1905-1953 / მოქანდაკე, მხატვარი
ახალგაზრდა თამარმა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მალევე მიიქცია იაკობ ნიკოლაძის ყურადღება, რომელმაც თავის სახელოსნოში, ქანდაკების შესასწავლად წაიყვანა. მას შემდეგ ქანდაკება მისთვის პრიორიტეტული დარგი გახდა. სტუდნეტობიდანვე გაითქვა სახელი როგორც გამორჩეულმა მხატვარმა, მალევე დაიწყო მუშაობა თეატრში, ძალები წარმატებით მოსინჯა წიგნის გრაფიკაშიც.
თავის თანამედროვე ხელოვანთა მსგავსად, ვერც აბაკელია გაექცა თავსმოხვეულ იდეოლოგიურ მარწუხებს. 30-იანი წლებიდან მის შემოქმედებაში სოციალიზმის მშენებლობამაც ჰპოვა ასახვა: ფიგურათა სოციალური შინაარსი ნაციონალური ფორმით იყო გამოხატული.
1936-37 წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. ამ დროს შექმნა ჰორელიეფები, რომელიც მან მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ფრონტონის ფრიზისათვის შეასრულა. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ამ ნაშრომით აბაკელიამ ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას.