(1894-1936)
სოფო მგელაძე 1894 წელს დაიბადა გურიაში, სოფელ ჯურყვეთში. იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის შვილი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი დიდი ინტერესით, მაგრამ მშობლებს სხვა გეგმები ჰქონდათ.
`...მშობლებს აჩემებული ჰქონდათ, ერთი შვილი გვყავს და ამას ვერ მოვიშორებთო. მართლაც, სოფლის ორი კლასი დავამთავრე, თორმეტი წლის ბავშვი სახლში დამსვეს, ჩამაცვეს კუდიანი კაბა და გარეთ აღარ მიშვებდნენ. გაიარა თუ არა სამმა წელიწადმა, დაიწყო ჩვენს სახლში სოფლის მაჭანკლების მისვლა-მოსვლა. მათი დანახვა ჭირივით მეზარებოდა, ვინ იცის, სად არ ვიმალებოდი. ერთ წელიწადს, როგორც იქნა, მოვითმინე ყველაფერი, მერე ავიღე იოდით სავსე შუშა და დედას ტირილით ვუთხარი: თუ ქალაქში არ წამიყვანთ და არ მასწავლით, ეხლავე თავს მოვიწამლავ-მეთქი. ჩემმა მუქარამ გაჭრა. მე და დედაჩემი რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისს გავემგზავრეთ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ბედნიერების დღეები... დედის ავადმყოფობამ მალე ისევ დაგვაბრუნა სოფელში. აქ კიდევ ბევრი უსიამოვნება შემხვდა. დღე არ გავიდოდა, რომ სოფლის ბიჭებს ბარათი არ გამოეგზავნათ. ერთი მოტაცებითაც კი მემუქრებოდა. ამან გვაიძულა, გადავსულიყავით ოზურგეთში საცხოვრებლად. სწორედ აქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს“.
ვლადიმერ მგელაძესთან ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ოჯახური ცხოვრება მთავარი დაბრკოლება შეიქნა საფოს სამწერლო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა საფოს პირველი პუბლიკაციები ფსევდონიმებით: „გურული ქალი“, „ეწერელი ქალი“, „მუშა ქალი“, „სანი“. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: „კავკასიონი“, „ჩვენი გზა“, „ტრიბუნა“, „კომუნისტი“, „ხმა ქართველი ქალისა“; ჟურნალებიდან: „ლიტერატურული საქართველო“, „პროლეტარული მწერლობა“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „მნათობი“.
1928-1935 წლებში გამოქვეყნდა საფო მგელაძის რომანები: „ლიანა ლორდია“, „ქარიშხლის ფრთებზე“, „გზა და გზა“ და მოთხრობები და ლექსები.
საფო მგელაძე მეგობრობდა ტერენტი გრანელთან, ალიო მაშაშვილთან, ლადო ასათიანთან, მარიჯანთან, დარია ახვლედიანთან, ანა ღვინიაშვილთან, მაგრამ კატო მიქელაძე მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იყო, რადგან სწორედ მან აზიარა ქალის თავისუფლების, თანასწორობიანობის იდეებს და დაუთმო ასპარეზი გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“.
1936 წელს, ორმოცდაორი წლის ასაკში, საფო მგელაძე გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
ბიბლიოგრაფია:
1. საფო მგელაძე, ლიანა ლორდია, მწერალთა კავშირის მაღაზიის გამოცემა, 1928;
2. საფო მგელაძე, ქარიშხლის ფრთებზე, თბილისი, 1933;
3. საფო მგელაძე, რჩეული, თბილისი, 1968;
4. საფო მგელაძე, ლექსები, პოემები, ლიანა ლორდია, ქარიშხლის ფრთებზე, სოხუმი, 1991.