მაკო საფაროვა

(1860-1940)

მარიამ (მაკო) საფაროვა 1860 წლის 18 თებერვალს, თელავში დაიბადა. მამამისი, მიხეილ სოლომონის ძე საფაროვი, გადამდგარი პრაპორშიკი, გაღარიბებული ქართველი აზნაური იყო. იგი ოჯახთან ერთად გავაზში, ყვარელთან ახლოს ცხოვრობდა. მას მაკოს დედასთან, სალომე ივანიშვილთან, მიყოლებით ოთხი შვილი კიდევ შეეძინა. ამის გამო, სამი წლის მაკო აღსაზრდელად ბებიამ, ნინო ჭავჭავაძისამ წაიყვანა. ნინოს მეორე ქმარი სოლომონ ჭავჭავაძე, იმ დროს კახეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მემამულე იყო. მაკო ფუფუნებაში გაიზარდა, გუვერნანტებისა და მსახურების გარემოცვაში. 7 წლის მაკოს დედა გარდაეცვალა. წყვეტილად მიღებულმა განათლებამ, ოჯახში წამოჭრილმა ბევრმა პრობლემამ მაკო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამას ისიც დაემატა, რომ 15 წლისას დიდედა ნინომ აქციზის სამმართველოს ხანშიშესულ მოხელე ვინმე თავად არღუთინსკიზე გათხოვება დაუპირა. რასაკვირველია, მაკო ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, და მან იმდენი მოახერხა, რომ ნიშნობა ჩაშალა და საქმროს ქონწინებაზე უარი თავადვე ათქმევინა. მომდევნო პერიოდში, ამგვარი უარით მაკომ არაერთი მთხოვნელი გაისტუმრა.

მალე ჭავჭავაძეების ოჯახი თბილისში გადაბარგდა. სწორედ აქედან იწყება მაკოს ცხოვრების ის პერიოდი, რომელმაც მისი მომავალზე უშუალო გავლენა იქონია. ჭავჭავაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ რაფიელ ერისთავი, აკაკი, სერგეი მესხი, ილია, გიორგი წერეთელი და სხვები. წვეულებებზე მაკო სტუმართათვის დაუღალავად მღეროდა და ცეკვავდა. აკაკი წერეთელი და სერგეი მესხი იმთავითვე მოიხიბლნენ მისი არტისტული ტალანტით, მაგრამ იმ დროისთვის ქალის სცენაზე დგომა საზოგადოებაში დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. ამიტომაც, დიდედა ნინოს და მაკოს დეიდებს ამის გაგონებაც არ სურდათ. დიდი შრომა და ჯაფა გასწია აკაკიმ, რომ მაკოს ოჯახის წევრები მის თეატრში წაყვანაზე დაეთანხმებინა. საბოლოოდ, ნინოც გატყდა: „რაც გინდათ ის ქენით, ოღონს ეს კი ვიცი, ახალგაზრდა ქალს სახელი გაუტყდება და პატრონი აღარ ეყოლება. რადგან არ იშლით და განიზრახეთ მისი გაუბედურება, გათხოვებაც თქვენ იკისრეთ და თანახმა ვიქნებიო“, - აღმოხდენია სასოწარკვეთილს.

მაკოს პირველი როლი კლოდინა იყო მოლიერის „ჟორჟ დანდენიდან“. 1878 წლის 27 ოქტომბერს მისმა დებიუტმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ ამაზე ვერც იოცნებებდა. გოგონა არა მარტო გარეგნულად იყო შემკული, არამედ ხმა და დიქციაც საუცხოო აღმოაჩნდა. მქუხარე ოვაციებმა იგი საბოლოოდ დააავადა „სცენის ავადმყოფობით“. 1879 წლის მაისში, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დახმარებით, შეიქმნა პირველი ქართული პროფესიული თეატრალური დასი, რომლის წევრებსაც უკვე ხელფასები დაენიშნათ. მაკოს ხელფასი 50 მანეთით განისაზღვრებოდა. თავისი შემოქმედების დასაწყისშივე, მაკოს ტალანტმა ილია ჭავჭავაძის აღტაცება დაიმსახურა. "ივერიაში" ილია წერდა: "აქტიორების ღირსებაზე ჯერ არა ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან და, იმედია, რომ გაიწვრთნებიან, ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისთვისაც ღმერთს მიუმადლებია დიდი ნიჭი. მაგ ნიჭის პატრონი საფაროვის ქალია. ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის".

მაკოს დევიზი იყო: „არავის უსწავლებია, მე თვითონ...“. მას არ სურდა, რომ მის თამაშში მიმბაძველობა დაენახათ. ერთხელ დავით ერისთავი მას ჩააცივდა, უსათუოდ აქტრისა იაბლოჩკინა ნახე ჟოზეფინას როლში, ვიდრე ამ პიესას ქართულად დავდგამდეთო, მაგრამ მაკომ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - შეიძლება იაბლოჩკინამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს  თავისი მხატვრული თამაშით და უნებურად მისი მიბაძვა დავიწყო, რადგან ეს ძალიან კარგად მეხერხება, მე კი მსურს, რომ საკუთარი ჟოზეფინა შევქმნა, როგორც იგი მესმის და როგორც შევძლებო.

იმავე სეზონში, 1879 წლის 13 ივნისს, მისი ბენეფისიც დაინიშნა, სადაც მოლიერის „იჭვით ავადმყოფში“ ტუანეტის როლი უბადლოდ შეასრულა. ტრადიციისამებრ, მსახიობს თავის ბენეფისზე მაყურებელი ძვირფას ნივთებს ჩუქნიდა. მაკოს ოცნება იყო, ოქროს საათი მიეღო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უამრავ საჩუქარში ოქროს მოვარაყებული საათიც აღმოაჩინა. გახარებულმა ყველა საჩუქარი შინ წაიღო და როდესაც მთელი ავლა-დიდება ხალიჩაზე გაშალა და დიდედას დასაძახებლად გაეშურა, რათა მისთვის თავისი წარმატების შესახებ ეხარებინა.

ნინო მაკოს ლანძღვა-გინებით შეეგება და ოჯახისა და მამის შემარცხვენელი უწოდა. როგორც ჩანს, იგი მიხეილს შვილის წინააღმდეგ დიდი ხნის მანძილზე ამხედრებდა: "შვილო, მიხეილ! დიდი უბედურება და სირცხვილი დაატყდა თავს ჩვენს ოჯახს. ვიცი, შვილო, ეს ამბავი თავზარს დაგცემს, მაგრამ როდემდე დაგიმალო: შენს ქალბატონს თავი ვეღარ დავუჭირე და გავარდა – ვაი შენს და ჩემს მოსწრებას – გავარდა და პირდაპირ ტეატრში შევარდა!". საფაროვის წერილმაც არ დააყოვნა: „მამა გიცხონდება, კარგ ხელობას დასგომიხარ, თუ ღამეში სამოც თუმანს იღებ. ეგ რა მამაძაღლი სამსახურია ისეთი, რომ ღამით არის და არა დღისით? თუ მაინცა და მაინც სამსახური გინდოდა, აქ არ ვიყავი? ოცი წელიწადია ოტსტავკაში ვარ და სამსახურს დავეძებ, მე ვერ ჩამრიცხავდი? თავი დაანებე მაგ სამსახურს, თორემ თუ ჩამოვედი, მამაჩემი სოლომონის სული ნუ წამიწყდება, სულ მათრახის წვერით აგაჭრელებ!“, - სწერდა გააფთრებული მამა მაკოს.

მაკომ დასახელებული წერილი სწორედ სცენაზე გასვლის წინ წაიკითხა. გუნება მოეწამლა, ხასიათი წაუხდა, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ გადაწყვიტა - სცენას არასოდეს, არავისა და არაფრის გამო არ მიატოვებდა. მოგვიანებით, ამ ამბიდან 9 წლის შემდეგ, მამა მაკოს შეურიგდა და მისი საქმიანობის „წესიერებაშიც“ დარწმუნდა.

დასის პირველი წევრები იყვნენ: ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა, მარიამ ყიფიანი ქართველიშვილი, ბაბო კორინთელი-ყიფშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ზაალ მაჩაბელი. ქალების უკმარისობის გამო ამ უკანასკნელს ხშირად ქალის როლების შესრულებაც უწევდა. ნიჭიერებითა და კრეატიულობით ყველაზე გამორჩეულ ვასო აბაშიძეს მაკო გულში დანახვისთანავე ჩაუვარდა. მან ბევრჯერ შესთავაზა მას ცოლობა, მაგრამ მუდამ უარს იღებდა. მაკო ვასოს მიმართ გულგრილი სულაც არ ყოფილა, მაგრამ თავისი დაუმორჩილებელი ბუნება ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგებოდა და ქორწინების უღელში შებმას აპროტესტებდა. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზებისას, მორიგი უარის მიღების შემდეგ, ვასო მტკვრისკენ გაემართა. მაკოს ქედმაღალი ბუნება ამ შემთხვევამ საბოლოოდ მოდრიკა. იგი ვასოს დაეწია და ცოლობაზე თანხმობა განუცხადა. ქორწილს, რომელიც ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში გადაიხადეს, დიდძალი ხალხი დაესწრო. 1881 წლის 29 მარტს მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ანასტასია (ტასო) დაარქვეს. ტასო აბაშიძემ მშობლების პროფესია აირჩია და ცნობილი მსახიობი გახდა.

თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე, მაკო საფაროვამ უამრავი სცენური სახე შექმნა. მათ შორის მაყურებელში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა ფაიხოში („სამშობლო“), ნელი („შეშლილი“), გლეხის გოგო ლიზა („რაც გინახავს - ვეღარ ნახავ“), მაშუა გოგო    („ციმბირელი“), კლოდინა, ტუანეტა (მოლიერის კომედიები), ნატალია („ხათაბალა“), ეფემია  („პეპო“), ლუიზა („ორი ობოლი“), ოფელია, კორდელია, დეზდემონა (შექსპირის პიესები), თალიკო („ბაიყუში“), გიმნაზიელი გოგო („ბნელ ოთახში“) და სხვ.

1883 წელს, როდესაც თბილისს ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრ ოსტროვსკი ეწვია, რომელმაც თავისი პიესა „შემოსავლიანი ადგილი“ ქართული თეატრალური დასის შესრულებით იხილა. პიესაში მაკო პოლინას როლს ასრულებდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღტაცებულმა ოსტროვსკიმ მაკოს უთხრა, სანამ თქვენ ცოცხალი ხართ, არც ჩემი პოლინა არ მოკვდებაო.

მაკო საფაროვას მოღვაწეობის ბოლო პერიოდი სამწუხარო ამბავმა გაამუქა - უბრალო გაციების დროს ყურის ანთება დაემართა, მაგრამ სათანადო ყურადღების მიუქცევლობის გამო, დაავადება იმდენად გაურთულდა, რომ საბოლოოდ მისი სიყრუე გამოიწვია. მაკოს არც სუფლიორის და არც პარტნიორის ხმა აღარ ესმოდა. ამის გამო, იგი  იძულებული გახდა, სცენისთვის თავი დაენებებინა.

1912 წლის იანვარში მაკოს სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე გადაუხადეს.1923 წლის 2 იანვარს, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“ (ზ. ანტონოვი) იგი უკანასკნელად გამოვიდა რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე.

მაკო საფაროვა-აბაშიძე გარდაიცვალა 1940 წლის 11 დეკემბერს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დავით ჩხეიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, თბილისი, 1963 წ.
  2. ტასო აბაშიძე, მოგონებანი, თბილისი, 1954 წ.
  3. მაკო საფაროვა-აბაშიძე, საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1940. - N2-3. - გვ.85-89
  4. მაკო საფაროვა-აბაშიძისა, მ. საფაროვა-აბაშიძის დაბადების 100 წლისთავი, ნ.
  5. მატარაძე, კოლმეურნის ხმა, თელავი, 1960. - 24 თებერვალი
  6. ალექსანდრე სიგუა, ქართული ხელოვნების მოღვაწენი, ხელოვნება, თბილისი, 1985 წ.
  7. ილია ზურაბიშვილი, მოგონება, ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, 1938 წ. №4;
  8. ილია ზურაბიშვილი, “ოთხი პორტრეტი”, 1948 წ.
  9. ს. გერსამია, “ვასო აბაშიძე”, 1949 წ.