ქალები და სახელმწიფო პენსია: პრივილეგია თუ უხილავი უთანასწორობა?

ადამიანს უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების სტანდარტი, რომელზეც სიბერე, დროებითი ან მუდმივი შრომისუუნარობა და სხვა ფაქტორები გავლენას ვერ მოახდენს. პენსიის მიზანს სწორედ ადამიანის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უფლებების სრულფასოვანი რეალიზების იდეა დაედო საფუძვლად - მას მოქალაქე მოწყვლადობისგან უნდა დაეცვა და ფულადი დანაზოგის მეშვეობით დაეკმაყოფილებინა მისი უფლება საბაზისო სერვისებისა და სპეციფიური საჭიროებების მისაღებად. 

საპენსიო სისტემის ორი ძირითადი ლოგიკა არსებობს: ერთი პენსიას კერძო, დასაქმების სფეროზე მიბმულ ფონდებში ათავსებს, ხოლო მეორე პენსიას უფრო ფართო, სოციალურ განზომილებას ანიჭებს და მას სახელწიფოს აუცილებელ ხარჯად სახავს. საქართველოში პირველი, კერძო საპენსიო ფონდები ჩანასახის დონეზეა განვითარებული, ხოლო სახელწიფო პენსია მიზერულია, მაგრამ პრინციპის დონეზე აღიარებულ მონაპოვარს წარმოადგენს. სახელწიფო საპენსიო სისტემის შექმნა ევროპის ბევრ ქვეყანაში[1] ერთ -ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება სოციალურ სფეროში. ამ ქვეყნებში სისტემის მოქმედების ძირითადი პრინციპი დამყარებულია იმაზე, რომ სამუშაო ასაკის მქონე ადამიანები ამა თუ იმ ფორმით იხდიან გადასახადს, რომლის აკუმულირებაც ხდება სახელწიფო საპენსიო ფონდში, ხოლო ფონდიდან პენსიები საპენსიო ასაკის მოქალაქეებზე  ნაწილდება. 

სახელწიფოს საპენსიო პოლიტიკას მნიშვნელოვანწილად ქვეყნის მიერ არჩეული ეკონომიკური მოდელი განსაზღვრავს. სახელწიფო პენსია მეტად კომპლექსურ კომპონენტებს მოიცავს (შობადობა, მუშახელის რაოდენობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა).[2] პირველად, ფულადი დაგროვების ეს სახე მხოლოდ დასაქმებულების პრივილეგია იყო, დღეს კი ჩვენ პენსიას ვხედავთ, როგორც სახელწიფოს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ. ამ ფორმით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, მოქალაქეებს შეუქმნას ცხოვრების სტანდარტი იმ ასაკობრივ პერიოდში, როდესაც მშრომელი სამუშაო ბაზარსა და კონკურენციას შორდება. მსოფლიოს 80-მდე ქვეყანას აქვს აღებული ვალდებულება -  გასცეს სახელმწიფო პენსია. 

ნააზრევები, რომლებიც სახელწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთულად ხედავენ, აკისრებენ მას ღირსეული ცხოვრების სტანდარტის განსაზღვრისა და შენარჩუნების უმთავრეს ვალდებულებას. თუმცა,  სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიას, ერთი სპეციფიკა გააჩნია: ეს ისტორია მამაკაცთა ჯგუფებით, ინტერესებითა და საჭიროებებითაა დაწერილი. მაგალითად, ადრეული პროფკავშირები, როგორც მშრომელთა ერთობის სივრცე და შრომითი უფლებებისათვის მებრძოლი კოლექტივები, ქალებისათვის დიდი ხნის მანძილზე დახურული იყო.

მშრომელისა და სოციალური ცვლილებების აქტორებად კაცები და კაცთა ერთობები გვევლინებოდნენ, რომლებიც ხდებოდნენ მშრომელის უნივერსალური სახე. წინააღმდეგობრივი მოძრაობებიც ამ ჯგუფის მიერ იყო შექმნილი და მასში ქალებს და ქალების სპეციფიურ შრომაზე ლაპარაკს ადგილი არ ჰქონდა. შესაბამისად, ნებისმიერი წინააღმდეგობრივი, საზოგადო სიკეთეზე ორიენტირებული თეორია მათთვის და მათზე იწერებოდა.  

საინტერესოა, შრომის ბაზარზე ქალების შედინების ფონზე, თუ აისახა მათი ხედვა და სპეციფიური საჭიროებები სოციალურ პოლიტიკაზე? 

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი შემდეგნაირია: რადგან პენსიონერთა რაოდენობა მზარდია და 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის 25%-ს მიაღწევს, დაგეგმილია ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს  მოსახლეობისთვის საბაზისო პენსიის არამდგრადი ზრდისგან გამოწვეული წნეხის შემსუბუქებას.[3]

ეს პოლიტიკური განაცხადი, ერთი მხრივ, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან პენსიის პასუხისმგებლობის მინიმუმამდე დაყვანას და, მეორე მხრივ, საპენსიო დანაზოგის დაბალანაზღაურებადი მუშახელისათვის გადაკისრების პრაქტიკას არასტაბილური შრომის ბაზრის პირობებში.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოს საპენსიო რეალობაში კერძო ფონდები ჩანასახოვან დონეზეა განვითარებული და ძირითადი დაწოლა პირდაპირ საბიუჯეტო ხარჯზეა დაკისრებული. ლიბერალური მოდელის მომხრე რეფორმისტები ზრუნვის მოდელის გვერდით კერძო საპენსიო სისტემების განვითარებასა და ხელშეწყობას ითხოვენ.

კერძო საპენსიო სისტემა, რომელიც  კლასობრივი პრიზმიდან მჩაგვრელი და სეგრეგირების მომტანია, გენდერული განზომილებიდან, სიღარიბისთვის სწორედ ქალებს გაწირავს: 

ქალები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში, გაცილებით ნაკლებად არიან წარმოდგენილები შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მუშაობენ უფრო ნაკლები საათისა და წლის განმავლობაში კაცებთან შედარებით. სწორედ ეს ახდენს კერძო საპენსიო სარგებლის წინასწარ ლიმიტირებას: იმუშავებ ცოტას - მოაგროვებ მცირეს. არაფორმალური შრომითი ბაზარი, როგორიცაა სექს-სამუშაოსა და მიგრირებულ[4] არალეგალურ მომვლელთა შრომის ბაზარი, საერთოდ მოწყვეტილია პენსიისა და დანაზოგის ცნებებს. არადა, ეს ის სივრცეებია, რომლებშიც ქალები უმრავლესობას შეადგენენ. [5]

გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ქალები მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს გამოიმუშავებენ. ამ ციფრების უკან მნიშვნელოვანი გენდერული ასპექტები დგას:

► შრომა, და შრომით ბაზარზე რეალიზების პრინციპი დათვლილია უნივერსალურ მშრომელზე, რომელსაც კაცი წარმოადგენს. იგი არ ორსულდება, ნაკლებ დროს ხარჯავს სახლში ემოციურ თუ ფიზიკურ შრომაზე, მასში ინვესტიციის ჩადება და მისგან კარგი პერსონალის დაყენება დამსაქმებლისთვის მომგებიან ვითარებას ქმნის.

► მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ქალების შემოდინება შრომის ბაზარზე, ისინი ძირითადად ასრულებენ ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს. ეს კი ასოცირდება დაბალ ანაზღაურებასთან და დაბალ შანსთან, ქალებმა განიცადონ კარიერული წინსვლა და სოციალური მობილობა.

► ბავშვთა მოვლის სერვისების არარსებობა, კერძო სერვისების ძვირადღირებულება, ან არაკვალიფიციურობა პირდაპირაა ასახული შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობაზე.[6]

2014 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა 618 ლარი, ხოლო მამაკაცებისამ 980. ხელფასთა შორის გენდერული სხვაობა შეიძლება ჩაითვალოს იმ წინაპირობად, რაც აუცილებლად გაზრდის  ქალებში სიღარიბის რისკს კერძო საპენსიო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში. თუკი არ იარსებებს გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა ამ ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, კერძო პენსიას ისევე ექნება გენდერული სხვაობა, როგორც ეს დღეს ხელფასების შემთხვევაშია წარმოდგენილი.

სხვაობა საპენსიო ასაკში - მამაკაცთა დისკრიმინაცია?

ბაზრიდან ნაადრევად გარიყული ქალების ყოფის „შესამსუბუქებელ“ მექანიზმად სახელმწიფო პენსიის ასაკობრივი სხვაობა გვევლინება. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ 1940 წელს ბრიტანეთში საპენსიო ასაკად ქალებისათვის 60, მამაკაცებისათვის კი 65 წელი დაწესდა. რადგან ქალებს დაოჯახების შემდეგ დამსაქმებლები სამსახურის მიტოვებას პირდაპირ სთხოვდნენ ან ირიბად იშორებდნენ პოზიციებიდან, ქალს, რომელიც არ მუშაობდა, შეეძლო მიეღო როგორც პენსია, ასევე სარგებელი მისი ქმრის სახელწიფო დაზღვევის კონტრიბუციიდან.

ამის დეტალების გათვალისწინებით, ქალებისთვის დაწესებული უფრო დაბალი ასაკობრივი ზღვარი, ერთი მხრივ, შეიძლება მივიჩნიოთ მათი სამუშაო ბაზრიდან ნაადრევად გაშვების ლეგიტიმაციად, რაც მამაკაც მუშას კონკურენციას შეუმსუბუქებდა. მეორე მხრივ,  ბაზარზე ნაკლებად დაცული ქალის მიმართ სახელწიფო პასუხისმგებლობის ადრეული აღება, გარკვეულ ასპექტში, სოციალურ გარანტიად და შვებად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, დღევანდელ ევროპაში უკვე მიდის პენსიის ასაკის გათანასწორებაზე საუბარი.

თუ, ფემინისტური პერსპექტივით, ასაკთა შორის სხვაობა შრომისუნარიანობის პერიოდში დისკრიმინაციისა და საშინაო შრომის ექსპლუატაციის მაკომპენსირებელ მექანიზმად გვევლინებოდა, ამ მოცემულობას დღეს კონტინენტურ ევროპაში ბიოპოლიტიკის არგუმენტს უხვედრებენ: მათი მოსაზრებით, სახელწიფო პენსიის ასაკს შორის არსობრივად უთანასწორო სხვაობა არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ ქალები უფრო მეტხანს ცხოვრობენ და ზოგადად, სიცოცხლის ხანგრძლივობა მატულობს. ქალები სახელწიფო პენსიას უფრო ადრე აღწევენ (60 წელი), კაცები კი 65 წლამდე იცდიან. ეს ნიშნავს, რომ ქალები თავიანთი ცხოვრების საშუალოდ 40%-ის მანძილზე მიიღებენ პენსიას ხოლო მამაკაცები მხოლოდ 31%-ის. 

ევროკომისიამ სარეკომენადაციო ე.წ. თეთრ წიგნში (White Paper-An Agenda for Adequate, Safe and Sustainable Pensions) პირდაპირ ურჩია წევრ ქვეყნებს, ავტომატურად გაზარდონ საპენსიო ასაკი ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მატების შესაბამისად. გარდა ამისა, ევროკომისია მოუწოდებს წევრ-სახელმწიფოებს, მკაცრად შეზღუდონ პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის შესაძლებლობები. 

ტენდენცია ნათელია - საპენსიო ასაკის სხვაობა, რამაც ბევრი ათწლეული ქალთა არამდგრადი სამუშაო გამოცდილების მოცემულობა გარკვეულწილად სახელწიფო პასუხისმგებლობით დააკომპენსირა, იცვლება  „გათანასწორებისა და გათანაბრების“ ბრმა მეთოდით. ეს მიდგომა თვალს ხუჭავს ქალთა დასაქმების სირთულეებზე, არასტაბილურობასა და დაბალ შემოსავალზე, და რაც მთავარია, რამდენიმე წლით ივადებს სახელწიფო ვალდებულებას მოქალაქეებზე.

ქალები - წაგებული სეგმენტი

საპენსიო ასაკის გაზრდა და კერძო საპენსიო ფონდების დანერგვა - ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის გარდაუვალი ნაწილია. ტერმინი „პენსიის პრივატიზაცია“ ასახავს იმ პროცესს, როდესაც სოციალური დაცვის ტიპის პენსია ნელ-ნელა ჩანაცვლებას განიცდის ინდივიდუალური, პირადი დანაზოგის პენსიით. ამ პროცესებზე დაყრდნობით მიჩელ ორენსტეინი (2008) ქალებსა და დაბალანაზღაურებად მუშახელს ყველაზე წაგებულ სეგმენტად მოიაზრებს: რადგან მათ ხშირად აქვთ უმუშევრობის, წყვეტილი დასაქმებისა და დაბალი შემოსავლის პერიოდი, პენსიის პრივატიზაციის პროცესის ყველაზე დიდ მსხვერპლს წარმოადგენენ.[7]  

შრომისა და სახელწიფოს ურთიერთმიმართების ახსნაზე საქართველოში გავრცელებულ დისკურსებში  ქალის შრომის წყვეტილობის, დაბალშემოსავლიანობისა და უხილავი საშინაო სამუშაოს კომპონენტი სრულიად არის გამოტოვებული. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ მიუხედავად ქალების შრომით ბაზარზე შედინებისა, მათი შრომის ხვედრითი წილი სახლში მცირედითაა შეცვლილი.[8]

მონაცემების მიხედვით, საქართველოში სოციალური პენსიის როლი მნიშვნელოვანია საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. 2010 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, თუ რა გავლენა იქონია პენსიამ საქართველოს სიღარიბის დონეზე.  კვლევის თანახმად, 100 ლარიანმა პენსიამ გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის დონის 15%-ით შემცირება. ამავდროულად, პენსიის სოციალური გავლენა სოფლად უფრო თვალსაჩინოა.

ნათელია, რომ პენსიების ეტაპობრივი ზრდა უფრო მეტად შეუწყობს ხელს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას. მსოფლიო ბანკის იმავე შეფასებით, 20 ლარიანმა პენსიის ზრდამ (80-დან 100 ლარამდე) სიღარიბის დონე ქვეყნის მასშტაბით 2.8%-ით შეამცირა.  მიუხედავად ამ პოზიტიური რეალობისა, 2016 წლის საქართველოს მთავრობის ოფიციალურ საპენსიო გეგმაში[9] ნათლადაა პრიორიტეტიზებული კერძო საპენსიო ფონდების დანერგვა/წახალისება, რომლებიც განსაზღვრული შენატანის პრინციპს ეფუძნება და ისედაც ღატაკი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად სტრატიფიკაციას ემსახურება.

საზოგადოების იერარქიულ ფენებად დაყოფას კი აქვს როგორც კლასობრივი, ისე გენდერული  ფაქტორები, ამიტომ აუცილებელია სოციალური დაცვის პროგრამები ქალებს განიხილავდნენ არა ძველი, პატრიარქალური მოდელის მიხედვით, არამედ სუბიექტად, რომელსაც ავტონომიურად ცხოვრების გარანტიები სჭირდება.

კერძო საპენსიო ფონდების განვითარება დღევანდელ რეალობაში საზოგადოების სეგრეგაციისა და მოწყვლადი, მუდამ გაღარიბების რისკთან მოთამაშე სტატუს კვოს შენარჩუნების გარანტია იქნება. ასეთ მოდელზე გადასვლა არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში  მხოლოდ სიღარიბისა და გენდერული უთანასწორობის სტატუს-კვოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. რეალობისგან მოწყვეტილი სოციალური სტრატეგიების დასახვის ნაცვლად, საჭიროა სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკაზე გენდერულად მგრძნობიარე რეფლექსია და ამავდროულად, ყველა სოციალური უფლებისა თუ სერვისის ფემინისტურ და კლასობრივ განზომილებაში დანახვა.  

 

შენიშვნები:


[1] http://www.pension-watch.net/country-fact-file/ - ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელსაც აქვს სრულფასოვანი, მიზერული დაფარვის პენსია, და ქვეყნებს რომლებსაც არ აქვთ სახელწიფო საპენსიო ფონდები.

[2] Pension Politics: Consensus and Social Conflict in Ageing Societies – Patrik Marier

[5] http://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2016/05/the-lost-years (მიგრანტი ქალების მდგომარეობა)