ფემინისტური საკითხავი

ფემინისტური საკითხავი

დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ

მეორე გამოცემისთვის

კრებული „ფემინისტური საკითხავი: დებატები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ პირველად 2018 წელს გამოიცა. ფემინისტური დისკუსიებისთვის მათი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აქ წარმოდგენილი თარგმანები საქართველოში გენდერის კვლევების სხვადასხვა კურსის სილაბუსებში უკვე მოიძებნება. მოხარულები ვართ, რომ მაღალი დაინტერესიდან გამომდინარე, კრებულის მეორე გამოცემა უკვე მკითხველის ხელშია. ფემინისტურ ცოდნასა და დებატებს შეუცვლელი როლი მიუძღვის სოციალური სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაში. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება იმ ფუნდამენტური საკითხების და ძალაუფლებრივი ღერძებისა და იერარქიების გა(და)აზრება, რომლებიც გენდერულ და სოციალურ უთანასწორობებს უდევს საფუძვლად და კვლავაწარმოებს. გადააზრებასა და კრიტიკასთან ერთად, იგი ასევე გვთავაზობს სივრცეს და საშუალებას მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, კულტურულ, აკადემიურ თუ ინდივიდუალურ შრეებზე. ფემინისტური კრიტიკის და ცოდნის სასიცოცხლო მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება, გლობალურად თუ ეროვნულ დონეზე პოპულისტური მემარჯვენე და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური პროცესების და ანტიგენდერული ნარატივების მომძლავრებასთან ერთად; ნარატივებისა, რომლებიც ცდილობენ, გაამყარონ როგორც ქალთა როლის, ასევე კულტურათა შესახებ ესენციალისტური ხედვა და (ნეო)კოლონიური დისკურსები, ჰეტერონორმატიულობა თუ მილიტარისტული განწყობები. კრებულში წარმოდგენილი ძირითადი თემები კულტურის, კანონისა და სექსუალობის შესახებ სწორედ ამ (და არამარტო) საკითხებს ეხმიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც არსებული კრიტიკული ფემინისტური ცოდნის გავრცელება, ასევე მისი ქართულ რეალობასთან კონტექსტუალიზაციის და ახალი ცოდნის შექმნის ხელშეწყობა. ამ მხრივ, გვჯერა, რომ ქართველი ფემინისტი მკვლევრების და ავტორების – ნარგიზა არჯევანიძის, თამთა მელაშვილის, გიორგი ჩუბინიძისა და მარიამ ჭანჭალეიშვილის შრომის შედეგად თარგმნილ კრიტიკულ ნაშრომებთან მიბრუნება წვლილს შეიტანს ქართველი მკვლევრების, აქტივისტების, სტუდენტებისა თუ სხვა დაინტერესებული ადამიანების შთაგონებაში ახალი ფემინისტური ცოდნის თუ მეთოდების წარმოების გზაზე.

თათა ბურდული

პროგრამის კოორდინატორი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

Product details
Date of Publication
2022
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი
Number of Pages
296
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-8-6129-1
Table of contents

თამარ ცხადაძე
შესავალი
ედრიენ რიჩი
სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელად ყოფნა, თამთა მელაშვილის თარგმანი
ჩანდრა ტალპად მოჰანტი
დასავლური მზერის ქვეშ: ფემინისტური კვლევა და კოლონიური დისკურსები, ნარგიზა არჯევანიძის თარგმანი
ნადინ ტაუბი, ელიზაბეთ შნაიდერი
ქალთა დაქვემდებარება და კანონის როლი, გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
სიუზენ მოლერ ოკინი
ქალებისთვის მულტიკულტურალიზმი ცუდი ხომ არ არის? გიორგი ჩუბინიძის თარგმანი
უმა ნარაიანი
კულტურის არსი და ისტორიის საზრისი: კულტურული ესენციალიზმის ფემინისტური კრიტიკა, ნარგიზა არჯევანის თარგმანი
სინთია ენლოუ
რიგების შევსება: ქალების, როგორც დედების, სამხედრო მოსამსახურეების, ფემინისტებისა და მოდის დიზაინერების მილიტარიზაცია, მარიამ ჭანჭალეიშვილის თარგმანი