ბავშვობაზე ადამიანები ხშირად რომანტიზებულ, ლამაზ და ილუზორულ კონტექსტში ვლაპარაკობთ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ხშირად დამმართნია. ახლა, როცა დიდი დრო მაშორებს იმ პერიოდს, საიდანაც მოვედი, ვფიქრობ, რომ ჩემი თითქოსდა, ერთი შეხედვით, დალხინებული ბავშვობა უამრავი ისეთი რამის მატარებილი იყო, რასაც რომანტიულ საბურველში ვერაფრით გავხვევ და თუ ასე გავაკეთებ, არ ვიქნები მართალი. მე მინდა ცოტა რამ ერთ გოგოზე მოვყვე, რომელსაც ნანა ქვია. ეს გოგო ჩემი ბავშვობაა, ვირჯინია ვულფის სიტყვებით რომ ვთქვა, იმ დიდი კათედრალის შუაგულში მდგომი, რასაც ბავშვობა ქვია.
მე ქალაქის ერთ ხმაურიან უბანში დავიბადე, ორსართულიან აგურის სახლში, ხის ნოტიო აივნით ეზოსკენ და მაღალი ფანჯრით პურის მაღაზიისკენ. უზარმაზარი, გრილი და ბნელი ოთახი იყო, ოთახის ნაწილი ფარდით გადატიხრული, ფარდის წინ დედაჩემი. იმდროინდელი დედაჩემი თითქმის არ მახსოვს, მახსოვს მარტო სილუეტი, ძალიან დიდი და თბილი, რომელიც ერთადერთი სითბოს და სინათლის წყარო იყო ოთახში. და რაც კარგად მახსოვს ისაა, რომ როცა აღმოვაჩენდი, რომ სახლში არ იყო, ოთახი საშიში ხდებოდა და ამ სიცარიელის, სიბნელის და სიცივის წინაშე მარტო დარჩენილი ჩაბჟირებამდე ვტიროდი.
ახლა, როცა დედაჩემი თითქმის ასი წლისაა და ახლა, როცა მე ვარ მისი ერთადერთი სინათლის და სითბოს წყარო, ისევე მეშინია, როგორც მაშინ და ისევე ვტირი, როგორც მაშინ, იქ, იმ საშიშ ოთახში, უზარმაზარში, გრილში და ბნელში, სულ მარტო დარჩენილი... არა და მარტო ყოფნა თითქოსდა მიყვარს.
სიბერე და ბავშვობა ერთმანეთს ძალიან გავს. როგორი ბავშვობა გქონდა? ესაა ხოლმე ფსიქოთერაპევტების პირველი კითხვა, რაზეც ვპასუხობთ - „უი, გადასარევი“, „მშვენიერი“, „უდარდელი“, „საუკეთესო თუ არა, ნორმალური მაინც, ნამდვილად“ და რაღაც ამდაგვარებს. სინამდვილეში კი ამ კითხვაზე სწორი პასუხი არც არსებობს, ასე არ არის? რატომღაც გვიჭირს ზუსტად ავხსნათ ბავშვობის სურათები და ზუსტად ვთქვათ, რატომ იყო ის კარგი ან ცუდი, რას ნიშნავდა ის ჩვენთვის მაშინ? როგორი გვახსოვს თავი, მას შემდეგ, რაც გავიზარდეთ? რატომ ვმალავდით იმას, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებდა და აი, თითქმის დავივიწყეთ კიდეც. ეს ცუდობები, ალბათ ტრამვები (ფსიქოთერაპიული ჟარგონით), ერთად შეკონილი და კარგად შეფუთული, სადღაც სიღრმეში გადავმალეთ. ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ რაც რამ ცუდი მოხდა ბავშვობაში, ყველაფერი ჩვენ თავს დავაბრალეთ და მეხსიერების ერთ ბნელ უჯრაში გამოვკეტეთ, ანუ დავივიწყეთ. უცნაური რამეა მეხსიერება, რადგან ბოლოს, როცა ვბერდებით, ის ჩვენზე ძალადობს, გვჯაბნის, თვითონვე აღებს იმ ჩარაზულ უჯრას და იქიდან ნელ-ნელა ამოაცურებს პატარ-პატარა ნაკუწებს, სათითაოდ... და ეს თითო კუწიც, რა თქმა უნდა შეიცავს თავის წილ შიშს, სიკვდილს, უმწეობას, საფრთხეს, მაგრამ ამავე დროს თავის წილ სიცოცხლესაც, გამბედაობას, სირთულეების დაძლევის ჟინს, სხვებისთვის გაწვდილ ხელს და სხვებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თავის წილ სიყვარულს.
ეს უჯრა ახლა ღიაა, ამ უჯრაში ბევრი საინტერესო რამ ინახება... ჩემი ცხოვრების ქალების ისტორიებიც აქაა. ახლა ვხვდები, ყოველმა მათგანმა რა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, მათთან თანაცხოვრებამ სრულიად განსაზღვრა ჩემი ღირებულებები, მათი ისტორიები ჩემი გზამკვლევია - თავისთავადაც, ჩემს გარეშეც, ბევრის მთქმელია. აქ ბევრი ქალის ამბავია... ახლა რამდენიმეს, მხოლოდ სამს ამოვაცურებ უჯრის ძირიდან, სიღრმიდან, რადგან სამივე ჩემს ბავშვობას უკავშირდება.
პირველი ბებიის მოგონებაა, ბებიის, რომელიც არასოდეს მინახავს, მაგრამ ყველა გრძნობითი ორგანოთი ვიცი როგორია: ვხედავ ახალგაზრდა, ძალიან ლამაზ ქალს, მესმის მისი სევდიანი, დინჯი და ჭკვიანური ლაპარაკი, ვგრძნობ მის თბილ და რბილ ხელს, მისი მძიმე მაუდის პალტოს სუნსაც ვცნობ და ღამღამობით მისი ქვითინიც მაღვიძებს ხშირად. მინდა ველაპარაკო ყველაფერზე, რაც გადაიტანა, რას გრძნობდა, როცა ქმარი გადაუსახლეს და შვილებთან მარტო დარჩენილი თვითონაც პატიმრობას ელოდა, როცა ყველაფერს ყიდდა, რაც სახლში ებადათ და შვილებს ატყუებდა, მამა ჯერ ვერ მოდის სახლში, მაგრამ ბაზარში ჩუმად ყიდულობს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვყიდით, რომ დაგვიბრუნოსო; მინდა ვიცოდე, რას გრძობდა, როცა ნისიად ყიდულობდა ბავშვებისთვის ფუნთუშებს და როცა არიდებდა თვალს ქუჩის გამყიდველს, რომლის ძახილი „ხართუთა, აბა ხართუთა“ გულს უკლავდა, რადგან ბავშვებს თუთა ძალიან უყვარდათ; როგორ ამეცადინებდა შვილს მუსიკაში ფანჯრის რაფაზე დახატულ კლავიატურაზე, როგორ უვლიდა ტუბერკულოზით დასნეულებულ დას და რა გაიფქრა პირველად მაშინ, როცა მიხვდა, რომ ტუბერკულოზი გადაედო, რას გრძნობდა, როცა ბავშვებს უცინოდა და თან ჯიბეში ჩუმად მალავდა თავის სისხლიან ცხვირსახოცს...
ეს ყველაზე ადრინდელი ამბავია, რამაც ფემინისტად გამხადა.
მეორე დედაჩემის ამბავია, მეორეკლასელი დედაჩემის, რომელიც დაობლებული, მოაშორეს თავის უფროს დას და უცხო ქალაქში, უცხო გარემოცვაში აღმოჩდა მარტო, საყვარელი ძაღლიც კი არ წააყვანინეს, ისიც გაუჩუქეს, ძაღლს რინტი ერქვა. ოჯახს, მისი წარმომავლობის დაფარვა უნდოდა, მარტივი და ტრადიციული მიზეზით, გადასახლებული პოლონელის და ჭლექით გარდაცვლილი ქალის შვილისთვის საკუთარი ბავშვობის დავიწყებას შეეცადნენ. რამდენიმე წელში ომი დაიწყო და ისევ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდნენ, ისევ იმ ქალაქს, სადაც ყველაფერი დედას და დას უკავშირდებოდა და მათ ახსენებდა. დედის საფლავი დაკარგული დახვდა, დას ვერ ეძებდა, გამზრდელებისგან აკრძლული ქონდა. ერთხელაც ნავთის რიგში, დილაუთენიას გასულს, საოცარი რამ გადახდა თავს, ყველაზე მთავარი და გარდამტეხი მის ცხოვრებაში - ბავშვიანი ახალგაზრდა ქალი მივიდა მასთან, მხარზე ხელი დაადო, თავისკენ შეატრიალა და სახელი კითხა. თვალებში შეხედა თუ არა, მაშინვე იცნო... ამის შემდეგ მათი დაშორება ვერავინ გაბედა... ისინი ორივე დედაჩემები იყვნენ.
მათი დობის მაგალითი იყო მეორე, რამაც ფემინისტად გამხადა.
მესამე ამბავი დეიდაჩემის ამბავია, დეიდაჩემის, უცნაური ქალის, რომელიც ვერაფერმა ვერასდროს გატეხა, ქალის, რომელიც ყველაფერს ყოველთვის თავის სახელს არქმევდა, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა და რა არა, რომელმაც საკუთარი თავი მარტოობაში თვითონ გაზარდა და მერე ყველა გარშემომყოფს მარტოობას უმსუბუქებდა, რა უნარით, რა მანქანებით, არ ვიცი, ალბათ რაღაც ჯადოქრობით. ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ჭირდებოდათ, სადაც საშველად ეძახდნენ - დაუღალავი, ოპტიმისტი, პრინციპული, ერთგული, სავსე ემპათიით და სამართლიანობით.
ყოველთვის მინდოდა მას დავმსგავსებოდი, მაგრამ ვერ შევძელი, ეს არც ისე ადვილი აღმოჩდა. ასეა თუ ისე, ეს მესამე ამბავია, რამაც ფემინისტად გამხადა.
კიდევ ბევრი ამბის ამოღება შემიძლია ჩემი უჯრიდან, მაგრამ ეს სამი მთავარი ადამიანი, ეს სამი მთავარი ქალი და მათი ცხოვრება ისე ახლოსაა ჩემთან, რომ მეჩვენება, ეს ცხოვრებები მათთან ერთად გამოვიარე, მეტიც, ხანდახან ვფიქრობ, რომ ისინი მე ვარ.
ამასობაში მეც გავიზარდე და ერთხელაც მივხვდი, რომ რაღაც ტვირთი მომყვება ბავშვობიდან, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. თითქოს მათ, ამ სამ ქალს რაღაც პირობა მივეცი, რომელიც გავტეხე. და რადგან მათ ტკივილი ვერ შევუმსუბუქე, მათი ცხოვრება ვერ შევცვალე, ახლა მათი სახელით, რაღაცის კეთება მევალებოდა.
და აი, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვალდებული ვარ სხვასაც ვასწავლო ის, რაც მათგან ვისწავლე, ეს კი უპირველესად ყველა სხვა ქალის ტკივილის და უიღბლობის, დაწეწკილი ნერვების და ღია ჭრილობების, დაცინვის, გაკიცხვის და გარიყვის თანაგანცდაა და მეც ვალდებული ვარ, სხვებსაც ავუხსნა ისე, როგორც მათ დამარიგეს, ვალდებული ვარ მათი სახელით ღიად ვიმოქმედო, და თუ შევძლებ, ვალდებული ვარ, ვიბრძოლო კიდეც.
მათ ბევრი რამ მითხრეს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ მარტოობას არ უნდა შევუშინდე, იმიტომ კი არა, რომ გმირი უნდა ვიყო, არამედ იმიტომ, რომ მივხვდე და დავინახო - მარტო არა ვარ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ყოველი ჩვენგანის ისტორია ყველა დანარჩენი ქალის ცხოვრების კვალს ატარებს. თუ გვინდა ჩვენი საკუთარი ხმა სხვებს გავაგონოთ, ყველას ხმა უნდა გვესმოდეს.
მათ მითხრეს, რომ ასე ჩვენ მართლაც ძალა ვართ და ერთხელაც გავიმარჯვებთ.
მათ ისიც მითხრეს, რომ ჩემი შვილი ფემინისტი იქნება. მათი ყველა ნათქვამი გამართლდა - ჩვენ გავიმარჯვებთ.