ელეონორა /ლოლა/ ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

(1875-193? )

დაიბადა ქალაქ ტფილისში 1875 წლის 18 აგვისტოს, კოლეჟსკი ასსესორის მიხეილ ტერ-ოსეფის ძე ტერ-ფარსეგოვის და მატილდა ვასილის ასულ ბარტოლდის ოჯახში.

დაამთავრა ქალთა გიმნაზიის კურსები ქალაქ ტფილისში.

1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

1905 წელს მეუღლესთან - ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად ცხოვრობდა ქალქ სოხუმში და ასწავლიდა კერძო სკოლაში.

ტფილისის სასამართლო პალატის ე.წ. „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფის“ საქმიდან ირკვევა, რომ ელეონორა მახვილაძე დიმიტრი კონსტანტინეს ძე ემხვარს, რაჟდენ ტიმოთეს ძე კიღურაძეს, სამსონ დავითის ძე მაღრანაძეს, რაჟდენ კიღურაძეს, ვასო გორდელაძესა და ლევან გოთოშიასთან ერთად ხსენებული ჯგუფის ხელმძღვანელ ჯგუფში შედიოდა; 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და  ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. მათ ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, დაყვეს ქალაქი უბნებად და ბოიკოტი გამოუცხადეს ქალაქის თვითმმართველობას. 1905 წლის ნოემბერში, დემონსტრაციამ შეიმუშავა მოთხოვნა, რომ სოხუმის ქალაქის სათათბირო უნდა დაშლილიყო და არჩეული ყოფილიყო ახალი სათათბირო, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, რისთვისაც უნდა ჩატარებულიყო მოსახლეობის ხელახალი აღწერა, ამ მიზნისათვის კი თვითმმართველობას 2000 მანეთი უნდა გამოეყო. ქალაქის თავმა თანხის გაცემაზე უარი თქვა, რევოლუციურმა ორგანიზაციამ მას ბოიკოტით უპასუხა; შეწყდა გადასახადების გადახდა და სათათბიროს ხმოსნებს გამოუცხადეს, რომ თუკი არ გადადგებოდნენ საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდებოდა ყველა სავაჭრო დაწესებულებაში. ხმოსნებმა გადადგომის განცხადებები გაუგზავნეს ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის და სათათბირომ მუშაობა შეწყვიტა. ხსენებული კონფლიქტისას, რევოლუციონერთა ორგანიზაციის მხრიდან მოლაპარაკებებში ელეონორა მახვილაძეც მონაწილეობდა რწმუნებულის სტატუსით.

საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

„ . . . დანაშაულებრივი საზოგადოების საქმიანობა სასწავლო დაწესებულებებში მეცადინეობების ნორმალურად წარმართვის პროცესზეც აისახა. 1905 წლის ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში სოხუმის ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილი იყო. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო როლი ითამაშა კერძო სკოლის მასწავლებელმა, ექიმის ცოლმა ელეონორა მიხეილის ასულმა მახვილაძემ. ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ „მარსელიეზას“ სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას სადაც ნათქვამია: „ვამპირი - მეფე“, იგი ასწავლიდა სიტყვა „მეფისათვის“ „ნიკოლოზი“ დაემატებინათ. იგი მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ ესმინათ დირექტორისათვის - „ბებერი, დრომოჭმული სულელისათვის“.  . . . იგივე მახვილაძე ბულვარში სიტყვით მიმართავდა ხალხის ტალღას, სადაც ამბობდა, რომ საჭიროა ხალხმა შეამჭიდროვოს თავისი ძალები, რათა ერთიანი ძალით „არ მივცეთ მომაკვდავ მთავრობას ფეხზე წამოდგომის საშუალება“. სახალხო პროცესიებისას ელენა მახვილაძე ხშირად მიუძღოდა მას წითელი დროშით . . .“

ელეონორა მახვილაძემ ძიებისას უარი თქვა რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე.

ძიებისას იგი დაპატიმრებული არ ყოფილა სოხუმის ციხის გადატვირთულობოს და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო.

1908 წლის 28 აპრილს ტფილისის სასამართლო პალატამ მას 1 წლით დაპატიმრება მიუსაჯა. პატიმრობისა და შემდგომ კავკასიის ფარგლებიდან დმინისტრაციული წესით გადასახლებისაგან იგი ორსულობის გამო გაათავისუფლეს.

1917 წლამდე ელეონორა მახვილაძე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.

1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. მისი ოჯახის ბინა ქალაქ ტფილისში უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩა #14 მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის 1 წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად საქართველოს საგანგებო კომისიამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტი-საბჭოთა პარტიების ლიდერების და აქტიური წევრების დაპატიმრება. ელეონორა მახვილაძე საქართველოს საგანგებო კომისიის #3064 ორდერით დააპატიმრეს საკუთარ სახლში, 13 თებერვლის ღამეს. დააპატიმრეს ასევე მისი ძმა - კონსტანტინე მიხეილის ძე ტერ-ბარსეგოვი (პროფესიით ქიმიკოსი, მასახურობდა ქართული წითელი არმიის საარტილერიო ნაწილში). 1922 წლის 19 მარტს, საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის პრეზიდიუმმა ელეონორა მახვილაძეს 3 თვით იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩაუთვლელად. #2 გამასწორებელი სახლიდან (მეტეხის ციხე) ელეონორა მახვილაძე 1922 წლის 14 ივლისს გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ელეონორა მახვილაძე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურებული არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში, ხოლო თავმჯდომარის - სოლომონ თელიას დაპატიმრების შემდეგ ცეკას თავად ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდა პარტიის ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცოცხლებაში.

საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე 1926 წლის 22 თებერვალს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა.

გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

 

გამოყენებული წყაროები:

  1. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #113, ანაწერი #2, საქმე #216.
  2. საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #160.
  3. საქართველოს შსს-ს არქივი (1-ლი განყოფილება), ფონდი #6, საქმე #22240.
  4. კირთაძე ნესტან (ელისაბედ), „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბილისი. მერანი. 1998 წ.