კლარა კვეესი

კლარა კვეესი

(1903-1990)

 

კლარა კვეესი 1903 წელს დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, კარლ კვეესი წარმოშობით ლატვიელი იყო. 1896 წელს მეფისნაცვალ ვორონცოვის მოწვევით იგი მეუღლესთან _ კლარა ცახერლისთან ერთად რიგიდან თბილისში ჩამოდის. მას, როგორც გამოცდილ და ცნობილ მებაღე-არქიტექტორს, ქალაქის გამწვანების სამუშაოების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. დროებით ჩამოსული ოჯახი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში.

კლარა მხატვრობამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა, ძირითადად ხატავდა ნატურიდან _ ყვავილებს, ოჯახის წევრებისა და მეგობრების პორტრეტებს. 1921 წელს იგი აბარებს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე ევგენი ლანსერეს ჯგუფში. მისი პედაგოგები არიან ბ. ფოგელი, ი. შარლემანი, ნ. სკლიფასოვსკი. უკვე ამ დროიდან აქტიურად მუშაობს გრაფიკაში, ფერწერასა და ოფორტში (მშრალი ნემსის ტექნიკით). 1930 წელს სწავლის თავისუფალი რეჟიმის მქონე კლარა კვეესს „მოდერნისტული ხელოვნებით გატაცების”  ბრალდებით რიცხავენ აკადემიიდან. 1930-1934 წლებში მუშაობს რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, სადაც გააფორმა სპექტაკლები: სუმბათაშვილ-იუჟინის “ღალატი” და მოლიერის “სკაპენის ოინები”. 1934 წელს იქორწინა ოთარ ანდრონიკაშვილზე (ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი). 1937 წელს დახვრიტეს მხატვრის მამა _ კარლ კვეესი (თუმცა,  კლარა კვეესს წლების განმავლობაში მამა გადასახლებაში ჰგონია და სიმართლეს მხოლოდ 1942 წელს იგებს). 1939-1970 წლებში მუშაობს მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. მონაწილეობა აქვს მიღებული 45-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მათ შორის ვანის, მცხეთის, ბაგინეთის, ბედიანის, სვანეთის, პიცუნდის გათხრებში). მისი არქეოლოგიური ჩანახატებით, სქემებითა და რეკონსტრუქციებით იბეჭდებოდა არქეოლოგიური ანგარიშები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, მაგრამ სამწუხაროდ, არსად არ არის მოხსენიებული.

აქტიური შემოქმედებითი მუშაობის მიუხედავად, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული და მომთხოვნი კლარა კვეესი არც კი ცდილობს პერსონალური გამოფენის მოწყობას. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1967 წელს ეწყობა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში, თავად მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით. გამოფენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა პროფესიულ საზოგადოებაში. სპეციალისტთა მოთხოვნით 1968 წელს ექსპოზიცია საქართველოს მხატვართა კავშირში გადაიტანეს. მხატვრის სიცოცხლეში კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა შესდგა 1982 წელს მხატვართა სახლში; 1997 წელს კი უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მოეწყო გამოფენა „კავკასიურ სახლში”.

კლარა კვეესიE1920-30-იანი წლების ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. მას ძლიერი ენერგეტიკა, ტემპერამენტი, იმავდროულად რაციონალური საწყისი, ნახატის შესრულების მაღალი კულტურა და დახვეწილი გემოვნება გამოარჩევს. კლარა კვეესის შემოქმედება კლასიკურობის ნიშნებს ატარებს, ნახატისა და კომპოზიციის უბადლო მცოდნე, კლასიკური ყაიდის მხატვარია, თუმც ეს არ უშლის მას ხელს, მაშინდელი მხატვრული ეპოქის კვალდაკვალ იმუშაოს მოდერნიზმის თითქმის ყველა მიმართულებით; კლარა კვეესი კონსტრუქტივიზმისა და კუბიზმისადმიც აშკარა ინტერესს იჩენს, მაგრამ ამ დროის “მემარცხენე” ავანგარდისტ არტისტთაგან განსხვავებით, კვეესის მხატვრობას სავსებით არა აქვს აგრესიული, შემტევი ხასიათი. უფრო მეტიც, ნებისმიერი მოდერნისტული მანერა მასთან კლასიკურ, თითქმის “აკადემიურ” ჟღერადობას იძენს. კლარა კვეესისათვის ეს, უმთავრესად, თამამი ექსპერიმენტი და შემოქმედებითი თავისუფლების „დეკლარირებაა”. კლარა კვეესი ზომიერებითა და თავშეკავებულობით ნიშანდებული „ქართული ავანგარდის ვერსიის” ერთ-ერთ საინტერესო ფურცელს ქმნის, რომლის ახლოს გაცნობაც ხსენებული მხატვრული მოვლენის უკეთ დანახვასა და გააზრებაში გვეხმარება. 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამსონ ლეჟავა მის შესახებ წერს:  „შეუძლებელია სრულფასოვანი წარმოდგენა ვიქონიოთ არა მხოლოდ ქართული, არამედ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თვით მსოფლიო მოდერნისტული ხელოვნების სპეციფიკურ გამომხატველობაზეც კი, თუ არ გავეცნობით კლარა კვეესის ჩინებულ, მძლავრი ენერგიითა და პულსირებადი რიტმულობით აღსავსე მცირე ზომის, მაგრამ უზარმაზარი მხატვრული ფასეულობის მქონე გრაფიკულ კომპოზიციებს, რომლებშიც XX საუკუნის ხელოვნების „გაშიშვლებული” ხატოვანება, გაბედულება, ახლებურ, ზოგან მკვეთრ ხერხთა ძალუმი ექსპრესია _ არსებითია. ამ ნაკადში კლარა კვეესი იმდენად თვითმყოფადი, ორიგინალური და დამარწმუნებელია, რომ მხოლოდ სინანულს იწვევს: დღეს ძალზე ცოტა ვინმე თუ იცნობს მის შემოქმედებას არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ჩვენშიც.”

კლარა კვეესი 1990 წელს გარდაიცვალა.

 

მნიშვნელოვანი ნამუშევრები:

შიშველი ნატურების სერია, ნატურმორტი ბოთლებით, ნატურმორტი სარძევეთი, გრაფიკული ნატურმორტების სერია, მამაკაცის პორტრეტი, ქალის პორტრეტი.

ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის არქივებში, საქართველოს კერძო კოლექციებში.