მარიამ დადიანი-ანჩაბაძე

(1870-1959)

მარიამი 1870 წლის 18 დეკემბერს დაიბადა იმერეთში, სოფელ სვირში. თავადაც და პატარა ძმა, შალვაც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა დედა, ლიდა აბაშიძე, გარდაიცვალა. ამიტომ მამა, ნიკო დადიანი, იძულებული გახდა, შვილები სენაკში, მშობლიურ სოფელ ბერთემში გადაეყვანა ნათესავებთან. მარიამს მხოლოდ საშინაო სკოლაში მიღებული განათლება ჰქონდა.

XIX საუკუნის ბოლოს მარიამი უკვე სოხუმში ცხოვრობდა მეუღლის, ტარას ანჩაბაძის ოჯახში და ქართული სკოლის, თეატრის მოწყობის საკითხზე მუშაობდა. ანთიმოზ ჯუღელი, დესპინე გელოვანი, თედო სახოკია, ნიკო ჯანაშია, სპირიდონ ნორაკიძე მის თანამოაზრეები იყვნენ.
მიუხედავად რუსული თვითმპყრობელობის წინააღმდეგობისა, მარიამმა მოახერხა და დაუღალავი შრომით სოხუმში, 1900 წლიდან სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის სწავლება შემოაღებინა რუსებს.

თბილისისა და ქუთაისის სათეატრო დასებთან გამუდმებული კავშირის წყალობით (რაშიც მას ძმა, ცნობილი დრამატურგი შალვა დადიანი ეხმარებოდა), სოხუმში პერიოდულად იმართება ქართული სპექტაკლები. პარალელურად მარიამი ხელმძღვანელობს ქართული პერიოდიკის გავრცელებას და სამკითხველოების დაარსებას, რაც საბოლოოოდ სოხუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის გახსნით დაგვირგვინდა. გამგეობის თავმჯდომარედ საზოგადოების წევრთა უმრავლესობამ მარიამ დადიანი აირჩია (1903).

რვა წელი მუხლმოუხრელი შრომა დასჭირდა სოხუმში ქართული სკოლის მშენებლობასა და გახსნას. 1912 წლიდან კი 6 წევრისგან შემდგარმა გამგეობამ ჩამოაყალიბა სამშენებლო კომისია, რომელსაც მთელს აფხაზეთში სკოლების, ბიბლიოთეკების, კლუბებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების აგება და ამასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოება ევალებოდა.

სოხუმის სკოლას იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ სულ მალე მარიამმა მისი გაფართოების აუცილებლობა დაინახა და როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ, დაარწმუნა საზოგადოების წევრები, რათა სკოლას სამი დარბაზი, ბიბლიოთეკა-სამკითხველო და საკვირაო სკოლა შემატებოდა. ორ წელიწადში ასეც მოხდა: 87 მოსწვლე სრულფასოვან განათლებას იღებდა, ერთობოდა და დიდი ინტერესით ეცნობოდა იმ პერიოდში გამომავალ ჟრუნალ-გაზეთებს და დასტამბულ წიგნებს.

სოხუმურმა საგანმანათლებლო მოძრაობამ ბიძგი მისცა ოჩამჩირესა და გუდაუთაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალების ჩამოყალიბებას, რომელთა მუშაობას მარიამ დადიანი ისევე გულშემატკივრობდა, როგორც საკუთარ წამოწყებებს.

მარიამ დადიანი 1959 წელს გარდაიცვალა. ამ დროს უკვე მის ნაამაგარ სოხუმის სკოლის შენობაში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი იყო განთავსებული.

ბიბლიოგრაფია:

1.    გაზეთი “ცნობის ფურცელი”, 1903, N 2173;
2.    ჟურნალი “ივერია”, 1903, N 118;
3.    გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 1929 , N 4;
4.    შალვა დადიანი, ჩემი მარაო, თბილისი, 1948.