღარიბის დონე, უმუშევრობისა და არაფორმალური დასაქმების მასშტაბები არამდგრად და არაკეთილსაიმედო გარემოს ქმნის ადამიანებისათვის, ხოლო სოციალური დაცვის სუსტი პოლიტიკა, რომელიც უმეტესად რეაგირებითია და არ მოიცავს პრევენციის კომპონენტს, ოჯახებსა და ინდივიდებს სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში განცდილი მოულოდნელი შოკებისგან დაუცველს ხდის. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, არსებული სოციალური დაცვის სისტემა გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებს გამორიცხავს სოციალური დაცვის მექანიზმებიდან ან/და ართულებს მათ ხელმისაწვდომობას სახელმწიფოს მწირ და ბაზისურ რესურსებზე.

ზრუნვის პოლიტიკა სოციალური დაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია და აერთიანებს ფულადი და არაფულადი ხასიათის სარგებელს (სერვისებს), რომლებიც ადამიან(ებ)ის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების და, განსაკუთრებით, ქალების ზრუნვის შრომას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელია, და გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი სოციალური დაცვის სისტემის და მექანიზმების სისუსტეების დასაფარად.

წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია ვრცელი სამაგიდო კვლევის, ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგები და ნაჩვენებია საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის რიგი ხარვეზები, რომლებიც მოწყვლად სიტუაციაში მყოფ ჯგუფებს საკუთარი უფლებების სრულფასოვან რეალიზებაში უშლის ხელს. იმისთვის, რომ წარმოდგენილი ანალიზი შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, სამაგიდო კვლევისას, თანმიმდევრულად იქნა გამოყენებული ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და მათ ირგვლივ არსებული ავტორიტეტული განმარტებები. ანალიზის საფუძველზე, დოკუმენტი პასუხისმგებელი უწყებებისთვის ზრუნვის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპლექსურ რეკომენდაციებს წარმოადგენს.

მოცემული დოკუმენტი სრულად არ ფარავს სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ყველა ჯგუფს, მაგრამ ანალიზი მოიცავს საკმარის ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ სოციალური დაცვის რომელი საკითხები და სფეროები მოითხოვს მეტ პოლიტიკურ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფოს მხრიდან.

Product details
Date of Publication
2023
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
76
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

გრაფიკების და ცხრილების ჩამონათვალი 2

აბრევიატურები 3

მოკლე მიმოხილვა 4

რეკომენდაციები 10

1. მეთოდოლოგია 13

2. ზრუნვის ჩარჩოკონცეფცია 15

2.1. სასიცოცხლო ციკლის მიდგომა 15

2.2. ზრუნვის პოლიტიკა 16

2.3. სოციალური დაცვის გენდერული ასპექტები 17

3. ზრუნვის სერვისები ბავშვებისთვის 19

3.1. საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები 19

3.2. ფულადი გასაცემელი 20

3.3. სერვისები 23

3.4. შეჯამება 32

4. ზრუნვის სერვისები სამუშაო ასაკში 35

4.1. საერთაშორისო სტანდარტები 35

4.2. დროითი და ფინანსური გარანტიები სამუშაო ასაკში 36

4.3. სოციალური დაცვის დამატებითი ბაზისური გარანტიები

სასიცოცხლო ციკლის მიღმა 43

4.4. სოციალური დაცვის სისტემაში მოწყვლადი ჯგუფების

გათვალისწინება 46

4.5. ჯანმრთელობის დაცვის არსებითი სერვისები (საყოველთაო

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) 60

4.6. შეჯამება 63

5. ხანდაზმულთა ზრუნვის სერვისები 66

5.1. საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები 66

5.2. ფულადი გასაცემელი 68

5.3. სერვისები 69

5.4. შეჯამება 74