პირველი რამ, რაც თეო ხატიაშვილის ბლოგის “მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ ფემინისტი” გაცნობისას გავიფიქრე, ჩემი ამ წერილის სათაურად გამოტანილი ფრაზა იყო. მაშინვე გადავწყვიტე, მოკლედ ამეხსნა, რატომ ნიშნავს, ჩემთვის, კაცად ყოფნა ფემინისტად ყოფნას. გადავწყვიტე, რადგან ხშირად, ჩვენს საზოგადოებაში, კომბინაცია “კაცი-ფემინისტი” აღიქმება, როგორც ორი ურთიერთგამომრიცხავი ტერმინი, შეუძლებელი სინტაგმა თუ არაბუნებრივი ალიანსი.
დიახ, ბევრისთვის, ფემინისტობა ექსკლუზიურად ქალებისთვისაა განკუთვნილი. მათთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეიძლება, დაადგეს კაცი მსგავს “არალოგიკურ” გზას და “საკუთარი პრივილეგიებისვე წინააღმდეგ” ამხედრდეს? მათთვის, კაცი, რომელიც ქალის უფლებებს იცავს და მზად არის, “ძლიერი სქესის” უპირატესობები შეიკვეცოს, “ბრიყვი”, უკეთეს შემთხვევაში, “უცნაური” კაცია. ჩვეულებრივ, წარმოიდგენენ, რომ ასეთი კაცი ფემინისტურ დისკურსში “დედის, დის, ცოლის თუ ნაცნობი მილიტანტების გავლენით” შედის. სინამდვილე კი გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე პირად მიზეზთა მარტივი ჩამონათვალი.
დავიწყებ იმით, რომ კაცისა და ქალის პირობების უთანასწორობის შემჩნევა ადრევე შევძელი. ქვეყანაში, თვალშისაცემი იყო სექსისტური აღზრდა, განსხვავებები ანაზღაურებებში, ძალადობა, ქალთა მწირი პოლიტიკური წარმომადგენლობა... თუმცა ამ მხრივ, მგრძნობელობა განსაკუთრებით მაშინ გამივითარდა, როცა გავაცნობიერე, რომ სქესობრივი უთანასწორობა ისეთივე მანკიერებაა, როგორც რასისტული, კლასობრივი თუ სხვა დომინანტური დამოკიდებულებები. დავინახე, რომ ქალის მდგომარეობა ჩემი მდგომარეობაცაა. მივხვდი, რომ უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ იმის საქმე, ვისაც ეს უფლებები უშუალოდ ეხება. მივხვდი, რომ ქალთა უფლებები მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილად დაცული, როცა მათ ყველანი ერთად დავიცავთ.
ფემინისტური მოძრაობა გუშინ არ დაწყებულა. იგი დიდი ხანია, არსებობს. მისი აქტივისტები რომ არა, ქალებს დღემდე არ ექნებოდათ განათლების, მუშაობის, ხმის მიცემის, კონტრაცეპციის, აბორტის... უფლება. მათი ძალისხმევა რომ არა, ძალადობის მსხვერპლი ქალები დღემდე მსხვერპლადაც არ ჩაითვლებოდნენ. კიდევ ბევრი ბრძოლაა საჭირო, რომ ერთ დღეს, ქალთა უფლებები რეალურად გაუთანაბრდეს კაცებისას.
ფემინიზმი არჩევანის უფლებაა.
ფემინიზმი თანასწორობისთვის ბრძოლაა. მისი სამიზნე პატრიარქატია, სისტემა, რომელსაც სურს, კაცი ქალზე ღირებული იყოს. ადამიანი კი იმდენადაა ადამიანი, რამდენადაც სხვას არ ავიწროებს, არ ზღუდავს. სამართლიანად მოექცე სხვას, ნიშნავს - სამართლიანი იყო საკუთარ თავთან. ფემინიზმი ზოგადად ადამიანს იცავს. დიახ, ბუნებრივად, ჩვენ ყველანი ფემინისტები ვართ. უბრალოდ, ჩვენ შორის არიან ისეთები, რომლებმაც ეს ჯერ კიდევ არ იციან.
არ გამოვხატო პოზიცია, ეს იგივეა, მხარი დავუჭირო არსებულ სისტემას. მე კი არანაირი სურვილი მაქვს, პატრიარქატის მანქანა, ჩემი სახელით, საშინელებებს აწარმოებდეს. დიახ, კაცი ვარ და გამიმართლა, რომ სექსისტური აგრესიის მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, მას დავუპირისპირდე და ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება გამოვხატო მისი ყოველდღიური გამოვლინებების მიმართ. განა ქალად ყოფნაა აუცილებელი, რომ ქალი დავიცვა?! განა აუცილებლად შავი კანი უნდა მქონდეს, რომ რასიზმს დავუპირისპირდე?! განა აუცილებლად ლგბტ თემს უნდა წარმოვადგენდე, რომ მათი უფლებებისთვის ვიბრძოლო?! განა ყოველდღიურად ქარხანაში, მინიმალურ ხელფასზე უნდა ვმუშაობდე, რომ მუშების სავალალო პირობები გავაპროტესტო?!..
ფემინიზმი ანტიდისკრიმინაციული მოძრაობაა, სამართლიანობისთვის ბრძოლაა. შეუძლებელია, გადავაჭარბოთ სამართლიანობაში. ოდნავ ან სანახევროდ სამართლიანობაც შეუძლებელია. ან ვართ სამართლიანები, ან არა.
ქალთა უფლებების დაცვა სტერეოტიპებისგან კაცთა გათავისუფლების სინონიმია. ფემინიზმი ყველასთვისაა, ყოველი ჩვენგანის სამსახურშია. ეს არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც სავსე მთვარეზე, სიმონ დე ბოვუარისა თუ ელიზაბეტ ბადენტერის კერპებს კაცებს სწირავს მსხვერპლად.
ჩემთვის, ფემინიზმი ჩემი შვილის ყოველდღიური საზრუნავით დაკავებაა, მისი ჰიგიენის, გართობისა თუ განათლებისთვის გარჯა, მასთან ურთიერთობა და ემოციური კავშირი. არანაირი სურვილი მაქვს, ეს მხოლოდ ჩემი ცოლის პრივილეგია იყოს. ჩემთვის, ფემინიზმი საოჯახო საქმეების ყოველდღიურად კეთების უფლებაა, რომელსაც ვერ დავთმობ, მიუხედავად მასკულინური საზოგადოების დიდი სურვილისა.
ფემინიზმი ჩემი უფლებაა!
ფემინიზმი ჩვენი შვილების ჯანსაღად აღზრდაა, სექსისტური ნორმების გარეშე.
ფემინიზმს არავინ მოუკლავს, სექსიზმს – კი.
ფემინიზმი ანტისექსიზმია.
ფემინიზმი ჰუმანიზმია.
ჰუმანიზმი, ფემინიზმის გარეშე, აღარ არის ჰუმანიზმი.
ფემინიზმს უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი სჭირდება ყველა ამ საკითხის წამოწევისა და გადაჭრისთვის. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რადგან შეუძლებელია, დავუპირისპირდე საკუთარ უფლებებს.
დიახ, მე ვარ კაცი, მაშასადამე ვარ ფემინისტი!