კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები
საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, გაუმკლავდეს დომინანტურ ისტორიულ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი ისტორიის წარსული, როდესაც ქალები ცდილობდნენ მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტი, რომ მოცემული პუბლიკაციით მკითხველი არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეს და პუბლიცისტს, არამედ ფემინისტსაც გაეცნობა, ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის წარმოვადგინოთ კატო მიქელაძე, როგორც ისტორიის სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი არა მხოლოდ დავიწყებული, არამედ სიცოცხლეშივე იქნა უარყოფილი.
ეს პირველი მცდელობაა, ერთად მოვუყაროთ თავი კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს და ვიცოდეთ იმ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც კატო მიქელაძემ დაგვიტოვა.
მოცემულ პუბლიკაციაში შესულია მხოლოდ ის მასალა, რომელიც დღემდე შემორჩენილი და ხელმისაწვდომია, რაც კატო მიქელაძის შემოქმედების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. წიგნი ძირითადად ეთმობა ფემინისტურ პუბლიცისტიკას, რომელიც მის მიერვე დაარსებულ გაზეთში, “ხმა ქართველი ქალისა” (1917-1918) ქვეყნდებოდა. გარდა მიქელაძის სტატიებისა, წიგნში ასევე ნახავთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაზეთში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ავტორის სტატიებს, რომელიც მაშინდელ ისტორიულ კონტექსტს ასახავს და მას აქამდე უცნობი, ფემინისტური პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ხელს შეუწყობს კატო მიქელაძის პოპულარიზაციას, მისი სახელი გასცდება ვიწრო აკადემიური წრეების ფარგლებს, ხოლო ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები კარგად ნაცნობი და ახლობელი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.