ტატა /ტატიანა/ თვალჭრელიძე

(1940– 1992)

დაიბადა 1940 წელს ცნობილი გეოლოგის, აკადემიკოს გიორგი თვალჭრელიძის ოჯახში.  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (1963) და რსფსრ მეცნიერთა აკადემიის  ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა (მოსკოვი). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მსახიობი ქართულ კინოში“ (1971). მუშაობდა საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1972–დან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თამაზ ქვარიანთან ერთად, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ჩამოაყალიბა კინო ფაკლუტეტი. აქ ლექციებს კითხულობდნენ: აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, გოგი გვახარია, ოთარ იოსელიანი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ერლომ ახვლედიანი. ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან: დავით ბუხრიკიძე, ჯარჯი აქიმიძე, გია არგანაშვილი, დათო ტურაშვილი. ტატა თვალჭრელიძემ თავისი უკომპრომისობის წყალობით მოახერხა და ეს ფაკულტეტი იმ დროს კულტურაში გამეფებული კონიუნქტურის ფონზე აქცია თავისუფლების ოაზისად.

ფაკულტეტის სტუდენტები მიყავდა მოსკოვში, სახელმწიფო კინოარქივში, სადაც მათ შეეძლოთ იმ დროისათვის საქართველოში ხელმიუწვდომელი ფილმების ნახვა, ისეთი რეჟისორებისა, როგორებიც არიან: ფასბინდერი, პაზოლინი, ვენდერსი, ბერტოლუჩი, ბერგმანი, ჰოპერი და ა.შ. ტატა თვალჭრელიძე მათთვის კინოს სამყაროში პირველი გზამკვლევის როლს თამაშობდა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ თაობის კულტურულ ფორმირებაში, რომლებსაც დღევანდელ ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით.

1987 წელს ტატა თვალჭერლიძემ უნივერსიტეტში დააარსა ასევე კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ამ ლაბორატორიის მუშაობის ნაყოფი იყო მისი წიგნი „კინემატოგრაფიული ძიებანი“, რომელიც ქართულ კინომცოდნეობაში დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვანი გამოცემად, საკითხისადმი მისი ანალიტიკური მიდგომის გამო. ტატა თვალჭრელიძის წერილები ყოველთვის დამოუკიდებელი იყო იმ დროს გაბატონებული იდეოლოგიზირებული კონიუნქტურისგან და ყოველთვის იწვევდა საინტერესო პოლემიკას კინოხელოვანთა შორის.

ტატა თვალჭრელიძის ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მათ შორის საქართველოს ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი „ფილმი და რეჟისორი“ მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები  „სესილია თაყაიშვილი“ (თ.ბაქრაძე, 1980), „ეროსი მანჯგალაძე“ (ნ.ჯორჯაძე 1983), სამეცნიერო–პოპულარული ფილმი „ჯადოსნური საცერი“ (ვ.სემიონოვი, 1985) და სხვა.

გამოცემები:
სიმართლე ეკრანზე, თბილისი, 1981;  
კინემატოგრაფიული ძიებანი, თბილისი, 1989.

გამოყენებული ლიტერატურა:

ქართული კინო 1896–2011, ენციკლოპედიური ლექსიკონი. ავტორი, რედაქტორი და შემდგენელი: მარინა კერესელიძე, თბილისი, 2011.