ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?

„ფემინისტი არ ვარ, მაგრამ...” – ეს ის ფრაზაა, რომელიც ძალიან ხშირად წინ უსწრებს წმინდა წყლის ფემინისტურ აზრს ან არგუმენტს. დასანანია, რომ მას ხშირად დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალები იშველიებენ. სწორედ ამიტომ, სრულიად ლოგიკურად დაისმის კითხვა – ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში და რატომ?

ეს სულაც არ გახლავთ რიტორიკული შეკითხვა. გარკვეული ცნებები, მათ შორის ფემინიზმი, უარყოფით კონტექსტში შემთხვევით არ მკვიდრდება. იმისთვის, რომ ფემინიზმისა და ფემინისტების მიმართ გაუცნობიერებელი შიშის გაფანტვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ამ უარყოფას საკმაოდ ხელშესახები მიზეზები უდევს საფუძვლად.

ფემინიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ალბათ, ერთ-ერთი ძირეული მიზეზია იმ უარყოფითი დამოკიდებულებისა, რაც ამ მიმდინარეობის მიმართ დამკვიდრდა. ხშირად ხდება, რომ ფემინიზმის განმარტება არასწორი ინტერპრეტაციით მოუწოდებიათ, ჩვენ კი არასოდეს გვიფიქრია მათი გადასინჯვა. როგორც ფემინისტები ხშირად აღნიშნავენ, ფემინიზმის იმდენი განმარტება არსებობს, რამდენი ფემინისტიცაა ამქვეყნად. მრავალფეროვნება და წინააღმდეგობები ამ მოძრაობის ძლიერი მხარეა – ფემინიზმი იყო და დღემდე რჩება დინამიურ მოძრაობად, რომელიც მუდმივად განვითარებადია.

ყველაზე მარტივი ფორმულირება ასეთია: ფემინიზმი არის ჰუმანური მოძრაობა თანასწორობის შესახებ. თავდაპირველად, მოძრაობის ძირითადი ფოკუსი ქალისა და მამაკაცის საკანონმდებლო დონეზე გათანასწორება იყო. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ; ასევე არ ჰქონდათ განათლების, საზოგადო თუ პროფესიული მოღვაწეობის უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა ეს უფლებები საკმაოდ ახლო წარსულში მოიპოვეს, მათ მოკლე დროში შეაღწიეს და კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეს ყველა იმ სფეროში, რომელიც აქამდე მხოლოდ მამაკაცის პრივილეგიად ითვლებოდა. დღეს უკვე ხელშესახები ფაქტებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სქესთა არათანაბარი გადანაწილება ხელოვნებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგებში გამოწვეული იყო არა მამაკაცთა თანდაყოლილი უპირატესობით, არამედ ქალებისათვის სათანადო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.

თუკი ვაკრიტიკებთ „ფემინისტი არ ვარ, მაგრამ” დამოკიდებულებას, ალბათ, საჭიროა განვმარტოთ – მაინც ვინ არის ფემინისტი? თამარ ცხადაძე სტატიაში „ანტიფემინიზმი: უპასუხისმგებლობა, უმეცრება თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?” მოკლე და ლაკონურ განმარტებას გვთავაზობს: იმისთვის, რომ ვიყოთ ფემინისტები, საკმარისია ვაღიარებდეთ, რომ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული თანასწორობა; ვიცოდეთ, რომ მამაკაცების არსებული უპირატესობა არა ბუნებით ნაბოძები, არამედ სოციალური მიზეზებით არის განპირობებული; და ბოლოს, გვჯეროდეს, რომ არსებული სოციალური უთანასწორობის შეცვლა შესაძლებელია.

თუკი იგივე ხაზს გავყვებით, „ფემინისტი არ ვარ, მაგრამ” პოზიცია გულისხმობს, რომ ქალთა ჩაგვრას ვაღიარებთ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს არსებული სიტუაციის შესაცვლელად. ეს პოზიცია განზე გადგომას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას გულისხმობს, რაც პირველ რიგში დასანანია, მეორე რიგში კი შემაფერხებელია ქალთა გაძლიერებისათვის. სწორედ ამიტომ, იყო ფემინისტი, ეს პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური განაცხადია.

დღეს, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა კანონის წინაშე მიღწეულია, კვლავ პრობლემად რჩება დადგენილი კულტურული ნორმები და სტერეოტიპები, რაც ქალებს უკვე სოციალურ დონეზე უზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ეს შეზღუდვა აღარ არის ისეთი თვალსაჩინო, როგორც იურიდიული უფლებების არქონის შემთხვევაში იყო. შესაბამისად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხშირად უჭირს იმის დაჯერება, რომ თანასწორობის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. ხოლო მაშინ, როდესაც ამ პრობლემებზე ფემინისტური ჯგუფები ამახვილებენ ყურადღებას, მუდმივად თავს იჩენს ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ფემინიზმის მიმართ დამკვიდრდა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „ვის ეშინია ფემინიზმის?” მიზანი სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლის მცდელობაა. თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში გაძლიერებულ ფემინისტურ მოძრაობას დასავლეთიდან „იმპორტირებულის” იარლიყი ადვილად მიეწება, ინფორმაციის ნაკლებობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. წინამდებარე კრებულში გაერთიანებული, ქართველი ავტორების სტატიები ისტორიული ფაქტების მოშველიებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს – ქართველმა ქალებმა თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყეს.

სტატიები ამავე სახელწოდების ფემინისტური ლექციების საგანმანათლებლო კურსის მიხედვით არის დაწერილი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ტარდებოდა, კერძოდ კი იმერეთსა (ქუთაისი) და გურიაში (ოზურგეთი). 2014 წელს პროექტის გაგრძელება სხვა რეგიონებში იგეგმება. დედაქალაქის ფარგლებს გაცილება და ინფორმაციის რეგიონულ 7 დონეზე გავრცელება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის მიზანმიმართული პოლიტიკაა. სამწუხაროდ, სამოქალაქო აქტივიზმი, ფემინისტურის ჩათვლით, მეტწილად დედქალაქის საზღვრებში არის ჩაკეტილი, რაც რეგიონებისა და დედაქალაქის განვითარებას შორის უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს. ამიტომ, სხვადასხვა ასაკის, სქესის, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ფემინისტი მეცნიერებისა და აქტივისტების რეგიონებში ჩასვლა, მათი ცოდნის გაზიარება და დისკუსიაში ჩართვა ხელს შეუწყობს იმ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევას, რაც ასე მონდომებით იძერწებოდა საუკუნეების მანძილზე.

ამ კრებულში თავმოყრილი შვიდი სტატია კრიტიკულად იკვლევს ისტორიას, აკვირდება როგორც ფემინიზმზე, ასევე ზოგადად ქალების უნარებზე არსებულისტერეო ტიპების შექმნის მიზეზებს; ზრდის ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში ქალთა მიღწევების ხილვადობას; გვახსენებს ისტორიის მიერ მივიწყებული და იგნორირებული ქალების შემოქმედებას. ანალიზის პროცესში ავტორები იყენებენ ფემინისტურ ლიტერატურას, რაც მკითხველს გარკვეულ თეორიულ პერსპექტივასაც შემატებს. ამავდროულად, წარმოდგენილია მშრალი ფაქტები იმის შესახებ, რომ ისტორიის მანძილზე მამაკაცს მუდმივად ქონდა მეტი შესაძლებლობა, ყოფილიყო წარმატებული მწერალი, მხატვარი თუ პოლიტიკოსი. ამ ფაქტების არაღიარება ქალების მხრიდან თავის მოტყუება იქნებდა, მამაკაცების მხრიდან კი არსებული პრივილეგიების შენარჩუნების მცდელობა.

იმედი გვაქვს, რომ ამ მრავალფეროვანი კრებულით გავაღვივებთ მკითხველის ინტერესს განხილული თემების მიმართ, რადგან ეს წიგნი იმ ქალებისა და მამაკაცებისთვის დაიწერა, რომლებიც 21ე საუკუნეში ქალისა და მამაკაცის როლზე დაფიქრებულან. დასასრულს კი მე-18 საუკუნის ფემინისტის, ოლემპ დე გუჟის მოწოდებას შევუერთდეთ: „ქალებო, გაიღვიძეთ... აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნბის ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებითა და სიცრუით...”

ეთუნა ნოღაიდელი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო

Product details
Date of Publication
2013
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
128
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents
  • წინასიტყვაობა
  • ანტიფემინიზმი: უმეცრება, უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის? (თამარ ცხადაძე)
  • ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ (ლელა გაფრინდაშვილი)
  • სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში? (დავით გაბუნია)
  • ვის ეშინია საბედისწერო ქალის? (თეო ხატიაშვილი)
  • გენდერი და სექსუალობა ქართულ კინოში (თამთა თათარაშვილი)
  • ქალი ქრისტიანობაში – ევა თუ მარიამი? (თათა ცოფურაშვილი)
  • თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (თამთა მელაშვილი)