ემა ლალაევა-ედიბერიძე

(1904-1991)

ემა ლალაევა-ედიბერიძე დაიბადა 1904 წელს, თბილისში, ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ერევნის მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის - არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. მისი ბიძა იყო მეცნიერ-ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი _ ერვანდ ლალაიანცი. ლალი ბავშვობიდან გაიტაცა ხელოვნებამ და 1921 წელს იგი უკვე  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში სწავლობს პედაგოგ ბორის ფოგელთან. 1924-28 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. მისი პედაგოგები არიან გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე, კირილე ზდანევიჩი და სხვები. სტუდენტობის წლებიდან იგი მეგობრობს შემდგომში ცნობილ ისეთ მხატვრებთან, როგორებიც არიან თამარ აბაკელია, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, სოლომონ ნადარეიშვილი, ნინა თამამშევა, აპოლონ ქუთათელაძე, ტრდატ ნალბანდიანი, პეტრე ბლიოტკინი. მას იცნობდნენ და აფასებდნენ გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილQჭიაურელი. 

1928 წელს ოჯახური პირობების გამო, თავს ანებებს სამხატვრო აკადემიას, გადაწყვეტილი აქვს გადავიდეს მოსკოვში დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ვერ ახორციელებს ჩანაფიქრს და თბილისში რჩება. 1930 წელს ემა ლალაევა ქორწინდება. იგი ცოლად მიჰყვება გიორგი ედიბერიძეს, პროფესიით ინჟინერ-გეოლოგს, რომელსაც განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. (1920-იან წლებში იგი ამთავრებს ქ. ფრაიბურგის სამთო აკადემიას.) სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გ. ედიბერიძე მუშაობს ჭიათურაში, მარგანეცის მაღაროების დამუშავებასა და წიაღისეულის გამამდიდრებელი ქარხნების მშენებლობაზე. მოგვიანებით იგი ხდება საქართველოს სამთო წიაღისეულის სამმართველოს მართვის უფროსის მოადგილე. მაგრამ მალე ცოლ-ქმრის ცხოვრება ტრაგიკულად იცვლება: 1938 წელს გ. ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი ხდება; მას აპატიმრებენ, ასახლებენ ქვეყნიდან, როგორც “სამშობლოს მოღალატეს”. ოჯახს ატყობინებენ, რომ გ. ედიბერიძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. (მისი რეაბილიტაცია მხოლოდ 1955 წელს მოხდა).

მარტოდმარტო დარჩენილი ემა ლალაევა ზრდის ორ ვაჟს (ალექსანდრესა და მიხეილს) და უვლის მოხუც, ავადმყოფ დედას. პარალელურად ბევრს მუშაობს, თუმცა იშვიათად იფინება. ლალი საკუთარ ძალებს ცდის მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ერთდროულად მუშაობს, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნის ექსლიბრისებს, აფორმებს საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად ირჩევს სახელს “ლალი” და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. 

1945 წელს მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ, მიუხედავად ისეთი ცნობილი მხატვრების მცდელობისა, როგორებიც იყვნენ თ. აბაკელია, ს. ქობულაძე, მ. გოცირიძე ა. ქუთათელაძე, უ. ჯაფარიძე და სხვ. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

ემა ლალაევა-ედიბერიძე გარდაიცვალა 1991 წელს. 

 

შემოქმედებითი მოღვაწეობა წლების მიხედვით:

 

1920-1930 წწ. – აფორმებს დადგმებს თბილისის მიუზიკ-ჰოლში, თანამშრომლობს გამომცემლობასთან “სახელგამი”, ჟურნალებში “დროშა” და “ტექნიკა და შრომა”. ქმნის ექსლიბრისებს. მონაწილეობს გამოფენებში (ძირითადად, კონსტრუქტივისტული, კუბისტური და კუბო-ფუტურისტული პორტრეტები, პეიზაჟები და კომპოზიციები).

1930-1940 წწ. _ იფინება მისი ნამუშევრები - “ინდუსტრიული ქალაქი” (ტ.ზ.), “კინომოტივი” (აქვ.), “შრომის ტაძარში” (აქვ.), “თეატრალური ფარდა” (აქვ.), დეკორაციის ესკიზები პიესისათვის “დაუმორჩილებელი”, სამასკარადო კოსტიუმების ესკიზები პიესისათვის “დემონი”.

1938 წ. – მეგობრობის პარკში აფორმებს ზეიმს.

1940 წ. _ თბილისის თოჯინების თეატრში აფორმებს სპექტაკლს “მოგზაურობა საოცარ ქვეყნებში” – დეკორაციის ესკიზები, თოჯინები. (პიესის ავტორი: ვ. პოლიაკოვი, დამდგმელი: გ. მიქელაძე).

1939-40 წწ. _ მუშაობს მულტიფლიკაციურ ფილმებზე კინოსტუდიაში “ქართულ ფილმი” 

1940 წ. _ აფორმებს პიონერთა სასახლის კაბინეტებს, აქვე ქმნის ბახის, ლისტის, ჰაიდნის, მოცარტის, შოპენის, შუბერტის, პაგანინის, ვაგნერის, ბოროდინის, გლინკას, გაბაშვილის, სურიკოვის, მრევლიშვილის პორტრეტებს (სულ ოცი პორტრეტი).

1940-41 წწ. _ ქმნის ესკიზებს მოზარდმაყურებელთა რუსულ თეატრში პიესისათვის “დიდი ივანე”; აფორმებს სპექტაკლებს ჭიათურის, ახალციხისა და ლანჩხუთის თეატრებში:

1931-32 წწ. – ჭიათურის მუშათა თეატრი – პიესა “მტრები”; მუშაობს გაზეთში “მაღაროელი”, ქმნის ემბლემებს, აფიშებს, პროგრამებს.

1945 წ. – ახალციხე (მესხეთის სახელმწიფო თეატრი) – სპექტაკლი “ქრისტინე” (პიესის ავტორი: ე. ნინოშვილი, დამდგმელი: მ. მეძმარიაშვილი).

1946 წ. – ლანჩხუთი – “რაც გინახავს ვეღარ ნახავ” (პიესის ავტორი: ა. ცაგარელი, დამდგმელი: ა. ალაზნისპირელი) 

1947-52 წწ. _ ათავსებს ნახატებსა და კარიკატურებს ჟურნალებში “ნიანგი” (1947-1950) და “დილა” (1940-1941). 

1941 წლის 30 ივნისს ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს მიერ მობილიზებულია სამუშაოდ - აგიტპუნქტებისა და სამხედრო ეშელონების გასაფორმებლად. 

1952 წ. - რკინიგზელთა სახლში ხელმძღვანელობს  ხელოვნების წრეს, აფორმებს წიგნის ყდებს, სიგელებს, მოსაწვევებს.

1960-80 წწ. _ აგრძელებს ფერწერული და გრაფიკული კომპოზიციების შექმნას. სპორადულად იღებს მნაწილეობას თბილისში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში. (ხელოვნების მუშაკთა სახლი, თბილისის მხატვრის სახლი, სახელმწიფო სამხატვრო გალერეა).

2000 წ. _ ლალის ნამუშევრები გატანილ იქნა ნიუ-იორკის საერთაშორისო არტ-ექსპოზე, სადაც მან უცხოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

2001 წ. _ პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, “ძველ გალერეაში”. იმავე წლის დეკემბერში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ლალის მორიგი გამოფენა და მისდამი მიძღვნილი მცირე კონფერენცია.

 

მნიშვნელოვანი ნამუშევრები:

“მამაკაცის პორტრეტი”, ავტოპორტრეტი, ფუტურისტული ავტოპორტრეტი, “ინდუსტრიული კომპოზიცია”, “მამაკაცი მეხსიერებით”, “გრიბოედოვის 22”, “Lალლო”.

ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში და საქართველოს კერძო კოლექციებში.