Sapo Mgeladze Book

ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავი: საფო მგელაძე

საფო მგელაძის „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბავიმართლაც მნიშვნელოვანი ტექსტია ბევრი თვალსაზრისით. ის ჟანრობრივად მოუხელთებელია, თუმცა დოკუმენტურ პროზას და მემუარს შორის იკვეთება, აქვს დღიურის ელემენტებიც და ერთმნიშვნელოვნად მწერლის „ბიოგრაფიის და შემოქმედების გასაღებსწარმოადგენს (კუპრეიშვილი, 2023). ამასთანავე, აქ განსაკუთრებული სიმძაფრით იკითხება ეპოქა, რეპრესიულ სახელმწიფოში ადამიანის და ზოგადად, ხელოვანის ბედი, გენდერული და ძალაუფლებრივი ურთიერთობების მრავალნაირი შრე და ტექსტის ნარატივსა და იმ ისტორიულ კონტექსტს შორის ურთიერთმიმართება, რომელშიც ის შეიქმნა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გავიგებთ, რამდენად შესაძლებლად მიაჩნდა თავად საფოს ამ ტექსტების გამომზეურება მისსავე სიცოცხლეში, თუმცა „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბის" წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, რომ მწერლისთვის ეს იყო ერთგვარი ალტერნატიული და, შეიძლება ითქვას, საპასუხო რეაქცია – მოეყოლა ამბავი იმ სტრუქტურულ უსამართლობაზე, ხილულ თუ უხილავ ჩაგვრასა და მარგინალიზაციაზე, რომელსაც ის, როგორც ქალი შემოქმედი განიცდიდა. ამის გაზიარება კი მკითხველისათვის ერთმნიშვნელოვნად სურდა: „როდესაც იქნება, წაიკითხავენ ამ წიგნებს, ამ დღიურებს, ამ წერილებს, ამ ლექსებს. ათასში ერთი მაინც გამიგებს და იტყვის მართალი ადამიანი უსამართლოდ დაღუპულა და კვლავ ასეთი რამე აღარ უნდა განმეორდესო.

ეს ერთმნიშვნელოვნად ფემინისტური ტექსტია, სადაც ავტორი თავად ირჩევს მოჰყვეს თავის ამბავს; ესპირველადი, ავთენტიკური მონათხრობია, სადაც ბრაზი, მრისხანება, სასოწარკვეთა და ტკივილი პირდაპირხელისგულზე დევს.

მიუხედავად იმისა, რომ „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბის” წერისას საფოს მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა მძიმე იყო (ის დაავადებული იყო ტუბერკულოზით, ჰქონდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდები), ავტორს ნამდვილად აქვს სურვილიც და შესაძლებლობაც, კონტროლი ჰქონდეს საკუთარ თავსა და, რაც მთავარია, საკუთარ შემოქმედებაზე და სწორედ წერის საშუალებით ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება საკუთარ ცხოვრებაზე, ბიოგრაფიასა თუ ტექსტებზე. ის „ჩემი ცხოვრების ნამდვილი ამბითთავად ხდება თავისი ცხოვრების ნამდვილი პერსონაჟი, საკუთარი სამყაროს ცენტრი და ამ ფორმითაც, კიდევ ერთხელ და ისევ მკვეთრად უპირისპირდება პატრიარქატსა და ტოტალიტარიზმს და მასთან დაპირისპირებულ ამ ორი მონსტრის ყველაზე მძაფრ განსხეულებას – საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირს.

თამთა მელაშვილი

Product details
Date of Publication
2025
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული